დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1321-1447-04 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: პატენტის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. თ-მ სარჩელი აღძრა შპს „.. ..ის» წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 14 მარტიდან იგი პატენტმფლობელია გამოგონებაზე: ხერხი და სისტემა ლოტოს ტიპის გათამებაში მონაწილეობის მისაღებად კავშირგაბმულობის ქსელის გამოყენებით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „.. ..ი» 2003 წლიდან კვირაში ერთხელ, შაბათს – „...ის» მეშვეობით უშვებს „.. ..ის» წამახალისებელ ლატარიას – „ჯე...ი».
აღნიშნულ თამაშში მონაწილეობის მიღება ხდება მოსარჩელე ე. თ-ის მიერ გამოგონებული და დაპატენტებული ხერხის გამოყენებით, კერძოდ: ელმილე თ-ის მიერ გამოგონებული ხერხის არსია – „შემოთავაზებული ხერხი და სისტემა, რომელიც ანიჭებს მოთამაშეს მყისიერი და მარტივი რეგისტრაციის შესაძლებლობას. თავდაპირველად მოთამაშე თავის პორტატიულ მობილურ ტერმინალზე, მაგალითად, ფიჭურ ტელეფონზე, კრეფს სპეციალურ ნომერს, რომელიც აძლევს მას რეგისტრაციის საშუალებას და თან ურთავს ციფრების კომბინაციას, რის შემდეგაც შეყვანილი ციფრების მთელ კომბინაციას აგზავნის ერთადერთ ღილაკზე ხელის დაჭერის მეშვეობით».
ასევე ე. თ-ს დაპატენტებული აქვს ლოტოს ტიპის თამაშობის 11 ხერხი, მათ შორის არის კონკრეტულად ის ხერხი, კერძოდ მე-8 (მე-6) ხერხი, რომელსაც იყენებს თავის გათამაშებაში მოპასუხე, სახელდობრ: „მოთამაშის მიერ შეყვანილი თანრიგები შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ იმ თანრიგებს, რომელიც ლოტოს ტიპის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად განკუთვნილ სპეციალურ ტელეფონის ნომერს აღნიშნავს, რომლის დროსაც სატელეფონო კომპანიის ცენტრალური ოფისის კომპიუტერული ცენტრის ანდა გათამაშების კომპიუტერის მიერ მოთამაშის ტელეფონის ნომერი ავტომატურად შეირჩევა გასათამაშებელი ციფრების სახით».
„.. ..ის» სატელევიზიო გათამაშება „ჯე...ში» მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია თამაშში მონაწილეობის მსურველი იყოს „.. ..ის» აბონენტი და ამავე დროს საჭიროა მისი ტელეფონი გათამაშების მომენტში ჩართული იყოს ორმხრივად. ასევე სავალდებულოა თამაშში მონაწილეობის მსურველის მიერ სპეციალური ტელეფონის ნომრის (10-15) აკრეფა, რის შემდეგ აღნიშნულ ტელეფონზე ავტომატურად იდენტიფიცირდება თამაშში მონაწილეობის მსურველის ტელეფონის ნომერი. შემდგომში დაფიქსირებული ნომერი მონაწილეობს გათამაშებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ირღვევა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები დაცული „საქართველოს საპატენტო კანონის» 48-ე მუხლით, კერძოდ: პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები, ასევე პატენტმფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას, სასარგებლო მოდელს, სამრეწველო ნიმუშს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესით გასცეს ლიცენზია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „.. ..ს» დაეკისროს მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და ე. თ-ის მიმართ შემოიტანა შეგებებული სარჩელი.
შპს „.. ..ი» სადაოდ ხდის ე. თ-ის პატენტუნარიანობას და მიაჩნია, რომ ე. თ-ზე გაცემული პატენტი წარმოადგენს უკანონოს და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს საპატენტო კანონის მე-16 მუხლის „დ» პუნქტის მიხედვით, გამოგონებად არ მიიჩნევა თამაშობების მეთოდები და გათამაშების წესები. მოცემული ნორმის თანახმად, ე. თ-ის მიერ 2003 წელს მიღებული პატენტი, რომლითაც მან მოიპოვა პატენტუნარიანობა ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს ჩამონათვალს იმ გამოგონებისა და სასარგებლო მოდელების შესახებ, რომელიც არ მიიჩნევა გამოგონებად, მათ შორის მითითებულია თამაშობებსა და გათამაშების წესებზე. ე. თ-ეზე გაცემული პატენტი, დასათაურებითა და გამოგონებაზე პატენტის აღწერილობით, პირდაპირ მიანიშნებს ლოტოს ტიპის გათამაშების ხერხისა და სისტემის გამოყენებაზე კავშირგაბმულობის ქსელის მეშვეობით.
„საპატენტო კანონის « 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას როგორც თავდაპირველ, ისე შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარემ კი სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს „.. ..ი» 2003 წლიდან კვირაში ერთხელ შაბათს, „...-ის» მეშვეობით, უშვებს „.. ..ის» წამახალისებელ ლატარიას – „ჯე...ი».
მოსარჩელემ წარმოადგინა პატენტი ¹P3064 გამოგონებაზე – ხერხი და სისტემა ლოტოს ტიპის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად კავშირგაბმულობის ქსელის გამოყენებით, რასაც თან ერთვის გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა, მაგრამ მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა გათამაშების ის წესები, რასაც შპს „.. ..ი» იყენებს.
კოლეგიამ მიიჩნია, რომ „.. ..ის» მიერ საპატენტო კანონის 70-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა დასაბუთებული არ არის.
მიუღებელი შემოსავლის სახით 1000 ლარის მოთხოვნა ეფუძნება ტელეკომპანია „იმედთან» გასაფორმებელ ხელშეკრულებას, რომლის ფასიც მოსარჩელე მხარის განმარტებით, 1000 ლარი იყო და, რომლის დადებაც ჩაშალა მოპასუხის მოქმედებამ, ეს მაშინ, როცა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი და სასარჩელო მოთხოვნის გაანგარიშება, რის გამოც სსკ 411-ე მუხლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში კოლეგიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
კოლეგიამ მიიჩნია, რომ ე.თ-ს პატენტი მიღებული აქვს არა ლოტოს თამაშის წესების შექმნისათვის, როგორც ეს შპს „.. ..ის» მხარეს მიაჩნია, არამედ თამაშობების 11 ხერხის გამოგონების გამო, სწორედ ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება საპატენტო კანონის მე-16 მუხლის „დ» პუნქტისა და 57-ე მუხლის I პუნქტის „ა» ქვეპუნქტის მოთხოვნები პატენტის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა შპს „.. ..მა».
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საპატენტო კანონის მე-16 მუხლის „დ» პუნქტი, რომლის თანახმად, გამოგონებად არ მიიჩნევა თამაშობების მეთოდები და გათამაშების წესები. ე. თ-ზე გაცემული პატენტი დასათაურებითა და გამოგონებით პატენტის აღწერილობით პირდაპირ მიანიშნებს ლოტოს ტიპის გათამაშების წესსა და სისტემის გამოგონებაზე კავშირგაბმულობის ქსელის მეშვეობით, მაშინ, როცა საპატენტო კანონის მე-16 მუხლის „დ» ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ თამაშობების და გათამაშების წესები გამოგონებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გათამაშების წესები და თამაშობების მეთოდები დაპატენტებას არ ექვემდებარება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია პატენტის გაუქმება. მოსარჩელე ე. თ-ზე გაცემული პატენტის გაუქმების საფუძვლად მიუთითებს საპატენტო კანონის» მე-16 მუხლის „დ» ქვეპუნქტზე და 57-ე მუხლის „ა» ქვეპუნქტზე.
პალატა მიუთითებს, რომ პატენტი არის სახელმწიფო უწყების მიერ განაცხადის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოგონებას. გამოგონება ნიშნავს ტექნიკურ სფეროში სპეციალური პრობლემის გადაწყვეტას. გამოგონებას რომ ჰქონდეს უფლება პატენტით დაცვაზე, ის უნდა მიეკუთვნებოდეს პატენტუნარიან ობიექტთა რიცხვს. პატენტუნარიან ობიექტთა ნუსხა დადგენილია „საპატენტო კანონით», კერძოდ, მე-16 მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი თუ რა არ მიიჩნევა გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად. მითითებული ნორმის „დ» ქვეპუნქტი გამორიცხავს პატენტუნარიანი ობიექტიდან აღზრდის, სწავლების მეთოდებისა და სისტემის, ენის გრამატიკული სისტემის, აგრეთვე, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდებსა და თამაშობების, გათამაშების წესებს.
დადგენილია, რომ „საქპატენტმა» პატენტი ¹P3064 გასცა თამაშობაში მონაწილეობის ხერხის გამოგონების გამო. ხერხი _ პატენტუნარიანი ობიექტია, რადგან იგი მე-16 მუხლით გამორიცხული არ არის პატენტუნარიანი ობიექტებიდან. ლოტოს გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ხერხი რომ პატენტუნარიანია, აღნიშნულის თაობაზე მითითებულია გამოგონებაზე პატენტის აღწერილობაში (იხ. ს.ფ. 6-23), სადაც მითითებულია იმ საერთაშორისო პატენტებზე, რომლებიც დაპატენტებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა. პატენტის აღწერილობაში მითითებულია ე. თ-ის გამოგონების სიახლეზე უკვე გაცემულ პატენტთან მიმართებაში.
ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე.თ-ის გამოგონება არ არის პატენტუნარიანი. ამასთან, მოსარჩელე არ მიუთითებდა პატენტის გაუქმების ისეთ საფუძველზე, როგორიცაა მხოლოდ სამრეწველო გამოუყენებლობადობა, ასევე დაპატენტებული გამოგონება წარმოადგენს თუ არა სიახლეს და ა.შ.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა „საპატენტო კანონის» 16-ე მუხლის „დ» ქვეპუნქტი და 57-ე მუხლის „ა» ქვეპუნქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „.. ..ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.