დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.05.2026
საქმის ნომერი
ბს-526(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-526(კ-23) 27 მაისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ ...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

მესამე პირები – სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, შპს „ს...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნაწილი) ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „...-მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დავალებული პირი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „აღსრულების ბიურო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 19.02.2016 წლის (საქმე №A13067523-013/006) განკარგულების მე-3 ნაწილი, რომლითაც დავალებულ პირს - მოსარჩელეს დაეკისრა კრედიტორის - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კრედიტორი“) 121 026.95 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2013 წლის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს...-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოვალე“) მის სასარგებლოდ დაეკისრა 12.01.2012 წლის ურთიერთშედარების აქტიდან გამომდინარე დავალიანების 120 271 ლარის გადახდა. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 3608.13 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 4800 ლარის გადახდა. 25.10.2013 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2.2. მოპასუხის 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულებით (მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ):

1) დაკმაყოფილდა კრედიტორის (ს/კ:...) განცხადება დავალებული პირის მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემაზე;

2) ყადაღა დაედო მოვალის (ს/კ:...) მოთხოვნას დავალებული პირის მოსარჩელის (ს/ნ:...) მიმართ, კერძოდ, ყადაღა დაედო 121 026.95 ლარს;

3) დავალებულ პირს - მოსარჩელეს დაევალა დაყადაღებული თანხების გადახდა კრედიტორისათვის. ამ მიზნით გადასახდელი თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. საიდენტიფიკაციო კოდი: .... მიმღების ბანკი: სს „...“. ბანკის კოდი: .... ანგარიშის ნომერი: ... ..... საკონტაქტო ტელეფონი - მითითებულია. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გადახდის ეს ინდიკატორი - მითითებულია. თანხის შემომტანის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გადასახდელის დასახელება;

4) დავალებულ პირს დაევალოს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ორი კვირის ვადაში აღმასრულებელს და კრედიტორს წერილობით განუცხადონ: 1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; 2) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ - რომელს; 3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა, რომელი პრეტენზიის გამო;

5) განემარტათ მხარეებს: წინამდებარე განკარგულება კრედიტორს აძლევს უფლებას აღძრას სარჩელი დავალებული პირების წინააღმდეგ. წინამდებარე განკარგულებით მოვალეს აღარ აქვს უფლება განკარგოს მოთხოვნები, დავალებული პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღმოფხვრისათვის საჭირო ინფორმაცია და აგრეთვე ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები;

6) განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მხარეთათვის მისი გაცნობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

2.3. განკარგულებაში აღინიშნა: მოპასუხის წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 25.10.2013 წელს გაცემული №2/12610-13 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეს დაეკისრა 128 679.13 ლარის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ. კრედიტორმა მიმართა განცხადებით და მოითხოვა ყადაღის დადება მოვალის მოთხოვნებზე მესამე პირის - მოსარჩელის მიმართ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განიხილა რა მოთხოვნა მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლით: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უნდა მოხდეს მოთხოვნაზე ყადაღის დადება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველია მოვალის მიერ წარმოდგენილი 10.12.2013 წლის №4-12/13 განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოვალეს გააჩნია მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ 257 564 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა, გამოიცა განკარგულება.

2.4. მოსარჩელის დირექტორმა 07.03.2016 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მიაწოდა ინფორმაცია 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულებაზე:

1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის - არ აღიარებს პრეტენზიას არც არანაირ ვალდებულებას მოვალის მიმართ. შესაბამისად, არ აპირებს თანხის გადახდას, თუ სხვა რაიმე ვალდებულების შესრულებას. ერთადერთი ვალდებულება, რაც მას გააჩნდა მოვალის მიმართ, არის ხანდაზმული. მოთხოვნის საფუძველი იყო მხარეთა შორის 17.07.2007 წელს გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს „...ში“ 21338 ცალი ჩვეულებრივი აქცია (გადასაცემი განკარგულება №2126/25-5), რომელიც 17.07.2010 წლიდან არის ხანდაზმული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 129-ე მუხლის შესაბამისად;

2) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიას და თუ აღძრავენ - რომელს - მოსარჩელეს ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულთან დაკავშირებით;

3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა რომელი პრეტენზიის გამო - მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება არ მომხდარა. გამომდინარე იქიდან, რომ მოვალის მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ ხანდაზმულია და არ არსებობს, შესაბამისად, არსებულ მოთხოვნაზე ყადაღის დადებაც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

2.5. მოპასუხის 05.09.2017 წლის A13067523-020/003 წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.08.2017 წლის №3/3189-16 განჩინების პასუხად ეცნობა, რომ მის წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (2/12610-13, 25.10.2013 წელი, სააღსრულებო წარმოება A13067523). A13067523-013/006 განკარგულებით ყადაღა დაედო მოვალის მოთხოვნას დავალებული პირის - მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, ყადაღა დაედო 121026.95 ლარს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.

2.6. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოვალეს გააჩნია მოთხოვნის უფლება მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნა არის ხანდაზმული. მოცემული დავის საგნის ფარგლებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, სსკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - მოვალესა და მოსარჩელეს შორის 17.07.2007 წელს დადებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების ხანდაზმულობის თაობაზე.

2.7. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლზე, 56-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, 57-ე, 58-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ მოპასუხის 19.02.2016 წლის განკარგულების მე-3 პუნქტის კანონიერება.

10. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) 55-ე მუხლი). თუ მოთხოვნას ყადაღა უნდა დაედოს, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე (კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი). ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა (კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

11. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ. ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ (კანონის 57-ე მუხლი). დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს: ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს; გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო (კანონის 58-ე მუხლი).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის დაყადაღების თაობაზე განკარგულების გამოცემა წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს, მოძიებულ იქნას მოვალის ის ქონება, რომელზეც შესაძლოა მიექცეს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. შეზღუდვა ვრცელდება არა მოვალის მატერიალურ ქონებაზე, არამედ კონკრეტული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე მესამე პირის მიმართ (სუსგ №ბს-539(კ-22), 13.10.2022წ.).

13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2013 წლის გადაწყვეტილებით მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამურად 128 679.13 ლარის გადახდა, რაზეც 25.10.2013 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 69-74).

14. კრედიტორმა აღსრულების ბიუროს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ყადაღის დადება მოვალის მოთხოვნებზე წინამდებარე დავის მოსარჩელის/დავალებული პირის მიმართ. წინამდებარე დავის მოპასუხის 19.02.2016 წლის A13067523-013/006 განკარგულებით კრედიტორის განცხადება დავალებული პირის მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოვალის მოთხოვნას დავალებული პირის მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, ყადაღა დაედო 121026.95 ლარს. დავალებულ პირს/მოსარჩელეს დაევალა დაყადაღებული თანხების გადახდა კრედიტორისათვის. დავალებულ პირს დაევალა განკარგულების მიღებიდან ორი კვირის ვადაში აღმასრულებელს და კრედიტორს წერილობით განუცხადოს: 1) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; 2) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ - რომელს; 3) მოხდა, თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა რომელი პრეტენზიის გამო (ტ.1, ს.ფ. 14-16).

15. მოსარჩელის დირექტორმა წერილობითი პასუხის გაგზავნის ვადის დაცვით, 07.03.2016 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს/აღსრულების ბიუროს და აცნობა, რომ არ აღიარებს პრეტენზიას, არც არანაირ ვალდებულებას მოვალის მიმართ. შესაბამისად, არ აპირებს თანხის გადახდას. ერთადერთი ვალდებულება რაც მას გააჩნდა მოვალის მიმართ, არის ხანდაზმული სსკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 138-139).

16. მოთხოვნის დაყადაღებას იმთავითვე შემზღუდველი ხასიათი აქვს ამ უფლების მქონე პირისათვის, რომელსაც ეზღუდება თავისი უფლების თავისუფლად განკარგვის უფლება. დავალებულმა პირმა კი, უნდა ამტკიცოს აღმასრულებლის ქმედებით მისთვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი (სუსგ №ბს-539(კ-22), 13.10.2022წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერ უთითებს, თუ რა კონკრეტული უფლება შეეზღუდა მას მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ მოპასუხის 19.02.2016 წლის განკარგულებით. იგი არ უთითებს, რომ პრეტენზიის უარყოფის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ მის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის იძულებითი ღონისძიება, რომლის საფუძველსაც მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულება წარმოადგენდა. ამის საპირისპიროდ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ: „ამგვარი განკარგულების გამოცემა აპრიორი არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნას, რამეთუ დამოკიდებულია დავალებულ პირზე... დღეის მდგომარეობით და არც მომავალში გასაჩივრებული განკარგულება მოსარჩელეს არაფერს ავალდებულებს და არც პასუხისმგებლობას აკისრებს, რამეთუ მისი შინაარსი ანულირებულია“ (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 59).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალებული პირისადმი მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების წარდგენა არ გულისხმობს ვალდებულების არსებობის ფაქტის აღიარებას (დადასტურებას). მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების მიღება დავალებულ პირს არ წარმოუშობს მოვალის მიმართ ისეთ ვალდებულებას, რომელიც მას კეთილსინდისიერად შესრულებული აქვს ან აქვს შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი. სწორედ ამიტომ ეძლევა დავალებულ პირს შესაძლებლობა, აღმასრულებლის მხრიდან შესაბამისი დავალების მიღებისას განუცხადოს მას, აღიარებს თუ არა პრეტენზიას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს უფლებას, მოთხოვნის წარმდგენს მიეწოდოს ინფორმაცია ვალდებულების არარსებობის ან მისი შესრულების წინაპირობის არარსებობის თაობაზე (შდრ. სუსგ №ბს-539(კ-22), 13.10.2022წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022 წლის განჩინება.

3. შპს „...-ს“ (ს/ნ:...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი 24.05.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე