განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-872(გ-26) 5 აგვისტო, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - შპს „ ...“, შპს „ს...“, შპს „სა...“
მოპასუხე - ა(ა)იპ ...
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...“, შპს „ს...“ და შპს „სა...“ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ ...-ს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ...-ს პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველი სპეციალური კომისიის 2026 წლის 18 მაისის №21 ოქმი, შპს „...-თან“ ხელშეკრულების ... შეწყვეტისა და სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის გამოთხოვის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ...-ს პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველი სპეციალური კომისიის 2026 წლის 21 აპრილის №16 ოქმი, შპს „ს...-თან“ ხელშეკრულების ... შეწყვეტისა და სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის გამოთხოვის ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ...-ს პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველი სპეციალური კომისიის 2026 წლის 21 აპრილის №16 ოქმი, შპს „სა...-თან“ ხელშეკრულების ... შეწყვეტისა და სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის გამოთხოვის ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ...-ს 2026 წლის 10 ივნისის №1/2170 გადაწყვეტილება შპს „...-თან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; ე) ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ...-ს 2026 წლის 1 ივნისის №1/2058 გადაწყვეტილება შპს „ს...-თან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ...-ს 2026 წლის 29 მაისის №1/2043 გადაწყვეტილება შპს „სა...-თან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 24 ივლისის განჩინებით შპს „...-ის“, შპს „ს...-ის“ და შპს „სა...-ის“ სარჩელი მოპასუხე - ააიპ ...-ს მიმართ, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებები შეწყვეტილია, თუმცა მოცემული დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს და განსჯადობის საკითხიც ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ააიპ ...-ს 2026 წლის 10 ივნისის №1/2170 გადაწყვეტილებით შპს „...-თან“ ხელშეკრულება შეწყდა, ასევე ააიპ ...-ს 2026 წლის 1 ივნისის №1/2058 გადაწყვეტილებით შპს „ს...-თან“, ხოლო და ააიპ ...-ს 2026 წლის 29 მაისის №1/2043 გადაწყვეტილებით შპს „სა...-თან“ შეწყდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებები ეხებოდა სახელმწიფო პროგრამის „...ის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენებას, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ჯიშის ხეხილის მოშენებას, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადგილზე სააგენტოს საველე ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულებების ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენების მიზნით დარგული ნერგები გამხმარი იყო, რის საფუძველზეც შეწყდა ხელშეკრულებები. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ხელშეკრულებების შესრულების ადგილს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „...-ის“, შპს „ს...-ის“ და შპს „სა...-ის“ სარჩელი ააიპ ...-ს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს ააიპ ...-ს პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველი სპეციალური კომისიის 2026 წლის 18 მაისის №21 ოქმის (შპს „...-თან“ ხელშეკრულების ... შეწყვეტისა და სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის გამოთხოვის ნაწილში), 2026 წლის 21 აპრილის №16 ოქმის (შპს „ს...-თან“ ხელშეკრულების ... შეწყვეტისა და სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის გამოთხოვის ნაწილში), 2026 წლის 21 აპრილის №16 ოქმის (შპს „სა...-თან“ ხელშეკრულების ... შეწყვეტისა და სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის გამოთხოვის ნაწილში), ააიპ ...-ს 2026 წლის 10 ივნისის №1/2170, 1 ივნისის №1/2058 და 2026 წლის 29 მაისის №1/2043 ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ე. ი. სადავო არ არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ერთადერთი საფუძველს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განჩინებით მიიჩნია რუსთავის საქალაქო სასამართლო განსჯად სასამართლოდ, წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების ადგილი, თუმცა დავის საგანს არც ეს უკანასკნელი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ააიპ ...-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის შესწავლა. ააიპ ... მდებარეობს ქ. თბილისი, ...ის ქ. №... ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოპასუხის ადგილსამყოფელია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა განსაკუთრებული განსჯადობის მიხედვით, კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, ასევე, არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (ხელშეკრულების შეწყვეტა) ბათილად ცნობას და არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რადგან უკეთუ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო პალატის შესაფასებელია მხოლოდ ტერიტორიული განსჯადობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სსკ-ის 16-191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების შესრულების ადგილით, რომლის შესრულების მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტულად (ნორმატიულად ან მხარეთა შეთანხმებით) ან დარჩეს განუსაზღვრელი. უკანასკნელ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების კონკრეტული ადგილი ხელშეკრულებით ან ნორმატიულად არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულების ბუნებიდან იკვეთება აშკარად. ასეთ შემთხვევაში შესრულების ადგილის დადგენა ხელშეკრულების მხარეთა ნების ახსნა-განმარტების გზით ხდება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება შესასრულებელი ვალდებულების ბუნება, მსგავს ურთიერთობებში დამკვიდრებული წესები, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და სხვ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) შპს „...-სა“ და ა(ა)იპ ...ას შორის 2025 წლის 17 მარტს დაიდო ხელშეკრულება ... ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის დანართი №1-ით გათვალისწინებული ბაღის გასაშენებლად საჭირო ფულადი სახსრების საერთო მოცულობის ნაწილის - 150 000 ლარის თანადაფინანსება ფულადი დახმარების სახით, ხელშეკრულებითა და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტით განისაზღვრა ბენეფიციარის ვალდებულება დანართი №1-ით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველეყო დანართი №1-ით გათვალისწინებული ოდენობით ნერგების გაშენება ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დანართი №1-ში მითითებულ მიწის ნაკვეთზე და შესაბამის ფართობზე. ამავე ხელშეკრულების დანართი №1-ში მითითებულია ინფორმაცია გასაშენებელი კულტურის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის შესახებ: ს/კ..., გარდაბანი, სოფ.... (ს.ფ 24-35). ა(ა)იპ ...-ს პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველმა სპეციალურმა კომისიამ (ოქმი №21, 18.05.26) განიხილა სახელმწიფო პროგრამის „...“ ბენეფიციართან შპს „...-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების საკითხი და გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადგილზე სააგენტოს საველე ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენების მიზნით დარგული ნერგების 80% გამხმარია, შეწყვეტილიყო ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება. ვინაიდან ბენეფიციარს ანალოგიური მიზნობრიობით აღებული ჰქონდა შეღავათიანი აგროკრედიტი, შეწყვეტილიყო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხზე სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა - 99180.82 ლარი გამოთხოვილი ყოფილიყო სააგენტოს სასარგებლოდ წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ს.ფ 63); ბ) შპს „ს...-სა“ და ა(ა)იპ ...-ს შორის 2025 წლის 3 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ... ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის დანართი №1-ით გათვალისწინებული ბაღის გასაშენებლად საჭირო ფულადი სახსრების საერთო მოცულობის ნაწილის - 150 000 ლარის თანადაფინანსება ფულადი დახმარების სახით, ხელშეკრულებითა და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტით განისაზღვრა ბენეფიციარის ვალდებულება დანართი №1-ით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველეყო დანართი №1-ით გათვალისწინებული ოდენობით ნერგების გაშენება ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დანართი №1-ში მითითებულ მიწის ნაკვეთზე და შესაბამის ფართობზე. ამავე ხელშეკრულების დანართი №1-ში მითითებულია ინფორმაცია გასაშენებელი კულტურის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის შესახებ: ს/კ..., გარდაბანი, სოფ ... (ს.ფ 76-87). ა(ა)იპ ...ს- პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველმა სპეციალურმა კომისიამ (ოქმი №16, 21.04.26) განიხილა სახელმწიფო პროგრამის „...“ ბენეფიციართან შპს „ს...-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების საკითხი და გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ბენეფიციარს ხელშეკრულების ფარგლებში მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენების მიზნით უნდა დაერგო 29622 ნერგი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადგილზე სააგენტოს საველე ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტიურად დარგულია 25000 ნერგი, საიდანაც 80% გამხმარია, შეწყვეტილიყო ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება. ვინაიდან ბენეფიციარს ანალოგიური მიზნობრიობით აღებული ჰქონდა შეღავათიანი აგროკრედიტი, შეწყვეტილიყო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხზე სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა - 87264.68 ლარი გამოთხოვილი ყოფილიყო სააგენტოს სასარგებლოდ წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ს.ფ 124); გ) შპს „სა...-სა“ და ა(ა)იპ ...-ს შორის 2025 წლის 3 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ... ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის დანართი №1-ით გათვალისწინებული ბაღის გასაშენებლად საჭირო ფულადი სახსრების საერთო მოცულობის ნაწილის - 30000 ლარის თანადაფინანსება ფულადი დახმარების სახით, ხელშეკრულებითა და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტით განისაზღვრა ბენეფიციარის ვალდებულება დანართი №1-ით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველეყო დანართი №1-ით გათვალისწინებული ოდენობით ნერგების გაშენება ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დანართი №1-ში მითითებულ მიწის ნაკვეთზე და შესაბამის ფართობზე. ამავე ხელშეკრულების დანართი №1-ში მითითებულია ინფორმაცია გასაშენებელი კულტურის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის შესახებ: ს/კ..., გარდაბანი, სოფ.... (ს.ფ 137-148). ა(ა)იპ ...-ს პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველმა სპეციალურმა კომისიამ (ოქმი №16, 21.04.26) განიხილა სახელმწიფო პროგრამის „...“ ბენეფიციართან შპს „სა...-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების საკითხი და გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ბენეფიციარს ხელშეკრულების ფარგლებში მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენების მიზნით უნდა დაერგო 9680 ნერგი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადგილზე სააგენტოს საველე ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტიურად დარგულია 8300 ნერგი, საიდანაც 80% გამხმარია, შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. ვინაიდან ბენეფიციარს ხელშეკრულების ფარგლებში მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენების მიზნით უნდა დაერგო 4647 ნერგი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ადგილზე სააგენტოს საველე ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტიურად დარგულია 3300 ნერგი, საიდანაც 80% გამხმარია და წვეთოვანი სარწყავი სისტემა ნაცვლად 3ჰა ფართობისა მოწყობილია 2ჰა ფართობზე, შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. ვინაიდან ბენეფიციარს ანალოგიური მიზნობრიობით აღებული ჰქონდა შეღავათიანი აგროკრედიტი, შეწყვეტილიყო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხზე სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა - 47868.15 ლარი გამოთხოვილი ყოფილიყო სააგენტოს სასარგებლოდ წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ს.ფ 179).
საგულისხმოა, რომ მოსარჩელეები გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას მოითხოვენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ ვადაში, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა უკანონოა. თავის მხრივ, გასაჩივრებულ აქტებს სწორედ მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულება დაედო საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის გათვალისწინებით ურთიერთობა წარმოშობილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან და განსჯადობის საკითხიც ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ცალსახად დგინდება, რომ ნაკვეთები, რომლებზეც მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ბაღების (ნერგების) გაშენება ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობა, მდებარეობს გარდაბანში, სოფელ ...ში. შესაბამისად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებების შესრულების ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ გარდაბანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...-ის“, შპს „ს...-ის“, შპს „სა...-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“, შპს „ს...-ის“, შპს „სა...-ის“ სარჩელი ა(ა)იპ ...-ს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. უბილავა