გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-140-474-05 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გზით სარგებლობის უფლების ხელყოფის აკრძალვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. რ-ემ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. რ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს აეკრძალვოდა მისთვის გზით სარგებლობის უფლების ხელყოფა სკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, რ. რ-ემ თვითნებურად ჩაუკეტა ამ უკანასკნელს ეზოს ზოლზე გამავალი გზა, რომლითაც მ. რ-ე უკავშიდებოდა თავის კუთვნილ საყანე მიწის ნაკვეთს, რომელიც რ.რ-ის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს;
მოპასუხე რ. რ-ემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო გზა არის საცალფეხო, მდებარეობს მის ნაკვეთში, სადავო გზა არ წარმოადგენს აუცილებელ გზას მოსარჩელისათვის, ვინაიდან მ. რ-ე თავისივე ნაკვეთებში არსებული საცალფეხო გზით უკავშირდება როგორც ცენტრალურ, ისე _ საუბნო გზას;
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვს გზის გახსნას და მისით სარგებლობის უფლებას მიზომილი აქვს მოპასუხე რ. რ-ეს საკუთრებაში და წარმოადგენს მის კერძო საკუთრებას. ამასთან, მ. რ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან და მას სადავო ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზის საჭიროება არ წარმოეშობა; ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება _ რ. რ-ეს დაევალა მის მიერ ჩაკეტილი საცალფეხო გზის გახსნა და აეკრძალა ამ გზით მ. რ-ის სარგებლობის ხელყოფა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე რ.რ-ემ სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ სადავო გზა გადის მის საკუთრებაში მყოფ მიწაზე; სასამართლომ აღნიშნული დასკვნის საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხეს საერთოდ არ გააჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო რაიონული სასამართლოს მიერ ნახსენები რ.რ-ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც გადის სადავო გზა, მითითებული არ არის, ხოლო თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2003წ. 1 ნოემბრის ¹358-ე წერილი საქმეში საერთოდ არ მოიპოვება სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს საადგილმამულო დავების მთვარი სპეციალისტის დასკვნას, რომლის თანახმად, სადავო ტერიტორია სახელმწიფო მიწის ფონდში შედის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. რ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად ჩათვალა რომ რ. რ-ეს არ გააჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, მაშინ, როცა არსებობს თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1996წ. 23 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹276, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. სადავო საცალფეხო გზა ჯერ კიდევ პრივატიზაციამდე შედიოდა კასატორის მიწის ფართობში და შემდეგ გამოცხადდა მის საკუთრებად; სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა თერჯოლის რ-ნში ჯერჯერობით დამთავრებული არ არის. თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2003წ. 1 ნოემბრის ¹358-ე წერილი კასატორის მიერ წარდგენილი იქნა რაიონული ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნული საცალფეხო გზა არ წარმოადგენს მ.რ-ისათვის აუცილებელ გზას, ვინაიდან მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს გააჩნია როგორც ცენტრალურ სამანქანო გზასთან, ასევე, სოფლის საუბნო გზასთან დამაკავშირებელი გზა; სასამართლომ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, თერჯოლის რაიონის საკრებულოსა და მიწის მართვის სამმართველოს წერილები, ადგილზე დათვალიერების მასალები;
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რ.რ-ის საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის მასალებში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;
მოსარჩელე მ. რ-ე მოითხოვს მოპასუხე რ. რ-ის მიერ თვითნებურად ჩაკეტილი გზის გახსნას და აუცილებელი გზის უფლების მინიჭებას; მოსარჩელის განმარტებით სადავო გზის მონაკვეთი, რომლითაც იგი უმოკლესი გზით უკავშირდება მისივე მიწის ნაკვეთს, წლების მანძილზე საერთო სარგებლობის გზა იყო. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის რ. რ-ის საკუთრებაში, არ არის პრივატიზებული და სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.
მოპასუხე რ. რ-ე თვლის, რომ სადავო გზის მონაკვეთი მასზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწის ნაწილია და მოსარჩელეს არ სჭირდება აუცილებელი გზის უფლების მოთხოვნა სადავო ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს რ. რ-ეს უნდა დაედასტურებინა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების ფაქტი, რაც მან სასამართლოს აზრით ვერ დაადასტურა. მოპასუხეს საერთოდ არ გააჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო რ. რ-ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მიწის ის მონაკვეთი, რომელზეც გადის სადავო გზა, მითითებული არ არის. ამასთან, რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულების სახით მითითებული თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2003წ. 1 ნოემბრის ¹358-ე წერილი საქმეში საერთოდ არ მოიპოვება;
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2003წ. 1 ნოემბრის ¹358-ე წერილი მოთავსებულია საქმის მასალების მე-20 გვერზე; მართალია, რ. რ-ის მიერ მიწის ნაკვეთის საკუთრების (სარეგისტრაციო) მოწმობა საქმეში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ აღნიშნული არ აძლევდა სასამართლოს საფუძველს ეჭვქვეშ დაეყენებინა რ. რ-ის მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისა და საკუთრების ფაქტი საქმის მასალებში მოცემული მიღება-ჩაბარების აქტის ფარგლებში; მოსარჩელე მხარე ამ საკითხს სადაოდ არ ხდის. სხვა საკითხია შედის თუ არა სადაო გზა რ. რ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში. ანუ მოიცავს თუ არა რ. რ-ის სახელზე გაცეული მიწის ნაკვეთის მღიება-ჩაბარების აქტი სადაო გზის მონაკვეთს. სასამართლომ როგორც ზემოთ მივუთითეთ აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მიწის ის მონაკვეთი, რომელზეც გადის სადავო გზა მითითებული არ არის, მაშინ როცა საქმეში მოთავსებულ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მეორე გვერზე მითითებულია „საცალფეხო გზა“, რაც სასამართლოს არ შეუფასებია და არც აღუნიშნავს, რას ეფუძნება მის მიერ ზემოთმითითებული მოსაზრება მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებაში;
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს; აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაადასტუროს, რომ სადავო გზა არ არის პრივატიზებული და მან უნდა ისარგებლოს მოპასუხესთან ერთად ამ გზით, როგორც აუცილებელი გზით; მოსარჩელის პოზიციის დამადასტურებლად სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ერთადერთ მტკიცებულებას თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს საადგილმამულო დავების მთავარი სპეციალისტის 1997წ. აგვისტოს წერილს ეყრდნობა, რაც ამ ფაქტის დასადასტურებლად არასაკმარისია, ვინაიდან საქმეში არსებობს მოგვიანებით გაცემული საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს კრიტიკულად უნდა შეეფასებინა.
ვინაიდან, საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა პალატა არა უფლებამოსილი თვით მიიღოს გადაწყვეტილება; სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მითითებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული განხილვის შემდეგ უნდა მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს.
განჩინება სააბოლოოა და არ გასაჩივრდება.