გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 28.05.2026
საქმის ნომერი
ბს-48(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-48(კ-26) 28 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 20 იანვარს თ.გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 სექტემბრის IDP 7 22 00356015 წერილობითი მიმართვისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 დეკემბრის IDP 8 22 00675030 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ.გ-ა 2013 წლის პირველ ივნისამდე ქალაქ თბილისში რეგისტრირებულად იქნება მონიშნული; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე თ.გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ივნისამდე, დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად, არ იყო დარეგისტრირებული; შესაბამისად, კოლეგიის შეფასებით, მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება იმაზე, რომ იგი 2003 წლამდე პერიოდულად გადიოდა რეგისტრაციებს დევნილთა სააგენტოში და მისამართად უთითებდა ქ. თბილისს, არ შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის არსებითი დარღვევის გარეშე. ამრიგად, კოლეგიის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდა დასახელებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-ამ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით თ.გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 სექტემბრის IDP 7 22 00356015 წერილობითი მიმართვა მოსარჩელე - თ.გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და 2022 წლის 20 დეკემბრის IDP 8 22 00675030 გადაწყვეტილება მოსარჩელე - თ.გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია, 2003 წლის 6 დეკემბრის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული დევნილის მოწმობა, რომელშიც თ.გ-ას დროებით მისამართად ფიქსირდებოდა თბილისი, ..., ზონა „...“, ...

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა თ.გ-ას სხვა მისამართზე (გარდა ქ. თბილისისა) რეგისტრაციის ფაქტი. სააპელაციო პალატის შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ თ.გ-ას გავლილი არ ჰქონდა 2007 და 2013 წლების დევნილთა რეგისტრაცია, ამასთან სააგენტოს ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის არარსებობა არ უნდა გამხდარიყო თ.გ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის გამომრიცხველ გარემოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიუთითა გადაწყვეტილებაში, თითქოს ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას დაეყრდნო მოსარჩელის 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ ქ. თბილისში დამისამართებასთან დაკავშირებით. სააგენტო განმეორებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ივნისამდე დევნილთა მონაცემთა ელქტრონული ბაზის თანახმად, არ იყო დარეგისტრირებული. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კი კასატორი განვმარტავს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ თ.გ-ა იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ნაკვეთი ..., ბინა №...-ში. მას არ ჰქონდა გავლილი 2007 და 2013 წლების დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. "პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’' საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, თ.გ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2016 წლის 22 იანვარს (მინისტრის ბრძანება №535). დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, იგი რეგისტრირებულია ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ, შესაბამისად, კასატორის განმარტებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში მოსარჩელის უზრუნველყოფა ვერ განხორციელდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე დაინიშნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე თ.გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2016 წლის 22 იანვრიდან (მინისტრის ბრძანება №535) და მისი რეგისტრაციის მისამართი არის - ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩა, ნაკვეთი ..., ბინა №... დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2007 და 2013 წლებში ვერ გაიარა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია და შეუწყდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მოსარჩელე თ.გ-ამ დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ 2022 წლის 26 სექტემბერს მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა ქალაქ თბილისში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 სექტემბრის IDP 7 22 00356015 წერილობითი მიმართვით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე და განემარტა, რომ ვინაიდან ის ქ. თბილისში დარეგისტრირდა 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი განეხილა თ.გ-ას განცხადება მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში დაკმაყოფილების თაობაზე. თუმცა, თ.გ-ას ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორი არ ართმევდა მათ უფლებას, ესარგებლა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნებისმიერი პროგრამით საქართველოს რეგიონებში. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 სექტემბრის IDP 7 22 00356015 წერილობითი მიმართვა, ხოლო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 დეკემბრის IDP 8 22 00675030 გადაწყვეტილებით მოსარჩელე - თ.გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თ.გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის 2022 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში 2002 წლამდე მოსარჩელის მიერ, პერიოდულად, დევნილთა რეგისტრაციის გავლის ფაქტი არ დადასტურდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ემსახურება დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად. ასევე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კომისია არ განიხილავს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს თაობაზე იმ დევნილი ოჯახის განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არის რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ თ.გ-ას დევნილთა ერთიან ბაზაში არარსებობა არ გამორიცხავს მოსარჩელის 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2003 წლის 6 დეკემბრის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული დევნილის მოწმობაზე, რომელშიც თ.გ-ას დროებით მისამართად ფიქსირდებოდა თბილისი, ..., ზონა „...“, .... მეორე მხრივ, კი თბილისის საქალაქო სასამართლოში უდავო გარემოებად შეფასდა მოსარჩელის 2013 წლის 1 ივნისამდე დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზაში რეგისტრაციის არარსებობის ფაქტი;

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოები შემოიფარგლნენ თ.გ-ას სარჩელთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით დამატებითი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოდან არ გამოუთხოვიათ. სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა საქმის არსებით განხილვას და გასაჩივრებული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა პროცესუალური შესაძლებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19, მე-20 მუხლების შესაბამისად თავად გამოეთხოვა, გამოერკვია და დაედგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ვინაიდან დასადგენია საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხს. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში იქმნება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პროცესუალური საჭიროება, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს თ.გ-ას დამისამართებისა და რეგისტრაციის ფაქტი და პერიოდი და საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, რისთვისაც იყენებს ამავე პროცესის მე-19 და მე-20 მუხლებით დადგენილ დანაწესებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა