დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-107-547-06 10 მარტი, 2006 წ ას-107-547-06 10 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
განიხილა ნ. ნ-ძის რწმუნებულ ზ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე, ნ. ნ-ძის რწმუნებულ ზ. ი-შვილის განცხადების გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების 1919წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ნ-ძის რწმუნებულმა ზ. ი-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების 1999წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 30 აგვისტოს განჩინებით ნ. ნ-ძის რწმუნებულის ზ. ი-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-ძის რწმუნებულმა ზ. ი-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინების გამოტანისას დაირღვა მოქმედი სამოქალაქო და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებით ნ. ნ-ძის რწმუნებულ ზ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 აგვისტოს განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ზ-იას ასული ა-რის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი უძრავი და მოძრავი ქონების მემკვიდრეობის უფლებებში დამტკიცდა მისი ვაჟი - ა. ა-არი და ქალიშვლები - ა. ნ. ასული ნ-ძე და ტ. ჯ-შვილი თანასწორ უფლებებში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნებიერიძის მიერ გაშვებულ იქნა სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენის ვადა, რის გამოც მასზე არ შეიძლება გავრცელდეს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მოქმედება და ამავე კანონის მეოცე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მასზე არ შეიძლება გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ნ-ძის რწმუნებულმა ზ. ი-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ძის რწმუნებულ ზ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ იგი აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ძის რწმუნებულ ზ. ი-შვილის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 30 აგვისტოს განჩინება, წარმოადგენდა კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას. სსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას და იყო კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინება.
ამდენად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 417-ე, 419-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ნ-ძის რწმუნებულ ზ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.