დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-311(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ-ი, მესამე პირი - ე.ი-ა, ა.ი-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.კ-იმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 17 აპრილის №38-3824108306 გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის სახელზე მოხდება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩართულ იქნენ ა.ი-ი და ე.ი-ა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 17 აპრილის №38-3824108306 გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის სახელზე მოხდება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ პრაქტიკა არის დადგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სახლების პრივატიზებასთან დაკავშირებით, თუმცა განსახილველ საქმეზე განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებია. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სადაო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობა უდასტურდება ვ.კ-ის, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ქონების ფლობის ფაქტი არ არსებობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ.კ-ი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, თუმცა არ აფასებს ორდერის კანონიერებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო გახდა ორდერი, რომელიც ჩასწორებულია არაერთგზის, ამასთან აღნიშნული ორდერი არ იძებნება არსად. შესაბამისად, საქმეში კანონიერი სარგებლობის დოკუმენტი არ არსებობს, ბინაზე რეგისტრაცია კი, უდასტურდებათ მხოლოდ ე.ი-ას და ა.ი-ის 2024 წლის მდგომარეობით და არა ორდერის გაცემის შემდეგ 1997 წლამდე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1982 წლის 7 აპრილის №20 ორდერის თანახმად, ორდერი გაიცა ვ.კ.კ.კ-ის სახელზე, საცხოვრებელ ფართზე - 12 კვ.მ, ... მკრ., ოთახი №..., სამუშაო ადგილი- ... ოჯახის შემადგენლობა: ვაჟი - ა.ი.ო.ი-ი, ვაჟი - ი.ი.ო.ი-ი. ორდერი გაცემის საფუძველი ...ის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილება. მითითებულია - ენდეთ შესწორებულს, მრგვალი ბეჭედი (ს.ფ 26-29); ბ) №... ქორწინების მოწმობის თანახმად, 1998 წლის 31 იანვარს დაქორწინდნენ ე.ნ-ა და ა.ი-ი, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ცოლ მიეკუთვნა გვარი - ი-ა, ქმარს - ი-ა (ს.ფ 33); გ) №01187044361 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ი. ი-ა (პ/ნ...) გარდაიცვალა 2009 წლის 29 აგვისტოს (ს.ფ 32). №01207019183 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ა.ი-ი (პ/ნ...) გარდაიცვალა 2005 წლის 26 მაისს (ს.ფ 31). რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის №2-434-21 გადაწყვეტილებით ვ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ ვ.კ-იმა (პ/ნ...) ფაქტობრივი ფლობით მიიღო 26.05.2005 წელს გარდაცვლილი შვილის - ა.ი-ის (პ/ნ...) და 29.08.2009 წელს გარდაცვლილი შვილის ი.ი-აის (პ/ნ...) დანაშთი სამკვიდრო ქონება (ს.ფ 99). 2021 წლის 8 ივნისის №210572042 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ვ.კ-ი (დაბადებული ... ... ...წ, პირადი №...) არის აწ გარდაცვლილი ი. ი-აის (პირადი №...) პირველი რიგის მემკვიდრე - დედა. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები და/ან აქციები სამეწარმეო საზოგადოებაში, საკუთრების მიღების უფლება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ სახელმწიფო გასაცემელზე, ხელფასზე, სადაზღვევო თანხაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) (ს.ფ 22-23). 2021 წლის 8 ივნისის №210572181 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ვ.კ-ი (დაბადებული ... ... ...წ. პირადი №...) არის აწ გარდაცვლილი ა.ი-ის პირადი №...) პირველი რიგის მემკვიდრე – დედა. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები და/ან აქციები სამეწარმეო საზოგადოებაში, საკუთრების მიღების უფლება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ სახელმწიფო გასაცემელზე, ხელფასზე, სადაზღვევო თანხაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) (ს.ფ 24-25); დ) 2023 წლის 15 დეკემბერს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №19/3823349118-38 განცხადებით მიმართა ვ.კ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა პრივატიზაცია ბინაზე, მდებარე - ქ. რუსთავი, მე-... მკრ. კორპ. ..., ბინა ... (ს.ფ 68-113); ე) ...ში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 27 აპრილს და 2024 წლის 22 თებერვალს შედგენილია აქტები, რომელთა თანახმად, ვ.კ-ი (დაბ. ... ... ..., პ/ნ...) საპრივატიზაციო ბინაში მისამართზე ქ. რუსთავი, მე-... მკრ. კორპ. ..., ბინა ..., პირველი სადარბაზო, მე-... სართული, ცხოვრობს 1982 წლის 7 აპრილიდან დღემდე (ს.ფ 36, 119); ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 15 თებერვლის №01/35684 წერილის თანახმად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, (15.02.2024 წლის მდგომარეობით) მისამართზე რუსთავი, მე-... მკ/რ-ნი, №..., ბინა №..., რეგისტრაცია უფიქსირდებათ ე.ი-ას და ა.ი-ის (ს.ფ 121); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის №... წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი რუსთავი, ... მ/რ, №... (მიწის საკადასტრო კოდი ...), ბინა №..., უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 35); თ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.კ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის - მდებარე ქ. რუსთავი, მე-... მკრ. კორპ. ..., ბინა №.... პრივატიზაციაზე. გადაწყვეტილების თანახმად, წარდგენილ ორდერში ფიქსირდება მთელი რიგი შესწორებები, რომელიც არაა სათანადო წესით დამოწმებული, ასევე ორდერი არ შეიცავს სრულ მისამართს, შესწორებულია ბინის ნომერი, არ ფიქსირდება კონკრეტულად როდის და რა სახის შესწორებაა დატანილი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე (ს.ფ 20-21).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ზემოაღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე. უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას.
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, (1) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში; (2) განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას; (3) განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2024 წლის 17 აპრილის №38-3824108306 გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ წარდგენილ ორდერში ფიქსირდება მთელი რიგი შესწორებები, რომელიც არაა სათანადო წესით დამოწმებული, ასევე ორდერი არ შეიცავს სრულ მისამართს, შესწორებულია ბინის ნომერი, არ ფიქსირდება კონკრეტულად როდის და რა სახის შესწორებაა შეტანილი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი სადავოდ არ ხდის სადავო უძრავი ნივთის ფაქტობრივ ფლობას, არამედ აპელირებს მხოლოდ სარგებლობის უფლებაწარმომშობი სათანადო დოკუმენტის არარსებობაზე.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 1982 წლის 7 აპრილის №20 ორდერის თანახმად, ორდერი გაიცა ვ.კ.კ.კ-ის სახელზე, საცხოვრებელ ფართზე - 12 კვ.მ, ... მკრ., ოთახი №..., სამუშაო ადგილი - ... ოჯახის შემადგენლობა: ვაჟი - ა.ი.ო.ი-ი, ვაჟი - ი.ი.ო.ი-ი. ორდერი გაცემის საფუძველი არის ...ის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ორდერში ჩასწორებულია მხოლოდ ბინის ნომერი, რომელიც დამოწმებულია სათანადო წესით - ხელმოწერით და ბეჭდით. ამასთან, მითითებულია - ენდეთ შესწორებულს, რაც დამოწმებულია მრგვალი ბეჭდით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება ორდერში დაშვებულ უზუსტობებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარგებლობის უფლებაწარმომშობი სათანადო წესით გაცემული დოკუმენტის არარსებობას დაადასტურებდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის შესახებ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის არქივში არ არის დაცული სადავო ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დოკუმენტის დედნის სახით მოძიების შეუძლებლობის უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოსარჩელეს. აღნიშნულმა არ შეიძლება ხელყოს მოსარჩელის საკუთრების უფლების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინი, რადგან საქმეში არსებული გარემოებების ერთობლიობა ქმნის ვ.კ-ის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის და ბინის პრივატიზების თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს - სახეზეა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, 1982 წლის 7 აპრილს გაცემული №20 ორდერი და კანონიერად სარგებლობის ფაქტი, რაც გარდა კასატორის განმარტებისა, დასტურდება ...ში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცხოვრების ფაქტის დადგენის შესახებ აქტებით.
შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა