დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-374-700-05 ას-374-700-05 1 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ც-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო დ. და ლ. შ-ების წილებს შპს „მ-ში“. სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეცა გურიის სააღსრულებო ბიუროს. მიუხედავად ამისა, მან შეიტყო, რომ დ. და ლ. შ-ებმა გაასხვისეს თავიანთი წილები ო. ბ-ეზე. მოსარჩელის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება. ც-ემ მოითხვა ლ. შ-ასა და ო. ბ-ეს შორის დადებული წილის დათმობის გარიგებათა ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი დ. და ლ. შ-ებისა და ო. ბ-ის მიმართ წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განჩინება და ყადაღისაგან გათავისუფლდა შპს „მ-ში“ დ. და ლ. შ-ას კუთვნილი დაყადაღებული წილები, ხოლო 2003წ. 12 დეკემბერს ლ. და დ. შ-ებმა თავიანთი კუთვნილი წილები დაუთმეს ო. ბ-ეს. აღნიშნული წილები გასხვისებულია ამ წილებზე სამეწარმეო რეესტრში ყადაღის მოხსნის შემდეგ. ამდენად სასამართლომ ო. ბ-ე მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება თ. ც-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია შპს „მ-ში“ შ-ების წილებზე ყადაღის მოხსნის შესახებ განჩინება კანონიერ ძალაში შესულად.
სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 1 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ წილის გასხვისების დროს შ-ების წილებს შპს „მ-ში“ ყადაღა არ ედო და არ დარღვეულა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მოთხოვნა. ყადაღა მოხსნილ იქნა სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ც-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს 2003წ. 14 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლოს არ უნდა მიეჩნია მის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი ვადაგასულად. კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა ამოეწერა სააღსრულებო ფურცელი, რადგან განჩინება ყადაღის მოხსნის თაობაზე არ იყო ძალაში შესული. კასატორი მიიჩნევს, რომ შ-ებსა და ბ-ეს შორის დადებული გარიგებები მოჩვენებითი გარიგებებია და იგი არ ისახავდა მიზნად წილის გასხვისებას. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 61-ე მუხლი. კასატორი ითხოვს სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის განჩინების გაუქმებას, 2003წ. 8 დეკემბრის განჩინების შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცელის ბათილად ცნობას და წილის დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. ც-ე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლს. აღნიშნული ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება. პირველი პუნქტის თანახმად კი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, ნებისმიერი ფორმით ქონების განკარგვის აკრძალვას. მითითებული ნორმის საფუძველზე გარიგების ბათილობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასხვისდა ყადაღადადებული ქონება. აღნიშნული გარემოება კი საქმის მასალებით არ დგინდება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2003წ. 4 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განჩინებით თ. ც-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ლ. და დ. შ-ების შპს „მ-ის“ არსებულ წილზე დადებული ყადაღა გაუქმდა იმავე სასამართლოს 2003წ. 14 ნოემბრის განჩინებით. ყადაღა მოეხსნა დ. შ-ას სახელზე შპს „მ-ში“ რიცხული 18,33%-სა და ლ. შ-ას სახელზე რიცხულ 9,17%-ს. მითითებულ პირთა წილები გასხვისდა 2003წ. 12 დეკემბერს წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე (აღნიშნული გარემოება დავას არ იწვევს). აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებას თან ერთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა ყადაღის არარსებობის თაობაზე. ასეთი სახის ცნობა წარმოდგენილია საქმის მასალებშიც. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომებზეც არ გამხდარა სადავო ის გარემოება, რომ წილის გასხვისებისას გასხვისებულ ქონებაზე ყადაღა იყო მოხსნილი. ასეთ პირობებში შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაზე გავრცელდეს “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-40 მუხლში მითითებული გარიგების ბათილობის პირობები, რადგან მითითებული ნორმის მოქმედება ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც გასხვისებულია ყადაღადადებული ქონება. აღნიშნულს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, კასატორი უთითებს, რომ სადავო გარიგება მოჩვენებითია. მითითებული საფუძვლით სარჩელი სასამართლოში დაყენებული არ ყოფილა. ამის თაობაზე საკითხი სასამართლოში არ დასმულა. ამდენად, შეუძლებელია, საკასაციო სასამართლომ მისცეს ასეთი შეფასება მითითებულ გარემოებას, როდესაც არსებითად მითითებული გარემოების შესახებ სასამართლოს არ უმსჯელია. სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია გადაწყვეტილება, ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულის თაობაზე.
რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები, მითითებული არგუმენტი ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. კერძო საჩივრის თუნდაც ვადაში შეტანის გარემოების დადასტურება ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ გასხვისებისას სადავო წილებს ყადაღა არ ედო. იმ შემთხვევაში, თუ ყადაღა მოხსნილია კანონდარღვევით, მას მოჰყვება სულ სხვა სამართლებრივი შედეგი, მაგრამ იგი არ უკავშირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” მე-40 მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.