საქმე “ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18156/05
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მესამე სექცია

საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ”

(განაცხადი №18156/05)

განჩინება

(სამართლიანი დაკმაყოფილებ ა )

 

სტრასბურგი

 

2012 წლის 29 მაისი

 

საბოლოო გახდა

29/08/2012

 

წინამდებარე განჩინება შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.

საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ჯოზეფ კასადევალი, თავმჯდომარე,

კორნელიუ ბირსანი,

ალვინა გულუმიანი,

ეგბერტ მაიერი,

იან სიკუტა,

ინეტა ზიემელე,

ნონა წოწორია,

კრისტინა პარდალოსი, მოსამართლეები

და სანტიაგო კესადა, სექციის განმწესრიგებელი

2012 წლის 10 მაისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ, გამოიტანა შემდეგი განჩინება:

 

პროცედურა

1. საქმის საფუძველია სასამართლოში რუსეთის მოქალაქის, -ნი სულხან ჭიჭინაძის („განმცხადებელი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2005 წ ლის 12 აპრილს, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადი (№8252/08).

2. 2010 წლის 27 მაისის განჩინებით („ძირითადი განჩინება“), სასამართლომ გადაწყვიტა განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა (მუხლი 29§1). მან დაადგინა, რომ 2004 წლის 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო და აღსრულებადი გადაწყვეტილების დაუსაბუთებელი გაუქმებით, რაც გულისხმობდა განმცხადებლის საკუთრების უფლების დადგენას უძრავ ქონებაზე, დაირღვა განმცხადებლის კონვენციის 6§1 და პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული უფლებები (იხ. ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ, № 18156/05, §§ 53-60, 2010 წლის 27 მაისი).

3. ძირითად განჩინებაში სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება განმცხადებლისთვის მიყენებულ მორალურ ზიანთან მიმართებაში და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების შესახებ. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ განსაკუთრებულ შემთხვევაში, კონვენციის 41 -ე მუხლის გამოყენება ჯერ ვერ მოხდებოდა, მან დაიტოვა აღნიშნული მუხლის შემდგომი გამოყენების უფლება და მხარეებს სთხოვა, კონვენციის 44§2 მუხლის შესაბამისად, განჩინების ძალაში შესვლის დღიდან ექვსი თვის ვადაში, წარედგინათ წერილობითი შენიშვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლოსთვის ეცნობებინათ ინფორმაცია მათ მიერ მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების შესახებ (ibid. §69 და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).

4. განმცხადებლებმა და მთავრობამ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები.

 

სამართალი

5. კონვენციის 41 -ე მუხლის თანახმად:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“.

 

ა. მატერიალური ზიანი

1. მხარეთა არგუმენტები

6. მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო, აღედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებამდე არსებული მდგომარეობა. კერძოდ, განმცხადებლის საკუთრების უფლება ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 54-ში მდებარე სახლის ნაწილზე („მაზნიაშვილის ქონება“), როგორც ეს დადგენილი იყო აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაძლოა დარეგისტრირებულიყო მიწის რეესტრში. თუმცა მთავრობამ გაიმეორა სასამართლოს წინაშე უკვე დაყენებული პირობა, რომ განმცხადებელს შიდა სასამართლოში უნდა შეეტანა ახალი სარჩელი ქონების დაბრუნების მიზნით და დალოდებოდა პოტენციურად დადებით შედეგს (იხ. ჭიჭინაძე, ხსენებული ზემოთ, §67). მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებლის მოთხოვნა არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, მთავრობა განიხილავდა სამაგიერო კომპენსაციის მიკუთვნების შესაძლებლობას. თუმცა მას განმცხადებლისთვის არ უცნობებია მსგავსი კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა.

7. განმცხადებელმა უპასუხა, რომ ის არ იყო ვალდებული, მიეღო დამატებითი სამართლებრივი ზომები კონვენციის 41 -ე მუხლის მიზნებისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, მან უპირატესობა მიანიჭა ფულად კომპენსაციას, აღნიშნა რა, რომ მაზნიაშვილის ქონებამ განიცადა ღირებულების შემცირება მის სახურავზე მე-2 სართულის უნებართვო დაშენების გამო, რომელიც სახელმწიფოს ან კერძო პირის მიერ განხორციელდა – ეს უკანასკნელი საკითხი არ იყო ნათლად განმარტებული მის კომენტარებში. განმცხადებელმა დაამატა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა მაზნიაშვილის ქონების დაბრუნებას , თუ მთავრობა გამოხატავდა თანხმობას უკანონო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, მან დაჟინებით მოითხოვა ადეკვატური კომპენსაციის მიღება, რომელიც მაზნიაშვილის ქუჩის 54-ში მდებარე ორსართულიანი სახლის მთლიან ღირებულებას შეესაბამებოდა. მან სასამართლოს სთხოვა აღნიშნული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა.

 

2. სასამართლოს შეფასება

8. სასამართლო შეახსნებს, რომ ძირითად განჩინებაში, როდესაც მან მხარეებს სთხოვა, მიეღწიათ შეთანხმებისთვის ფულადი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, მათ ასევე ურჩია, რომ დარღვევის გამოსწორების ყველაზე შესაფერისი ფორმა იქნებოდა განმცხადებლისთვის მისი საკუთრების უფლების დაბრუნება მაზნიაშვილის ქონებაზე, როგორც ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი (იხ. ჭიჭინაძე, ხსნებული ზემოთ, §69). ალტერნატივის სახით, თუკი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, სასამართლომ განაცხადა, რომ განმცხადებლის მატერიალური მოთხოვნა შეიძლება ასევე დაკმაყოფილებულიყო შესაფერისი კომპენსაციის მიკუთვნებით, ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დაკარგვის გამო.

9. მხარეთა მიერ წარდგენილი ბოლო კომენტარების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის არგუმენტი , განმცხადებლის მიერ, ქონების დაბრუნების მიზნით, ახალი სარჩელის შეტანის შესახებ, ძირითად განჩინებაში უკვე იქნა განხილული და უარყოფილი, როგორც შეუსაბამო. რეალურად, საქმე ეხება მტკიცედ დამკვიდრებულ პრინციპს, რომ განცხადებლები არ უნდა იყვნენ ვალდებულნი, ხელახლა ამოწურონ მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებები კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების დაკმაყოფილების მიზნით (იხ. ზემოხსენებული ჭიჭინაძე, §68 სხვა მითითებებთან ერთად). თუმცა ამ საკითხზე განმცხადებლის პოზიციის, აგრეთვე საქმის სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ restitutio in integrum-ის ნაცვლად, უფრო შესაფერისი მოქმედება იქნებოდა განმცხადებლისთვის ადეკვატური კომპენსაციის მიკუთვნება.

10. სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის მოლოდინი, მოეპოვებინა სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მე-2 სართულის უკანონო დაშენებით გამოწვეული მისი ქონების ღირებულების შემცირების გამო, საფუძველს მოკლებულია. კერძოდ, როგორც ბათუმის მიწის რეესტრიდან მიღებული ჩანაწერებითა და საკადასტრო რუკით დასტურდება, მაზნიაშვილის 54-ში მდებარე სახლი წარმოადგენდა ორსართულიან შენობას შესაბამის ნაწილზე განმცხადებლის საკუთრების უფლების დადგენის მომენტში; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული ნაწილი მოიცავდა 68 მ2-ს და მდებარეობდა 1-ლ სართულზე. შესაბამისად, არ შეიძლება იყოს რაიმე კავშირი სავარაუდო უკანონო სამშენებლო სამუშაოებსა და ზემოხსენებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებულ გაუქმებას შორის, ეს უკანასკნელი ფაქტი, წინამდებარე საქმეში, კონვენციის შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს შეერაცხება.

11. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებელს უნდა მიეკუთვნოს თანხა, რომელიც შეესაბამება მაზნიაშვილის ქონების დადგენილ – 68 მ2-ის ღირებულებას, როგორც ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის საკუთრების უფლების განსაზღვრის მომენტში დადგინდა. ხელმძღვანელობს რა სამართლიანობის პრინციპით და მხედველობაშჲ იღებს რა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ფასებთან დაკავშირებით (იხ. Străin and Others v. Romania, no. 57001/00, § 81, ECHR 2005 VII), სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ღირებულება შეადგენს 34 000 ევროს.

 

ბ. საურავი

12. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად

 

ადგენს , რომ

 

(ა) მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44§2 მუხლის შესაბამისად, განჩინების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 34 000 ევრო (ოცდათოთხმეტი ათასი ევრო) მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, აგრეთვე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული;

(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.

შესრულებულია ინგლისურად და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2012 წლის 29 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§§ 2 და 3) მუხლის შესაბამისად.

 

სანტიაგო კესადა                                         ჯოზეფ კასადევალი

სექციის განმწესრიგებელი                                თავმჯდომარე