დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-39(კ-26) 25 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორები - ვ. ს-ა, ე. ს-ა, ვ. ს-ი (კანონიერი წარმომადგენელი ტ. ს-ა)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 15 მაისს ვ. ს-ამ, ე. ს-ამ და ვ. ს-იმა (კანონიერი წარმომადგენელი ტ. ს-ა) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის MIA 9 23 00494895 გადაწყვეტილების საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის განცხადების განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არასრულწლოვნების - ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის (არასრულწლოვნები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ს-ამ, ე. ს-ამ და ვ. ს-იმა (არასრულწლოვნები).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ. ს-ას, ე. ს-ას, ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ს-ამ, ე. ს-ამ და ვ. ს-იმა (არასრულწლოვნები).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის (არასრულწლოვნები) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვნები - ვ. ს-ი (დაბ.: ...წ.), ე. ს-ა (დაბ.: ... წ.) და ვ. ს-ა (დაბ.: ... წ.) არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. არასრულწლოვნების დედის, ტ. ს-ას მიერ 2021 წლის 8 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარედგინა განაცხადი შვილებთან ერთად, საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ხელისუფლების ორგანოებიდან და კერძო პირების მიერ უკანონო დევნის გამო.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ტ. და ვ. ს-აებს შორის, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობდა რამდენიმე დავა.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 15 თებერვლის MIA 7 23 00436617 წერილით შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების - V. S-A-ს (დაბ. ...წ.), E. S-A-ს (დაბ. ...წ.) Vl. S-V-ის (დაბ. ...წ.) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 15 თებერვლამდე. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვნებს 2023 წლის 9 თებერვალს უფიქსირდებათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის MIA 9 23 00494895 გადაწყვეტილებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა არასრულწლოვნების - ვ. ს-ის (დაბ.: ... წ.), ე. ს-ას (დაბ.: ... წ.) და ვ. ს-ას (დაბ.: ... წ.) მიმართ შეწყდა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის MIA 9 23 00494895 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით (სარჩელის აღძვრის დროისთვის, ხოლო დღეს მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII 30 თავი (2025 წლის 7 ივლისის №874-IIმს-XIმპ ცვლილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ იქნა VII6 თავი და კოდექსს დაემატა თავი VII30 - ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე ურის თქმასთან დაკავშირებით)) განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით (ამჟამად VII30 თავით) რეგულირებული იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 17.07.2015წ. კანონით (ამოქმედდა 29.07.2015წ.) 2125-ე მუხლიდან მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნა, ხოლო 2125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დადგინდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ტიპის დავებზე საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ამდენად, 29.07.2015წ. ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება. ანალოგიურ რეგულაციას შეიცავს ამჟამად მოქმედი VII30 თავი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2.1 მუხლი), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). „გასაჩივრების უფლება უზრუნველყოფს პირის განცდის ჩამოყალიბებას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ. კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები, დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის პირის სანდოობის აღქმას სასამართლო გადაწყვეტილების შედეგისადმი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებრივი კომპონენტია, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 (ამჟამად მოქმედი VII30 თავი) თავით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას.
საქმის მასალებით, დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის (არასრულწლოვნები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ს-ამ, ე. ს-ამ და ვ. ს-იმა (არასრულწლოვნები). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ. ს-ას, ე. ს-ას, ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პროცესუალური თვალსაზრისით განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომელიც გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული შინაარსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. წარმოდგენილ შემთხვევაში გამოვლენილია ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის (არასრულწლოვნები) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხის გადასინჯვა, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის (არასრულწლოვნები) საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ას, ე. ს-ასა და ვ. ს-ის (არასრულწლოვნები) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე