დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-763(კ-25) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. ბ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კომისია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა კომისიის 16.06.2022 წლის №გ-39.382216714 განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 21.12.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 16.06.2022 წლის №გ-39.382216714 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მ. მ-ე (ქორწინებამდელი გვარი ნ-ი) არის მოსარჩელის შვილი.
4.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ... ქ. №42, საკადასტრო კოდით: ..., 2006 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია მ. ნ-ის სახელზე, ხოლო 17.05.2021 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.
4.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 29.12.2021 წელს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ... ქუჩა №42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.01.2022 წლის №... მიმართვით მოსარჩელის განცხადება კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა კომისიას.
4.4. კომისიის 16.06.2022 წლის №გ-39.382216714 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ საკადასტრო ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. რუსთავი, ... ქუჩის №42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფართობი 118 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტის ფლობა-სარგებლობის ფაქტი არ დასტურდება.
4.5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 51 მუხლის მე-3 პუნქტით, ასევე საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი.
4.6. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის 16.06.2022 წლის გასაჩივრებული განკარგულებით მოსარჩელეს მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის maps.gov.ge-ის 2000 წლის, 2006-2007 წლების, 2016-2017 წლების ორთოფოტოების მონაცემებით, სალეგალიზაციო ობიექტის ფლობა-სარგებლობის ფაქტი არ დასტურდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი არ არის ნახაზით წარმოდგენილი კონფიგურაციით შემოღობილი; მიწაზე არ დასტურდება ზემოქმედების კვალი; არ არის ფიქსირებული საზღვარი, რაც ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4.7. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ გაიზიარა გასაჩივრებულ განკარგულებაში ასახული მოტივაცია და მიუთითა, მიწის ნაკვეთის იმ კონფიგურაციით ფლობა-სარგებლობის დაუდასტურებლობა, რაც ნახაზით იქნა წარდგენილი, არ შეიძლება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი გამხდარიყო, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა მოსარჩელისათვის მოეთხოვა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის იმ კონფიგურაციით წარდგენა, რომლითაც ფლობა-სარგებლობა შეიძლება დადგენილიყო. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა გასაჩივრებული განკარგულების მოტივაცია მითითებულ მიწის ნაკვეთზე ზემოქმედების კვალისა და ფიქსირებული საზღვრის არარსებობასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.12.2022 წლის მთავარ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის 2000 წლის, 2010 წლისა და 2017 წლის ორთოფოტოს შინაარსიდან გამომდინარე, ნაკვეთებს შორის ჩრდილო-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში შეინიშნება საზღვარი, სამეზობლო მიჯნა აღიქმება და არის გამწვანება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მიწის ნაკვეთზე ბუნებრივი გამწვანების არსებობის შესახებაც. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში დაცულ ფოტოსურათებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხეხილი, ნაკვეთი შემოსაზღვრულია ლითონის ბადით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ ო. კ-ისა და რ. გ-ის 30.05.2022 წლის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მ. მ-ე (ნ-ი) 2006 წლიდან იყო მესაკუთრე 125 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ასევე სარგებლობდა მის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული 118 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. რუსთავი, ... ქუჩა 42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მ. მ-ემ (ნ-ი) 21.05.2021 წელს მის საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთი აჩუქა დედას - მოსარჩელეს.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისია ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას, მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო ბათილად სადავო განკარგულება. ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა განიხილოს ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლისა და შეფასების შედეგად. ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის განმარტებიდან გამომდინარე, შეფასება უნდა მისცეს არსებულ მდგომარეობას, მოწმეთა ჩვენებებს, შეისწავლოს ფოტომასალა სალეგალიზაციო ობიექტზე ხეხილის არსებობასთან დაკავშირებით, მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრეთა გამოკითხვით დაადგინოს სხვა მესამე პირთა ინტერესის არსებობის საკითხი აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, მოსარჩელეს მოსთხოვოს კორექტირებული ნახაზის წარდგენა და შეისწავლოს მიწაზე ზემოქმედების არსებობის შესახებ ინფორმაცია, შეფასება მისცეს საზღვრის არსებობა-არარსებობასაც. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლის გზით უნდა დაადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის მიერ 2000, 2006, 2010 და 2017 წლების ორთოფოტოების შინაარსის სხვაგვარი განმარტების მიზეზი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 16.06.2022 წლის №გ-39.382216714 განკარგულების კანონიერება.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.
10. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე №2/3/522,553, II - 17, 46, 47).
11. კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
12. კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ.). საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის აღიარების შემთხვევაში ასეთი აუცილებლობა (ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა) კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (შდრ. სუსგ №ბს-1030(კ-25), 05.02.2026წ.).
13. კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე ნორმის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტებს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
14. საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ... ქ. №42, ს/კ: ..., მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, ს/კ: ..., 15.09.2006 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 18.09.2006 წელს აღირიცხა მოსარჩელის შვილის სახელზე, ხოლო 17.05.2021 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 23-26). მოსარჩელის მითითებით, ისინი (მოსარჩელის ოჯახი) 2006 წლიდან დაეუფლნენ შეძენილ უძრავ ქონებას და მომიჯნავედ მდებარე 118 კვ.მ მიწის ნაკვეთსაც, გააშენეს ხეხილი, ვაზი, ახორციელებენ სხვადასხვა სამუშაოებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრეს ღობით (ტ.1, ს.ფ.4).
16. სადავო განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილ 118 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (maps.gov.ge) 2000 წლის, 2006-2007 წლების, 2016-2017 წლების ორთოფოტოების მონაცემებით, მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი არ დასტურდება, კერძოდ, არ არის ნახაზით წარმოდგენილი კონფიგურაციით შემოღობილი, მიწაზე არ დასტურდება ზემოქმედების კვალი; არ არის ფიქსირებული საზღვარი (ტ.1, ს.ფ. 31-33).
17. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.12.2022 წლის მთავარ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2000, 2010 წლისა და 2017 წლის ორთოფოტოს შინაარსიდან გამომდინარე, ნაკვეთებს შორის ჩრდილო-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში შეინიშნება საზღვარი, სამეზობლო მიჯნა აღიქმება და არის გამწვანება (იხ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 219-225). საქმის მასალებში არსებული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხეხილი (ტ.1, ს.ფ. 45). მოსარჩელის მიერ წარდგენილია ო. კ-ისა და რ. გ-ის განცხადება 118 კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 104-105).
18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, სზაკ-ის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულია სზაკ-ით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს გასაჩივრებული განკარგულების, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას. აქტში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე დაკავების ფაქტის/მასზე ზემოქმედების დასადგენად მოპასუხემ უნდა გამოიკვლიოს ორთოფოტოები, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზ(ებ)ი, მოწმეთა ჩვენებები, საჭიროების შემთხვევაში მოსარჩელეს მოსთხოვოს კორექტირებული ნახაზის წარდგენა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწვეული სპეციალისტის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი) განმარტებებზე მასზე, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის საკვლევ ორთოფოტოებზე, ნაკვეთებს შორის შეინიშნება საზღვარი, სამეზობლო მიჯნა აღიქმება და არის გამწვანება (ტ.1, ს.ფ.219-225). მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81). კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე