დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-627(2კ-23) 15 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ ოქროპირიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ქ-ი, მოსარჩელეები - ჯ.წ-ი, მა.ქ-ი, მესამე პირები - ლ.ქ-ი, თ.წ-ი, ნ.წ-ი, ჯ.წ-ი, მა.ქ-ი, თ.ო-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ქ-იმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 აქტი (ცნობა); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი მ.ქ-ის მიერ №... და №... სარეგისტრაციო განაცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3 603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ .წ-ების სახელზე,გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჯ.წ-ი, თ.წ-ი, ლ.ქ-ი, ნ.წ-ი, მა.ქ-ი და თ.ო-ი. ამავე განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით თ.ო-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია.
2. ჯ.წ-მა და მა.ქ-მა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და მ.ქ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 761 კვ.მ მიწის ნაკვეთის შ.ქ-ის სახელზე, №... საკადასტრო კოდით, 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაცია; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 852 კვ.მ მიწის ნაკვეთის შ.ქ-ის სახელზე, №... საკადასტრო კოდით, 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაცია.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3 603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 აქტი (ცნობა). ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3 603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება მ.ქ-ის მიერ №... და №... სარეგისტრაციო განაცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში.
ჯ.წ-ისა და მა.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჯ.წ-ისა და მა.ქ-ის სარჩელი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 761 კვ.მ მიწის ნაკვეთის შ.ქ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ჯ.წ-ისა და მა.ქ-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 852 კვ.მ მიწის ნაკვეთის შ.ქ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას მ.ქ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 250 ლარი, ხოლო საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სახით - 1 000 ლარი, სულ 1 250 (ერთი ათას ორასორმოცდაათი) ლარი. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით მ.ქ-ის სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით თ.ო-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია, დარჩა ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
6.1. კასატორის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად გამოიყენა განსახილველი საკითხის მარეგულირებელი ნორმები, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 13 ნოემბერს №... წერილით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მერიას დაედასტურებინა ჯ.წ-ის მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტი. წერილზე თანდართული იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა, სიტუაციური ნახაზი ე.წ. ყვითელი ფენის მითითებით და სხვა დოკუმენტაცია. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, გამოკითხული იქნა სოფლის მაცხოვრებლები და დადასტურებულ იქნა ჯ.წ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი.
სააპელაციომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომელმაც გადაწყვეტილება ძირითადად დააფუძნა სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შაქარო ქ-ის სახელზე დაცულ დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ ე.წ. ყვითელი ფენის მონაცემებს. დადგენილი გარემოებაა, რომ სოფელ ...ში ე.წ. „ყვითელი ფენის“ ადგილმდებარეობები და ფართობები ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ფაქტობრივ მონაცემებს და საჭიროებს დაზუსტებას. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემი, რომლის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულად ჩათვალა შ.ქ-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია მოწმეთა დაკითხვის ნაწილში და არასწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ფორმალურად, სრულყოფილად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების გარეშე. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - კ.თ-ის მიერ მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მყარად შემოღობილ ტერიტორიას, გაშენებული იყო ხეხილი და ეტყობოდა მოვლისა და დამუშავების კვალი, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა და ამუშავებდა ჯ.წ-ი. სააპელაციო პალატამ ასევე, არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შ.ქ-ის საკუთრების უფლება გაავრცელა №... და №... საკადასტრო კოდებს შორის არსებულ „თავისუფალ’’ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე ისე, რომ არ გამოუკვლევია ფლობდა თუ არა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს შ.ქ-ი და გააჩნდა თუ არა სხვა პირებს მართლზომიერი მფლობელობის უფლება დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.
6.2. კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა არსებობდა თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. დადგენილია, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს ჯ.წ-მა და მა.ქ-მა შიდა ქართლის რეგიონულ ოფისში წარადგინეს №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3603 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №27/114392 (11.10.2019წ.) წერილის თანახმად, 1996-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო გ.ქ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: ქ-ი.ლ. - ცოლი, წ-ი.ჯ. (გვარი ქ-ი გადახაზულია) - შვილი, წ-ი ნ. - რძალი, წ-ი თ. - შვილიშვილი. დაინტერესებული პირის მითითებით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მისი კომლისთვის 2007 წლის 20 სექტემბრამდე საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 13 ნოემბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა №38-2021032393 (01.02.2021წ.) ცნობა, რომელშიც მიეთითა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯ.წ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე, მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3603 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) დარეგისტრირდა კომლის წევრების: ლ.ქ-ის, ჯ.წ-ის, ნ.წ-ის და თ.წ-ის თანასაკუთრების უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლ.ქ-ის, ჯ.წ-ის, ნ.წ-ის, თ.წ-ისა და მა.ქ-ის შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (12.11.2021წ.) საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3603 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, რეგისტრაციის შესახებ №... (17.11.2021წ.) გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა მა.ქ-ის საკუთრების უფლება. ხოლო რეგისტრაციის შესახებ №... (19.11.2021წ.) გადაწყვეტილებით, მა.ქ-სა და თ.ო-ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (19.11.2021წ.) საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3603 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თ.ო-ის საკუთრების უფლება. ამდენად, პირვანდელი რეგისტრაციის შემდეგ, სადავო უძრავ ნივთზე განხორციელებულია შემდგომი რეგისტრაციები, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიზნის მიღწევა კვლავ შეუძლებელი რჩება, რამდენადაც მის საბოლოო ინტერესს წარმოადგენდა №... და №... სარეგისტრაციო განაცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო ზედდების პრობლემა აღმოფხვრილი არ არის.
კასატორის განმარტებით, მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის გადაჭრას. სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. ამასთან, დაუშვებელია, რომ სასამართლოს დაუსაბუთებელი მსჯელობა სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს უქმნიდეს იმის მოლოდინს, რომ მისი მოთხოვნა რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე დაკმაყოფილდება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის გასაჩივრების პირობებში, შეუძლებელია მოსარჩელის საბოლოო ინტერესის მიღწევა, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია და არ დახმარებია მხარეს სასარჩელო მოთხოვნების სწორად ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა კი, გამოიწვია აღუსრულებელი გადაწყვეტილების/განჩინების მიღება, რომელიც არ იქნება შედეგის მომტანი მოსარჩელისთვის. სასამართლოს არ შეუფასებია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა.
კასატორის განმარტებით, რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა 3603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 აქტი (ცნობა), რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო. შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის ბათილად ცნობას უნდა გამოეწვია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არა ბათილობა, არამედ ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის ძალაში ყოფნის პირობებში, კანონიერი იყო საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება. განსახილველ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული №38-2021032393 (01.02.2021წ.) აქტის (ცნობის) ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო მოწმეთა, კერძოდ, იმ პირთა ჩვენება, რომლებმაც თავდაპირველად დაადასტურეს სადავო მიწის ნაკვეთის ჯ.წ-ისთვის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფის ფაქტი, შემდგომ კი, უარყვეს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობით იქმნებოდა რეგისტრაციის შესახებ №...გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და არა ბათილად ცნობის საფუძველი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტის გათვალისწინებით, სასამართლოს სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საკითხზე უნდა ემსჯელა, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან ძირითადი სამართლებრივი შეფასება სწორედ მუნიციპალიტეტის აქტზე გაკეთდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საფუძველს მოკლებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ პირობებში, როდესაც იგი მთლიანად დაფუძნებული იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 ცნობაზე.
კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრში დაცული ე.წ. „ყვითელი ფენის“ მონაცემები ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ფაქტობრივად არსებული მდგომარეობისგან. განსახილველ ტერიტორიაზეც იგივე გარემოება იკვეთება, კერძოდ, მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით: ..., ... (წინა კოდი:...), ... (წინა კოდი: ...) და ა.შ. არ შეესაბამებიან ე.წ. „ყვითელ ფენაში“ დაცულ მონაცემებს (განსხვავდება მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, მესაკუთრე/მფლობელი და ა.შ.). ამდენად, ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრი ვერ დაეყრდნობოდა მასთან დაცულ ე.წ. „ყვითელი ფენის“ მონაცემებს. აღნიშნული გარემოებები კი, სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, კერძოდ, უტყუარად არ დაუდგენია, თუ რამდენად შეესაბამებოდა ... და ... საკადასტრო კოდებით, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით სისტემურად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (მესაკუთრე ქ-ი შ.), სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობას. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საკადასტრო კოდებზე 2003 წელს გახსნილი სააღრიცხვო ბარათები არ შეიცავს არანაირ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ხსენებული მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობის დადგენა. ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული №38-2021032393 ცნობა მოიაზრებდა, როგორც ფაქტობრივი ფლობის, ასევე მდებარეობის დადგენის კომპონენტსაც. ამ დოკუმენტით დადასტურებული იყო, რომ სწორედ ამ მდებარეობით/კონფიგურაციით გამოეყო მიწის ნაკვეთი მესამე პირის - ჯ.წ-ის ოჯახს. შესაბამისად, ე.წ. „ყვითელი ფენის“ მონაცემი ამ საფუძვლითაც არ იყო გასათვალისწინებელი.
კასატორის განმარტებით, ე.წ. „ყვითელი ფენა“ წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (... - თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების, 2006 წელს კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზას. ის წარმოადგენს დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ მონაცემებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება რეალურად, ფაქტობრივად არსებულ მდგომარებას. სასამართლომ აღნიშნული დაურეგისტრირებელი მონაცემები (ე.წ. „ყვითელი ფენა“) გააიგივა სისტემურ რეგისტრაციებთან, რომლებიც განხორციელებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე, რაც არსებითად მცდარია და ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმის შეფარდება. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ყველა სათანადო ღონისძიება განახორციელა კანონიერად, სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ სააგენტომ უკანონოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა თავად სასამართლომ ვერ მოიყვანა ვერც ერთი მყარი და სარწმუნო არგუმენტი, თუ რის საფუძველზე მიიჩნია უკანონოდ საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 4 თებერვალს მიღებული №... გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უგულებელყო საჯარო რეესტრის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო ინტერესი, რამდენადაც ბათილად ცნო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაშინ, როდესაც მის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის გაბათილება, მის ძალადაკარგულად გამოცხადებას იწვევდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ-ლ“ ქვეპუნქტებზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 17.12.2021 წლამდე მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ №... სარეგისტრაციო წარმოების დროს წარდგენილი/მოძიებული დოკუმენტაცია ცალსახად ქმნიდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის დროს, მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაურღვევია კანონი. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა №38-2021032393 (01.02.2021წ.) ცნობა, რომელშიც მიეთითა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯ.წ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ცნობა მოიაზრებდა, რომ დაინტერესებულ პირს სწორედ ამ მდებარეობითა და კონფიგურაციით ჰქონდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მასში ეჭვის შეტანის საფუძველი საჯარო რეესტრს არ გააჩნდა. ამდენად, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია ქმნიდა დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები (არ დადგენილა ზედდება ან ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი მოიცავდა ვინმეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ფართობს).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისისა და 2023 წლის 28 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 1. საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის მიერ 2015 წლის 4 თებერვალს გაცემული №AA2015005794-03 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია შ. ქ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ქ-ი მ. (მეუღლე), ქ-ი მე. (რძალი), გათხოვილია, წელი არ ფიქსირდება) და ქ-ი მა. (შვილიშვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1970-1991 წლებში აგებული 65 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,22 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ის 1996-2008 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია შ. ქ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება მეუღლე, მ. ქ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1970 წელს აგებული 65 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,54 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ის 1993-1998 წლების მდგომარეობით მიწის განაწილების სიებში შ.ქ-ის სახელზე ირიცხება 4 მიწის ნაკვეთი: 1) 1 219 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05; 2) 1 761 კვ.მ, ნაკვეთის № ..., კვარტალი 05; 3) 2 852 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05; 4) 1 571 კვ.მ, ნაკვეთის № ..., კვარტალი 05 (ტ. 1, ს. ფ. 276-277); 2. უძრავი ქონება მდებარე გორის რაიონის სოფელი ..., ფართობი 1 761 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., 2003 წლის 26 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა შ.ქ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 056 მიწის საგადასახადო სია. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2003 წლის 26 აგვისტოს მომზადებული საკადასტრო რუკის შესაბამისად (ე. წ. ,,ყვითელი ფენა’’), ზემოაღნიშნული უძრავი ქონება აღრიცხულია შ.ქ-ის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 260, 261-262); 3. უძრავი ქონება მდებარე გორის რაიონის სოფელი ..., ფართობი 2 852 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., 2003 წლის 26 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა შ.ქ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 057 მიწის საგადასახადო სია. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2003 წლის 26 აგვისტოს მომზადებული საკადასტრო რუკის შესაბამისად (ე. წ. ,,ყვითელი ფენა’’), ზემოაღნიშნული უძრავი ქონება აღრიცხულია შ.ქ-ის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 263, 264-265); 4. საკადასტრო რუკის (ე. წ. ,,ყვითელი ფენა’’) მონაცემებით, შ.ქ-ის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები განთავსებულია ერთმანეთის გვერდით იმგვარად, რომ მათ შორის ფიქსირდება თავისუფალი სივრცე (ტომი 1, ს.ფ. 260-265, 185, ფერადი ვერსია იხ. court.exe პროგრამაში); 5. მ. ქ-ი გარდაიცვალა 2011 წლის 12 ნოემბერს, ხოლო შ.ქ-ი - 2015 წლის 25 იანვარს. შ.ქ-ის სამკვიდრო მიიღო მ.ქ-იმა (ტ. 1, ს.ფ. 209-212, 214-215); ბ) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს გაცემული №27/114392 ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ.ქ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ქ-ი ლ. (ცოლი), ქ-ი დ. (შვილი; გადახაზულია - გათხოვილია 1990 წლიდან), ქ-ი მ. (შვილი; გადახაზულია - გათხოვილია 1987 წლიდან), ქ-ი ქ. (შვილი; გადახაზულია - გათხოვილია; წელი არ ფიქსირდება. ჩანაწერი შესრულებულია ფანქრით), ქ-ი (ასეა დოკუმენტში) ჯ. (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1975 წელს აგებული 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლების მდგომარეობით - 0,04 ჰა მიწის ფართობი. 1996-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ქ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ი ლ. (ცოლი), წ-ი. ჯ. (გვარი ქ-ი გადახაზულია; შვილი), წ-ი ნ. (რძალი) და წ-ი თ. (შვილიშვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1975 წელს აგებული 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1996-2000 წლების მდგომარეობით - 0,17 ჰა მიწის ფართობი. 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ჯ. ი ქ-ი/ წ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო გ. ქ-ის სახელზე ირიცხება 3 მიწის ნაკვეთი: 1) 5 089 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05; 2) 2 150 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05; 3) 1 292 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05 (ტ. 1, ს.ფ. 159-166); 2. 2020 წლის 15 ოქტომბერს მა.ქ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 3 603 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადება წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მა.ქ-ი არ წარმოადგენს კომლის აქტიურ წევრს (ტ.1. ს.ფ. 156-171). 2020 წლის 10 ნოემბერს ჯ.წ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვა. ამასთან, დაეთანხმა №... განცხადებით წარდგენილ დოკუმენტებს (ტ.1. ს.ფ. 175); 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 13 ნოემბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან, კერძოდ, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 177); 4. 2020 წლის 13 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ჯ.წ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 178); 5. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 ცნობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთი გაცემული იყო ჯ.წ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად (ტ.1. ს.ფ. 179); 6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 3 603 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტები არის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 ცნობა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 11 ოქტომბრის №27/114392 ცნობა (ტ. 1, ს.ფ. 181, 182-184); 7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 17 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 3 603 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა მა.ქ-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2021 წლის 12 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 186-195); 8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 19 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 3 603 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა თ.ო-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2021 წლის 19 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 196-202); გ) 2021 წლის 15 ოქტომბერს მ.ქ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მოითხოვა შ.ქ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 1958 კვ. მეტრის რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 203-218). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 20 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება, (საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე ლ.ქ-ი). ამასთან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან შეუსაბამობა არ დადგინდა (ტ.1. ს.ფ. 219). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 29 ოქტომბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან (ტ.1. ს.ფ. 223, 224). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ №... განცხადებით წარმოდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან შეუსაბამობა არ დადგინდა (ტ.1. ს.ფ. 232-233); დ) 2021 წლის 13 დეკემბერს მ.ქ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მოითხოვა შ.ქ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (1758 კვ.მ) რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 241-244). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ №... განცხადებით წარმოდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან შეუსაბამობა არ დადგინდა (ტ.1. ს.ფ. 255-256); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილებით მ.ქ-ის საჩივარი შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე (რომლითაც სადავო ქონება №... საკადასტრო კოდით აღირიცხა ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ.წ-ების სახელზე) არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 278-281); ვ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 მარტის №ბ20.20220875 ბრძანებით მ.ქ-ის საჩივარი, 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (რომლითაც დადგინდა, რომ სადავო მიწა გაცემული იყო 2007 წლის 20 სექტემბრამდე ჯ.წ-ის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად), არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 336-337); ზ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 ცნობა გაცემულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - კ.თ-ის მიერ 2021 წლის 28 იანვარს შედგენილი აქტის საფუძველზე. აღნიშნული აქტის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილე პირებმა, სოფ. ...ის მცხოვრებლებმა - ს.ლ-ემ, ნ. და ლ. ქ-ებმა დაადასტურეს, რომ ჯ.წ-ის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., ფართობით 3603 კვ.მ, მდებარეობს ს. ...ში და წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს 2007 წლის 20 სექტემბრამდე (ტომი 1, ს. ფ. 179-180); თ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ.თ-იმ განმარტა, რომ 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით იყო ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც მერიას საჯარო რეესტრისგან გადაეგზავნა ჯ.წ-ის განცხადება, იგი გავიდა ადგილზე და ნახა, რომ შემოღობილ ტერიტორიაზე იყო მრავალწლიანი ნარგავები. მოიძია ადგილობრივი მაცხოვრებლები, უმეტესად ხანდაზმული ადამიანები და შეადგინეს აქტი მასზედ, რომ ამ მიწას ფლობდა ჯ.წ-ი. სისტემური რეგისტრაციის მონაცემები მხედველობაში არ მიიღებოდა, რადგან უმეტესობა უსწოროდ იყო ასახული. ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, გადმოცემით იცის, რომ ეს მიწა ეკუთვნოდათ ძმებს - შ. (შა.) და შ. ქ-ებს (ტ. 2, ს.ფ. 246-251 - სხდომის ოქმი); ი) მოწმის სახით დაკითხულმა ნ. და ლ. ქ-ებმა აჩვენეს, რომ 1973 და 1971 წლიდან (დაბადებიდან) ცხოვრობენ სოფელ ...ში. იმ დღეს იმყოფებოდნენ სოფლის საჯარო ადგილზე სხვა პირებთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ჯ.წ-ი და სთხოვა აქტზე ხელმოწერა შა.ს ნაკვეთთან დაკავშირებით. ისინი გაყვნენ ჯ.ს მისივე სახლთან, სადაც დახვდათ კ.თ-ი. აქტზე ხელიც იქ მოაწერეს ისე, რომ არც მიწის სანახავად და დასათვალიერებლად ადგილზე გასულან და არც ტექსტს გაცნობიან. მიწის ნაკვეთს, რაზეც დღეს მხარეებს დავა აქვთ, ფლობდნენ შ. და შ. , მ.ქ-ი არის შ. ს შვილიშვილი, ხოლო ჯ.წ-ისა და მის დას - მა.ქ-ის შ. ისთან რაიმე ახლო ნათესაობა არ აკავშირებს (შ.-შა. იყო უშვილო). ხელმოწერის მომენტში მათთვის რომ ცნობილი ყოფილიყო, რომ ხელს იმაზე აწერინებდნენ, თითქოს, ეს მიწა ჯ.ის ან მ.ის ოჯახის იყო, ხელს არ მოაწერდნენ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ამ მიწას უვლიდნენ შ. და შ.. მა.ქ-იმა მხოლოდ უპატრონა და მოუარა შ.ის (ტ. 2, ს.ფ. 246-251 - სხდომის ოქმი).
პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3 603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 აქტი (ცნობა). ასევე, ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3 603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება მ.ქ-ის მიერ №... და №... სარეგისტრაციო განაცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში). ამასთან, არ დაკმაყოფილდა ჯ.წ-ისა და მა.ქ-ის სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების შ.ქ-ის სახელზე რეგისტრაციის ბათილად ცნობას. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. ამდენად, გადაწყვეტილება ჯ.წ-ისა და მა.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება მ.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა შეაფასებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 აქტისა (ცნობა) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შ.ქ-ის სახელზე განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან დადგენილია, რომ აღნიშნული რეგისტრაციების საფუძვლად მითითებულია მიწის საგადასახადო სია. საარქივო ცნობის შესაბამისად კი, 1993-1998 წლების მდგომარეობით სოფელ ...ის მიწის განაწილების სიების მიხედვით შ. ქ-ის სახელზე ირიცხება 4 მიწის ნაკვეთი: 1) 1 219 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05; 2) 1 761 კვ.მ, ნაკვეთის № ..., კვარტალი 05; 3) 2 852 კვ.მ, ნაკვეთის №..., კვარტალი 05; 4) 1 571 კვ.მ, ნაკვეთის № ..., კვარტალი 05. რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებას, რომლითაც №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების სახელზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 ცნობა, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთი გაცემული იყო ჯ.წ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად (ა); ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად (ბ); მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (გ); საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (დ); საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა (ე); მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება (ვ). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის ცნობით დადასტურდება, რომ ის გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, რეგისტრირდება დაინტერესებული პირის ან მისი კომლის წევრების საკუთრების უფლება, ცნობაში მითითებული ფართობის შესაბამისად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი განიმარტება, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ის შემთხვევა, როდესაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაცემის თაობაზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია). ამასთან, სავალდებულოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოქალაქეზე გაცემული იყოს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში 5 ჰა-ს. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებელმა უფლების დამდგენი დოკუმენტი ჩაანაცვლა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით (დოკუმენტის №5500-Iს) კანონმდებლის მიერ მუნიციპალიტეტების მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივების მიზანს ემსახურებოდა. ამავდროულად, მითითებული უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აკისრებს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას (ადგილზე დათვალიერება, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა გამოკითხვა და ა.შ.).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გადაწყვეტას. კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, ასევე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ინფორმაციის გაცემა მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარების ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამავდროულად, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის გადამოწმება, კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას და რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოებების შესაფასებლად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, მოიძიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/მართლზომიერი მფლობელები, მოისმინოს მათი ჩვენებები, მოიძიოს დამატებითი დოკუმენტაცია, განახორციელოს ადგილზე დათვალიერება, გაარკვიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები სტატუსი და სხვა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1195(კ-23)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 97 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 თებერვლის №38-2021032393 ცნობა გაცემულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - კ.თ-ის მიერ 2021 წლის 28 იანვარს შედგენილი აქტის საფუძველზე. აღნიშნული აქტის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილე პირებმა, სოფ. ...ის მცხოვრებლებმა - ს.ლ-ემ, ნ. და ლ. ქ-ებმა დაადასტურეს, რომ ჯ.წ-ის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., ფართობით 3603 კვ.მ, მდებარეობს ს. ...ში და წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს 2007 წლის 20 სექტემბრამდე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პირები მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ სასამართლო სხდომაზე (მხარეთა განმარტებით ს.ლ-ე ამჟამად გარდაცვლილია). მოწმეთა (ნ. და ლ. ქ-ები) განმარტებით, ... და ... წლიდან (დაბადებიდან) ცხოვრობენ სოფელ ...ში. 2021 წლის 28 იანვარს იმყოფებოდნენ სოფლის საჯარო ადგილზე სხვა პირებთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ჯ.წ-ი და სთხოვა აქტზე ხელმოწერა შა.ს ნაკვეთთან დაკავშირებით. ისინი გაყვნენ ჯ.ს მისივე სახლთან, სადაც დახვდათ კ.თ-ი. აქტზე ხელიც იქ მოაწერეს ისე, რომ არც მიწის სანახავად და დასათვალიერებლად ადგილზე გასულან და არც ტექსტს გაცნობიან. მიწის ნაკვეთს, რაზეც დღეს მხარეებს დავა აქვთ, ფლობდნენ შ. და შ.. მ.ქ-ი არის შ.ს შვილიშვილი, ხოლო ჯ.წ-სა და მის დას - მა.ქ-ს შ.სთან რაიმე ახლო ნათესაობა არ აკავშირებს (შ.-შა. იყო უშვილო). ისინი აქტს ხელს არ მოწერდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ ამით ადასტურებდნენ სადო მიწის ნაკვეთის ჯ.ის ან მ.ს ოჯახისადმი კუთვნილებას. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ამ მიწას უვლიდნენ შ. და შ.. მა.ქ-მა მხოლოდ უპატრონა და მოუარა შ.ს. ამდენად, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გამოკითხვის ოქმში დასახელებულ პირთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ ადგილზე შემოწმება არასრულყოფილად ჩატარდა. გარდა იმისა, რომ გასაჩივრებული ცნობა შ.ქ-ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრირებული მონაცემებისგან სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ადასტურებს, გამოკვლეული საქმის გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმაზე, რომ სადავო ტერიტორიაზე ჯ.წ-ისა და მის კომლს (ოჯახს) არანაირი უფლება არ გააჩნიათ. შესაბამისად, გასაჩივრებული ცნობა გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი, როგორც ფორმალური (დარღვეულია მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები - ადგილზე შემოწმება არასრულყოფილად და არასწორად ჩატარდა), ასევე მატერიალური (არ შეესაბამება საჯარო რეესტრში შ.ქ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებულ მონაცემებს) მოთხოვნების დაცვის გარეშე.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებას, დადგენილია, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით უძრავი ქონება (3 603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) დაზუსტებული რეგისტრაციით აღირიცხა ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ.წ-ების სახელზე №... საკადასტრო კოდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე (2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება) განმარტა, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.05 წ. კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა“.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, მისი საქმიანობის სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის გამო, სარეგისტრაციო საქმიანობა უნდა განახორციელოს კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად დაცვით, ყოველი რეგისტრაცია, მასში ცვლილების შეტანა თუ სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქცია განახორციელოს არა აბსტრაქტულად შესაძლო გარემოებასა და ვარაუდზე, არამედ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და არ დაუშვას საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველი - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეგისტრაციო წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორის დადგენა, ასევე - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წლის 1 თებერვალს გაცემული №38-2021032393 ცნობა, იმ პირობებში, როდესაც შ.ქ-ის სახელზე №... და №... მიწის საგადასახადო სიების საფუძველზე, 2003 წლის 26 აგვისტოს რეგისტრაციებით (ე.წ. ყვითელი ფენით) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1 761 კვ.მ და 2 852 კვ.მ მიწის ნაკვეთები (ს/კ ... და ...), 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო დასახელებული დაუზუსტებელი რეგისტრაციების შესახებ და არ დაეშვა შ.ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვა. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 12 ნოემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სადაო რეგისტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ მასში მოექცა შ.ქ-ის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით სისტემური რეგისტრაციით აღრიცხული მიწის ნაკვეთები (ტ. 1, ს.ფ. 185, ფერადი ვერსია იხ. court.exe პროგრამაში). აღნიშნული კი, ცალსახად მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა დაცული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის იმპერატიული დანაწესის მოთხოვნა, არ იქნა უზრუნველყოფილი მასთან დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2003 წლიდან რეგისტრირებული მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრების უფლების უსაფრთხოება, რის გამოც შეუძლებელი გახდა მოსარჩელის მიერ (გადაფარვის ნაწილში) საკუთრების უფლების ობიექტის თავისუფლად ფლობა/სარგებლობა და უფლების ობიექტი გასულია მოსარჩელის საკუთრებიდან სხვა პირზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გარემოება სამართლებრივ საფუძველს აცლის გადაფარვის ნაწილში სადავო მიწის ნაკვეთის ლ.ქ-ის, თ., ნ. და ჯ. წ-ების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებით საკუთრებად აღრიცხვის კანონიერებას. სადავო რეგისტრაციის განხორციელებით, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა მისი მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების, მ.ქ-ის მიერ №... და №... სარეგისტრაციო განაცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში, ბათილად ცნობის საფუძველია. საჯარო რეესტრისთვის, ჯერ კიდევ 2003 წლიდან, შ.ქ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტიდან ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო მიწის ნაკვეთზე შ.ქ-ის საკუთრების უფლების არსებობის შესახებ. შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ცნობის გარეშეც, ჰქონდა უფლებამოსილება და შესაძლებლობა, მასთან დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, მოცემულ საკითხზე მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.07.2023წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
თ. ოქროპირიძე
გ. უბილავა