დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.05.2026
საქმის ნომერი
ბს-31(2კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-31(2კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა.ვ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამგორის რაიონის გამგებლის 20.02.2023 წლის №ბ37.01230513 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2024 წლის №1140 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამგორის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა.ვ-ისათვის 1500 ლარის გაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2024წ. გადაწყვეტილებით ა.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 20.02.2023 წლის №ბ37.01230513 ბრძანება და №1140 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2024 წლის ბრძანება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ვ-ისათვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების სახით 1000 ლარის გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილებით ა.ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.2024 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა.ვ-ის სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილდა, ა.ვ-ისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების სახით 500 ლარის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20.02.2023 წლის №ბ37.01230513 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2024 წლის №1140 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ვ-ისათვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების სახით 500 ლარის გაცემის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა 29.12.2021 წლის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეთათვის დახმარების გაცემის წესის“ (დანართი №1) პირველ, მე-2, მე-3, მე-6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარიანი მაქსიმალური ლიმიტის ოდენობით თანხა გაიცემა თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად. ადმინისტრაციული ორგანოების მითითებით ა.ვ-ის მიერ ამოწურული იყო 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი ფინანსური დახმარების ლიმიტი ჯამურად 1500 ლარის ოდენობით, რის გამოც არ არსებობდა მისი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა სამგორის რაიონის გამგეობისთვის ა.ვ-ისათვის 1500 ლარის გაცემის შესახებ, ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სამგორის რაიონის გამგებლის 25.01.2022 წლის №37.01220252 ბრძანებით მიზნობრივი ფინანსური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გაიცა ე.ა-იზე, რომელიც ჩაერიცხა მის მხარდამჭერ პირს - ა.ვ-ის, ხოლო სამგორის რაიონის გამგებლის 11.02.2022 წლის №37.01220423 ბრძანებით ა.ვ-ის 26.01.2022 წლის №19/01220262971-01 განცხადების საფუძველზე (შვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა დახმარებას) კვლავ გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ჯამურად გაცემული 1500 ლარი განეკუთვნებოდა არა ა.ვ-ის, არამედ მის შვილს - ე.ა-ის, ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა.ვ-ის, როგორც ბენეფიციარს, ლიმიტის ფარგლებში, სადავო პერიოდში 2022 წელს, მიღებული ჰქონდა მიზნობრივი ფინანსური დახმარების სახით, მისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული, მაქსიმალური ოდენობა - 1500 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორმა სამგორის რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმის გათვალისწინებით, რომ 25.01.2022 წლის ბრძანებით მას, როგორც ე.ა-ის მეურვეს, გაეწია მიზნობრივი ფინანსური დამხარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 11.02.2022 წლის ბრძანებით მოსარჩელეს გაეწია ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია დაახლოებით 37 000 სოციალურად დაუცველი პირი და 7 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.12.2021 წლის №21.1881.2088 განკარგულების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტით სოციალურად დაუცველი პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ პრიორიტეტულ ჯგუფებს, ამასთანავე ყოველდღიურად ასობით მოქალაქე მიმართავს განცხადებით სამგორის რაიონის გამგეობას სამედიცინო, მედიკამენტების თუ მიზნობრივი ფინანსური დახმარების თაობაზე. ა.ვ-ის მოქმედი კანონმდებლობისა და ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, გამგეობის უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქვს მიზნობრივი ფინანსური დახმარება სრულად.

კასატორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ პირისთვის/პირებისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემის პროგრამის ფარგლებში გამგებელს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეულ განმცხადებელთან მიმართებით მისი მოთხოვნის გათვალისწინებით და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, აღნიშნული ფინანსური დახმარებისთვის განსაზღვრული წლიური ბიუჯეტის გათვალისწინებით, განსაზღვროს მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. №20.1881.2088 განკარგულების მე-6 მუხლის მიხედვით, საბიუჯეტო წლის მანძილზე ბენეფიციარზე გაცემული, წესით განსაზღვრული ყველა კატეგორიის დახმარების ღირებულება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარის ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სამგორის რაიონის გამგებლის 25.01.2022 წლის და 11.02.2022 წლის ბრძანებებით ა.ვ-ისათვის, რომელიც წარმოადგენს ე.ა-ის მხარდამჭერ პირს და მისი ოჯახის წევრს, სხვადასხვა დროს გაცემულმა ფინანსურმა დახმარებამ ჯამურად შეადგინა 1500 ლარი, ამდენად, მოსარჩელეს კანონშესაბამისად ეთქვა უარი განცხადების (მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე) დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოსარჩელისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემაზე უარის მართლზომიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პრინციპები, რომლებიც გამოიყენება კონვენციის პირველი ოქმის პირველ მუხლთან დაკავშირებულ საქმეებთან, აქტუალურია აგრეთვე სოციალურ დახმარებებთან მიმართებითაც (Andrejeva v. Latvia [GC], 2009, §77). ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრების (ან მისი ნაწილის) განმავლობაში მთლიანად არის დამოკიდებული სოციალურ უზრუნველყოფასა და შეღავათებზე. მითითებული მუხლით არ იზღუდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფლება, გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა რაიმე სახის სოციალური უზრუნველყოფის სქემა ან აირჩიოს ასეთი სქემის ფარგლებში გასაწევი შეღავათების ტიპი ან ოდენობა, მაგრამ თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარების სახით გადახდას, პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში ეს კანონმდებლობა უნდა ჩაითვალოს ქონებრივი ინტერესის წარმომშობად იმ პირებისთვის, რომლებიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ (Stec and Others v. the United Kingdom [GC], 2005, §51, 54).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.12.2021 წლის №4-7 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი“, რომელმაც გაითვალისწინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით პროგრამების დაფინანსება, მათ შორის გათვალისწინებული იქნა ქვეპროგრამა „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.12.2021 წლის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეებისათვის დახმარების წესი“ (ს.ფ. 101). აღნიშნული წესის თანახმად პირისათვის დახმარების გაწევა შეიძლება მოხდეს მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის გზით, რომელიც გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებზე (5.2, 5.5 მუხ.). საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ფარგლებში დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. მითითებული თანხის ოდენობაზე მეტი ოდენობის დახმარება გაიცემა ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე (6.6 მუხ.).

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ს.ფ. 46, 119). ა.ვ-იმა 17.02.2022 წელს განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას მიზნობრივი ფინანსური დამხარების გაცემის მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა სამგორის რაიონის გამგებლის 07.03.2022 წლის №ბ37.01220664 ბრძანებით (ს.ფ. 131-132). აღნიშნული ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ა.ვ-იმა, რომელიც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 13.05.2022 წლის ბრძანებით. მითითებული აქტები გასაჩივრდა სასამართლო წესით. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.01.2023 წლის გადაწყვეტილებით ა.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამგორის რაიონის გამგეობის 07.03.2022 წლის №ბ37.01220664 ბრძანება და მერიის 13.05.2022 წლის №406 ბრძანება ა.ვ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გამგეობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოებისა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია. სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. №1/2/596 გადაწყვეტილება, II-9). კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2023 წლის გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამგორის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. გამგეობის 07.03.2022 წლის №ბ37.01220664 ბრძანებით მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ამოწურვა (07.03.2022 წლის №31 სხდომის ოქმი), თუმცა საჩივრის განხილვის შედეგად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ აქტში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველად მითითებულია წესით დადგენილი 1500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვა, შესაბამისად გაურკვეველია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი, ამასთან არ არის შეფასებული ა.ვ-ის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ხარჯების (სახლის რემონტისათვის საჭირო მასალებისა და ხელოსნისათვის ასანაზღაურებელი თანხის) ანაზღაურების საკითხი. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ეყრდნობა ლიმიტის ამოწურვის არგუმენტს, სადავო აქტით ასევე არ არის გამოკვლეული ა.ვ-ის ინდივიდუალურად აქვს თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტი 1500 ლარი ამოწურული, ვინაიდან 25.01.2022 წლის ბრძანებით დაკმაყოფილდა ე.ა-ის მხარდამჭერის ა.ვ-ის განცხადება და ფულადი დახმარება გაიცა ე.ა-ისათვის 1000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტილების კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, სარეზოლუციო ნაწილში აისახება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი მსჯელობის შედეგი, ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების გადამოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პირველი ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის - სამგორის რაიონის გამგეობისათვის მიცემულ მითითებებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამგორის რაიონის გამგეობამ 20.02.2023 წელს მიიღო №ბ37.01230513 ბრძანება, რომლითაც ა.ვ-ის 17.02.2022 წლის განცხადება სოციალური დახმარების გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 120-122). აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2024 წლის №1140 ბრძანებით ა.ვ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 91-98). უარის თქმის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ სამგორის რაიონის გამგებლის 25.01.2022 წლის და 11.02.2022 წლის ბრძანებებით ა.ვ-ისთვის, რომელიც წარმოადგენს ე.ა-ის მხარდამჭერ პირს, სხვადასხვა დროს გაცემულმა ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 1500 ლარი, ხოლო საბიუჯეტო წლის მანძილზე ბენეფიციარზე გაცემული, წესით განსაზღვრული ყველა კატეგორიის დახმარების ღირებულება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარის ფარგლებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს ა.ვ-ის მიერ „წესით“ დადგენილი მიზნობრივი ფინანსური დახმარების მიღების ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამგორის რაიონის გამგებლის 25.01.2022 წლის №37.01220252 ბრძანებით მიზნობრივი ფინანსური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გაიცა ე.ა-იზე, რომელიც ჩაერიცხა მის მხარდამჭერ პირს - ა.ვ-ის, ასევე სამგორის რაიონის გამგებლის 11.02.2022 წლის №37.01220423 ბრძანებით ა.ვ-ის 26.01.2022 წლის №19/01220262971-01 განცხადების საფუძველზე (შვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა დახმარებას) კვლავ გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ჯამურად გაცემული 1500 ლარი განეკუთვნებოდა არა ა.ვ-ის, არამედ მის შვილს - ე.ა-ის.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება აქტის კანონიერების დასადასტურებლად არ არის საკმარისი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრები არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე