დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-535(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-535(2კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - წალკის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), მ. ვ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი - კანონიერი მოსარგებლისათვის ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მ. ვ-ის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ვ-იმა 13.09.2021 წელს სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2021 წლის №531 ბრძანების ბათილად ცნობა და მ. ვ-ისთვის ბინის ორდერის შესაბამისად არსებული ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წალკის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დავალდებულება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 27.12.2022 წლის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2021 წლის №531 ბრძანება და წალკის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ვ-ისთვის ბინის ორდერის შესაბამისად არსებული ფართის (43 კვ.მ. ფარგლებში) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის გადაწყვეტილებით წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 27.12.2022 წლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2021 წლის №531 ბრძანება და წალკის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ვ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ კანონიერი მოსარგებლე, მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი მიზნებისათვის, არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი სარგებლობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და რომელიც ფაქტობრივად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. ამ ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ და წარმოეშვას მის მიერ დაკავებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა ბინის ორდერი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო მ. ვ-ის განცხადება დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილების მე-4 მუხლზე, რომელიც ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებითაც დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია თუ რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა მოთხოვნილ დოკუმენტებს და №189 დადგენილებით რამდენად მავალდებულებელ ხასიათს ატარებდა მათი წარდგენა. ამასთან, მოპასუხეს თავადაც შეეძლო გამოეკვლია ის საკითხები, რაც მისი აზრით შესაძლოა აკლდა განცხადებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განცხადებას ერთვოდა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო თუ აღნიშნული არ იყო სათანადოდ წარდგენილი, მოპასუხეს უფრო დეტალურად უნდა აეხსნა თუ რა ფორმით წარდგენას ითხოვდა წალკის მუნიციპალიტეტის მერია. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ ...ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 18.10.2022 წელს გაცემული №43 ცნობა, რომელიც ადასტურებდა მ. ვ-ის მიერ სადავო ფართით სარგებლობის ფაქტს, სადავო ფართში ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტის ალტერნატიულ მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულიყო.

რაც შეეხება იმ საკითხს, მ. ვ-ის მიერ წარდგენილ ორდერს აწერდა თუ არა

ხელს უფლებამოსილი პირი, პალატამ აღნიშნა, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე დოკუმენტის სიყალბე დადგენილი არ იყო. მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი იყო დედანი დოკუმენტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ იყო ჩატარებული, არსებითად არ იყო გამოკვლეული მ. ვ-ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არსებითად არ უმსჯელია, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არსებითად არ შეუფასებია და საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საქმის განხილვის ამ ეტაპზე პალატა მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარისათვის დამატებითი დოკუმენტების არ წარდგენის საფუძვლით, განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობები არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა წალკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ვ-ის მიერ.

კასატორმა - წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ წალკის რაიონის ...ს სადაბო საბჭოს 27.10.2003 წლის №12 ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ იყო დაბა ...ს საკრებულოს თავმჯდომარის ვ. პ-ის ხელმოწერა, ორდერი ხელმოწერილი იყო დაბა ...ს საკრებულოს მდივნის რ. კ-ას მიერ. ამასთან, №12 ორდერი არ შეიცავდა მითითებას, თუ რომელი ფართი გადაეცა მხარეს. მასში აღნიშნული იყო მხოლოდ კვადრატულობა (43 კვ.მ.), რაც ასევე არ ემთხვეოდა საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს. კასატორმა მიუთითა №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3, მე-7 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრულ საქმის წარმოების წესზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 97-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტი მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, ამასთან, საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული წარმოების არსებითი დარღვევით ჩატარების ფაქტი.

კასატორმა - მ. ვ-იმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს მოსთხოვა კანონით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების წარდგენა, რაც გახდა მ. ვ-ის მიერ სასამართლოსათვის მომართვის საფუძველი. კასატორი თვლის, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ სრულად და არსებითად გამოიკვლია საქმე, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის დაბრუნება საქმის დროსა და სივრცეში გაჭიანურების საფუძველი იყო. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია და სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება შეუძლებელია.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ. კ-ას მიერ გაცემული ორდერით, წალკის მუნიციპალიტეტის ...ში, წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა კანონიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი ლ. მ-ეს. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება, რომ მ. ვ-ის მიერ წარმოდგენილი ორდერი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის გაცემული, სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია მისი ბათილად ცნობა, რამეთუ დაინტერესებულ მხარეს, მ. ვ-ის აქვს კანონიერი ნდობა მის მიმართ. მ. ვ-ი 2003 წლიდან დღემდე ფლობს და განკარგავს გადაცემულ საცხოვრებელ ფართს. ამასთან, მ. ვ-ის მიერ ფართის ფლობა და განკარგვა არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა ან ინტერესებს. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, 08.04.2021 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შუამდგომლობით წარედგინა მ. ვ-ის 11.03.2021 წლის №4791 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ...ში, ...ზე, მე-... სახლის მე-... სართულზე მდებარე ფართის პრივატიზაცია. განცხადებაზე თანდართული იყო ...ს სადაბო საბჭოს 27.10.2003 წლის №12 ორდერი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე ზ. და თ. ვ-იების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, მ. ვ-ის სახელზე ბინის პრივატიზების თაობაზე.

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 14.04.2021 წლის №09/891 წერილით მ. ვ-ის განემარტა, რომ წარსადგენი იყო: 1) 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; 2) წალკის რაიონის ...ს სადაბო საბჭოს 27.10.2003 წლის №12 ორდერის ხელშეკრულება; 3) წალკის რაიონის ...ს სადაბო საბჭოს 27.10.2003 წლის №12 ორდერის დაბის საკრებულოს კრების გადაწყვეტილება; 4) აზომვითი ნახაზი. ამავე წერილით, მ. ვ-ის განესაზღვრა 15 დღის ვადა დოკუმენტების წარსადგენად და განემარტა, რომ დადგენილ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანო გამოიტანდა გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2021 წლის №531 გადაწყვეტილებით, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე (განცხადების წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია) მ. ვ-ის განცხადება დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (1.1 მუხლი). ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ზემოაღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ითვალისწინებს არაპრივატიზებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის განცხადებისათვის დასართავი და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. „წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.

„წესის“ 4.7 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ („წესის“ 4.10 მუხ.).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 14.04.2021 წლის №09/891 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო: 1) მოთხოვნილ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი 2007 წლის 2 თებერვლამდე; 2) წალკის რაიონის ...ს სადაბო საბჭოს ორდერის ხელშეკრულება; 3) წალკის რაიონის ...ს სადაბო საბჭოს ორდერის დაბის საკრებულოს კრების გადაწყვეტილება; 4) აზომვითი ნახაზი. აღნიშნული წერილის პასუხად, განმცხადებელმა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და აცნობა, რომ იგი არ ეთანხმებოდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მ. ვ-იმა აღნიშნა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი არ ითვალისწინებდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ...ს სადაბო საბჭოს 27.10.2003 წლის №12 ორდერი, რომლის თანახმად, მ. ვ-ი შესახლებულ იქნა ...ში, ...ზე მდებარე სახლი №4-ში, ფართი 43 კვ.მ.. შესახლებულ პირთა შორის მ. ვ-ითან ერთად მითითებულნი იყვნენ თ. და ზ. ვ-იებიც, რომლებიც თანხმობას აცხადებდნენ მ. ვ-ის სახელზე ბინის პრივატიზების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ ისე დატოვა განუხილველად მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება, რომ სადავო საკითხზე არსებითად არ უმსჯელია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიას არ გამოუკვლევია ორდერის წარდგენის პირობებში, რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა მოთხოვნილ დანარჩენ დოკუმენტებს და ხსენებული დადგენილებით რამდენად სავალდებულო იყო მათი წარდგენა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს თავად შეეძლო გამოეკვლია აღნიშნული საკითხები, მოეძიებინა დოკუმენტები და დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა აზომვითი ნახაზი, რისი წარდგენაც მას დამატებით მოეთხოვა ისე, რომ არ არის მითითებული თუ რატომ იქნა მიჩნეული წარდგენილი ნახაზი შეუსაბამოდ. აღსანიშნავია, რომ ნახაზით მ. ვ-ის მიერ მოთხოვნილი იყო 49.82 კვ.მ. ფართის პრივატიზება, მაშინ როდესაც ორდერში მითითებული ფართობი არის 43 კვ.მ., რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა აგრეთვე 2007 წლის 2 თებერვლამდე ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს მ. ვ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ...ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 18.10.2022 წელს გაცემულ №43 ცნობაზე, რომლის მიხედვითაც მ. ვ-ი 2003 წლიდან სარგებლობს აღნიშნული ფართით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუს 13.12.2018 წლის საქმე №ბს-681-681(კ-18)). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის განცხადება და საკითხი არსებითად არ შესწავლილა, არ შეფასებულა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და ამ მიზნით ინკვიზიციის გარკვეული ფარგლებით სარგებლობს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს საკითხის გადაწყვეტაზე უფლების მქონე ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის სრულ გადაკისრებას, ადმინისტრაციული წარმოების სრულ ჩანაცვლებას. შეცილებითი სარჩელის წარდგენისას სასამართლო არ არის სადავო საკითხის გადამწყვეტი პირველადი ორგანო (სუსგ 13.05.2022 წლის საქმე №ბს-961(კ-20)). ამდენად, კასატორის - მ. ვ-ის მითითება, სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის წინაპირობების არსებობაზე, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას.

რაც შეეხება კასატორის - წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შედავებას ორდერის არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ვ-ის სახელზე გაცემული ორდერი დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა, სასამართლოში წარმოდგენილია ორდერის დედანი, რომელიც ბეჭედდასმული და ხელმოწერილია. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ორდერის არანამდვილობას და ხელმოწერის სიყალბეს დაადასტურებდა. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის აღნიშნული შედავების გაზიარების საფუძველი.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრები არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წალკის მუნიციპალიტეტის მერიის და მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის და მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. მ. ვ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2025 წელს (საბუთის ნომერი №...) ნ. წ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

გიორგი მიქაუტაძე