დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2026
საქმის ნომერი
ბს-99(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-99(კ-26) 28 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა-ი

მესამე პირი - შპს ,, ...''

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 21 ივნისს ვ.ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სრულად აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებული 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის. ვ.ა-ი აღნიშნავს, რომ მითითებულ ტერიტორიას რამდენიმე ათეული წელია ფაქტობრივად ფლობს და განმარტავს, რომ არ არსებობს მისთვის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებები.

ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1069 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ, 375 კვ.მ. მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 1-ელი დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,...''.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1069 განკარგულება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების არსებითი განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვ.ა-იმა 2016 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის მე-... კმ., №... სკოლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის №... წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული საარქივო მასალების, კერძოდ, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, ... მე-...კმ., №... სკოლის მიმდებარედ არსებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. განაცხადს ასევე ერთვოდა გ.თ-ის, ქ.ჩ-ისა და ს.წ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც განმცხადებლებმა დაადასტურეს, რომ ვ.ა-ი 1995 წლიდან ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ...მე-... კმ., №... სკოლის მიმდებარედ. ამავე განცხადებით, გ.თ-ემ, ქ.ჩ-იმა და ს.წ-იმა თანხმობა გამოთქვეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებულიყო ვ.ა-ის საკუთრების უფლება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ... მე-... კმ., №... სკოლის მიმდებარედ 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საცხოვრებელ (სზ-3) ზონაში, ამასთან, კვეთდა ... საკადასტრო ერთეულს. ასევე, „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №6-22 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საბურთალოს რაინში, ქვეუბანი - დიღომი; ტერიტორია განეკუთვნებოდა №10 ქვეზონას, სადაც ნორმატიული ღირებულება შეადგენდა 70 ლარს; ხოლო „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს №1-9 გადაწყვეტილებით, გადასახადის წლიური განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენდა 0, 28 ლარს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1156 განკარგულებით ვ.ა-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მე-... კმ., №... სკოლის მიმდებარედ არსებულ 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა ვ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა, რაც წარმოადგენდა დაინტერესებული პირის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ ვ.ა-იმა 2020 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 30 ივლისის №... წერილით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველად გაუგზავნა ვ.ა-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის ირიდიულმა პირმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებულ ტერიტორიაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის 9-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ-1) და სატრანსპორტო ზონა (ტზ-1). ამასთან, „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №6-22 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საბურთალოს რაიონში, ქვეუბანი - დიღომი; ტერიტორია განეკუთვნებოდა №10 ქვეზონას, სადაც ნორმატიული ღირებულება შეადგენდა 70 ლარს; ხოლო „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს №1-9 გადაწყვეტილებით გადასახადის წლიური განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენდა 0,28 ლარს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2022 წლის 2 მაისის სხდომაზე 26-ე საკითხად განიხილა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა ვ.ა-ის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1156 განკარგულების მიღებას, არ იყო შეცვლილი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამასთან, კომისიამ მიუთითა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“, „ი“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას, ვინაიდან მიწის ნაკვეთი მიეკუთვნებოდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ამავდროულად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადიოდა შპს „...-ს“ საკუთრებაში არსეული მილსადენი (ს.კ....).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1069 განკარგულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის ...76 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 2 მაისის №27 ოქმის საფუძველზე, ვ.ა-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2024 წლის 17 მარტის №16-01240873585 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის ... დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრჩელდება საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) და მცირედ ნაწილზე სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). ამასთან, ტერიტორიაზე მილსადენი კოდით -... (მიწისქვეშა წყალარინება).

საქმეში ასევე წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001614724 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიდებარედ არსებულ, შპს „...ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი 375 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის ფარგლებში 2005 წლის ორთოფოტოზე №1 და №2 შენობის ადგილზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობი, რაც ადასტურებს აღნიშნული შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთზე არსეობას 2007 წლამდე. ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ, შპს „...ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის ფარგლებში ფაქტობრივად ფიქსირდება ორი ერთეული ნაგებობა. ნაგებობები წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომლებიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნიან გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით. თუმცა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №... შენობას განცდილი აქვს ასაკობრივი და ფიზიკური ცვეთა და მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ 2024 წლის 13 მარტის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001614724 დასკვნამ ეჭვქვეშ დააყენა კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1156 განკარგულების კანონიერება, ვინაიდან მითითებული განკარგულებით მიწის ნაკვეთზე ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად სწორედ ის გარემოება იქნა მითითებული, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა. რაც შეეხება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტის განთავსების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე არ მიეცა საშუალება, ესარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, დამატებითი დოკუმენტის წარდგენით და ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული საკითხი სრულყოფილად არ შეუსწავლია და გამოუკვლევია. პალატამ ნიშანდობლივად მიიჩნია ის ფატი, რომ მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „...-სთვის“ მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ წყალმომარაგების ობიექტზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ რადიუსში) მშენებლობა არ განხორციელებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაყვეტილებით სასამართლო იჭრება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში; კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1069 განკარგულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1069 განკარგულება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების არსებითი განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ფაქტებს, რომელთა მიხედვითაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ვ.ა-იმა 2016 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მე-... კმ., №... სკოლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1156 განკარგულებით ვ.ა-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მე-... კმ., №... სკოლის მიმდებარედ არსებულ 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა ვ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა, რაც წარმოადგენდა დაინტერესებული პირის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

ვ.ა-იმა 2020 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 30 ივლისის №... წერილით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველად გაუგზავნა ვ.ა-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებულ ტერიტორიაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილის ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის ... დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ-1) და სატრანსპორტო ზონა (ტზ-1). კომისიამ 2022 წლის 2 მაისის სხდომაზე 26-ე საკითხად განიხილა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა ვ.ა-ის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1156 განკარგულების მიღებას, არ იყო შეცვლილი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ორგანოში ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1069 განკარგულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის ...76 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 2 მაისის №27 ოქმის საფუძველზე, ვ.ა-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა ნიშანდობლივად მიიჩნევს ვ.ა-ის მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001614724 დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ, შპს „...ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი 375 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის ფარგლებში 2005 წლის ორთოფოტოზე №... და №... შენობის ადგილზე ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობები, რაც ადასტურებდა აღნიშნული შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთზე არსებობას 2007 წლამდე. ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ არსებულ, შპს „...ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის ფარგლებში ფაქტობრივად ფიქსირდებოდა ორი ერთეული ნაგებობა. ნაგებობები წარმოადგენდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომლებიც გრუნტთან უძრავად იყო დაკავშირებული, ქმნიდნენ გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრული იყო კედლებით. თუმცა, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №... შენობის ტექნიკური მდგომარეობა, განცდილი ასაკობრივი და ფიზიკური ცვეთის გამო, არადამაკმაყოფილებელი იყო.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოთა განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა ეჭვქვეშ აყენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1156 განკარგულების კანონიერებას, ვინაიდან მითითებული განკარგულებით მიწის ნაკვეთზე ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად სწორედ ის გარემოება იქნა მითითებული, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს განსახილველ საქმეზე სასამართლოთა სამართლებრივ დასკვნას ვ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განაცხადის არსებითი განხილვის მართლზომიერების შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წამოუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა