დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-36(კ-26) 23 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): მ. მ-ი; ა. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 10 მაისს მ. მ-იმა და ა. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიმართ.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში. მათივე განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2009 წელს მათ მიენიჭათ დევნილის მაძიებლის სტატუსი და იღებდნენ შესაბამის შემწეობას. მოსარჩელეთა განმარტებით, 2022 წელს მიმართეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა მათივე შეფასებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე სააგენტოს დირექტორის უკანონო გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03-2093/ო ბრძანება, მ. მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; 2) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03- 2097/ო ბრძანება, ა. ბ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; 3) ბათილად იქნეს ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 28.02.2022 წლის №2-0109 ცნობა; 4) ბათილად იქნეს ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 04.03.2022 წლის №2-0126 ცნობა; 5) ბათილად იქნეს ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 28.02.2022 წლის №1 ცნობა; 6) ბათილად იქნეს ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 02.03.2022 წლის №2 ცნობა; 7) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; 8) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ბ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; 9) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მ. მ-ის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და
ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დაზუსტდა10.11.2023 წ. მოსამზადებელ სხდომაზე); 10) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მ. მ-ის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დაზუსტდა 10.11.2023 წ. მოსამზადებელ სხდომაზე).
2023 წლის 10 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების: ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 28.02.2022 წლის №2-0109 ცნობის; ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 04.03.2022 წლის №2-0126 ცნობის; ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 28.02.2022 წლის №1 ცნობის და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 02.03.2022 წლის ცნობა №2-ის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების: მ. მ-ის და ა. ბ-ეის სარჩელზე, მოპასუხე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს მიმართ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022წლის 28 თებერვლის №2-0109 ცნობის; ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022წლის 4 მარტის №2-0126 ცნობის; ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2022 წლის 28 თებერვლის №1 ცნობის და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2022 წლის 2 მარტის ცნობა №2-ის ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ისა და ა. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03-2093/ო ბრძანება „მ. მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03- 097/ო ბრძანება „ა. ბ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით ზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ა. ბ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ. მ-ის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ა. ბ-ეის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. მ-იმა 2022 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, მ. მ-ი ოჯახთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, სადაც ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და ეწეოდნენ მეურნეობას. 2008 წლის ომის დროს იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ახალგორი. ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიულმა ორგანომ 2022 წლის 28 თებერვალს მ. მ-ის მიმართ გასცა №1 ცნობა, რომლის მიხედვით, მის ოჯახს ახალგორის რაიონის სოფელ ...ში ნამდვილად აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები, სადაც მ. მ-ი 1990 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა; 1990 წლიდან 2008 წლამდე კი პერიოდულად გადაადგილდებოდა. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2022 წლის 28 თებერვალს იმავე შინაარსის №2-0109 ცნობა გასცა; მ. მ-იმა 2022 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
მ. მ-ითან 2022 წლის 16 მარტს ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრების კითხვარში, მ. მ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ...-... წლებში მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ...ში, ცვლებში, 3 დღეში ერთხელ; 1996 წლის შემდეგ აღარ უმუშავია, სოფელში მისდევდა სოფლის მეურნეობას 2008 წლამდე. საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით მითითებულია, რომ დაოჯახებიდან 2008 წლამდე ძირითადად ცხოვრობდა ახალგორის რაიონში; ხშირად ჩადიოდა დედასთან და შვილთან, რომელიც სწავლობდა თბილისში. ოჯახის წევრებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ განმცხადებლის შვილმა - ა. ბ-ემ ... წელს სწავლა დაიწყო თბილისის №... საშუალო სკოლაში, ხოლო ბოლო ორი წელი სწავლობდა თბილისის №... საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა ... წელს; ა. ბ-ე სკოლაში სწავლის დროს ცხოვრობდა მ. მ-ის დედასთან; თავად განმცხადებელი ამ პერიოდში ძირითადად იყო სოფელ ...ში, რადგან მისი დედამთილ-მამამთილი საჭიროებდნენ ყურადღებას, თან ეხმარებოდა მეუღლეს მიწის ნაკვეთის დამუშავებაში. ამასთან, მ. მ-ის დედამთილი - რ. მ-ი და მამამთილი - ა. ბ-ე გასაუბრების კითხვარში მითითებულნი არიან მ. მ-ის ოჯახის წევრებად, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსები.
სააგენტოს დასკვნის მიხედვით, არ დადასტურდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მ. მ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტი. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 28 თებერვლის №1 და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022 წლის 28 თებერვლის №2-0109 ცნობებზე, განმცხადებლის 2002 და 2014 წლებში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში საცხოვრებელ მისამართად თბილისის დაფიქსირებაზე, ჯ. ბ-ეის (განმცხადებლის მეუღლის) განმარტებაზე, რომ მისი შვილი სკოლაში თბილისში დადიოდა, რადგან მისი მეუღლე თბილისში უვლიდა დედამისს. სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03-2093/ო ბრძანებით მ. მ-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ემ 2022 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, ა. ბ-ეის მამა - ჯ. ბ-ე და დედა - მ. მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, სადაც ოჯახს ჰქონდა მიწის ნაკვეთები და ეწეოდნენ მეურნეობას. 2008 წლის ომის დროს იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ახალგორი. ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიულმა ორგანომ 2022 წლის 2 მარტს ა. ბ-ეის მიმართ გასცა №2 ცნობა, რომლის მიხედვით, მის ოჯახს, ახალგორის რაიონის სოფელ ...ში ნამდვილად აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები, სადაც ის 2008 წლის მოვლენებამდე პერიოდულად გადაადგილდებოდა. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2022 წლის 4 მარტს იმავე შინაარსის №2-0126 ცნობა გასცა.
ა. ბ-ეის წარმომადგენელმა - მ. მ-იმა 2022 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა სააგენტოს, ა. ბ-ეისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ა. ბ-ესთან 2022 წლის 17 მარტს ჩატარდა გასაუბრება, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლაში სწავლის დროს ა. ბ-ე ცხოვრობდა ბებიასთან (დედის დედასთან) ერთად თბილისში, მისი მშობლები ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონში, თავადაც ყოველ შაბათ-კვირას და არდადეგებზე იყო ახალგორის რაიონში. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, არ დადასტურდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ა. ბ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტი. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 2 მარტის №2 და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022 წლის 4 მარტის №2-0126 ცნობებზე, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში (გაცემული 2007, 2009, 2012, 2015წ.წ.) საცხოვრებელ მისამართად თბილისის დაფიქსირებაზე, განმცხადებლის თბილისში დაბადებასა და თბილისში სწავლის ფაქტებზე, ჯ. ბ-ეის (განმცხადებლის მამის) განმარტებაზე, რომ მისი შვილი სკოლაში თბილისში დადიოდა, რადგან მისი მეუღლე თბილისში უვლიდა დედამისს. სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03-2097/ო ბრძანებით ა. ბ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლოთა შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა სადავო აქტების კანონიერება; სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე მ. მ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო სოფელი ...ი, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მ. მ-ის შვილი - მოსარჩელე ა. ბ-ე 2008 წლის ომის პერიოდისთვის იყო არასრულწლოვანი (დაბ....წ.). შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად თბილისის მიჩნევის მოტივით.
სააპელაციო პალატამ 2008 წელს მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენისათვის, ყურადღება გაამახვილა ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 28 თებერვლის №1 და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022 წლის 28 თებერვლის №2-0109 ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც, მ. მ-ის ოჯახს ახალგორის რაიონის სოფელ ...ში ნამდვილად აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები, სადაც მ. მ-ინ 1990 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა; 1990 წლიდან 2008 წლამდე კი პერიოდულად გადაადგილდებოდა. სასამართლოს შეფასებით, მითითებული ცნობებით არ გამოირიცხებოდა 2008 წელს მოსარჩელე მ. მ-ის ახალგორში, სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე იმთავითვე უთითებდა ძირითადი საცხოვრებელი ადგილისა და ასევე დროებით, სხვა მისამართზე ყოფნის ფაქტზე, რაც დროებით ხასიათს ატარებდა, კერძოდ, მ. მ-ი აღნიშნავდა, რომ მისი შვილი სწავლობდა თბილისში და პერიოდულად შვილის მოსანახულებლად თბილისში მიდიოდა. „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება კი არ გამორიცხავს დევნილის ამ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებად მიჩნევას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის №ბს-497(კ-22) განჩინება).
საქმეში არსებული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა, რომ განსახილველ საკითხთხთან მიმართებით, მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპიდანვე იყო თანმიმდევრული და არ ეწინააღმდეგებოდა სასამართლო სხდომაზე მოწმეებად დაკითხული პირების ჩვენებებს; მოწმეთა ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ მ. მ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის ომამდე სწორედ ახალგორის რაიონის სოფელი ...ი წარმოადგენდა, ტერიტორიის დატოვების პერიოდი - 2008 წლის აგვისტო კი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახმა მუდმივი საცხოვრებელი ომის გამო დატოვა. რაც შეეხება მოსარჩელეთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში საცხოვრებელ მისამართად თბილისის დაფიქსირებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი შეიძლება განსხვავდებოდეს, ხოლო დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისთვის განმსაზღვრელია არა რეგისტრირებული, არამედ - ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. კასატორი კი ხაზგასმით აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ მუდმივი საცხოვრისის დატოვებას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დათქმის პირობებს და შესაბამისად მიიჩნევს, რომ მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბრძანება კანონიერია.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირთათვის მინიჭებით, რომელთა მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.
რაც შეეხება შემწეობის ანაზღაურების საკითხს, კასატორის მოსაზრებით, უკანონოა მხარისათვის მიუღებელი შემწეობის სახით თანხის ანაზღაურება სარჩელის აღძვრის მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 12 აპრილის №03-2093/ო და №03-2097/ო ბრძანებების კანონიერება და მოპასუხისათვის მ. მ-ისთვისა და ა. ბ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდის დავალების მართლზომიერება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანს მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის(მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე; ხოლო, დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირად განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრისის განსაზღვრის მიზნებისთვის საკასაციო პალატა ნიშანდობლივად მიიჩნევს ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 28 თებერვლის №1 და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022 წლის 28 თებერვლის №2-0109 ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, მ. მ-ის ოჯახს ახალგორის რაიონის სოფელ ...ში ნამდვილად აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები, სადაც მ. მ-ინ 1990 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა; 1990 წლიდან 2008 წლამდე კი პერიოდულად გადაადგილდებოდა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ გამოირიცხება 2008 წელს მოსარჩელე მ. მ-ის ახალგორში, სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ასევე ადასტურებენ მ. მ-ის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს; ამასთან არც თავად მოსარჩელე და არც მოწმის სახით დაკითხული პირები არ უარყოფენ რომ მ. მ-ის შვილი - ა. ბ-ე სწავლობდა თბილისში და იგი პერიოდულად შვილის მოსანახულებლად თბილისში მიდიოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე მ. მ-ის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. რაც შეეხება ა. ბ-ეს, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2008 წლის ომის დროს იგი იყო არასრულწლოვანი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
გარდა ამისა, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: დასადგენია პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე; არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი; ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა; მოცემული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. ზემოთ მითითებული სამართლებრივი დათქმის პირობებში, კასატორის მოსაზრებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას შეჩერების მთელი პერიოდისათვის. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მხარე თავისი მოთხოვნით, სასამართლო კი თავისი გადაწყვეტილებით, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმას, ვინაიდან სარჩელის შეტანიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის შემწეობის სააგენტოსთვის დაკისრების მოთხოვნა, კასატორის განმარტებით, სცდება დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ გამომდინარეობს ამ კანონის მიზნებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის ბრძანების არამართლზომიერება, შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელეთათვის დევნილის შემწეობის უკანონოდ მიუღებლობის ფაქტს, რაც თავის მხრივ განაპირობებს უკანონო აქტის გამოცემით მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურების ვალდებულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა