დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-225(კს-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2026 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-ემ“ 17.12.2019 წელს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს ინტელექტუალურ საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 04.06.2019 წლის №51636/03 და 05.06.2019 წლის №51670/03 ბრძანებების ბათილად ცნობა, სსიპ საქართველოს ინტელექტუალურ საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატის 23.10.2019 წლის №105-3/2019 და №106-3/2019 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სასაქონლო ნიშნებისთვის სრული განცხადებული სასაქონლო ჩამონათვლის მიმართ დაცვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება - სასაქონლო ნიშნის ,,... ...’’ + გამოსახულების (საიდ. №...) რეგისტრაცია 33-ე კლასის საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ და სასაქონლო ნიშნის ,,...’’ + გამოსახულების (საიდ. №... რეგისტრაცია 30-ე კლასის საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვლის მიმართ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.2023 წლის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს ინტელექტუალურ საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 04.06.2019 წლის №51636/03 და 05.06.2019 წლის №51670/03 ბრძანებები, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალურ საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატის 23.10.2019 წლის №105-3/2019 და №106-3/2019 გადაწყვეტილებები, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ 18.12.2025 წელს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2026 წლის განჩინებით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ 18.12.2025 წლის განცხადება დარჩა განუხილველი და მას დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 12.12.2025 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 05.12.2025 წელს მ.ჩ-ეს (კანცელარიის სპეციალისტს), ამდენად, აპელანტ მხარეს ხარვეზის შევსება შეეძლო 2025 წლის 12 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე. სასამართლომ აღნიშნა, რომ 18.12.2025 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2025 წლის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დარეგისტრირდა აპელანტის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ განცხადება (კონვერტით, საქართველოს ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი), რომლის გამოგზავნის თარიღად საფოსტო კომპანიის მიერ მითითებული იყო 16.12.2025 წელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 14.11.2025 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში არ იქნა გამოსწორებული, რაც ქმნიდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2026 წლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2025 წლის განჩინება „საქპატენტს“ ჩაბარდა არა 05.12.2025 წელს, არამედ 09.12.2025 წელს, რაც დასტურდებოდა აღნიშნულ განჩინებაზე არსებული შემოსული დოკუმენტების შტამპით, ასევე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (...) ასახული მონაცემებით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „საქპატენტმა“ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შვიდდღიან ვადაში, კერძოდ, 16.12.2025 წელს გაუგზავნა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 05.12.2025 წლის საფოსტო გზავნილის უკუგზავნილზე არ ფიქსირდებოდა მ.ჩ-ის ხელმოწერა, რასაც ადასტურებდა კერძო საჩივარზე დართული მ.ჩ-ის რეალური ხელმოწერის ნიმუშები. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 05.12.2025 წელს, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეყრდნობოდა კურიერის მიერ მითითებულ მცდარ მონაცემს, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზით. 09.02.2026 წელს „საქპატენტმა“ წერილით მიმართა შპს „...ის“ ადგილობრივი განყოფილების მენეჯერს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება სასამართლოში გზავნილის ჩაბარების თარიღთან დაკავშირებული უზუსტობის მიზეზებთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „...ას“ პასუხი ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით „საქპატენტისთვის“ არ წარუდგენია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სააპელაციო სასამართლოს მიერ „საქპატენტის“ სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის საფუძველი.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ 27.02.2026 წელს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და კერძო საჩივართან დაკავშირებით დამატებით წარადგინა შპს „...ის“ მიერ „საქპატენტისათვის“ 26.02.2026 წელს გამოგზავნილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „საქპატენტისათვის“ 03.12.2025 წელს გაგზავნილ იქნა №... გზავნილი. კურიერის ტექნიკური შეცდომის შედეგად აღნიშნული გზავნილი ელექტრონულ სისტემაში 05.12.2025 წელს დაფიქსირდა სტატუსით „ჩაბარებული“, ფაქტობრივად, გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 09.12.2025 წელს, გზავნილი ჩაიბარა კანცელარიის სპეციალისტმა მ.ჩ-ემ, რაც დასტურდება ელექტრონული სისტემიდან ამოღებული მონაცემებით. წერილში აღნიშნულია აგრეთვე, რომ წერილს თან ერთვის გზავნილის ჩაბარების ელექტრონული დასტურის ასლი, რომელშიც კომენტარის ველში მითითებულია გზავნილის ფაქტობრივი ჩაბარების თარიღი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2025 წლის განჩინებით, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც აპელანტს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება „საქპატენტს“ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და საქმეში დაცული გზავნილის ჩაბარების დასტურის მიხედვით 05.12.2025 წელს ჩაბარდა კანცელარიის სპეციალისტს მ.ჩ-ეს (ს.ფ. 158). სწორედ აღნიშნული დასტურით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 12.12.2025 წელი, ხოლო ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 16.12.2025 წელს (რეგისტრირებულია 18.12.2025 წელს), სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტ მხარეს ჩაბარდა 09.12.2025 წელს და არა 05.12.2025 წელს, შესაბამისად, ხარვეზის აღმოსაფხვრელად „საქპატენტმა“ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შვიდდღიან ვადაში, 16.12.2025 წელს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტებზე, კერძოდ, წარმოდგენილია „საქპატენტის“ შტამპდასმული სააპელაციო სასამართლოს გზავნილი და ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება. შტამპით დასტურდება, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ორგანოში შესულია 09.12.2025 წელს. მითითებულ თარიღში სასამართლო გზავნილის „საქპატენტის“ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული ამონაწერი შესაბამისი დოკუმენტბრუნვის სისტემიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს. სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტებით დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაბარებული დოკუმენტის ორგანოში რეგისტრაციის თარიღი, რომელსაც მხარისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთან შედარებით უპირატესობა არ აქვს, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს გზავნილის ჩაბარებას ორგანიზაციისათვის და არა მიღებული დოკუმენტის ამ ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციას (სუსგ 29.10.2021 წლის №ბს-890(კს-21)). თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში „საქპატენტისთვის“ გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ხარვეზით შედგენა და მასში ჩაბარების არასწორი თარიღის მითითება დადასტურებულია უშუალოდ საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სასამართლო გზავნილის (ხარვეზის შესახებ 14.11.2025 წლის განჩინების) მხარისათვის ჩაბარება უნდა უზრუნველეყო. შპს „...ის“ 26.02.2026 წლის წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს №... გზავნილი (რომლითაც „საქპატენტს“ ეგზავნებოდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება) ადრესატს („საქპატენტს“) ფაქტობრივად ჩაბარდა 09.12.2025 წელს, ხოლო კურიერის ტექნიკური შეცდომის გამო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში არასწორად დაფიქსირდა ჩაბარების თარიღად 05.12.2025 წელი. ამასთან, წერილზე დართულია №... გზავნილის ჩაბარების ელექტრონული დასტურის ასლი, რომელშიც კომენტარის ველში მითითებულია, რომ გზავნილის „საქპატენტისათვის" ფაქტობრივი ჩაბარების თარიღია 09.12.2025 წელი (ს.ფ.190).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2025 წლის განჩინება აპელანტ მხარეს ჩაბარდა 09.12.2025 წელს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადა 16.12.2025 წელს 24 საათზე იწურებოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება აპელანტმა ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტის შესაბამის სამსახურს 16.12.2025 წელს ჩააბარა, რაც სააპელაციო სასამართლოს 18.12.2025 წელს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის ათვლისას კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს დოკუმენტის ფოსტის ან ტელეგრაფისთვის დადგენილ ვადაში ჩაბარებას, კერძოდ, სსკ-ის 61.3 მუხლი განსაზღვრავს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ ფოსტის სამსახურისათვის 16.12.2025 წელს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების ჩაბარებით დაცულ იქნა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2026 წლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2026 წლის განჩინება და საქმე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე