დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-4(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-4(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ო-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები - ზ.ო-ი, დ.ნ-ე, ბ.ვ-ე, ზ.ღ-ე, ა.პ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025 წლის განჩინება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.09.2024 წლის გადაწყვეტილებით ი.ო-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 06.05.2019 წლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 25.04.2019 წლის №00032 ადგილზე დათვალიერების ოქმი, ასევე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ადვოკატის ხარჯი 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის განმარტებით სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო მისი მამკვიდრებლის საკუთრების უფლება დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ გაუთვალისწინებია. მესამე პირის ზ.ო-ის სახელზე სადავო საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის 09.06.1997 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 05.03.2019 წლის №15/24807 საარქივო ცნობა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 25.04.2019 წლის №00032 ადგილზე დათვალიერების ოქმი. დასახელებულ უფლების დამდგენ დოკუმენტებში რაიმე ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობისა და მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეების შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, აქტს არ ერთვის ნახაზი. №15/24807 საარქივო ცნობაში კი აღნიშნულია, რომ ზ.ო-ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არქივს არ გადასცემია. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციისას დაეყრდნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 25.04.2019 წლის №00032 ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომლითაც დადასტურდა უფლების დამდგენ დოკუმენტით (მიღება-ჩაბარების აქტით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. მართალია, დადგენილი არ არის 09.06.1997 წლის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, თუმცა 02.09.2024 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე ზ.ო-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი მისი არ ყოფილა და მიღება-ჩაბარების აქტის მის სახელზე გაცემის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა, ის მხოლოდ სხვა პირის მითითებით მივიდა მარეგისტრირებელ ორგანოში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისა და შემდგომ სხვა პირზე გასხვისების მიზნით, რა დროსაც მიწის ნაკვეთის ღირებულებაც არ მიუღია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზ.ო-ის მიღება-ჩაბარების აქტი არ უნახავს, იგი არასრულია და მეორე გვერდი არ გააჩნია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არქივში არ მოიძებნა რაიმე ინფორმაცია ზ.ო-ისათვის ქონების გადაცემის შესახებ, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეს არ ადასტურებს თავად მესამე პირი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თვითმმართველის ორგანოს მიერ იდენტურობის თაობაზე გამოცემული აქტის მიუხედავად (ამ აქტის კანონიერად მიჩნევის პირობებშიც), უსაფუძვლო იყო ზ.ო-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის 02.05.1994 წლის №268 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, გ.რ-ისთვის გადაცემულ ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, ქარსაფარი, სამხრეთით - ქარსაფარი, აღმოსავლეთით - №9 ნაკვეთი და დასავლეთით - №7 ნაკვეთი, მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის შესაბამისი ნახაზი იგივე მონაცემების მითითებით (ტ. 2, ს.ფ. 189-190), ამასთან, სისტემური აღწერის დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემების ე.წ. „ყვითელი ფენის“ მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია გ.რ-ი (ტ. 1, ს.ფ. 45-48). გარდაბნის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1995 წლის სიაში გ.რ-ის ერიცხება მიწა 0,40 ჰა, რიგითი ნომრით ... (ტ. 2, ს.ფ. 268, 269-272). მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,40 ჰა (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი...) აღრიცხულია გ.რ-ის სახელზე (თარიღი 26.10.01წ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 02.05.1994 წლის №... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი), ასევე დასტურდება, რომ გ.რ-ის მეუღლეს - რ.ქ-ის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საკუთრებაში გადაეცა გ.რ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი...). რ.ქ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 17.11.1999 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ.ო-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა თავად მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს სარწმუნოდ უნდა განესაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელის საკუთრების უფლება გახდა ფიქტიური.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 25.04.2019 წლის №00032 ადგილზე დათვალიერების ოქმი გამოცემულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იდენტურობა დადგენილი იქნა მცდარად, კერძოდ, დათვალიერების ოქმის მოწმეები მ.