დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.04.2026
საქმის ნომერი
ბს-920(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-920(კ-23) 27 აპრილი, 2026 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ...მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „სამედიცინო დაწესებულება“) სარჩელი წარადგინა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მერია“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 9 385 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9385 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის საგარანტიო წერილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დაკისრება. დადგენილია,რომ:

- მერიამ 26.07.2018 წელს გასცა №02/10404 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 1000 ლარის ოდენობით. პაციენტს 2018 წლის 17-25 ივლისს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 02.08.2018 წელს გასცა №02/10720 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 600 ლარის ოდენობით. პაციენტს 31.07.2018 წლიდან - 08.08.2018 წლამდე სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 28.06.2018 წელს გასცა №02/9148 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 500 ლარის ოდენობით. პაციენტს 31.07.2018 წელს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 07.09.2018 წელს გასცა №02/12135 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 500 ლარის ოდენობით. პაციენტს 2018 წლის 17-18 სექტემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 18.05.2018 წელს გასცა №02/7044 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 400 ლარის ოდენობით. პაციენტს 30.05.2018 წელს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 21.02.2019 წელს გასცა №02/3150 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 1000 ლარის ოდენობით. პაციენტს 2019 წლის 13-22 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 28.01.2019 წელს გასცა №02/1096 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 800 ლარის ოდენობით. პაციენტს 2019 წლის 21-23 იანვარს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 21.02.2019 წელს გასცა №02/3162 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 500 ლარის ოდენობით. პაციენტს 28.02.2019 წლიდან 07.03.2019 წლამდე სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 11.03.2020 წელსა და 27.02.2020 წელს გასცა №02/3146 და №02/2542 საგარანტიო წერილები და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 2085 ლარის ოდენობით. პაციენტს 2019 წლის 19-20 მარტს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 05.03.2020 წელს გასცა №02/2915 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 1000 ლარის ოდენობით. პაციენტს 2019 წლის 13-16 მარტს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება;

- მერიამ 22.03.2019 წელს გასცა №02/4628 საგარანტიო წერილი და მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი აანაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს 1000 ლარის ოდენობით. პაციენტს 2019 წლის 01-11 მარტს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება.

4.2. საგარანტიო წერილებით განიმარტა, რომ საგარანტიო წერილი ძალაშია 60 კალენდარული დღის ვადაში და შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო წერილის მოქმედების ვადაში. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება გაეწიათ საგარანტიო წერილებში მითითებულ ვადაში და სამედიცინო მომსახურების გაწევა ან ამ მომსახურების ჯეროვანი განხორციელება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ირკვევა, რომ სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იკისრა, სამედიცინო დაწესებულებამ განახორციელა.

4.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (სუსგ №ბს-228(კ-21), 26.01.2023წ.), სადაც საკასაციო პალატამ სამედიცინო დაწესებულებისათვის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა მიიჩნია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების საწინააღმდეგოდ, მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებისა და ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისათვის საფრთხის შემქმნელად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საგარანტიო წერილებში მითითებული თანხების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, საგარანტიო წერილებით ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის (მერიისთვის) მოსარჩელის მიერ გაწეული 9385 ლარის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, კერძოდ, მისი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

10. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28).

11. სოციალური სახელმწიფო არის მმართველობის ფორმა, რომელშიც სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. აღნიშნული ფუნქციის ფარგლებში სახელმწიფო მატერიალურად ეხმარება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, უწესებს მათ სხვადასხვა შეღავათებს, ქმნის პირობებს ჯანდაცვის განვითარებისთვის, მიმართავს ღონისძიებებს სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას და სხვა. სახელმწიფო თავის ფუნქციებს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იურიდიული პირების მეშვეობით (სუსგ №ბს-1-1 (გ-18), 08.11.2018წ.). აღნიშნულ პროცესთან პირდაპირ კავშირშია მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებებისათვის გარკვეული გარანტიების შექმნა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მომსახურების ადეკვატური ანაზღაურება (სუსგ №ბს-228(კ-21), 26.01.2023წ.). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მითითებული კანონის 89-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს, შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ხელშესაწყობად.

12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში საგარანტიო წერილებით იკისრა ვალდებულება მოსარჩელის მიერ მოქალაქეებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების კონკრეტული ოდენობით ანაზღაურების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1 პუნქტი). დადგენილია, რომ სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც მერიამ იკისრა, მოსარჩელემ განახორციელა; მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება გაეწიათ საგარანტიო წერილებში მითითებულ ვადაში და სამედიცინო მომსახურების გაწევა ან ამ მომსახურების ჯეროვანი განხორციელება სადავო არ არის. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მოსარჩელის მიერ საგარანტიო წერილებში მითითებულ ვადაში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა, უსაფუძვლოა მოპასუხის უარი სამედიცინო მომსახურების ხარჯების საგარანტიო წერილებით განსაზღვრული ოდენობით ანაზღაურების თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-1399-2022, 27.06.2023წ.).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2023 წლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე