გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 16.05.2006
საქმის ნომერი
ას-1309-1541-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1309-1541-05 16 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელში); ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ხ-ევმა და ვ. გ-იანმა 2004წ. სექტემბერში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: გ. და თ. ჯ-იანების, ნოტარიუს ე. შ-შვილის მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ... ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინისა და ავტოსადგომის გასხვისებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გ. და თ. ჯ-იანებმა 2004წ. ოქტომბერში შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში ზ. ხ-ევასა და ვ. გ-იანის მიმართ და მოითხოვეს მათი გამოსახლება ქ.თბილისში, ..., ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზ. ხ-ევისა და გ. ჯ-იანს შორის 2004წ. 24 აგვისტოს დადებული‚ ქ.თბილისში, ... ¹1-ში მდებარე ბინის, ავტოსადგომისა და ... ტელეფონის – ნასყიდობის ხელშეკრულება; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-იანმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ხ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა გ. ჯ-იანის სარჩელი და ზ. ხ-ევის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ... ¹1-ში მდებარე ბინა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ხ-ევის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის 2006წ. 16 მაისის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ხ-ევისა და გ. ჯ-იანის წარმომადგენელ თ. ჯ-იანს შორის უნდა დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

გ. ჯ-იანი კისრულობს ვალდებულებას ქ.თბილისში, ..., მდებარე თავისი საცხოვრებელი @¹12 ბინის ნაწილი საცხოვრებლად დაუთმოს თავის ბებიას _ ზ. ხ-ევის მისი სიცოცხლის განმავლობაში, კერძოდ, გ. ჯ-იანი ზ. ხ-ევას სარგებლობაში გადასცემს მისაღებ ოთახს (ე.წ. ზალას) და 12 კვ.მ-ის ოთახს, რომელიც მისაღები ოთახისაგან განცალკევებით მდებარეობს.

დანარჩენი ორი ოთახი, რომელთა ფართობი შეადგენს 12-სა და 8 კვ. მეტრს, რჩება გ. ჯ-იანის სარგებლობაში.

საცხოვრებელი ბინის საერთო ფართით გ. ჯ-იანი და ზ. ხ-ევა ისარგებლებენ თანაბრად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად შეწყდეს საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის «დ» პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მორიგება ზ. ხ-ევასა და გ. ჯ-იანის წარმომადგენელ თ. ჯ-იანს შორის შემდეგი პირობებით:

საცხოვრებლად დაუთმოს გ. ჯ-იანმა ქ.თბილისში, ..., ბინა ¹12-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ¹12 ბინის ნაწილი თავის ბებიას _ ზ. ხ-ევს მისი სიცოცხლის განმავლობაში; გადასცეს სარგებლობაში გ. ჯ-იანმა ზ. ხ-ევს მისაღები ოთახი (ე.წ. ზალა) და 12 კვ.მ-ის ოთახი, რომელიც მისაღები ოთახისაგან განცალკევებით მდებარეობს.

გ. ჯ-იანის სარგებლობაში დარჩეს დანარჩენი ორი ოთახი, რომელთა ფართობი შეადგენს 12-სა და 8 კვ.მ-ს.

გ. ჯ-იანმა და ზ. ხ-ევმა ისარგებლონ თანაბრად საცხოვრებელი ბინის საერთო ფართით.

მხარეთა შორის მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება.

განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.