დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.05.2026
საქმის ნომერი
ბს-993(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-993(2კ-25) 6 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, მესამე პირი) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2. გ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ზ-ე

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ზ-ემ 2023 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ზ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს. სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 იანვრის N ... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 მარტის N ... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 იანვრის N... ადგილზე დათვალიერების ოქმის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის N ... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაჯეროვნად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებსა (ს/კ ...) და გ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის (ს/კ ...) დადგინდა ზედდება. მოსარჩელე თვლის, რომ სათანადო საფუძვლებს მოკლებულია კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან ზედდების ნაწილის კორექტირებასთან დაკავშირებით თანხმობის წარმოდგენის მოთხოვნა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 აგვისტოს N... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ს/კ ... რეგისტრაციის ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის N... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით, გ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო საჩივრის ავტორთა აპელირება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკუთრების კონსტიტუციით დაცული უმნიშვნელოვანესი უფლების მუდმივობა უზრუნველყოფს მესაკუთრის მიერ მისი ნებისმიერ დროს დაცვის შესაძლებლობას, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, მაგრამ არა საკუთრების უფლებაზე, რომელიც ნივთზე აბსოლუტური ძალაუფლებას ნიშნავს. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ზედდებასთან მიმართებით წარმოების არასრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ სხვა გარემოებებთან ერთად შენიშნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მოითხოვდა შესაბამისი მიწის ნაკვეთების გამანაწილებელი კომისიის წევრის მოწვევას საპრივატიზაციო და სს „დ...ს“ კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დასადგენად. ამასთან, არ შეფასებულა სარეფორმო მიწის ნაკვეთების საზღვრები და გამორკვევას საჭიროებდა ის ფაქტი, თუ ზუსტად სად გადიოდა სასაზღვრო მიჯნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ. კ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა საქმის მასალებზე და აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს ორივე მიწის ნაკვეთის განსხვავებული კონფიგურაცია. ამასთან, კასატორის შეფასებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას მისი აღსრულების შესახებ, კერძოდ, სასამართლო აქტებით მხარეს შეექმნა დაუსაბუთებელი მოლოდინი რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ს/კ ... უძრავი ნივთთან დაკავშირებული წინარე რეგისტრაციები, კონკრეტული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა პირდაპირ არ იწვევს მისი წინამორბედი ჩანაწერების ბათილად ცნობასაც.

კასატორმა გ. კ-იმა საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ყურადღება არ გამახვილებულა სს “დ...ს” სახელზე დაზუსტებული მონაცემებით განხორციელებულ თავდაპირველ რეგისტრაციასა და იმ უფლებადამდგენ დოკუმენტებზე, რომლებიც ამ უკანასკნელს დაედო საფუძვლად (სსრ მინისტრთა საბჭოს 09.08.1949წ. დადგენილება; საჩხერის რაიონული სასამართლოს 16.11.2005წ. განჩინება, საჩხერის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 22.09.2004წ. ცნობა). ამასთანავე, არც დასახელებული და ასევე არც მომდევნო რეგისტრაციები მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა. მოცემული თვალსაზრისით, დღევანდელი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, მხარე ვერ ასაბუთებს იურიდიული ინტერესის არსებობას (შეადარე: ბს-1280(კ-22), 26.09.2023წ.). კასატორი მიუთითებს, რომ საქმის მასალები არ შეიცავს სათანადო ცნობებს 1996წ. მიწის ნაკვეთის N752 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული და სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე, ამდენად, სასამართლოებს არ უნდა მიეჩნიათ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გადაეცა გ. ზ-ეს. ხსენებული კუთხით კი, მოწმეთა ჩვენებები მიკერძოებულია. კასატორი მიუთითებს აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციაზე, რომელიც ხაზს უსვამს ორივე მიწის ნაკვეთის განსხვავებულ კონფიგურაციას. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის წევრების მოწვევას, რომელთა მოსაზრებები ვერ შეცვლის საქმის მასალებით განსაზღვრულ მოცემულობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევების შესახებ, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს ევროკონვენციით დაცული უფლებების სავარაუდო დარღვევაზე ან ასეთი დარღვევით გამოწვეულ შედეგზე (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ამასთან, ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (ევროსასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). ამავდროულად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; შეადარე: ევროპული სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ასეთი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფად (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორთა მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო შედავება დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეში ბს-367-363(კ-12), რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა მნიშვნელოვან იურიდიულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა ... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.“ საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ნათელია საკუთრების უფლების ერთი და იგივე ობიექტის მიმართ ორი ჩანაწერის კონკურენცია, პარალელიზმის არსებობა. ამასთან, რამეთუ საქმის მასალები არ იძლეოდა „უპირატესი უფლების“ განსაზღვრის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სადავო საკითხი მართებულად გადაწყვიტეს სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მესამე პირის - გ. კ-ის მოთხოვნა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... დაიყო შემდეგი საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებად: ... (დაზუსტებული ფართობი 898 კვ.მ), ... (დაზუსტებული ფართობი 816 კვ.მ). გ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ ..., რომელიც მოიცავდა ამჟამად (დაყოფის შედეგად მიღებული ნაკვეთის ნაწილი) ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს, წარმოადგენდა სს „დ...ს“ (ახლანდელი სს „ს...“) საკუთრებას. 2014 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიყიდა და აღირიცხა რ. კ-ის სახელზე, რომელმაც 2017 წელს ის აჩუქა გ. კ-ის. გ. კ-ის სახელზე სწორედ 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაყოფის საფუძველზე იქნა აღრიცხული მიწის ნაკვეთი ს/კ .... საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ 1996 წელს გ. ზ-ემ №752 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართით - 735 კვ.მ, რომლის მისამართი იყო ს..., სოფ. ..., ზონა ს..., სექტორი ..., ახლანდელი მისამართი კი არის: ს..., ...ს ქ. №29. 08.06.2000 წლის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, №752 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა რეგისტრაცია და დაზუსტდა ხსენებული მიწის ნაკვეთი შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ს..., კოდი ..., სექტორი სოფელი ..., კოდი ... კვარტლის №..., ნაკვეთის ნომერი №..., დაზუსტებული 787 კვადრატული მეტრი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ზ-ეს სასოფლო-სამეურნეო პრივატიზაციისას ჯერ კიდევ 1996 წელს გადასცეს სადავო მიწის ნაკვეთი და დაფიქსირებული იქნა ამჟამინდელი სასაზღვრო მიჯნა. მოსარჩელეს სასაზღვრო მიჯნებში ცვლილება არ განუხორციელებია, არ შეუცვლია 1996 წელს მიღებული ნაკვეთის საზღვრები, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებით და ადგილზე დათვალიერების ოქმით. მხარე მიუთითებს და მოწმეებიც იმას ადასტურებენ, რომ ამ მიჯნაზე გადიოდა საზღვარი სარეფორმო მიწის ნაკვეთსა და ...ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის, 2000 წლისათვის, გ. ზ-ეის კუთვნილი მიწის მოსაზღვრედ განთავსებული იყო სს „დ...ს“ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2013 წელს შეიძინა რ. კ-იმა. არც სს „დ...ს“ და არც სს „ს...ლს“ დავა არ ჰქონია გ. ზ-ესთან და მოსაზღვრე ხსენებული იურიდიული პირი აღიარებდა ამ საზღვარს. 2007 წლის 13 სექტემბერს გ. ზ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ხსენებული მიწის ნაკვეთის დაყოფა და რეგისტრაცია ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილზე უნდოდა აეშენებინა არასაცხოვრებელი ფართი. დაყოფის შედეგად სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, გ. ზ-ეის სახელზე აღირიცხა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დაუზუსტებელი ფართობით 717 კვადრატული მეტრი და საკადასტრო კოდი ... დაზუსტებული ფართის 71 კვ.მ. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირებულია საზღვარი იმავე ადგილზე და სს „დ...ს“ პრეტენზია არ გააჩნდა. მოსარჩელემ 2010 წლის 20 ოქტომბრის განცხადების მეშვეობით მიმართა შესაბამის ორგანოს, კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე კი, 717 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ 71 კვ.მ მიწაზე ააშენა არასაცხოვრებელი ნაგებობა, ფართი 57 კვ.მ. ხოლო, ს/კ ... შეიცვალა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ს/კ ...-ით.

საქმის მასალებით ასევე დგინდება ისიც, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 19 დეკემბერს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება. მარეგისტრირებელი ორგანოს №... (22.02.2023წ.) გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება (ს/კ ..., მესაკუთრე: გ. კ-ი და (ს/კ ..., მესაკუთრე: გ. ზ-ე), ამდენად, წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზი. 2023 წლის 23 იანვარს ჩატარდა უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება, ადგილზე დათვალიერების შედეგების მიხედვით, ს/კ ... და ს/კ ... ნაკვეთების მესაკუთრეებმა მიუთითეს მიწის ნაკვეთების საზღვრები. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე წარდგენილი იყო როინ ყიფიანის განცხადება, რომელიც ადასტურებდა, რომ გ. კ-ის და გ. ზ-ეის ნაკვეთი გამიჯნული იყო მყარი საზღვრით. საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ №... (23.01.2023წ.) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მოეთხოვა გ. კ-ის პოზიციის ან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. ამასთანავე, იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ერთი მომიჯნავე ან/და ერთი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის კანონის შესაბამისად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დადასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და ადგილზე დათვალიერების ოქმში №... ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... (20.02.2023 წ.) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ. ზ-ემ (პ/ნ ...) და მოითხოვა საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ №... (23.01.2023) გადაწყვეტილების, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის №... (23.01.2023) და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემის კანონიერების შესწავლა ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრის პოზიციით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, დგინდებოდა, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია განსხვავდებოდა სისტემურად რეგისტრირებული (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისგან. ამასთან, სააგენტოში დაცული ე.წ „ყვითელი ფენების“ მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი 62.45%-ით შეესაბამებოდა გ. ზ-ეის სახელზე აღრიცხულ მონაცემებს. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (21.03.2023წ.) გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა გ. ზ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი და კანონიერად იქნა მიჩნეული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან თანხმობა ზედდების ნაწილის კორექტირებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება №... (27.03.2023წ.) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... (11.04.2023წ.) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ. ზ-ემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (27.03.2023წ.) გადაწყვეტილების გაუქმება და სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, №... (11.04.2023წ.) საჩივართან დაკავშირებით, სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (15.05.2023წ.) გადაწყვეტილება.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების ფონზე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასკ-ის 32.4 მუხლის მიზნობრივ დანიშნულებასა და ძირითად ფუნქციაზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასკ-ის 32.1 მუხლის თანახმად, სადავო აქტის კანონთან შესაბამისობის (მატერიალური კანონიერება) შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის უკლებლივ ყველა ელემენტთან დაკავშირებით ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების დადგენისა და ჯეროვნად შეფასების შემთხვევაში. სასამართლო მოკლებულია საკითხის ასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ უცნობია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აქტის ბათილობის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის გარკვეული ელემენტები. ასკ-ის 32.4 მუხლი მიზნად ისახავს ასკ-ის 32.1 მუხლის გამოყენების იურიდიული საფუძვლების შექმნას. ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ხოლო, გასაჩივრებული აქტი უქმდება დავის გადაუწყვეტლად, რომელშიც იგულისხმება დავის მატერიალური კანონიერება. სასამართლო არსებითად არ განსაზღვრავს მხარეთა კანონიერ უფლებებსა და მოვალეობებს, საკითხს მასზედ, თუ რომელ მხარეს, რომელი უფლებით, რომელ სამართლებრივ სიკეთეზე უნდა ჰქონდეს წვდომა. გამოსაცემი აქტის შინაარსი ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებსა და შესაბამისი აქტის ჯეროვან დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ინკვიზიციურობის პრინციპი არ ქმნის ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლების საფუძვლებს, გარკვეული გარემოებები აუცილებელია დადგინდეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ინკვიზიციურობის სახელით ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლება პირდაპირ ხელყოფს სასამართლოს და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ სუბსიდიურობას, შლის ყოველგვარ მიჯნას, რომელიც არსებობს მართლმსაჯულებასა და გარემოებების სრულყოფილი შეფასება-გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას შორის. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ხდება ასკ-ის 33-ე მუხლის და არა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. გადაწყვეტილება გამოტანილია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ასკ-ის 23-ე, 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას. ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს, ასეთი საჭიროების გამოვლენისას, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 04.10.2018წ. №ბს-567-567(კ-18)).

სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას, აგრეთვე ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სიღრმისეულად გამოიკვლიეს საქმეში დაცული მასალები, მიუთითეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების როგორც უშუალოდ რელევანტურ, ასევე პოტენციურად რელევანტურ წრეზე. ამასთან, გამოსაკვლევი ფაქტობრივი გარემოებების წრის მრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სახეზეა არათუ უბრალო ხარვეზით, არამედ მხოლოდ ფორმალურად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, საკასაციო საჩივრებში მითითებული იურიდიული საფუძვლები არ გამორიცხავს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს, პირიქით ამყარებს მათ, მკაფიოდ აჩვენებს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების მართებულობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცაღა, აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო, საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები, სასამართლოების მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში, საჭიროებისამებრ, უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საწინააღმდეგო შემთხვევაში, სასამართლო, - სუბსიდიურობის პრინციპის დარღვევით - განახორციელებს არა დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ შეითავსებს ორგანოში იმპერატიულად ჩასატარებელი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ფუნქციას. ამავდროულად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება 26.09.2023წ. საქმეზე ბს-1280(კ-22), რომელიც უკავშირდებოდა აღნიშნული შემთხვევისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ციტირებულ საქმეში - ზედდება არ წარმოადგენდა დავის საგანს. უსაფუძვლოა ასევე კასატორთა მითითება მოსარჩელის მხრიდან ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (რომელიც მოიცავდა ამჟამად დაყოფის შედეგად მიღებული ნაკვეთის ნაწილს - ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს) წინარე რეგისტრაციების გასაჩივრების საჭიროებასთან დაკავშირებით, მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ აქტს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის დაყოფასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, მაშასადამე, უდავოდ გამოირიცხება მოთხოვნის ხანდაზმულობასა და იურიდიული ინტერესის არარსებობაზე აპელირება. შესაბამისად, აღნიშნულის ფონზე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სასამართლოთა შეფასებებს სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) 20.08.2025წ. №41401 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ამავდროულად, ვინაიდან მ. ე-ის (პ/ნ ...) 01.12.2025წ. №30656133475 საგადახდო დავალებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ე-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს გ. კ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.08.2025წ. №41401 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. მ. ე-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 01.12.2025წ. №30656133475 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე