დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-86(კ-26) 28 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ბ-ე
მესამე პირები: ნ.კ-ე, ს. და დ. ბ-ეები (არასრულწლოვნები).
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისი განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 10 სექტემბერს ზ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 აგვისტოს IDP 0 24 00819427 ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე;
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩაწერილია ძმის მისამართზე, თუმცა ფართის სიმწირის გამო იქ არასდროს უცხოვრია და იძულებულია საკუთარ ოჯახთან ერთად იცხოვროს ქირით. მოსარჩელე განმარტავს, რომ პირადად მას არანაირი კომპენსაცია არასდროს მიუღია და გასაჩივრებული აქტი პირდაპირ ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ს. ბ-ე, ნ.კ-ე და დ.ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ზ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 აგვისტოს IDP 0 24 00819427 ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ.ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: ზ.ბ-ე შვილებთან: დ. და ს. ბ-ეებთან ერთად რეგისტრირებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა ბაზაში.
2020 წლის 12 ნოემბერს ზ.ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომელმაც 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 წერილით ზ.ბ-ეს აცნობა, რომ როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულს, მიღებული აქვს კომპენსაცია (ბინის შესაძენად), რომელსაც გასცემდა სს „ ...“; აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კომპენსირებულად და მისი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილებოდა.
2021 წლის 24 სექტემბერს ზ.ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის №03/19232 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად; ხსენებული აქტი გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2023 წლის 11 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №03/18268 აქტი და მოპასუხეს დაევალა ზ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2024 წლის 10 ივნისს სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გამართულ სხდომაზე განიხილეს ზ.ბ-ის საჩივარი. სხდომაზე დადგინდა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში ზ.ბ-ეს უფიქსირდებოდა ფულადი კომპენსაცია და ასევე მას გადაცემული ჰქონდა საცხოვრებელი კოტეჯი მისამართზე: შიდა ქართლი, გორი, ...ის დასახლება.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 17 ივნისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ზ.ბ-ე დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2009 წლიდან განსახლებულია გორის ...ის დასახლებაში. მის საოჯახო ნომერზე ფიქსირდებიან მისი შვილები და ძმა. ამავე ბაზის მონაცემებით, ზ.ბ-ე სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში კომპენსირებულია სს ,,...დან“, თუმცა სააგენტოს რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოში დაცულ სს „...ის“ კომპენსირებულთა სიაში იგი არ ფიქსირდება.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 30 ივლისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ზ.ბ-ე დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2009 წლიდან განსახლებულია გორის ...ის დასახლებაში. მის საოჯახო ნომერზე ფიქსირდებიან მისი შვილები და ძმა, თუმცა კოტეჯი დღემდე მათ საკუთრებაში არ არის გადაცემული.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 აგვისტოს IDP 0 24 00819427 გადაწყვეტილებით, ზ.ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო ზ.ბ-ის ფულადი კომპენსაციისა და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი კოტეჯის გადაცემის ფაქტი, რის გამოც მისი ოჯახი ითვლება კომპენსირებულად.
სს „...ას“ 2021 წლის 2 მარტის №16-105778 ცნობის თანახმად, ზ.ბ-ეს აღნიშნულ ბანკში ზემოაღნიშნულ თარიღამდე არ უსარგებლია მიმდინარე/საბარათე ანგარიშებით და არ მიუღია ფულადი კომპენსაცია (ბინის შესაძენად) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან.
ქურთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 8 ივლისის №169 წერილის თანახმად, ზ.ბ-ეს და მის ძმას, ა.ბ-ეს მიღებული აქვთ საცხოვრებელი კოტეჯი ...ის დევნილთა ჩასახლებაში, ხოლო სს „...ას“ მიერ აღნიშნულ პირებზე გაცემულ კომპენსაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ იყო რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეთა კომპენსირების ფაქტი. ამასთან, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგნა. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსარჩელეთა კომპენსირებულ პირებად მონიშვნის არსებობა, ამ ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის გარეშე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატამ მიიჩია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ არ არსებობდა არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის, ან მისი ოჯახის წევრისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემას. ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამებოდა არსებულ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, ასევე არასრულად განმარტა კანონი. კასატორი აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე“. კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე, 53–ე, 78-ე, 193–200 მუხლების, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 აგვისტოს IDP 0 24 00819427 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განაცხადი საცხოვრებელი ფართით (სახლი/ბინა) დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ზ.ბ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ზ.ბ-ეს ჰყავს შვილები: - დ. და ს. ბ-ეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დევნილებად (სარეგისტრაციო №...) მისამართზე: შიდა ქართლი, გორი, ...ის დასახლება. დადგენილია, რომ ზ.ბ-ის მიმართ განმეორებითი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგინდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ზ.ბ-ე ფიქსირდება სს „...ის“ მიერ გადაცემულ კომპენსირებულ პირთა სიაში; სს „...ის“ მიერ 2021 წლის 2 მარტის გაცემული ცნობის თანახმად, ზ.ბ-ეს აღნიშნულ ბანკში არ უსარგებლია მიმდინარე/საბარათე ანგარიშებით და არ მიუღია ფულადი კომპენსაცია (ბინის შესაძენად) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან. ზ.ბ-ეს და მის ძმას, ა.ბ-ეს მიღებული აქვთ საცხოვრებელი კოტეჯი ...ის დევნილთა დასახლებაში, თუმცა კოტეჯი დღემდე მათ საკუთრებაში არ არის გადაცემული.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის ახსნა-განმარტება, რომელიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
კასატორის მითითებით, ზ.ბ-ის ოჯახი კომპენსირებულია, თუმცა, მან ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები დასახელებული ფაქტის დასადასტურებლად.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ.ბ-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.
ამავე შინაარსისაა ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ამავე კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, მათი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღოს არასრულწლოვანი დევნილების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სადავო - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 აგვისტოს №IDP 0 24 00819427ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უკანონო იყო, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უკანონო იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა