დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 29.05.2006
საქმის ნომერი
ას-160-584-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-160-584-06 29 მაისი, 2006 წ ¹ ას-160-584-06 29 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე დავის საგანი: პირის გარდაცვალებულად გამოცხადება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ლ-ვამ განცხადებით მიმართა სასამართლოს მისი მეუღლის _ მ. ლ-ვას გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და შეეძინათ ორი შვილი. 1993 წლიდან მ.ლუხავა მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აფხაზეთში გამართულ ბრძოლებში, სადაც მიიღო სხეულის დაზიანებები და ჯანმრთელობის მდეგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა. 1999 წელს იგი მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ნ. ლ-ვას განმარტებით, მან მეუღლე უკანასკნელად 2000წ. 19 იანვარს მისი მეგობრის სახლში მძიმედ ავადმყოფი ნახა, რის შემდეგ მ. ლ-ვა აღარავის უნახავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ვას განცხადება დაკმაყოფილდა, მ. ლ-ვა გამოცხადდა გარდაცვლილად, მ.ლ-ვას გარდაცვალების დღედ ჩაითვალა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, მოქალაქეობრივი მდგომარების რეგისტრაციის ორგანოს დაევალა შესაბამისი ჩანაწერის განხორციელება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.ლ-ვამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა, რომ მ.ლ-ვას გარდაცვალების დღედ ცნობილიყო მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 თებერვლის განჩინებით ნ.ლ-ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამავე თარიღის სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ნ.ლ-ვამ მოითხოვა განჩინება დასაბუთების გარეშე, ვინაიდან დაეთანხმა მის შინაარსს.

2006წ. 13 თებერვალს ნ.ლ-ვამ ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი და მის გასაჩივრებაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით შეიტანა საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ვას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 თებერვლის განჩინებით ნ.ლ-ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 27 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამავე თარიღის სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ნ.ლ-ვამ მოითხოვა განჩინება დასაბუთების გარეშე, ვინაიდან დაეთანხმა მის შინაარსს.

2006წ. 13 თებერვალს ნ.ლ-ვამ ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი და მის გასაჩივრებაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით მაინც შეიტანა საკასაციო საჩივარი.

სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, კასატორმა ნ. ლ-ვამ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე წერილობით უარი განაცხადა, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ლ-ვას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ვას მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 30 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 399-ე და 370-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ლ-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.