არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-395(კს-25) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ი. ვ-ა, ნ. ვ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 1996 წლის 23 ივლისის №1-521, №1-526 ნასყიდობის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების და ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული საკუთრების დამდასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობის, ა. ბ-ასა და დ. ვ-აზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების გაუქმების შესახებ.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და მოპასუხეთა წრე. მოპასუხეებად სხვა პირებთან ერთად მიეთითა ნ. ვ-ა და ი. ვ-ა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა მათ შორის, 2009 წლის 15 მაისს დ. ვ-ასა და ნ. ვ-ას შორის დადებული №1-3856 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2009 წლის 10 ივნისს დ. ვ-ასა და ი. ვ-ას შორის დადებული №1-4792 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ მათ შორის, ნ. ვ-ა და ი. ვ-ა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სარჩელი. სრულად ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ (...) „...სა“ და სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ „...ს“ უკანონო პრივატიზაცია მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით, დასახელებული პრივატიზაციის ყველა თანმდევ აქტთან და ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში, მათ შორის, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 15 მაისს დ. ვ-ასა და ნ. ვ-ას შორის დადებული №1-3856 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე 2009 წლის 10 ივნისს დ. ვ-ასა და ი. ვ-ას შორის დადებული №1-4792 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლს (...) „...სა“ და ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ „...ს“ პრივატიზებამდე არსებული მდგომარეობა. მთელი სადავო ქონება, ზუგდისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ (...) „...სა“ და დასასვენებელ სახლ „...ს“ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 8 ჰა) მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ვ-ას, ა. ბ-ას, ი. ვ-ას, ნ. ვ-ას, ზ. ჭ-ას, მ. მ-ას, თ. ხ-ას, რ. დ-ის, ლ. ჭ-ას, თ. ქ-ას, ზ. გ-ას, დ. კ-ას, ზ. ბ-ას, შპს „ე... მ. ლ-ას, მ. ხ-ას, კ. ჯ-ას, ი. წ-ას, ზუ. გ-ას, ი. რ-ას, კ. წ-ას, ან. ბ-ას, ვ. ფ-ას, გ. თ-ას და ბ. ბ-ას მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ-ას, ა. ბ-ას, ი. ვ-ას, ნ. ვ-ას, ზ. ჭ-ას, მ. მ-ას, თ. ხ-ას, რ. დ-ის, ლ. ჭ-ას, თ. ქ-ას, ზ. გ-ას, დ. კ-ას, ზ. ბ-ას, შპს „ე... მ. ლ-ას, მ. ხ-ას, კ. ჯ-ას, ი. წ-ას, ზუ. გ-ას, ი. რ-ას, კ. წ-ას, ან. ბ-ას, ვ. ფ-ას, გ. თ-ას და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
8. 2017 წლის 5 დეკემბერს სს „ზ...მა“ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით საქმეში შპს „ა...“ მოწვეულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სს „ზ...ის“ განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ზ...მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით სს „ზ...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება.
10. 2024 წლის 2 დეკემბერს ი. ვ-ამ და ნ. ვ-ამ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, ასევე განმცხადებლების მიერ წარდგენილ იქნა შუამდგომლობა გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას შუამდგომლობა გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მითითებით განმცხადებელთა პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მიწვეულნი არ იყვნენ საქმის განხილვაზე, კერძოდ: ა) სადავო გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია და შესაბამისად, არ ჩაბარებიათ არც სარჩელი და არც მასზე დართული მასალები; ბ) გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მათთვის არ უცნობებია საქმის განხილვის შესახებ და შესაბამისად, არ ყოფილან მიწვეულნი საქმის განხილვაზე; გ) ვინაიდან არ იყვნენ მიწვეულნი საქმის განხილვაზე, არც მონაწილეობა მიუღიათ საქმის განხილვაში; დ) სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია სადავო გადაწყვეტილება; ე) მათ მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა გადაწყვეტილება; ვ) არ ჩაბარებიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც სადავო გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვის დროს, კერძოდ, 2010 წლის 15 აპრილს, აპელანტმა მხარემ (იგივე მოსარჩელე მხარემ) - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც აპელანტმა გაზარდა მოპასუხეთა წრე და ა. ბ-ასა და დ. ვ-ას გარდა (ანუ თავდაპირველ მოპასუხეთა გარდა), მოწინააღმდეგე მხარედ დამატებით 27 სუბიექტი მიუთითა. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში ი. ვ-ა, როგორც მოწინააღმდეგე მხარე, 22-ე ნომრად იყო მითითებული, ხოლო ნ. ვ-ა 21-ე ნომრად. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ი. ვ-ასთან და ნ. ვ-ასთან დაკავშირებით აპელანტმა მოითხოვა დ. ვ-ასა და ი. ვ-ას შორის 2009 წლის 10 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, ასევე - დ. ვ-ასა და ნ. ვ-ას შორის 2009 წლის 15 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში თანამოპასუხეებად, სხვებთან ერთად, ჩაებნენ ნ. ვ-ა და ი. ვ-ა. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 27 აპრილს 12:00 საათზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 15 აპრილს მოპასუხეებს -ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას გაუგზავნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ასლები და სასამართლო უწყებები შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, ... №..., რომლებიც პირადად ჩაიბარა ნ. ვ-ამ და ი. ვ-ამ. სააპელაციო საჩივრის გზავნილებისა და სასამართლო უწყებების ჩაბარება მათ დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით, ასევე მიუთითეს ჩაბარების თარიღი 16.04.10. შესაბამისად, როგორც ი. ვ-ასათვის, ასევე ნ. ვ-ასათვის ცნობილი იყო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის განხილვა და იგი დანიშნული იყო 2010 წლის 27 აპრილს 12:00 საათზე. ი. ვ-ამ და ნ. ვ-ამ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ჩაბარების შემდეგ, 2010 წლის 23 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს შესაგებლები. ისინი შედგენილია 2010 წლის 19 აპრილს და მათ ხელს აწერენ ი. ვ-ა და ნ. ვ-ა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, მოპასუხეები - ი. და ნ. ვ-აები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება გაეგზავნათ მოპასუხეებს - ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას ქალაქ ზუგდიდში, ...ს №...-ში, მათ მიერ შესაგებლებში მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 31 მაისს ჩაიბარა მამამ - დ. ვ-ამ, რომელიც ასევე მოპასუხე იყო აღნიშნულ დავაში. გზავნილებზე, გარდა დ. ვ-ას ხელმოწერისა, არ არის მითითება იმის შესახებ, რომ დ. ვ-ა ვერ შეძლებდა გადაწყვეტილებების შვილებისათვის გადაცემას. საქმეში წარმოდგენილია 2010 წლის 29 ივნისის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე. კასატორთა შორის მე-14 და მე-15 ნომრად მითითებული არიან მოპასუხეები ი. ვ-ა და ნ. ვ-ა. საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია ყველა კასატორის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება, 2010 წლის 26 ოქტომბერს გაეგზავნა ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას. უკუგზავნილი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლოს განმარტებით განმცხადებლები სადავოდ ხდიან დოკუმენტებზე არსებულ ხელმოწერას და მიუთითებენ, რომ არ ყოფილან ინფორმირებული იმ დავის შესახებ, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში და რომელშიც ასევე მოპასუხე იყო მათი მამა - დ. ვ-ა. პალატამ არ გაიზიარა განმცხადებელთა არგუმენტი გრაფიკული ექსპერტიზის თავიანთი ინიციატივით ჩატარების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ (თითქოსდა არ გააჩნდათ საქმის მასალები), რადგან, მათივე განმარტებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოსაგან გადაეცათ საქმის ყველა მასალის ასლი. შესაბამისად, მათ თვითონ შეეძლოთ მიემართათ საექსპერტო დაწესებულებისთვის და მოეთხოვათ მათი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება. მათ მიერ საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვის და საექსპერტო კვლევისათვის დოკუმენტების დედნის საჭიროების, ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. თუკი განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მათი ხელმოწერები გაყალბებული იყო, მათ შეეძლოთ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა და ამის შემდეგ მოემართათ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს არ ექმნება ეჭვი, რომ დოკუმენტები შეიძლება შეიცავდეს ყალბ ხელმოწერებს. მსგავსი მოტივით შეიძლება ნებისმიერმა პირმა მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც ვერც მხარეთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს და ვერც საჯარო ინტერესების რეალიზებას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იყო უსაფუძვლო.
რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმცხადებელთა მამისათვის - დ. ვ-ასათვის ჩაბარების ფაქტს, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება გაგზავნილი და ჩაბარებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 74-ე მუხლის დაცვით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება გაგზავნილი იქნა მოპასუხეთა მიერ საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე, მამა დ. ვ-ა მოცემულ დავაში ასევე მოპასუხე იყო. მამას, გადაწყვეტილების ჩაბარებისას, არ გაუკეთებია შენიშვნა, რომ იგი ვერ შეძლებდა შვილებისთვის გზავნილის გადაცემას. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, სადაც სხვა პირებთან ერთად კასატორები არიან ი. ვ-ა და ნ. ვ-ა, რომლებიც ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას მიერ.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ემყარებოდა შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს: ა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია და შესაბამისად, არ ჩაბარებიათ არც სარჩელი/დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და არც მათზე დართული მასალები; ბ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მათთვის არ უცნობებია საქმის განხილვის შესახებ და შესაბამისად, არ ყოფილან მიწვეული საქმის განხილვაზე; გ) ვინაიდან საქმის განხილვაზე არ იყვნენ მიწვეული შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა; დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მათთვის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება არ გაუგზავნია; ე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება მათ მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა; ვ) მათ არ ჩაბარებიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გზავნილი ი. ვ-ას მიმართ, მისამართზე ზუგდიდი, ... №..., რომლითაც ი. ვ-ას გაეგზავნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება 3 ფურცლად და სააპელაციო საჩივარი 11 ფურცლად, თუმცა მასზე არავის ხელმოწერა არ არის, რაც იმას ადასტურებს, რომ გზავნილი მას არ ჩაბარებია. ამრიგად, სასამართლოს დასკვნა, რომ ი. ვ-ამ ხელმოწერით და თარიღის მითითებით დაადასტურა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ჩაბარება, მცდარია. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გზავნილი ნ. ვ-ას მიმართ, მისამართზე ზუგდიდი, ... №..., რომლითაც ნ. ვ-ას გაეგზავნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბერის გადაწყვეტილება 3 ფურცლად და სააპელაციო საჩივარი 11 ფურცლად, თუმცა მასზე არავის ხელმოწერა არ არის, რაც იმას ადასტურებს, რომ გზავნილი ნ. ვ-ას არ ჩაბარებია. ამრიგად, სასამართლოს დასკვნა, რომ ნ. ვ-ამ ხელმოწერით და თარიღის მითითებით დაადასტურა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ჩაბარება, მცდარია. საქმეში წარმოდგენილი არ არის უწყება, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ი. ვ-ას მიიწვევდა 2010 წლის 27 აპრილს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ი. ვ-ა ხელსაც არაფერს აწერს. ამრიგად, სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ი. ვ-ასათვის ცნობილი იყო, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2010 წლის 27 აპრილს, 12:00 საათზე, მცდარია. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ვ-ასათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, რომელიც გაიგზავნა მისამართზე ზუგდიდი, ... №2. ამ უწყებით ნ. ვ-ა მიწვეული იყო 2010 წლის 27 აპრილს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულ უწყებაზე არის მინაწერი „ჩავიბარე ნ. ვ-ა 16.04.10“, თუმცა აღნიშნული ხელმოწერა და თარიღი მას არ ეკუთვნის. ამ გარემოებასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნილი გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნა, რომლის გარეშეც საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.
კერძო საჩივრის ავტორების მითითებით საქმეში წარმოდგენილია 19.04.2010 წლით დათარიღებული შესაგებელი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 23.04.2020 წელს), რომელზეც არის ხელმოწერა „ი. ვ-ა“, თუმცა ხელმოწერა ი. ვ-ას არ ეკუთვნის. საქმეში ასევე წარმოდგენილია 19.04.2010 წლით დათარიღებული შესაგებელი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 23.04.2010 წელს), რომელზეც არის ხელმოწერა „ნ. ვ-ა“, თუმცა არც აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნის ნ. ვ-ას. აღნიშნული გარემოებების გამო, აგრეთვე, მოთხოვნილი იყო გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნა, რომლის გარეშეც საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელშიც მათ მისამართად მითითებული იქნებოდა ზუგდიდი, ... №2. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის №3/გ 255-10 გადაწყვეტილებას, იგი მართლაც მამას - დ. ვ-ას ჩაბარდა 31.05.2010 წელს, თუმცა, მამისათვის გადაწყვეტილებების ჩაბარება ნ. და ი. ვ-ებისთვის ჩაბარებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან 2010 წლის იანვრიდან, მშობლებთან ოჯახური კონფლიქტის გამო, მათთან ერთად, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. ნ. ვ-ა და ი. ვ-ა ცალკე ცხოვრობდნენ თბილისში, ი. ვ-ას კუთვნილ ბინაში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დ. ვ-ამ გზავნილებზე არ მიუთითა აღნიშნულის შესახებ და არ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებების ადრესატებისთვის ჩაბარებას ვერ შეძლებდა, არ ადასტურებს დოკუმენტის ნ. და ი. ვ-ასთვის ჩაბარებას. 2010 წლის იანვრიდან მათი ცალკე ცხოვრების ფაქტი დეტალურად არის გამოკვლეული და დადასტურებული 02.12.24 წლის განცხადებაში. გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, მათ გადაწყვეტილება არც საკასაციო წესით გაუსაჩივრებიათ. საქმეში არის 25.06.2010 წლით დათარიღებული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 29.06.2010 წელს). საკასაციო საჩივარში, მე-14 და მე-15 კასატორად მითითებულნი არიან ნ. ვ-ა და ი. ვ-ა. საკასაციო საჩივრის ბოლოს, ხელმომწერ პირებს შორის მე-14 და მე-15 ნომრების გასწვრივ დასმული არის ნ. ვ-ას და ი. ვ-ას სახელით შესრულებული ხელმოწერები, თუმცა აღნიშნული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით. ამ გარემოებაზე ასევე მოთხოვნილი იყო გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნას, რომლის გარეშეც საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.
კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, საქმეში არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის გზავნილები, რომლებითაც ი. ვ-ას და ნ. ვ-ას გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინების ასლი ზუგდიდში, ... №2-ში. ამ გზავნილების ჩაბარებაზე ი. ვ-ას და ნ. ვ-ას ხელმოწერა არ არის. გზავნილებზე არის გაურკვეველი ხელმოწერა, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ამ გარემოებაზეც მოთხოვნილი იყო გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნა, რომლის გარეშეც საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებაზე უკუგზავნილი წარმოდგენილი არ არის, მცდარია.
კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გრაფიკული ექსპერტიზა მხოლოდ ორიგინალ ხელმოწერაზე (დედანზე) ტარდება. სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის გამო, მათ სცადეს ასლზე ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოსთხოვათ ექსპერტიზისთვის დედანი დოკუმენტების წარდგენა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით ი. ვ-ას და ნ. ვ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ვ-ას და ნ. ვ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], §61). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას, ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 27.05.2010წ. განჩინება საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, §53). მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი, საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - §25).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების განახლების/ბათილობის ინსტიტუტი არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1455-2019; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ა-4160-ა-14-2021).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობის კონსტიტუციური ინტერესი უკავშირდება სწორედ იმ გარემოებას, რომ შემდგარი მართლმსაჯულების პირობებში, აღარ უნდა შეიცვალოს სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მოცემულობები. თუმცა მსგავსი ინტერესი ნაკლებად არსებობს იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელთა მიღებაც მოხდა კონსტიტუციისა და კანონის ფუნდამენტურ მოთხოვნათა დარღვევით. ასეთ პირობებში, იმ მხარეს, რომელსაც წაერთვა პროცესში მონაწილეობის უფლება, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მიმართოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით. ამავე დროს, თავად გადაწყვეტილების კანონიერი ძალის შენარჩუნებით დაინტერესებულ მხარესაც აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე მოწვევის ფაქტი ან გამოუცხადებლობის მიზეზი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მისი ინფორმირება სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, თავად დაინტერესებულ მხარესაც აქვს შესაბამისი ბერკეტები იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების გზით, უზრუნველყოს დიდი ხნის გასვლის შემდეგ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გამორიცხვა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ პირის უფლებების დაცვის/აღდგენის სამართლებრივი ინტერესი, რომელმაც არ იცოდა მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, გადაწონის, როგორც მეორე მხარის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე, ისე საჯარო ინტერესს განჭვრეტად და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 07.06.2024წ. გადაწყვეტილება №3/2/1400 საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - §43).
განსახილველ შემთხვევაში, ი. ვ-ა და ნ. ვ-ა მოითხოვენ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმეზე წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ არ ყოფილან მოწვეულნი საქმის განხილვაზე - სადავო გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია და შესაბამისად, არ ჩაბარებიათ არც სარჩელი და არც მასზე დართული მასალები; გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მათთვის არ უცნობებია საქმის განხილვის შესახებ და შესაბამისად, არ ყოფილან მიწვეულნი საქმის განხილვაზე, ამიტომ არც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში; სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილება, შესაბამისად, მათ მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა გადაწყვეტილება; არ ჩაბარებიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის მიმართვები გაეგზავნათ ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას, რომლითაც ეცნობათ, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება შესაძლოა შეხებოდა მათ ინტერესებს, ამასთან იყვნენ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო მათი თანხმობა. ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას განესაზღვრათ ვადა 2010 წლის 25 თებერვლამდე, თანხმობის შემთხვევაში სასამართლოსთვის წერილობით შეტყობინებლად. აღნიშნული შეტყობინებები ჩაბარდა ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას დედას - მ. შ-ას 2010 წლის 19 თებერვალს (ტ.3, ს.ფ 15-16, 17-18). 2010 წლის 25 თებერვალს ი. ვ-ას, ნ. ვ-ასა და სხვა პირთა მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ განმცხადებლები არ იყვნენ თანახმა საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მესამე პირად იყვნენ ჩაბმულნი და არსებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენდა მათ უფლებებზე. აღნიშნული განცხადება ხელმოწერილია ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მიერ (ტ.3, ს.ფ 69-70).
საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და მოპასუხეთა წრე. მოპასუხეებად სხვა პირებთან ერთად მიეთითა ნ. ვ-ა და ი. ვ-ა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა, მათ შორის, 2009 წლის 15 მაისს დ. ვ-ასა და ნ. ვ-ას შორის დადებული №1-3856 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2009 წლის 10 ივნისს დ. ვ-ასა და ი. ვ-ას შორის დადებული №1-4792 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ, მათ შორის, ნ. ვ-ა და ი. ვ-ა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 15 აპრილის მიმართვით გაეგზავნათ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი, მისამართზე ზუგდიდი, ... №.... ასევე გაეგზავნათ სასამართლო უწყება, რომელშიც სხდომის თარიღად მითითებულია 2010 წლის 27 აპრილი 12:00 საათი. აღნიშნულ გზავნილებსა და სასამართლო უწყებებზე მითითებულია „ჩავიბარე ნ. ვ-ა 16.04.10“, „ჩავიბარე ი. ვ-ა 16.04.10“ (ტ.4 ს.ფ 80-81, 82-83).
საგულისხმოა, რომ 2010 წლის 23 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა ი. ვ-ას შესაგებელი, რომელშიც მის ძირითად მისამართად მითითებულია ზუგდიდი, ... №..., ხოლო ალტერნატიულ მისამართად თბილისი, ... ... კორპუსი ... ბინა 54. შესაგებელზე მითითებულია ხელმოწერა „ი. ვ-ა“ (ტ.4, ს.ფ 180-186). 2010 წლის 23 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ასევე წარედგინა ნ. ვ-ას შესაგებელი, რომელშიც მის ძირითად მისამართად მითითებულია ზუგდიდი, ... №..., ხოლო ალტერნატიულ მისამართად თბილისი, ... ... კორპუსი ... ბინა 54. შესაგებელზე მითითებულია ხელმოწერა „ნ. ვ-ა“ (ტ.4, ს.ფ 188-194).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაზუსტებული სარჩელი. სრულად ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ (...) „...სა“ და სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ „...ს“ უკანონო პრივატიზაცია მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით, დასახელებული პრივატიზაციის ყველა თანმდევ აქტთან და ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში, მათ შორის, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 15 მაისს დ. ვ-ასა და ნ. ვ-ას შორის დადებული №1-3856 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე 2009 წლის 10 ივნისს დ. ვ-ასა და ი. ვ-ას შორის დადებული №1-4792 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლს (...) „...სა“ და ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ „...ს“ პრივატიზებამდე არსებული მდგომარეობა. მთელი სადავო ქონება, ზუგდისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დასასვენებელ სახლ (...) „...სა“ და დასასვენებელ სახლ „...ს“ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 8 ჰა) მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 31 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება გაეგზავნა ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მისამართზე: ზუგდიდი, ... №2, რომელიც ჩაბარდა მამას - დ. ვ-ას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებით (ტ.6 ს.ფ 205, 206).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისს წარედგინა საკასაციო საჩივარი, სადაც კასატორს 24 პირი წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარში კასატორებად მითითებულნი არიან ნ. ვ-ა და ი. ვ-ა. თავის მხრივ, საკასაციო საჩივარში ხელმოწერების გრაფაში ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას სახელისა და გვარის გასწვრივ დასმულია შესაბამისი ხელმოწერები. საკასაციო საჩივარში ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მისამართად მითითებულია ზუგდიდი, ... №2 (ტ.6, ს.ფ 213-224).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ-ას, ა. ბ-ას, ი. ვ-ას, ნ. ვ-ას, ზ. ჭ-ას, მ. მ-ას, თ. ხ-ას, რ. დ-ის, ლ. ჭ-ას, თ. ქ-ას, ზ. გ-ას, დ. კ-ას, ზ. ბ-ას, შპს „ე... მ. ლ-ას, მ. ხ-ას, კ. ჯ-ას, ი. წ-ას, ზუ. გ-ას, ი. რ-ას, კ. წ-ას, ან. ბ-ას, ვ. ფ-ას, გ. თ-ას და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინება 2010 წლის 26 ოქტომბერს გაეგზავნა ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას მისამართზე ზუგდიდი, ... №2, თუმცა ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილები საქმეში წარმოდგენილი არ არის (ტ.6, ს.ფ 274, 275).
საგულისხმოა, რომ 2018 წლის 18 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისამართზე: ზუგდიდი, ... №2, ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას გაეგზავნათ სს „ზ...ის“ განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ეცნობათ, რომ განცხადება განიხილებოდა 2018 წლის 15 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე. გზავნილები ჩაბარდა მამას - დ. ვ-ას 2018 წლის 27 იანვარს (ტ.7, ს.ფ 143-144, 145-146). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მიერ 2018 წლის 30 იანვარს წარედგინა წერილობითი პოზიციები სს „ზ...ის“ განცხადებასთან დაკავშირებით (ტ.7, ს.ფ 185, 206). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში დ. ვ-ასა და ც. ქ-ას შორის 2004 წლის 19 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი ნაცვლად 1-2240-ისა მიეთითა 1-2249. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას მისამართზე ზუგდიდი, ... №2 და ჩაბარდა დედას - მ. შ-ას 2023 წლის 11 აგვისტოს (ტ.8, ს.ფ 48-49, 50-51).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ ისინი მიწვეულნი არ ყოფილან საქმის განხილვაზე. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას პირადად ჩაბარდათ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის ასლი, ასევე სასამართლო უწყება სხდომის დანიშვნის შესახებ. ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა შესაგებელი, რომელიც ხელმოწერილია მათ მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება გაეგზავნა ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას საქმეში მათ მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა მათ მამას - დ. ვ-ას. უკუგზავნილზე მითითებულია დ. ვ-ას ხელმოწერა და ჩაბარების თარიღი. დადგენილია, რომ დ. ვ-ას უარი არ განუცხადებია გზავნილების ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარებისა და ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტზე. ასეთ პირობებში ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მიერ 2024 წლის 2 დეკემბრის განცხადებაზე დართული მოწმეთა წერილობითი განმარტებები, არ წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, რომ დ. ვ-ა არ წარმოადგენდა მათი ოჯახის წევრს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ი. ვ-ასა და ნ. ვ-ასათვის ჩაბარებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით (თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია)) საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა, მათ შორის, ნ. ვ-ასა და ი. ვ-ას მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ-ას, ა. ბ-ას, ი. ვ-ას, ნ. ვ-ას, ზ. ჭ-ას, მ. მ-ას, თ. ხ-ას, რ. დ-ის, ლ. ჭ-ას, თ. ქ-ას, ზ. გ-ას, დ. კ-ას, ზ. ბ-ას, შპს „ე... მ. ლ-ას, მ. ხ-ას, კ. ჯ-ას, ი. წ-ას, ზუ. გ-ას, ი. რ-ას, კ. წ-ას, ან. ბ-ას, ვ. ფ-ას, გ. თ-ას და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტები და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის ხელმოწერილი მათ მიერ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ საპროცესო დოკუმენტებსა და ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ხელმოწერა მათ მიერ არ არის შესრულებული, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, ფაქტობრივად დოკუმენტების სიყალბეზე მითითებას გულისხმობს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება კი, კერძო საჩივრის ავტორების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე დაუსაბუთებელია შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. შესაბამისად, ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ვ-ასა და ნ. ვ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა