დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-375-699-05 ას-375-699-05 23 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 6 მაისს მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჩ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 1999წ. დეკემბერში მას მიმართა მეზობელმა ე. ჩ-ემ, რომელმაც შესთავაზა მ. და ე. გ-ებისათვის 5 ტონა წითელი ღვინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება 1 ლიტრ ღვინოზე 1 ლარის გადახდის პირობით. მოსარჩელეს მათთვის ღვინო ნიმუშად უნდა გადაეცა, ხოლო მოწონების შემთხვევაში, გ-ები სარეალიზაციოდ რუსეთში წაიღებდნენ. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მ. გ-სა და ე. ჩ-ეს შორის, ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით, დაიდო სესხის ხელშეკრულება. 2000წ. 4 აპრილს მ. და ო. გ-ებმა მ.ა-ისაგან წაიღეს 800 ლიტრი ღვინო, ხოლო საფასური მოსკოვიდან ე. ჩ-სათვის უნდა გადმოეგზავნათ, რომელიც ორ კვირაში გადასცემდა მოსარჩელეს. მ.ა-ის განმარტებით, მისთვის თანხა არავის გადაუხდია. მოსარჩელემ მოითხოვა სკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, ე. ჩ-ის, როგორც შუამავლისათვის, 800 ლარის, ოთხ წელიწადში ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 1088 ლარის, ადვოკატის ხარჯების _ 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 40 ლარის დაკისრება. შემდგომში მოსარჩელემ მოთხოვნა გაზარდა 2058 ლარამდე.
ე. ჩ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. გ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლიტრი ღვინის ღირებულების, 2000წ. 20 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე მიყენებული მატრიალური ზიანის _ 816 ლარის, ადვოკატის ხარჯების _ 100 ლარის გადახდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა. მოპასუხემ მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა, ვინაიდან ერთისა და იმავე სესხის გადახდის სხვადასხვა პირებისათვის დაკისრება დაუშვებელია.
თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ე. ჩ-ეს დაეკისრა შუამავლობისათვის 272 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით ე.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატის განმარტებით, როგორც მ. ა-მა საჩივარში მიუთითა, სადავო თანხა მ.გ-ს დაეკისრა სწორედ იმ ღვინის საფასურისა და ზიანის გადასახდელად, რასაც ე. ჩ-ეს ედავება. პალატამ მიიჩნია, რომ, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ 800 ლიტრი ღვინის ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ა-მა დადო მ. გ-თან. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ა-სა და ე. ჩ-ეს შორის ღვინის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას. სკ-ის 506-ე მუხლით დადებული წერილობითი გარიგება არ არსებობს, ხოლო მოპასუხე ე. ჩ-ე მათ შორის ზეპირი გარიგების დადებას უარყოფს. შუამავლობის ნაწილში პალატამ არ იმსჯელა, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი კი დატოვებულია განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება მ. ა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, მას და ე. ჩ-ეს შორის დაიდო ზეპირი და არა წერილობითი ხელშეკრულება. ღვინო წამოიღეს რვა ოჯახიდან, რასაც ღვინის პატრონები და ე. ჩ-ე ჩვენებაში ადასტურებენ. წერილობითი ხელშეკრულება გაფორმდა ე. ჩ-ესა და მ. გ-ს შორის, რასაც ადასტურებს ნოტარიუსი ც. კ-ი და მიუთითებს ხელშეკრულებისა და ცნობის სანოტარო წიგნში გაფორმების დროსა და ნომრებზე. ზეპირი გარიგებით, ე.ი ჩ-ე ღვინოს გაატანდა თავის ნაცნობ მ. გ-ს და ფულს ე.ჩ-ე ორ კვირაში გადაიხდიდა. კასატორის განმარტებით, მ.გ-ი უცხო პიროვნება იყო და მას მხოლოდ შუამავალ ე.ი ჩაფიძის გამო ენდო. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 357-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე და 506-ე მუხლები და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 397-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან ვერ მიიღო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში ე. ჩ-ეს ფული უნდა მიეღო მესამე პირი მ.გ-გან მოსარჩელისათვის გადმოსაცემად. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა, ასევე, სკ-ის 744-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც თელავის რაიონულმა სასამართლომ ე.ჩ-ე შუამავლად მიიჩნია. მ.ა-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ე. ჩ-სათვის, როგორც შუამავლისათვის, 2028 ლარის გადახდის დაკისრება, ვინაიდან მესამე პირი მ. გ-ი გარდაცვლილია და მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. გ-ს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1765 ლარი სწორედ იმ ღვინის საფასურისა და ზიანის გადასახდელად, რასაც ე. ჩ-ეს ედავება. 800 ლიტრი ღვინის ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ა-მა დადო მ. გ-თან. მ. ა-სა და ე. ჩ-ეს შორის ღვინის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება.
კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ გარემოებებზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო რა ის გარემოება, რომ მ. ა-სა და ე. ჩ-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება არ დასტურდება, სწორად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი მ. ა-მა ე. ჩ-ის პასუხისმგებლობის დადასტურება ვერ შეძლო.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ საოლქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 397-ე მუხლი, რომლის ძალითაც მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო და 744-ე მუხლი, რომელიც შუამავლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს. როგორც გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში აღინიშნა, ე. ჩ-ის ვალდებულება, ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, არ დასტურდება, ხოლო საშუამავლო ურთიერთობა შუამავალს შუამავლობით დადებული გარიგების შესრულების ვალდებულებას არ წარმოუშობს. …………
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რაც საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
კასატორი, სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის “მ” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.