გ-ა და ჯ.ჩ-ი მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მცდელობისა, არ გამოცხადდნენ სასამართლოში, ხოლო ბ.ლ-ის განმარტებით, მან მხოლოდ მათი განმარტების საფუძველზე დაადგინა მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე. იმ პირობებში კი, როდესაც თავად მესამე პირის ზ.ო-ის 02.09.2024 წლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება ადასტურებს მის მიერ მიწის ნაკვეთის მიუღებლობისა და სხვა პირთა მოთხოვნის საფუძველზე მიწის ნაკვეთის ჯერ მის სახელზე, ხოლო შემდეგ სხვის სახელზე გადაფორმების ფაქტს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმი შედგენილ იქნა არასწორი მონაცემების საფუძველზე, ამასთან, სადავო უძრავ ნივთზე სხვა პირის დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობა გამორიცხავდა სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 25.04.2019 წლის №00032 ადგილზე დათვალიერების ოქმის მიღების საფუძველს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრება 800 ლარის ოდენობით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს და თანაზომიერია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან ზ.ო-ის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით ვერ განისაზღვრა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, სარეგისტრაციო წარმოების მასალები იდენტურობის დასადასტურებლად გადაიგზავნა გარდაბნის მერიაში. გასათვალისწინებელია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე დადგენილი არაა. საჯარო რეესტრი კი დოკუმენტს სიყალბეს არ ადგენს, ამასთან, საჯარო რეესტრი არ არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილზე დათვალიერების ოქმის რევიზიაზე უფლებამოსილი ორგანო. სადავო რეგისტრაციისას შემაფერხებელი გარემოება არ გამოვლენილა, მათ შორის არც ზედდების არსებობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უგულებელყვეს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.02.2024 წლის №ბს-127(კ-23) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ გამგეობას უნდა მიეღო შესაბამისი ზომები მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, რამდენადაც ზემოთ მითითებული მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ნაკვეთის და აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობას. სადავო რეგისტრაცია წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანმდევ შედეგს, რომლითაც დადასტურდა იდენტურობა. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 25.04.2019 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მესამე პირის ზ.ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 06.05.2019 წლის გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ.რ-ის 02.05.1994 წლის №268 მიღება-ჩაბარების აქტით გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში გადაეცა 0,40 ჰა მიწის ნაკვეთი (ტ. 2, ს.ფ. 189-190). მიწის (უძრავი ქონების) 26.10.2001 წლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გ.რ-ის სახელზე გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში აღრიცხულია 0,40 ჰა ნაკვეთი (ტ. 2, ს.ფ. 178). საქმის მასალებში დაცული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად რ.ქ-ი არის გ.რ-ის მემკვიდრე. მიღება-ჩაბარების აქტსა და სააღრიცხვო ბარათში მითითებულ უძრავ ნივთზე რ.ქ-ის სახელზე გაცემულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ტ. 2, ს.ფ. 260-261), ამასთან, რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 0,40ჰა ნაკვეთზე რ.ქ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა (ტ. 4, ს.ფ. 116). 28.02.2020 წლის სამკვიდრო მოწმობით ი.ო-ემ, როგორც მამკვიდრებლის რ.ქ-ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, სამკვიდრო მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით (ტ. 2, ს.ფ. 196-199). ი.ო-ემ 08.12.2022 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში (სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში) მოითხოვა გარდაბანში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება (ტ. 2, ს.ფ. 169, 171-172). სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა სხვა უძრავ ნივთთა (... (დ.ნ-ე); ... (დ.ნ-ე); ... (დ.ნ-ე); ... (ბ.ვ-ე); ... (დ.ნ-ე); ... (დ.ნ-ე); ...(ზ.ღ-ე); ... (ა.პ-ი) საკადასტრო მონაცემებთან (ტ. 2, ს.ფ. 242). სადავო არ არის გარემოება მასზედ, რომ აღნიშნული უძრავი ნივთები (ზედდებაში არსებული ნაკვეთები) წარმოადგენს გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ზ.ო-ის სახელზე 06.05.2019 წელს რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ უძრავ ნივთებს. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით ზ.ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,40ჰა მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტირირებული იყო გ.რ-ის მემკვიდრის რ.ქ-ის საკუთრების უფლება დაუზუსტებელი მონაცემებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს, ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი (სუსგ №ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.).

საჯარო რეესტრი ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის, მათ შორის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, არსებობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლის რეგისტრაცია ძალაშია, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია აღნიშნული რეგისტრაციის სათანადო წესით სადავოობის შესახებ. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა, არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს საჯარო რეესტრში ასახული უფლებები. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას (სუსგ №ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.), ამდენად, მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე ძალაში მყოფი რეგისტრაციის არსებობა გამორიცხავს იმავე მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ კასატორი არ მიუთითებს მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სხვა ტერიტორიაზე ადგილმდებარეობის შესახებ. საქმის მასალებში დაცული გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის 02.05.1994 წლის №268 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, გ.რ-ისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა (ქარსაფარი), სამხრეთით - ქარსაფარი, აღმოსავლეთით - №9 ნაკვეთი და დასავლეთით - №7 ნაკვეთი, მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის შესაბამისი ნახაზი იგივე მონაცემების მითითებით (ტომი 2, ს.ფ. 189-190). საქმეში აგრეთვე დაცულია №9 ნაკვეთის მფლობელის - ლ.თ-ის სახელზე გაცემული 02.05.1994 წლის №267 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს ჩრდილოეთით - ესაზღვრება გზა, სამხრეთით - ქარსაფარი, აღმოსავლეთით - №10 ნაკვეთი და დასავლეთით - №8 ნაკვეთი (ტ. 2, ს.ფ. 367). საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის თანახმად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სარეგისტრაციო ობიექტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი (ტ. 2, ს.ფ. 206), რომელიც 05.11.2007 წელს, №267 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დარეგისტრირდა ლ.თ-ის საკუთრებად (ტ. 2, ს.ფ. 369).

გასაჩივრებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება მასზედ, რომ საჯარო რეესტრი დაეყრდნო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომლითაც დადასტურდა ზ.ო-ის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიღება-ჩაბარების აქტით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთთა იდენტურობა, ასევე გასაჩივრებული რეგისტრაციის მართებულებას არ ადასტურებს მესამე პირის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის დაუდგენლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლით (სადავო პერიოდში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სზაკ-ის 96.1 მუხლით გათვალისწინებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას (სუსგ №ბს-1256(კ-25), 30.03.2026წ.), ამდენად, ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობის გამორიცხვის მიზნით მესამე პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე საჯარო რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან, ქაღალდზე შესრულებული ნახაზების მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რაც განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს სადავო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან ერთად მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ზ.ო-ის საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებზე. ესენია: 09.06.1997 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, 05.03.2019 წლის №15/24807 საარქივო ცნობა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 25.04.2019 წლის №00032 ადგილზე დათვალიერების ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 33). მითითებულ მიღება-ჩაბარების აქტს არ ერთვის ნაკვეთის გრაფიკული გამოსახულება, ასევე მითითებული არ არის მოსაზღვრე ნაკვეთთა მფლობელები ან ამ ნაკვეთთა ნუმერაცია, როგორც ეს ნაჩვენებია გ.რ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში (ტ. 2, ს.ფ. 24, 189-190). მეორე უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული №15/24807 საარქივო ცნობა საერთოდ არ ადასტურებს მესამე პირის ზ.ო-ის უფლებას. აღნიშნული ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში ზ.ო-ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა (ტ. 2, ს.ფ. 36). ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო ადგილზე დათავლიერების ოქმს, რომელიც ბათილად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო საჩივარი არ წამოუდგენია. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ კი დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ იდენტურობა დადგინდა მცდარად. გარდა ამისა, უკვე რეგისტრირებული (მათ შორის დაუზუსტებელი) მონაცემები წარმოშობს არა ადგილმდებარეობის/იდენტურობის დადგენის მიზნით სარეგისტრაციო წარმოების მასალების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლთან გადაგზავნის, არამედ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს. უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს საკასაციო საჩივარი კი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ:...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №... გადახდის თარიღი 30.12.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე