დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-458-792-05 9 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ვალის დაკისრება და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. უ-ისა და ტ. უ-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 2000წ. 17 ივლისს სესხის ხელშეკრულების თანახმად, ნ. მ-მ ასესხა მ. უ-ს 1200 აშშ დოლარი ოთხი თვის ვადით, თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 2000წ. 17 ნოემბერს.
2000წ. 24 ივლისს მ. უ-ის დედამ ტ. უ-მა საკუთარ თავზე აიღო შვილის ვალის გადახდა თავისი კუთვნილი ბინიდან, რაც დაადასტურა განცხადებით ნოტარიუს მ. გ-სთან. მოპასუხეს აღნიშნული ვალი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში რომ დაებრუნებინა, მოსარჩელე ამ თანხას ბანკში შეიტანდა და მიიღებდა სარგებელს 1156 აშშ ოდენობით. ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... წარმოადგენს, როგორც ტ. უ-ის, ასევე, მ. უ-ის საკუთრებას, რადგან ბინის მესაკუთრე გ. უ-ის გარდაცვალების შემდეგ მათ ბინის ფაქტობრივი მფლობელობით მიიღეს მემკვიდრეობა. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის ¹3 მოპასუხეთა საკუთრებად ცნობას და მის გამოყენებას ვალის უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მოპასუხეზე 1200 აშშ დოლარის, პროცენტის სახით დარიცხული 1156 აშშ დოლარის, წარმომადგენელზე გაწეული ხარჯების _ 200 ლარის ოდენობით სოლიდარულად დაკისრებასა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ-ის წარმომადგენლის _ ლ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მ. და ტ. უ-ებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნასესხები თანხის _ 1200 აშშ დოლარის, მასზედ დარიცხული პროცენტის _ 1156 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, გარდა აღნიშნულისა მათ დაეკისრათ ნ. მ-ის სასარგებლოდ წარმომადგენელზე გაწეული ხარჯები 200 ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 124 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ. აღნიშნული თანხის ამოღება მოხდა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹3 ბინის რეალიზაციის გზით. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე მოპასუხეთა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე – ბინაზე მდებარე ..., ბინა ¹3-ში, ვინაიდან სარჩელში მითითებული დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები ამ მოთხოვნას იურიდიულად ვერ ამართლებენ.
2003წ. 11 დეკემბერს ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. და ტ. უ-ების წარმომადგენელმა ლ. ც-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ტ. უ-ის ავადმყოფობით, რის შესახებაც წარმოადგინეს ცნობა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით მ. და ტ. უ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული
სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2004წ. 17 იანვარს ტ. და მ. უ-ებმა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებაზე შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და 2003წ. 21 აპრილის განჩინებით მ. და ტ. უ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა განსახილველად იმავე რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა წარმოდგენილ ცნობას ტ. უ-ის ავადმყოფობის შესახებ. ამასთან, არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება, რომ ტ. უ-ს შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზი, იმის გათვალისწინებით, რომ სხდომის დღეს, ცნობიდან გამომდინარე, მას (ტ. უ-ს) სახლში გამოძახებული ჰყავდა კარდიოლოგი.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიოუნული სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. და ტ. უ-ებს, ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ძირითადი თანხის 1200 აშშ დოლარისა და 2000წ. 17 ნოემბრიდან ვადაგადაცილებისათვის სესხზე დარიცხული 35 თვის 2%, 1056 აშშ დოლარის ოდენობით, სულ _ 2256 აშშ დოლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 17 ივლისს მ. უ-მა ნ. მ-ისაგან ოთხი თვის ვადით სარგებლის გარეშე ისესხა 1200 აშშ დოლარი. დადგენილად ცნო ისიც, რომ ტ. უ-მა მთლიანად აიღო ვალდებულება ნ.მ-ესთან მიმართებაში მ.უ-ის მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ანუ ტ.უ-ი თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად სამომავლო ვალდებულებისათვის. რაიონულმა სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 891-ე და 895-ე მუხლებზე. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ქ.თბილისში, ..., ბინა ¹3-ზე მოპასუხეთა საკუთრებაში ცნობისა და ამ ბინის რეალიზაციით თანხის დაბრუნების უზრუნველყოფას, რადგან მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ.მ-ე არ შეიძლება ჩაითვალოს ამ მოთხოვნის უფლებამოსილ პირად, რადგან მხარეთა მიერ თავის დროზე არ ყოფილა მითითება კონკრეტულ ქონებაზე, რაც თანხის დაბრუნების უზრუნველყოფის საშუალება გახდებოდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ და ტ. უ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მესამე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ტ. უ-ს დაეკისრა ნ.მ-ის სასარგებლოდ 1200 აშშ დოლარის გადახდა. მ.უ-ს დაეკისრა ნ.მ-ის სასარგებლოდ 1056 აშშ დოლარის პროცენტი _ 200 ლარი ადვოკატის მომსახურების ხარჯი და ბაჟის სახით გადახდილი 124 ლარი. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა რა სკ-ის 898-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მიიჩნია, რომ ტ. უ-ის მიერ გაცემულ თავდებობის დოკუმენტში მითითებული თანხის ზღვრული ოდენობაა 1200 აშშ დოლარი, ამიტომ, მისი პასუხიმგებლობის გავრცელება უფრო მეტ თანხაზე კანონსაწინააღმდეგოა. მიიჩნია ასევე, რომ თავდებობის დოკუმენტში არ არის აღნიშნული თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, ამიტომ ტ. უ-ისათვის მ. უ-თან ერთად (ერთდროულად) სადავო თანხის დაკისრებაც კანონსაწინააღმდეგოა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ.მ-ის მოსაზრება ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა ¹3-ის მესაკუთრედ ტ.უ-ისა და მ.უ-ის ცნობის შესახებ, რადგან ჩათვალა, რომ მესაკუთრედ ცნობისა და სასამართლოსთვის მიმართვის მოთხოვნა აქვთ ტ. და მ. უ-ებს. სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის მე-2 მუხლზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. უ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მოითხოვა დადგენილებითი ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება და თავდებობით გათვალისწინებული თანხის გადახდა დაეკისროს მხოლოდ ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 894-ე მუხლი, რითაც დაირღვა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 «ა» ქვეპუნქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ტ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თავდები _ ტ. უ-ი უარს არ ამბობს კრედიტორის დაკმაყოფილებაზე ძირითადი თანხის ნაწილში და თანახმაა ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების გატარების გარეშეც გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. საკასაციო საჩივარში კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ნ. მ-მ ასესხა 1200 აშშ დოლარი მ. უ-ს, ხოლო კასატორმა (ტ. უ-ი) იკისრა ვალდებულება და თავდებად დაუდგა კრედიტორის (ნ. მ-ე) წინაშე მესამე პირს (მ. უ-ს) ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იყო სკ-ის 894-ე მუხლი, რითაც დაირღვა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 «ა» ქვეპუნქტი.
სკ-ის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. აღნიშნული მუხლის დისპოზიციურობა გამოიხატება იმაში, რომ თავდებს შეუძლია იძულებითი აღსრულების გარეშე გადაუხადოს კრედიტორს ვალი ან შეასრულოს რაიმე სხვა ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვალდებულება. ეს დამოკიდებულია თვითონ თავდების ნებაზე. განსახილველი ნორმა ითვალისწინებს მოთხოვნის იძულებით აღსრულებას, რაც, ასევე, გათვალისწინებულია სკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. შესრულების მოთხოვნის ინსტიტუტი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს აღნიშნული სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელებას, რაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი წინადადებით. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული დანაწესი იცავს მოვალეს კრედიტორის თვითნებობისაგან. ამრიგად, მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მეშვეობით, ანუ კრედიტორს შეუძლია მოვალისაგან სასამართლოს მეშვეობით, შესრულების იძულებითი განხორციელება მოითხოვოს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რამ კრედიტორის მიერ სასარჩელო წესით სასამართლოში მოთხოვნის დაკმაყოფილების მცდელობა წარმოადგენს მოვალის მიმართ მოთხოვნის იძულებითი აღსრულების საშუალებას.
სკ-ის 894-ე მუხლი არა მარტო ანიჭებს თავდებს კრედიტორის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლებას, არამედ განსაზღვრავს ამ უფლების ფარგლებს, ანუ თავდებს აღნიშნული უფლება გააჩნია, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. მხედველობაში არის მისაღები ის მომენტი, რომლის დადგომის შემდეგ თავდები კარგავს ამ ნორმით მინიჭებული კრედიტორის დაკმაყოფილების უარის თქმის უფლებას. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მომენტი წარმოადგენს იურიდიულ ფაქტს, რომელიც ცვლის ამ ნორმაში მითითებული სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების სამართლებრივ დამოკიდებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული იურიდიული ფაქტი გულისხმობს კრედიტორის ყველა იმ მოქმედებას, რაც დაკავშირებულია ძირითად მოვალის მიმართ იძულებით აღსრულების ინსტიტუტთან, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო წესით მოთხოვნის უფლების რეალიზაციასთან.
თავისთავად კრედიტორის მიერ ამ მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავდები უარს იტყვის კრედიტორის დაკმაყოფილებაზე.
ამრიგად, განსახილველი ნორმის თანახმად თავდებს შეუძლია უარი თქვას ნორმით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე.
სააპლაციო სასამართლო ტ. უ-ის მიმართ 1200 აშშ დოლარის დაკისრების საფუძვლად მიუთითებს მის ახსნა-განმარტებაზე. კერძოდ, თავისი ახსნა-განმარტებაში ტ. უ-ი აღნიშნავს, რომ იგი თანახმაა ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც გადაუხადოს მოსარჩელეს 1200 აშშ დოლარი. კონკრეტულ შემთხვევაში, ტ. უ-მა განმარტა თავისი ნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ იგი თანახმაა, კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე დააკმაყოფიოლოს იგი 1200 აშშ დოლარით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2005წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.