დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-9(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ.პ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ.პ-ემ 2024 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2024 წლის 5 მარტის №768 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი №32-ის მიმდებარედ არსებული 43 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ლ.პ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, ლ.პ-ეს ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე კორპუსი №32-ის მიმდებარედ, მფლობელობაში აქვს 43 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობით. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის; ფიზიკური პირები - თ.გ-ა, ნ.ც-ი და ნ.მ-ე ადასტურებენ, რომ 43 კვ.მ მიწის ნაკვეთს ლ.პ-ე ფლობს 2001 წლიდან დღემდე. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა აღიარების კომისიას და განცხადებასთან ერთად წარადგინა: 1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ ვერსია, 2. ორთოფოტო, 3. ფოტო მასალა, 4. ინფორმაცია ტექბიუროდან, 5. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის დანიშნულების შესახებ, 6. ინფორმაცია მიწის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, 7. ფიზიკურ პირთა თანხმობები, 8. პირადობის მოწმობის ასლი. აღიარების კომისიის 2024 წლის 05 მარტის №768 განკარგულებით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ლ.პ-ის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 43 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის ნაკვეთის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის; კომისიის უარი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ დაეფუძნა მხოლოდ ზემოაღნიშნულ საფუძველს.
მოსარჩელის მითითებით, აღსანიშნავია, რომ საკუთრებადასაღიარებელი 43 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, აღიარების კომისიის მიერ 2013 წლის 23 დეკემბერს გაიცა №9010 საკუთრების მოწმობა 22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე გ.რ-ი), რომელიც ფართობით ორჯერ პატარაა, ვიდრე მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი; აღნიშნული წარმოების დროს, როდესაც იგივე შინაარსის სამართლებრივი ნორმები მოქმედებდა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებთან და მიწის ნაკვეთის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ლ.პ-ის შემთხვევაში მიუთითებს აღიარების კომისია, როგორც მოსარჩელის, ისე 22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მსგავსი ტიპის ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, აღიარების კომისიამ მიიღო ორი სხვადასხვა შინაარსის გადაწყვეტილება: პირველ შემთხვევაში, 2013 წელს აღიარა საკუთრების უფლება 22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო, მეორე - მოსარჩელის შემთხვევაში, უარი თქვა მომიჯნავე 43 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რითაც დაარღვია კანონის წინაშე ყველა პირის თანასწორობის პრინციპი.
მოსარჩელის განმარტებით, კომისიას არ დაუსაბუთებია ასევე თუ რატომ არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის ნაკვეთის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; კომისიის განმარტება მასზედ, რომ მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის, არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რადგან: 1. მოსარჩელემ მოითხოვა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება და არა ნაკვეთის განაშენიანებაზე მსჯელობა ან/და მისი სამშენებლოდ განვითარება; 2. საკუთრების აღიარების მიზნით, თუნდაც ნაკვეთის შესაბამისობა არსებულ განაშენიანებასთან იყოს აუცილებელი პირობა, ამ ლოგიკით 43 კვ.მ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე მომიჯნავე ნაკვეთებთან ერთად. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს კომისიის განკარგულების ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ.პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 5 მარტის №768 განკარგულება გამოცემული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იმ მოტივზე მითითებით, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის ნაკვეთის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისთვის.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2024 წლის 20 თებერვლის №16-01240511688 წერილზე, რომლის თანახმად, მითითებულ ტერიტორიაზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, კორპუსი №32-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 43.00 კვ.მ) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის 39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-6) ზონა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) არის მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. ამავე წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად კი, სზ-6 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები.
პალატის განმარტებით, მითითებული სამართლებრივი ნორმით ასევე განსაზღვრულია განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები, რომლის თანახმად, მინიმალური ფართობია 600/700 კვ.მ, მინიმალური სიგანე - 15/20 მეტრი, მინიმალური სიღრმე - 25/30 მეტრი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 43 კვ.მ, რაც არ შეესაბამება განაშენიანების რეგულირების დადგენილ პარამეტრებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე, რომლითაც დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის გვერდით არის სამანქანო გზა, მომიჯნავედ გამწვანებული ტერიტორია, რომელზეც არ არის რეგისტრირებული სხვა ფიზიკური პირის საკუთრების უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ ლ.პ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის პარამეტრების და მდებარეობის გათვალისწინებით, სადავო განკარგულება იყო კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
რაც შეეხება თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე ლ.პ-ის აპელირებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, თავისთავად ვერ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.პ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შეუსაბამო იყო განაშენიანების არსებულ პირობებთან და მასზე საკუთრების უფლების აღიარება უკანონო იქნებოდა და ამდენად, აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც შენობა-ნაგებობა არის განთავსებული, ვერ გამოდგებოდა კომპარატორად თანასწორობის პრინციპის დარღვევის დადგენისათვის.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ლ.პ-ემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა. კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულებები, რომლებიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებს დაადასტურებდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზით ირკვევა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და არ გამოიყენა როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმები და არ გაითვალისწინა სასამართლო პრაქტიკა განაშენიანებასთან შეუსაბამობის შეფასების საკითხზე. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებული მიწის ცნებას, ხოლო მე-4 მუხლის საფუძველზე საკუთრების აღიარების კომისია ვალდებულია განცხადება განიხილოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 5¹ მუხლი და საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი ადგენს, რომ საკუთრების აღიარების მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-5, 53-ე, 96-ე და 60¹ მუხლები ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, გადაწყვეტილება მიიღოს სრულად გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე, თანასწორობის პრინციპის დაცვით და მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს გამოუკვლეველ გარემოებებს ან გასცდეს განცხადების ფარგლებს.
ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ერთმანეთისგან განასხვავებს საკუთრების აღიარების, მიწის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებს. შეუსაბამობის ინსტიტუტი დაკავშირებულია მიწის შემდგომ სამშენებლო განვითარებასთან და არა საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან. აღნიშნული ნორმები პირდაპირ მიუთითებს, რომ შეუსაბამო ობიექტის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს მის არსებობას ან საკუთრებაში ფლობას, ხოლო შემდგომი განვითარება დასაშვებია შეუსაბამობის შემცირების ან აღმოფხვრის პირობებში.
შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიამ საკუთრების აღიარების მოთხოვნის განხილვისას იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთის განაშენიანებასთან შესაბამისობა და შესაძლო სამშენებლო განვითარება, რაც არ წარმოადგენდა განმცხადებლის მოთხოვნის საგანს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნებოდა. ამდენად, კომისია გასცდა განცხადების ფარგლებს და გადაწყვეტილება მიიღო არასაკმარისად გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე. კერძოდ, წარმოდგენილ საქმეში კასატორი სადავოდ ხდიდა კომისიისა და სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც 43 კვ.მ მიწის ნაკვეთი არსებული განაშენიანების პირობებთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული და სწორედ ამ საფუძვლით ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ ასეთი შეფასება დაუსაბუთებელია, რადგან თავად მიწის ნაკვეთის საცხოვრებელი ზონა 6-ში მდებარეობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის განაშენიანებისთვის შეუსაბამოა. საქმეში არ არსებობს არც კომისიის და არც კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული კონკრეტული დასკვნა ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, თუ რატომ ვერ შეესაბამება ნაკვეთი ქალაქგეგმარებით მოთხოვნებს.
კასატორის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების საკითხი არ უნდა გაიგივდეს ნაკვეთის უშუალო განაშენიანებასთან. ამასთან, საცხოვრებელი ზონა 6-ის ფარგლებში ნაკვეთის განვითარება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა მომიჯნავე ნაკვეთებთან გაერთიანებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, სპეციალური ზონალური შეთანხმების ან განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე. არსებული სამართლებრივი რეგულაციები ითვალისწინებს მცირე და პარამეტრებით შეუსაბამო ნაკვეთების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას, მათ შორის ინდივიდუალური პარამეტრების მინიჭებასა და სხვადასხვა დასაშვები ან საგამონაკლისო ფუნქციის განხორციელებას.
საქმის მასალებითა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში, ურბანული განაშენიანების კონტურში, არ ექცევა ინფრასტრუქტურული პროექტების, რეკრეაციული სივრცეების ან პერსპექტიული განვითარების არეალში და მასზე არ ვრცელდება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც საკუთრების აღიარებას გამორიცხავდა. ასევე დადგენილია, რომ ნაკვეთი არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის სივრცეს, გზას, პარკინგს ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიას.
კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თანასწორობის პრინციპზე და მიუთითებს, რომ მის მომიჯნავედ მდებარე 22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2013 წელს უკვე იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ეს ნაკვეთი ფართობით ორჯერ მცირეა სადავო მიწის ნაკვეთზე. მისი პოზიციით, ორივე შემთხვევაში სამართლებრივი გარემოება არსებითად იდენტური იყო, თუმცა კომისიამ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპი. მ
კასატორის მოსაზრებით, კომისიამ ვერ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება – სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები, მოეპოვებინა შესაბამისი ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. იგი ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად, ობიექტურად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ხოლო დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების სათანადო ბალანსის დაცვით. შესაბამისად მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი მნიშვნელოვნად ზღუდავს მის კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი ვერ მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში, ვერ ხდება მისი გასხვისება, განვითარება ან ეკონომიკური სარგებლის მიღება. იგი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის საკუთრების დაცვის გარანტიაზე და უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო, დასაბუთებულ და პროპორციულ საჯარო ინტერესს.
კასატორი დამატებით მიუთითებს სააპელაციო განხილვისას მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მსგავსი საქმეების დაკმაყოფილება შესაძლოა პრეცედენტად ქცეულიყო სხვა პირებისთვისაც. კასატორის შეფასებით, აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი არა კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობა, არამედ მსგავსი მოთხოვნების მომავალში წარმოშობის თავიდან აცილება იყო, რაც საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით, ლ.პ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.პ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა დაინტერესებული პირის (ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე) მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონით დაწესებული შეზღუდვები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, რომლის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 5 მარტის №768 განკარგულებით, ლ.პ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი №32-ის მიმდებარედ მდებარე 43 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება, ასევე სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული შეზღუდვების დაწესების საჭიროება ცალსახად ატარებს საჯარო ინტერესს და ადასტურებს საკითხის გადაწყვეტის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეციას, რომელსაც უპირისპირდება კერძო პირის საკუთრების უფლების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების სახით. შესაბამისად, ასეთი კანონისმიერი შეზღუდვების პირობებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა დაეფუძნოს კერძო პირის ინტერესის მომეტებულ საჭიროებას, რა გარემოების არსებობაც კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. სხვაგვარი მიდგომა ასცდებოდა დედაქალაქის განაშენიანების რეგულირების დაცვის მიზანს და შთანთქავდა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების თავისუფალ სივრცეს.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, როგორც საკუთრების შეძენის სპეციფიკური ფორმა (მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი), არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას... ამ უფლების სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა სამართალდარღვევას წარმოადგენს (იხ.ასკ-ის 552 მუხლი), შესაბამისად ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთის ამ სახით ფლობა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს როგორც საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიზნებისთვის (სუსგ №ბს-110(კ-22), 23.04.2024წ.).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელე ითხოვს იმ სახის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რომელთან მიმართებითაც აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის, რასთან დაკავშირებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ლ.პ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის პარამეტრების და მდებარეობის გათვალისწინებით, კომისიის 2024 წლის 5 მარტის №768 განკარგულება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით, და განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში (სუსგ №ბს-576(კ-19), 04.07.2019წ.). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება თავისთავად არ ნიშნავს თანასწორობის პრინციპის დარღვევას. დარღვევა სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მიდგომა არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ერთი პირის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ვერ წარმოშობს სხვა პირის უფლებას ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე, რადგან არ არსებობს „თანასწორობა უკანონობაში“. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის იდენტურ პირობებში მყოფ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიმართ განსხვავებული მიდგომა, კერძოდ, მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გ.რ-ის მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით განთავსებულია ლ.პ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თუმცა 2014 წლის 15 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №32-ის მიმდებარედ 22 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობა №…) განთავსებულია შენობა-ნაგებობა. მოპასუხის განმარტებით ასევე დადასტურებულია, რომ ამ შენობის გვერდით არის ასევე მიწის ნაკვეთი, რომელიც გ.რ-ის არ აქვს დარეგისტრირებული, მის საკუთრებაშია მხოლოდ ის 22 კვ.მ, რაზედაც შენობაა განთავსებული. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არ არსებობდა იმ მოსაზრების გაზიარების წინაპირობები, რომ სახეზეა იდენტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, რომელმაც შელახა თანასწორობის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ.პ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - ლ.პ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 09.03.2026წ. №5415 საგადასახადო დავალებით ი.ჩ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა