გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-496-808-05 22 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,თ. თოდრია
დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ს.-მ და ს. ს.-მ 2004წ. 4 თებერვალს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ნ. ჩ.-ის მიმართ და მოითხოვეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ნ. ჩ.-ს საცხოვრებელ ბინაში შესანახად მიაბარეს სავაჭრო ნივთები, გადაუხადეს შენახვისათვის დათქმული საზღაური თითოეულმა 2 ლარის ოდენობით, 2002წ. 7 ოქტომბერს მათ ნივთები ადგილზე არ დახვდათ.მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ჩ.-ემ არაკეთილსინდისიერად შეინახა მიბარებული ნივთები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს დაეკისროს ნ.ს.-ს სასარგებლოდ 2588 ლარის და ს.ს.-ის სასარგებლოდ 3120 ლარის ანაზღაურება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ. ჩ.-ს ს. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1300 ლარის, ხოლო ნ. ს.-ს სასარგებლოდ 1120 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ.-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს.-სა და ს. ს.-ს შესანახად მიბარებული ჰქონდათ სავაჭრო საქონელი ხაშურში, ... მცხოვრებ ნ. ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში. 2002წ. 7 ოქტომბერს ღამის საათებში დაუდგენელმა პირებმა შეაღწიეს ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში და გაიტაცეს იქ შესანახად მიბარებული მოქალაქეების ნ. ს.-სა და ს. ს.-ის სავაჭრო საქონელი მამაკაცის, ქალის და ბავშვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ საქმეზე შეჩერდა წინასწარი გამოძიება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის დადგენამდე; ხოლო ნ. ს.-ა და ს. ს.-ე დაზარალებულად იქნენ ცნობილი. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით და ჩ.-ის ჩვენებით დგინდება, რომ სადავო ოთახის გასაღები, სადაც მოსარჩელეთა ნივთები იყო მოთავსებული ინახებოდა ყოველთვის მოპასუხესთან; ნივთების დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურებაზე მხარეთა შორის იყო ზეპირი შეთანხმება. სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 763-ე მუხლი, რომლის თანახმად მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. სასამართლომ ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩათვალა, რომ საქმის მასალების თანახმად ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეები შეთანხმებულები იყვნენ.
სკ-ის 361-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე როგორც შემნახველი, ვალდებული იყო ხელშეკრულება შეესრულებინა კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანი.
ნ. ჩ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება; ნ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ოთახის გასაღები ჰქონდა მოპასუხეს, რადგან გასაღები ჰქონდათ თვითონ მოსარჩელეებს, მათ კასატორისათვის საქონელი არასდროს არ ჩაუბარებიათ არც რაოდენობით და არც შეფუთულ მდგომარეობაში; მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება არ დადებულა, კასატორს მოსარჩელეთა წინაშე არავითარი ვალდებულება არ უკისრია, რის გამოც სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 763-ე მუხლი; ასევე არასწორად იქნა გამოყენებული იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი და 361-ე მუხლი, რადგან მხარეთა შორის არავითარი ვალდებულება არ არსებობდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში მოცემულია მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ნივთების დაკარგვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში მოცემულია ნ. ჩ.-ის მეუღლე მ. ჩ.-ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მიბარებულ საქონელზე პასუხისმგებლობა არ ჰქონდათ ნაკისრი. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სკ-ის 763-ე მუხლი, რომლის თანახმად მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვეაში არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, სასამართლოს თავდაპირველად უნდა გაერკვია ნ. ჩ.-მ იკისრა თუ არა მოსარჩელეთა საქონლის შენახვისა და დაცვის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ მიბარების ხელშეკრულების საგანი ნივთის (საქონლის)
შენახვისათვის მომსახურების გაწევაა, რაც შემნახველის მიერ ამ ნივთზე კონტროლის დაწესებასა (დაცვასა) და მის მოვლა-პატრონობაში გამოიხატება. მართალია ამ ხელშეკრულების ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ნიშნით, ისე გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთი, მაგრამ შესანახად მიბარებული ნივთის სახეობის, რაოდენობის თაობაზე მხარეთა შორის კონკრეტული შეთანხმება უნდა არსებობდეს. ამასთან, მიმბარებელმა ნივთი შესანახად უშუალოდ უნდა გადასცეს შემნახველს. სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, მხარეთა შორის თუ არსებობდა შეთანხმება იმის შესახებ, რა რაოდენობის და სახეობის საქონელი უნდა შეენახა მოპასუხეს. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის კონკრეტული ფართის გამოყოფა და მოსარჩელეთა მიერ ამ ფართით სარგებლობისათვის თანხის გადახდა მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება არსებობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.