დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.05.2026
საქმის ნომერი
ბს-46(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-46(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს.წ-ა

მესამე პირები - ლ.ფ-ე, ა.წ-ა, მ.ხ-ი (არასრულწლოვანი), ი.ხ-ი (არასრულწლოვანი)

დავის საგანი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს.წ-ამ 21.08.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 3 23 00001842 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2024 წლის მთავარი სხდომის ოქმით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ.ფ-ე, ა.წ-ა, მ.ხ-ი და ი.ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2025 წლის გადაწყვეტილებით ს.წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 3 23 00001842 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს.წ-ას ოჯახთან დაკავშირებით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ს.წ-ას, ლ.ფ-ის, ა.წ-ას, მ.ხ-ის და ი.ხ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ს.წ-ას, ლ.ფ-ის, ა.წ-ას, მ.ხ-ის და ი.ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2025 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს.წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 3 23 00001842 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს.წ-ას და მისი ოჯახის წევრების ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, 13.2, 13.3 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლზე და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის გარემოებების მიხედვით, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 12.07.2023 წლის №IDP 3 23 00001842 ბრძანებით ს.წ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს.წ-ას, ლ.ფ-ის, ა.წ-ას, არასრულწლოვნების - მ.ხ-ის და ი.ხ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს იმერეთი, ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9. ამასთან, მოსარჩელის (აპელანტის) განმარტებით, ა.წ-ა მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს 23.01.2025 წლის №000006 ცნობაზე, რომლის თანახმად ა.წ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის რ-ნი, ს. ...დან, ხოლო მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9. ამავე ცნობის შესაბამისად, ა.წ-ა დევნილად რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ას ქუჩა, შვილებთან (ი.ხ-ი, მ.ხ-ი) და მშობლებთან (დედა - ლ.ფ-ე, მამა - ს.წ-ა) ერთად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უტყუარად არ დასტურდებოდა მოსარჩელის და მესამე პირების მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი, ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა საპირისპირო, კერძოდ ის, რომ ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის და მესამე პირების ერთ ოჯახად ცხოვრების დასადასტურებლად საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო საკმარისი და არ არსებობდა დამატებით ახალი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 10.05.2021 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებლის მიღების თაობაზე. განაცხადს აკეთებდა მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შეივსო კითხვარი და მის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9, 12.03.2022 წელს განხორციელდა მონიტორინგი. სამსახურს ადგილზე დახვდა თავად მოსარჩელე მეუღლესთან ერთად. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1996 წლიდან ქირის გარეშე, ხოლო მისი შვილი, ა.წ-ა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში ქ. ქუთაისში, ...ის გამზირზე. სიძეს, ა.-ს მეუღლეს საკუთრებაში აქვს ასევე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონება. მონიტორინგის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახისათვის ფართის უზრუნველყოფის საკითხზე და უარი ეთქვათ მათ იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების (ა.წ-ას ოჯახთან გაერთიანება) გამო.

კასატორმა მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 13 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 05.03.2021 წლის №292 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021 – 2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, ასევე 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის მოსაზრებით, უკეთუ სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით, ვინაიდან ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორი მიუთითებს, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა/დაკმაყოფილება საერთო წესების დაცვით იწარმოებს.

კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, გამოკითხა განმცხადებელი, მისცა მას მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ჩაატარა მონიტორინგი და საქმის გარემოებები გამოიკვლია სრულყოფილად. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი დასაბუთებულია, მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით და იგი ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ს.წ-ა, ლ.ფ-ე, ა.წ-ა, მ.ხ-ი (დაბ.: ... ... ...წ.), ი.ხ-ი (დაბ.: ... ... ...წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობით დგინდება, რომ მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - იმერეთი, ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9. 10.05.2021 წელს ს.წ-ამ მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განაცხადში მოსარჩელემ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - იმერეთი, ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ს.წ-ას განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით (მათ შორის: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა).

12.03.2022 წელს მონიტორინგი განხორციელდა ს.წ-ას მიერ განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9). გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის მისამართზე იმყოფებოდა ს.წ-ა მეუღლესთან ერთად. ს.წ-ამ მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტა, რომ 1996 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №2/9-ში, ნ.ჯ-ის ბინაში, ქირის გარეშე. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ს.წ-ას შვილი ა.წ-ა, ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისი მეუღლის, ბ.ხ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №66, ბინა №.... ბ.ხ-ის საკუთრებაშია აგრეთვე ქ. ქუთაისში, ...ის №...-ში მდებარე ბინა, რომელიც დაკეტილია და არავინ ცხოვრობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023 წლის №30 სხდომის ოქმის თანახმად, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ს.წ-ას, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების (გაერთიანება შვილის-ა.წ-ას ოჯახთან) გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 3 23 00001842 ბრძანების თანახმად, ს.წ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მესამე პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ოჯახის ხელოვნური გაერთიანების თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის მასალებს, რაც დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა. იძულებით გადაადგილებული პირის სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. მართალია ა.წ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები მონიტორინგის განხორციელების დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა საქმეში დაცულია სსიპ აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს 23.01.2025 წლის №000006 ცნობა, რომლის თანახმად ა.წ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის რ-ნი, ს. ...დან, ხოლო მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №2/9. ამავე ცნობის შესაბამისად, ა.წ-ა დევნილად რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ას ქუჩა, შვილებთან (ი.ხ-ი, მ.ხ-ი) და მშობლებთან (დედა - ლ.ფ-ე, მამა - ს.წ-ა) ერთად. ზემოაღნიშნული მისამართია ასევე მითითებული ა.წ-ას და მისი არასრულწლოვანი შვილების დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) დევნილთა მოწმობებში. ამასთან, ს.წ-ა მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრების ფაქტზე უთითებს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს და მესამე პირებს არ აქვთ საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება, ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოსარჩელის ოჯახის ხელოვნური გაერთიანების თაობაზე და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდება ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტი და ამავდროულად არ გამოკვეთილა მხარის ინტერესი ოჯახის ხელოვნური გაერთიანების შესახებ, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა.წ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათ, როგორც ცალკე ოჯახს, დამოუკიდებლად შეეძლოთ მოეთხოვათ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. როგორც უკვე აღინიშნა ს.წ-ა განაცხადს აკეთებს არასრულწლოვან შვილიშვილებთან ერთად. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ს.წ-ას ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე