დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-446(კ-26) 18 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. გ-ა, მესამე პირები - გ. მ-ე, ლ. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. გ-ამ 2023 წლის 17 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 თებერვლის N IDP 52300000142 ბრძანების ბათილად ცნობა, ს. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ე და ლ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 თებერვლის N IDP 52300000142 ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქმის მასალებით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სათანადოდ არ შეაფასა განსახილველი საკითხი და ყოველმხრივ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მართალია, სააგენტო მიუთითებდა, რომ 2019 წელს განხორციელებული დამატებითი შემოწმების ოქმით მოსარჩელე ს. გ-ა დაფიქსირდა მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაში, თუმცა პალატამ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბოლო მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 9 ოქტომბერს. აღნიშნული აღწერის ფორმის თანახმად, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან და მშობლებთან ერთად კვლავ დაფიქსირებული იყო დახურვის პირას მყოფ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N6, რაც ასევე დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი, ამავე ობიექტში მცხოვრები სხვა პირების სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 თებერვლის N265 განკარგულების პირვანდელი დანართით, ს. გ-ას ოჯახი პირდაპირ ფიქსირდებოდა ...ს N6-ის მაცხოვრებელთა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირთა სახელობით სიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის N194 განკარგულებით განხორციელდა ცვლილება და მოსარჩელე ამოღებულ იქნა აღნიშნული სიიდან, სააგენტოს მიერ 2021-2023 წლების პერიოდში რაიმე დამატებითი მონიტორინგი ან ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი აღწერა და გასაუბრება არ განხორციელებულა. ადმინისტრაციულ ორგანოს კი საქმეში არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა გახდა მოსარჩელის სიიდან ამოღების ფაქტობრივი საფუძველი. ამასთან, სააგენტომ სადავო აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მოსარჩელის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები, მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდებოდა, რომ თავად ს. გ-ას საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ ერიცხებოდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 2023 წლის 3 თებერვლის ბრძანების მიღებამდე - 2023 წლის 4 იანვარს, ს. გ-ასა და დ. მ-ეს შორის ოფიციალურად დარეგისტრირდა განქორწინების ფაქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოება არ შესწავლილა და არ შეფასებულა.
პალატამ დამატებით მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-3 მუხლისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მოთხოვნებზე, რომელთა თანახმად, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს არ შეუფასებია და არ უმსჯელია მოსარჩელის ორ არასრულწლოვან შვილზე, რომლებიც მშობლების განქორწინების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდნენ დედასთან, ხოლო ობიექტი, სადაც დედა ფიქსირდებოდა, საინჟინრო დასკვნის მიხედვით იყო ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ვინაიდან სააგენტომ საქმის გარემოებები არასრულყოფილად გამოიკვლია, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული დამატებითი შემოწმების ოქმით, თავად მოსარჩელე ს. გ-ა დაფიქსირდა ...ს ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც მისი მეუღლის, დ. მ-ეის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერებით კი დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლეს არაერთი უძრავი ქონება გააჩნია. ამასთან, სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 2020 წელს ...ს №6-ში ჩატარებული მონიტორინგის დროს ადგილზე მხოლოდ მოსარჩელის მშობლები დახვდნენ, ხოლო თავად ს. გ-ა საქართველოს მთავრობის №265 განკარგულების დანართში მითითებულ დევნილ ოჯახთა სახელობით სიაში არ ფიქსირდებოდა და იქ მხოლოდ მისი მშობლები იყვნენ შეყვანილნი. სააგენტოს აზრით, აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ მოსარჩელე ხსენებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, რის გამოც მას მართებულად ეთქვა უარი ბინის გადაცემაზე ფაქტობრივი არცხოვრებისა და საკუთრების არსებობის საფუძვლით. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ უარი არ არის საბოლოო და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მომავალში საერთო წესით მაინც მოხდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების თანახმად, მოსარჩელე ს. გ-ა და მისი შვილები - ლ. მ-ე და გ. მ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, სარეგისტრაციო ნომრით - .... დევნილის მოწმობების თანახმად, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართად აღნიშნულია - ქ. თბილისი, ..., ...ს N6, ხოლო იძულებით გადაადგილებამდე ს. გ-ას საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ....
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 თებერვლის N265 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ...ს II კორპუსის (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N6) გამოთავისუფლების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, აღნიშნულ კორპუსში განთავსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული დევნილი ოჯახების, მათი სულადობის გათვალისწინებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფამდე, დევნილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნული განკარგულების დანართი სიის თანახმად, ...ის II კორპუსის (ქ. თბილისი, ...ს ქ. N6) მაცხოვრებელთა სიაში ერთ ოჯახად (დევნილის სარეგისტრაციო ნომერი - ...) ფიქსირდებიან - მოსარჩელე ს. გ-ა, მისი არასრულწლოვანი შვილები გ. მ-ე და ლ. მ-ე, ასევე ნ. გ-ა და ზ. გ-ა (მოსარჩელის მშობლები) (ს.ფ.25-27).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის N92 სხდომის ოქმის შესაბამისად, ს. გ-ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების და საკუთრების გამო. აღნიშნული სხდომის ოქმის საფუძველზე გამოცემული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 თებერვლის N IDP 5 23 00000142 სადავო ბრძანებით ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ს. გ-ას ოჯახს უარი ეთქვა, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრებისა და საკუთრების გამო.
განსახილველ საქმეზე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუს 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; სუს 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო 2020 წელს ქ. თბილისში, ...ს ქ. №6-ში ჩატარებული მონიტორინგის ოქმს, რომლის შესაბამისად, სააგენტოს განმარტებით, ადგილზე მხოლოდ მოსარჩელის მშობლები იმყოფებოდნენ, ხოლო თავად ს. გ-ა საქართველოს მთავრობის №265 განკარგულების დანართში მითითებულ დევნილ ოჯახთა სახელობით სიაში არ ფიქსირდებოდა და იქ მხოლოდ მისი მშობლები იყვნენ შეყვანილნი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ აღწერის ფორმებზე, კერძოდ, 2020 წლის 09 ოქტომბრის აღწერის ფორმაში მაცხოვრებლებად დაფიქსირებულნი არიან ზ. გ-ა, ნ. გ-ა, ს. გ-ა, ლ. მ-ე და გ. მ-ე, ხოლო გრაფა სახელწოდებით - „დაგვხვდა/არ დაგვხვდა“ თავისუფალია. 2019 წლის აღწერის ფორმის თანახმად, მაცხოვრებლებად კვლავ დაფიქსირებულია იგივე შემადგენლობა, ს. გ-ას და მისი შვილების გრაფაში კი მითითებულია, რომ იმ მომენტში იმყოფებოდნენ სტუმრად. საქმეში წარმოდგენილია ასევე ქ. თბილისში, ...ს N6-ში მაცხოვრებელ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ს. გ-ა, თავის შვილებთან, ლ. მ-ესთან და გ. მ-ესთან, ასევე მშობლებთან ერთად 1993 წლიდან დღემდე (2023 წელი განცხადების შედგენის თარიღი) ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე. აღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია და მათთვის სათანადო, ყოველმხრივი შეფასება არ მიუნიჭებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის, ხელახალი მოკვლევის ჩატარების შედეგად დასადგენია არა კონკრეტული მონიტორინგის დროს მოსარჩელის ადგილსამყოფელი, არამედ ს. გ-ას და მისი არასრულწლოვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ცხოვრების გარდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არასრულყოფილად შეაფასა საკუთრების კომპონენტიც. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში მიიღო საკუთრების არსებობა მაშინ, როდესაც ს. გ-ას საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს მისი მეუღლის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტი რამდენად წარმოადგენს ს. გ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს მაშინ, როდესაც ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემამდე ს. გ-ა და დ. მ-ე განქორწინებულები იყვნენ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტომ სადავო აქტის გამოცემისას საერთოდ არ იმსჯელა ორ არასრულწლოვანზე. „ბავშვის უფლებათა კონვენციისა“ და ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 7 აპრილის N5002128422 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ს ქ. N4-6-ში მდებარე საქართველოს ...ის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია (ს.ფ.159-161), რა დროსაც, პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც თავისთავად, დამატებითი კვლევის გარეშე, ავტომატურად არ უნდა იქნეს მიჩნეული ჩასახლების ობიექტის მიტოვებად და არ უნდა გამოირიცხოს სააგენტოს მხრიდან ამ გარემოების კომპლექსური შეფასება დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის განსაზღვრისას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შეფასებას საჭიროებს ასევე 2023 წელს ს. გ-ას და მისი შვილების ქ. თბილისში, ...ს N6-ში დევნილი ოჯახების მაცხოვრებელთა სახელობითი სიიდან ამოღების საფუძველი მაშინ, როდესაც საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც 2020 წლის შემდგომ ამ დევნილი ოჯახის მიმართ რაიმე დამატებითი მონიტორინგის ჩატარებას დაადასტურებდა, აღნიშნული გარემოებები კი სააგენტოს მიერ არ შესწავლილა და შეფასებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ს. გ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან ერთად, სააგენტომ მხედველობაში უნდა მიიღოს მოსარჩელის განქორწინების ფაქტი, ს. გ-ას პირად საკუთრებაში უძრავი ქონების არარსებობა, მისი შვილების არასრულწლოვანება და მათი საუკეთესო ინტერესები, ასევე, სადავო შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა და მხოლოდ ამ გარემოებათა შეფასების შემდგომ გამოსცეს ახალი სათანადოდ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე