დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-476(2კ-25) 28 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
2. ზ. ღ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ღ-ემ 2019 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ, მოითხოვა განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულების ბათილად ცნობა და ამავე კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ღ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
სარჩელის მიხედვით, ზ. ღ-ე 2005 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ, 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მის მიერვე აშენებულ, ორი ოთახის მოცულობის ფიცრულ სახლში, რომელიც აგებული იყო კაპიტალურ საძირკველზე, სადაც შემდგომში ააშენა ორსართულიანი კაპიტალური სახლი და ამავე სახლში აგრძელებს ცხოვრებას. იმავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ოჯახის მსგავსად მიწები შენობებით თვითნებურად დაკავებული ჰქონდა დაახლოებით 70 ოჯახს. 2008 წლის თებერვალში ქ. ბათუმის მერიამ მითითებულ ოჯახებთან, მათ შორის მოსარჩელის ოჯახთან გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლითაც მხარეები ადასტურებდნენ, რომ ქ. ბათუმში, ...-ე კვარტალში არსებულ მოქალაქეთა თვითნებურ ჩასახლებაში არსებობდა რიგი პრობლემები. ქ. ბათუმის მერია გამოთქვამდა მზადყოფნას უზრუნველეყო ქ. ბათუმში, ...-ე კვარტალში მცხოვრებ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესება, რომელთაც კომპაქტურად თვითნებურად დაკავებული ჰქონდათ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ამ მიზნით მხარეებმა იკისრეს რიგი ვალდებულებები. მითითებული 70 ოჯახიდან, დაახლოებით 40-მა ოჯახმა საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მოიპოვა საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ მიწაზე, თუმცა ზ. ღ-ეს იმავე პირობებში, იმავე მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწაზე განთავსებული იყო ქონება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, მაშინ, როცა სხვა მიწებიც, რომლებიც დაექვემდებარა აღიარებას, წარმოადგენდა იმავე ქონების შემადგენელ ნაწილს.
2018 წლის 29 ნოემბერს ზ. ღ-ემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიამ 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა მიწის ნაკვეთი, თუ იგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით იყო დაკავებული, თუმცა კომისია არ აზუსტებდა, რომელი ან რა ობიექტი მდებარეობდა მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არანაირი სახის შენობა-ნაგებობა არ არსებობდა. 2005 წელს ამ მიწაზე მან თავად ააგო ფიცრული შენობა 2 ოთახით, კაპიტალური საძირკვლით, რაზეც შემდგომ ააშენა კაპიტალური სახლი, რომელშიც დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის აღრიცხულია აბონენტად და იხდის ყველა სახის კომუნალურ გადასახადს. მას მითითებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე კანონის მიღებამდე გაშენებული აქვს სხვადასხვა სახის ნარგავები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ასაღიარებლად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ს.კ. ... და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოება, რაც განაპირობებდა მოსარჩელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, უსაფუძვლოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩაბმის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ღ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულება ზ. ღ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ზ. ღ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ივლისის №409 განკარგულებით და 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმით, ზ. ღ-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, ნაკვეთი არ მდებარეობს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს.კ. ...).
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ. ღ-ემ 2019 წლის 15 აგვისტოს და 2019 წლის 11 სექტემბერს განმეორებით განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით. სააგენტოს მიერ ზ. ღ-ეის განცხადებები, 2019 წლის აგვისტოს და სექტემბრის წერილობითი კორესპონდენციით გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ზ. ღ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიაში წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათი, მინდობილობა, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, თანხმობა დაინტერესებული პირის აბონენტად აყვანაზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულებით, ზ. ღ-ეის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოება, რაც განაპირობებდა ზ. ღ-ეისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რის გამოც მას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. ზ. ღ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად განკარგულებაში კომისია ასევე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს.კ. ...) და შესაბამისად, მოთხოვნა არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ იგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით არის დაკავებული.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე მხარის, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (ასევე მესამე პირის) წარმომადგენლის პოზიცია, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას კომისიის მიერ სადავო შემთხვევაში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა ზ. ღ-ეის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის გადაწყვეტას და რომ განსახილველ საკითხზე სწორად იქნა მიღებული საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე; რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის ან არასაცხოვრებელი შენობის არსებობა.
სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული კანონის მიზნებისათვის „შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა (მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამასთანავე, ნორმა არ აკონკრეტებს შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და კედლების მასალებს, თუმცა დასაშვებად მიიჩნევს შენობის ხის კონსტრუქციით შემოსაზღვრას. გასაჩივრებული აქტ(ებ)ის თანახმად, მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის სტატუსი/მისი სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულობა გახდა. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელება არ დასტურდება.
მოპასუხის ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ჯერ კიდევ 2005 წლიდან ცხოვრობდა სადავო მიწის ნაკვეთზე, მის მიერვე აშენებულ, კაპიტალური საძირკვლის, ფიცრული ტიპის სახლში ოჯახთან ერთად და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. სადავო მიწაზე ააშენა კაპიტალური ორსართულიანი სახლი, სადაც ცხოვრობს დღესდღეობით. 2008 წლის 8 თებერვალს მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლითაც დასტურდება სადავო მიწაზე მისი ოჯახის თვითნებური ჩასახლების ფაქტი. მემორანდუმი გაფორმდა სწორედ მხარის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით და ამასთან დაკავშირებით მხარეებმა იკისრეს რიგი ვალდებულებები. ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 16 დეკემბრის №დ-2026 წერილით, სს ,,ე...ს“ აჭარის ფილიალს ეცნობა, რომ ,,ქ. ბათუმის მერია თანახმაა ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №... კვარტალში მცხოვრები მოქალაქე ზ. ღ-ე აყვანილი ყოფილიყო აბონენტად“.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.12.2022წ. №... წერილით ზ. ღ-ეს ეცნობა, რომ მითითებული (სადავო) ტერიტორიის აეროგადაღება 2005-2006 წლებში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ წლების ორთოფოტო-გეგმის ფრაგმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული არ არის. ამასთან, სააგენტოს 05.12.2023წ. №... წერილით, ზ. ღ-ეს გაეგზავნა სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული 2008 წლის აეროგადაღების მასალების დამუშავების შედეგად შექმნილი ორთოფოტო-გეგმის ფრაგმენტი.
სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული 2008 წლის ორთოფოტო ადასტურებს, რომ ნაკვეთზე განთავსებულია გარკვეული ობიექტები, თუმცა უტყუარად არ დგინდება, აღნიშნული ნაგებობებიდან რომელი ნაგებობაა სახელმწიფო ობიექტი და რომელი მოსარჩელის მიერ აშენებული. საქმეში არსებული ფოტომასალით და 2008 წელს ბათუმის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. ღ-ეს კანონის მიღებამდე ანუ 2007 წლის 20 სექტემბრამდე, სადავო ადგილზე აშენებული ჰქონდა მცირე ზომის, კაპიტალურ საძირკვლიანი, ოროთახიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
სასამართლოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების მიზნით განხორციელებული საპროცესო მოქმედების, სადავო უძრავი ნივთის (მის: ქალაქი ბათუმი, ...ს დასახლება, ...ს ქ.№...) ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ეზოში დღესდღეობით განთავსებულია ორ სართულიანი კაპიტალური სახლი, აშენებული ქვით. ორ სართულიანი სახლის უკან გაშენებულია რამდენიმე ძირი მრავალწლიანი ნარგავი, იქვე ჩადის მდინარე. დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწას არანაირი კავშირი არა აქვს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მითითებულ სახელმწიფო შენობასთან, კერძოდ, ...ის ქარხნის შენობებთან და სადავო მიწაზე არ დგას ქარხნის ნარჩენი არანაირი კაპიტალური შენობა, გარდა მოსარჩელის მიერ აშენებული სახლისა.
გარდა აღნიშნულისა, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების: რ. ბ-ესა და ფ. დ-ეს ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ღ-ემ დაახლოებით 2005 წლიდან, ანუ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მიღებამდე თვითნებურად დაიკავა მათ მეზობლად, ...ს დასახლება, ...ს ქ.№...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობა და ამუშავებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე გააშენა სხვადასხვა სახის ხილი. ზ. ღ-ემ მიწაზე თავდაპირველად ააგო ხის ფიცრული შენობა კაპიტალური საძირკვლით, ხოლო შემდგომში ააშენა ქვის კაპიტალური შენობა, რომელსაც დღემდე იყენებს საცხოვრებლად. მოწმეთა ჩვენებებით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 400 მეტრში განთავსებულია სახელმწიფო, ე.წ. ...ს შენობა და მას არ აქვს რაიმე სახის შემხებლობა ზ. ღ-ეის მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლთან.
სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტ(ებ)ში, აღიარების კომისიის მიერ საერთოდ არ იყო მითითებული იმაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და გამოიკვლია კომისიამ სადავო საკითხის განხილვისას. სასამართლომ დაასკვნა, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო სამართლებრივ აქტებზე ზოგადი მითითებით და ნორმების არასწორი გამოყენებით. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიღებული იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშე, რაც ზიანს აყენებდა ზ. ღ-ეის კანონიერ ინტერესებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ღ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულება; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ზ. ღ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზ. ღ-ე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებას ითხოვდა მისი თვითნებურად დაკავების საფუძვლით, ხოლო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხულოს რაიონში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ზ. ღ-ე მეზობლებთან ერთად იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი და 2005 წელს დასახლდნენ სადავო მიწის ნაკვეთზე, სადაც ააშენა სახლი. 2008 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც დადასტურდა ...-ე კვარტალში მოქალაქეთა თვითნებურად ჩასახლების ფაქტი. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში, მერიამ თანხმობა განაცხადა ...-ე კვარტალში მცხოვრები ზ. ღ-ე აყვანილი ყოფილიყო აბონენტად. მოსარჩელე მხარის გადმოცემით, 2005 წლიდან უწყვეტად ცხოვრობდა სადავო მიწის ნაკვეთზე მის მიერ აშენებულ სახლში ოჯახთან ერთად და მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ზ. ღ-ეის განცხადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულებით, დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოება, რაც განაპირობებდა ზ. ღ-ეისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ როდესაც განკარგულებაში მითითებულია, რომ ზ. ღ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიაში წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათი, მინდობილობა, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, თანხმობა დაინტერესებული პირის აბონენტად აყვანაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია, გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მათ უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, კომისია ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებაასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტისა და ექსპერტის დასკვნები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზ. ღ-ეის განცხადება კომისიამ დატოვა განუხილველი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არარსებობის გამო, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი იყო მთელი რიგი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ორთოფოტო და სახლის რეალური ფოტოსურათები, 2008 წლის მემორანდუმი, აბონენტად აყვანის დოკუმენტი).
პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებიც სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენდა, მაშინ როდესაც „ქონების მესაკუთრის“ - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა სადავო ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების დანიშნულება და სახელმწიფოსადმი კუთვნილების ფაქტი. მისი განმარტებით, უცნობია თუ ვის მიერ ან როდის არის აშენებული მითითებული ნაგებობები, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მათ იხელმძღვანელეს საჯარო რეესტრის ამონაწერით და მიიჩნიეს, რომ რადგან მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიც იყო სახელმწიფოს კუთვნილება.
პალატამ აღნიშნა, რომ „კანონის“ მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საკუთრების უფლების აღიარება ნიშნავს - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას. იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები/მონაცემები უტყუარად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია მტკიცებულებათა შეფასება (მათში ასახული/გამოხატული ინფორმაციების უტყუარობის თვალსაზრისით) განხორციელდეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების/შეპირისპირებისა და გაანალიზების საფუძველზე. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ კანონმდებელი ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით საკმარისად არ მიიჩნევს ცალკე აღებული ერთი მტკიცებულების არსებობის/საკმარისობის ფაქტს, არამედ იგი ადგენს სტანდარტს, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობის მოცემულობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონკრეტული ფაქტ(ებ)ის დადასტურების თვალსაზრისით მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, რომლებიც უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, ზემოაღნიშნული სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
პალატის განმარტებით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის საკანონმდებლო დანაწესი მნიშვნელობას ანიჭებს ამ კანონის ამოქმედებამდე (20.09.2007 წლამდე) მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
პალატის შეფასებით, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს, რომ მან, როგორც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელმა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მოახდინოს თავისი უფლების რეალიზება. შესაბამისად, ის არის 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარე, რომელმაც წერილობითი მოთხოვნა (განცხადება) წარუდგინა უფლებამოსილ ორგანოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და ამ პროცესში გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რა მიზნით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს როგორც განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების ნამდვილობა, ასევე დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულება, რათა გაირკვეს ხომ არ ეწინააღმდეგება განმცხადებლის მოთხოვნა კანონის 3.2 მუხლის დანაწესს და ხომ არ არის სახეზე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოებები. ამ მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოკითხოს განმცხადებელი, მისცეს მას დამატებითი ინფორმაციისა თუ მასალების წარდგენის შესაძლებლობა, დაათვალიეროს სადავო მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, რის შედეგადაც სადავო საკითხთან დაკავშირებით (ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ზ. ღ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს ... და 2019 წლის 11 სექტემბრის ... კორესპონდენციების საფუძველზე განიხილა ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ზ. ღ-ეის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. კომისიამ 2019 წლის 23 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლით, რადგან კომისიას აღნიშნულ საკითხზე უკვე ჰქონდა ნამსჯელი 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავების ფაქტი. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულზე, თუმცა მაინც მოცემული საკითხის მოკვლევა ხელახლა დაავალა აღიარების კომისიას, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოში არსებობდა წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის №... წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც ითხოვდა მოსაზრების წარდგენას, შესაძლებელი იყო თუ არა ს/კ: ... მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაციის მოხსნის საკითხის განხილვა, რათა შემდგომ კომისიას მიეცა საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვის შესაძლებლობა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 დეკემბრის №7/71144 საპასუხო წერილით, სააგენტომ აღიარების კომისიას განუმარტა, რომ ქ. ბათუმში, ყოფილი „...ს“ ტერიტორიაზე (II ნაკვეთი) მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ 30.07.2013 წლის №125 განკარგულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ასაღიარებლად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ...) რეგისტრაციის მოხსნის საკითხის დაკმაყოფილება.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოების ნაწილში კომისიას სრულყოფილად ჰქონდა განხორციელებული ადმინისტრაციული მოკვლევა და გამოთხოვილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისგან (სახელმწიფოსგან) ინფორმაცია, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამდენად, ფაქტობრივად არ არსებობდა სხვა საფუძველი, რომლითაც კომისიას ხელახლა უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის უფლების დამდგენი აქტი, რომლითაც დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებად. გარდა ამისა, მართალია, კანონმდებლობით და დადგენილი სასამართლო პრაქტიკით შესაძლებელია როგორც დაურეგისტრირებელი, აგრეთვე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების აღიარება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კომისია ვერ დაარღვევდა კანონიერების პრინციპს (სზაკ-ის მე-5 მუხლი) და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უარის თქმის მიუხედავად, ვერ უღიარებდა მოსარჩელეს მიწის ნაკვეთს.
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებისა და ჩანაწერების მიმართ მოქმედი სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომლითაც ნათლად დგინდებოდა და დგინდება, რომ ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ იმ საკადასტრო ბლოკში, რომელ ტერიტორიაზეც სახელმწიფოს რეგისტრირებული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, ს/კ .... აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერითა და მასზე დართული საკადასტრო გეგმით, რომლითაც დგინდება, რომ სახელმწიფოს ქალაქ ბათუმში, ... (წინა ს/კ ...) საკადასტრო კოდზე, ყოფილი „...ს“ ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქვს 17469 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მათ შორის, შენობა-ნაგებობები 1, 2, 3, 4, 5, 7, 8, 9.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ იგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით არის დაკავებული. ამგვარად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისია ვერ გასცდებოდა კანონიერების პრინციპს და ვერ უღიარებდა მოსარჩელეს ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღიარებას და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ჰქონდა უარყოფითი პასუხი.
კასატორის მითითებით, არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოცემული გარემოება მაშინ, როცა კომისიის უარი და მოსარჩელის მიერ განმეორებით წარდგენილი განცხადება იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ადრე უარი ეთქვა აღიარებაზე, კომისიამ კანონიერად დატოვა განუხილველი; კერძოდ, კომისიას წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს №... და 2019 წლის 11 სექტემბრის №... კორესპონდენციები, ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ზ. ღ-ეის (პ/ნ:...) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათი, მინდობილობა, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებები, თანხმობა დაინტერესებული პირის აბონენტად აყვანაზე. ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და კომისიაში დაცული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე დასტურდება ის ფაქტი, რომ ზ. ღ-ეის (პ/ნ:...) მიერ, ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადება წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 29 ნოემბერს, რაც კომისიის 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმით არ დაკმაყოფილდა. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ:...), და შესაბამისად, მოთხოვნა არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ იგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით არის დაკავებული.
კასატორის განმარტებით, კომისიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მოსარჩელის სასარგებლოდ აღიარების საკითხის ხელახლა განხილვაზე; კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-19 მუხლის საფუძველზე, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზ. ღ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს №... და 2019 წლის 11 სექტემბრის №... კორესპონდენციებით წარდგენილი არ იყო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა ზ. ღ-ეისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, 2019 წლის 15 აგვისტოს №... და 2019 წლის 11 სექტემბრის №... კორესპონდენციებით წარმოდგენილი განცხადება უფლების აღიარების შესახებ, კომისიის მიერ 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულებით დარჩა განუხილველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ძირითად სადავო საკითხთან დაკავშირებით (მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია) გამოითხოვა დოკუმენტაცია და იხელმძღვანელა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით. გარდა ამისა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია კომისიის ის აქტები, რომლითაც მას უარი ეთქვა 2018 და 2019 წლებში მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, კერძოდ, 2018 წლის 06 ივლისის 21 ოქმი და მის საფუძველზე გამოცემული №409 განკარგულება და 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმი და მის საფუძველზე გამოცემული №397 განკარგულება. აღნიშნული აქტები შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელემ მხოლოდ სადავო გახადა 2019 წლის 23 ოქტომბრის განკარგულება №645 „ზ. ღ-ეის განმეორებით წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.
ამდენად, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მის მიერ მოთხოვნილ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე სამჯერ განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოება, ამათგან ორჯერ კომისიამ არსებითად შეისწავლა გარემოებები და გამოიკვლია, ხოლო მესამედ უარი უთხრა განცხადების განხილვაზე, რადგან უკვე ორჯერ ნამსჯელი ჰქონდა მოცემულ საკითხზე (ერთსა და იმავე საკითხზე) და მხარეს არ ჰქონდა გასაჩივრებული ის წინამორბედი აქტები, რომლითაც კომისიამ არსებითად იმსჯელა მოცემულ საკითხზე.
ზ. ღ-ეის საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმით და 2018 წლის 16 ივლისის №409 განკარგულებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უარი უთხრა მას ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის საფუძვლად მითითებული იყო, რომ უნებართვოდ დაკავებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა არ იყო აშენებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რის გამოც არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. ასევე აღინიშნა, რომ ნაკვეთი არ მდებარეობდა ზ. ღ-ეის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და რომ იგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად.
კასატორის განმარტებით, 2019 წლის 15 აგვისტოსა და 2019 წლის 11 სექტემბერს მან განმეორებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის ტერიტორიულ სამსახურს აღნიშნული 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სააგენტომ მისი განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიაში წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სიტუაციური გეგმა, საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათი, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები, პირადობის მოწმობის ასლი, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები და აბონენტად აყვანის თანხმობა. კასატორის პოზიციით, აღნიშნული დოკუმენტები საკმარისი იყო საკუთრების უფლების აღიარებისთვის, თუმცა 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულებით კომისიამ განცხადება განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. დამატებით კვლავ მიეთითა, რომ ნაგებობა არ იყო აშენებული კანონის ამოქმედებამდე, ნაკვეთი არ იყო მომიჯნავე მართლზომიერად ფლობად მიწასთან და სადავო ქონება რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთზე 2005 წლიდან ცხოვრობს. მანამდე ცხოვრობდა ხულოს რაიონში, საიდანაც მეწყრის შედეგად, სხვა სოფლის მცხოვრებლებთან ერთად, იძულებით გადმოსახლდა ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდა 55 ოჯახი, რომელთაგან მხოლოდ 3-4 ოჯახი რჩება დაურეგისტრირებელი, ხოლო დანარჩენებს საკუთრების უფლება უკვე აღიარებული აქვთ. თავდაპირველად მან გააკეთა საძირკველი, ჩაასხა ფუნდამენტი და ააგო ხის ორი ოთახი, სადაც ცხოვრობდა რვასულიან ოჯახთან ერთად, შემდეგ კი იმავე ფუნდამენტზე ააშენა ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობს და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მტკიცებულების სახით სურდა 2005 წლის ორთოფოტოს წარმოდგენა, თუმცა შესაბამის უწყებაში განუმარტეს, რომ 2005-2006 წლებში ორთოგადაღება არ განხორციელებულა და მიაწოდეს 2008 წლის ორთოფოტო, რომელზეც ჩანს მცირე ზომის ნაგებობები სადავო ტერიტორიაზე.
საქმის განხილვისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ადგილზე დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი, რათა დაედგინა, რომელი ტერიტორია და მასზე განთავსებული ნაგებობები ეკუთვნოდა ე.წ. ...ს. დათვალიერებისას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა კონკრეტულად რომელი ტერიტორია ან ნაგებობა ეკუთვნოდა აღნიშნულ საწარმოს. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ეზოში განთავსებული იყო ორსართულიანი ქვის კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, მის უკან მრავალწლიანი ნარგავები, ახლოს ჩამოდიოდა მდინარე ... და აღნიშნულ მიწას კავშირი არ ჰქონდა ძველი „...ს“ ქარხნის შენობებთან; ტერიტორიაზე არ იდგა ქარხნის ნარჩენი ან ნანგრევები, გარდა კასატორის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლისა.
სასამართლოში მოწმეებმა: რ. ბ-ემ და ფ. დ-ემ დაადასტურეს, რომ 2005 წელს ზ. ღ-ესთან ერთად დასახლდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ქ. ბათუმის იმდროინდელ მერთან, რ. ჩ-ესთან გააფორმეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი და მათი საცხოვრებლები 2009 წლიდან აბონენტად დარეგისტრირდა; ამ პერიოდიდან იხდიდნენ შესაბამის გადასახადებს. ასევე მითითებულია, რომ მომიჯნავე მეზობლებს, ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებში, საკუთრების უფლება უკვე აღიარებული და რეგისტრირებული აქვთ. კასატორის შეფასებით, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა იდენტურ გარემოებებში მას კანონის წინაშე არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითა, თითქოს ზ. ღ-ეის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები და გამოიკვლია მტკიცებულებები, ხოლო სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა სადავო ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის დანიშნულება და სახელმწიფოსადმი კუთვნილება, სასამართლომ მაინც ნაწილობრივ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რაც, კასატორის შეფასებით, უკანონოა და აზიანებს მის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ზ. ღ-ეის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ზ. ღ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; დადგინდა საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა პოზიციების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ღ-ეისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლების მქონე სუბიექტებს, პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე, საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
ამდენად, აღნიშნული კანონის მიღებით, სახელმწიფომ წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი... სახელმწიფოს აქვს საჯარო ინტერესი, რომ დროულად მოახდინოს იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც უკვე ათვისებულია და რომელთა ზოგადი წესით პრივატიზაცია არ დაიშვება. აღნიშნულის გარეშე გართულდება სახელმწიფო ქონების ეფექტიანი ადმინისტრაცია (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა დაინტერესებული პირის (ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე) მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონით დაწესებული შეზღუდვები, ასევე მოთხოვნის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, ასევე მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად; კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტებად ასახელებს ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტს, ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტს, გადახდის ქვითარს ან/და სხვა დოკუმენტს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ. ღ-ეის მოთხოვნა უკავშირდებოდა ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავების საფუძვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ივლისის №409 განკარგულებით, იმ საფუძვლით, რომ ზ. ღ-ეის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა არ იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, ნაკვეთი არ მდებარეობდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2018 წლის 29 ნოემბერს ზ. ღ-ემ კვლავ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. კომისიის 2019 წლის 31 მაისის №18 ოქმით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მათ შორის იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს.კ. ...).
ზ. ღ-ემ 2019 წლის 15 აგვისტოს და 2019 წლის 11 სექტემბერს განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქ. ბათუმში, ...ს დასახლება №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ზ. ღ-ეის განცხადებები გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ზ. ღ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიაში წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათი, მინდობილობა, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, თანხმობა დაინტერესებული პირის აბონენტად აყვანაზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის №645 განკარგულებით, ზ. ღ-ეის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოება, რაც განაპირობებდა ზ. ღ-ეისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან, განკარგულებაში მიეთითა, რომ შენობა-ნაგებობა არ იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ნაკვეთი არ მდებარეობდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს.კ. ...). ამდენად, საკასაციო პალატის მიერ განსახილველ დავაზე შესაფასებელია, იძლეოდა თუ არა ზ. ღ-ეის მიერ წარდგენილი განცხადება და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკითხზე ხელახალი მსჯელობისა და მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას; კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ზ. ღ-ეს კომისიაში წარდგენილი ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ორთოფოტო, სახლის რეალური ფოტოსურათები, 2008 წლის მემორანდუმი, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, თუმცა კომისიამ მათი სრულყოფილად შეფასების გარეშე დაასკვნა ზ. ღ-ეის მოთხოვნის შეუსაბამობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის მოთხოვნებთან, რითაც დაარღვია სზაკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 2014 წლის 18.02.2014წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხის გადაწყვეტას და განცხადებაზე დართულ მტკიცებულებათა სიღრმისეული შეფასების გარეშე მიუთითა მხოლოდ ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოების არარსებობაზე, ასევე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო ობიექტის განთავსებაზე, იმ პირობებში, როდესაც სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა სადავო ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების დანიშნულება და სახელმწიფოსადმი კუთვნილების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო ჩანაწერზე დაყრდნობით შენობა-ნაგებობის სახელმწიფოსადმი კუთვნილებამ არ შეიძლება შეზღუდოს დაინტერესებულ პირთა კანონით დაცული უფლებები, მათ შორის, აღიარების გზით საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა, სათანადო მტკიცებულებებისა და კანონით იმპერატიულად დადგენილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ კომისიის მიერ დადგენილი გარემოება - მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კუთვნილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაშია სასამართლოს მიერ ჩატარებულ ადგილზე დათვალიერების შედეგებთან, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს არანაირი კავშირი არა აქვს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მითითებულ სახელმწიფო შენობასთან, კერძოდ, ...ს შენობებთან და სადავო მიწაზე არ დგას ქარხნის ნარჩენი არანაირი კაპიტალური შენობა, გარდა მოსარჩელის მიერ აშენებული სახლისა.
შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო საკითხის დამატებით გამოკვლევის საჭიროების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ დაუდგენია და არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, საფუძველს მოკლებულია ზ. ღ-ეის საკასაციო პრეტენზია დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე, სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ბათუმის მერიასა და ზ. ღ-ეს შორის 2008 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შინაარს, რომლის მიხედვით მხარეები ადასტურებენ, რომ „ქ. ბათუმში, ... კვარტალში არსებულ მოქალაქეთა თვითნებური ჩასახლებაში არსებობს შემდეგი პრობლემები: ა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობები არ შეესაბამება ქალაქის სივრცით-ტერიტორიულ მოწყობას; ბ) თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ინდივიდუალურად საკუთრებაში განკარგვა არ შეესაბამება თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმას; გ) თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე არ არსებობს ქალაქის ინფრასტრუქტურის მინიმალური რობები. კერძოდ, ჩასახლება არ არის ჩართული ქალაქის ერთიან საკანალიზაციო და წყალმომარაგების ქსელში, არ არის განვითარებული და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა და სხვა. 2. ქ. ბათუმის მერია, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წინამდებარე მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ იგი მზად არის უზრუნველყოს ქ. ბათუმში, ... კვარტალში მცხოვრებ იმ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესება, რომელთაც კომპაქტურად, თვითნებურად დაკავებული აქვთ თვითმმართველ ქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და კერები. ამ მიზნით: ა) ქ. ბათუმის მერია იღებს ვალდებულებას: ა.ა. აღნიშნულ მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში განკარგვაზე გამოაცხადოს აუქციონი; ა.ბ. მიწის ნაკვეთის განკარგვა მოახდინოს პირობიანი აუქციონით; ა.გ. ერთ-ერთი ძირითადი სააუქციონო პირობა იქნება აუქციონში გამარჯვებულისათვის ვალდებულების დაკისრება, რომ მან უზრუნველყოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და ზ. ღ-ეის ოჯახის 50 კვ.მ-დე საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება; ა.დ. ქ. ბათუმის მერია ვალდებულებას იღებს, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ზემოხსენებული პირობით განკარგვა იქნება მისი განკარგვის სტრუქტურული გეგმა და იგი არ შეიცვლება; ა.ე. სააუქციონო პირობების თანახმად, თუ აუქციონში გამარჯვებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლ ებისათვის საჭირო გახდა ზ. ღ-ეის ოჯახის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება ზ. ღ-ეის დაუქირავოს საცხოვრებელი ბინა ქალაქის ფარგლებში სააუქციონო პირობების შესაბამისად საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების გადაცემამდე სხვა შემთხვევაში ზ. ღ-ეის ოჯახი სააუქციონო პირობების შესაბამისად საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების მიღებამდე რჩება მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში.
ბ) ზ. ღ-ე იღებს ვალდებულებას: ბ.ა. საკუთრების უფლებით მიიღოს ქ. ბათუმის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პრის მიერ სააუქციონო პირობებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინა. ბ.ბ. სააუქციონო პირობების თანახმად, თუ აუქციონში გამარჯვებულის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო გახდა ზ. ღ-ეის ოჯახის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, ზ. ღ-ეის ოჯახი ვალდებულია მოთხოვნის წაყენებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის გათავისუფლება შენობა-ნაგებობებისაგან და სააუქციონო პირობების შესაბამისად საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების მიღებამდე იცხოვროს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქალაქის ფარგლებში მათთვის დაქირავებულ ბინაში. სხვა შემთხვევაში ზ. ღ-ეის ოჯახი სააუქციონო პირობების შესაბამისად საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების მიღებამდე რჩება მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგეგბობაში და მას უფლება არ აქვს იქ ცხოვრების განმავლობაში მოითხოვოს საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ბ.გ. ხელი არ შეუშალოს აუქციონში გამარჯვებულს სააუქციონო პირობების შესრულებაში“.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული 2008 წლის 8 თებერვლის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ ქალაქ ბათუმის მერიამ აიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ ზ. ღ-ემ ხსენებულ ხელშეკრულებაზე მისივე ხელმოწერით დაადასტურა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის გათავისუფლების ვალდებულება, შესაბამისი პირობების დადგომისას, თუმცა ზ. ღ-ეის განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ მტკიცებულებაზე არ იქნა ყურადღება გამახვილებული იმ მიმართებით, თუ რამდენად შესრულდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები; შესაბამისად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას დასადგენია, აღიარების კომისიისათვის თვითნებურად დაკავების საფუძვლით განცხადების წარდგენისას, მოსარჩელე იმყოფებოდა თუ არა ზემოხსენებული სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, თუ ის გასული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ამასთან, ისევ არსებობს თუ არა ხელშემკვრელ მხარეთა ინტერესი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ღ-ეის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ღ-ეის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა