დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-519-841-05 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის იძულებით გაცდენილი დროისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ.ც.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „პ.-ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „პ.-ს“ დირექტორის 2004წ. 1 ივნისის ¹153 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული, მისი დაუყონებლივ სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოპასუხე საზოგადოებაში მუშაობდა დოკერ-მექანიზატორად. ადმინისტრაციის მოწვევით შპს „ქ.-ის“ ექიმების მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ მოსარჩელისათვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა და, როგორც მითითებული სამუშაოსათვის გამოუსადეგარი, გაათავისუფლეს სამუშაოდან, რაზედაც გაიცა ფორმა ¹27. აღნიშნული გამოკვლევის ობიექტურობა მოსარჩელემ მიიჩნია საეჭვოდ და ხელახალი გამოკვლევისათვის მიმართა ქ.თბილისში, შპს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს _ „ფ.-ს“, რომლის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, არის ჯანმრთელი. მიუხედავად ამისა, მისცეს ერთი თვის ხელფასი დახმარებისათვის და არ დაუშვეს სამუშაოზე. ამავე დროს, არც სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება და არც შრომის წიგნაკი მისთვის არ გადაუციათ. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა შრომის წიგნაკის დაყოვნებისათვის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განთავისუფლების შესახებ ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო იმ დღესვე, მაგრამ პროტესტის ნიშნად ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი ბრძანებაზე. რაც შეეხება შრომის წიგნაკს, იგი მოსარჩელეს 2004წ. 30 აგვისტომდე არ მოუთხოვია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ც.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, ხოლო შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის მოპასუხეს დაეკისრა გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის ხელფასის _ 2165 ლარის გადახდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოსარჩელემ _ სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 იანვრის განჩინებით, ორივე მხარეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ზ.ც.-მ შრომის წიგნაკი მოითხოვა როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით. მიუხედავად ამისა, შრომის წიგნაკი მიიღო მხოლოდ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ შრომის წიგნაკის წაღებაზე თვითონვე განაცხადა უარი, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან 2004წ. 1 ივნისის ბრძანებით, სარჩელი კი აღძრა 2004წ. 21 სექტემბერს, ანუ შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემის დღიდან, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი გათავისუფლების შესახებ, რაც დასტურდებოდა მისივე აღიარებით და საქმეში არსებული წერილობითი განცხადებებით. უფრო მეტიც, მოსარჩელემ 3.08.04წ. განცხადებით მოითხოვა გასასვლელი დახმარება და იმავე დღეს მიიღო კიდეც კუთვნილი თანხა. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა შკკ-ის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 98-ე მუხლი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორი ზ.ც. მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, მას არ დაურღვევია სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.
კასატორი შპს „პ.-ს“ დირექტორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სარჩელით არ მოუთხოვია შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის ანაზღაურება.
მოსარჩელემ შრომის წიგნაკის დაყოვნებისათვის თანხის ანაზღაურება მოითხოვა მთავარ სხდომაზე, რითაც შეცვალა დავის საგანი და საფუძველი, რაც დასაშვები იყო მხოლოდ სსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის წინასწარი თანხმობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ, მიმართონ დათხოვნის საქმეთა გამო, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2004წ. 1 ივნისის ბრძანებით, სარჩელი სასამართლოში აღძრა 2004წ. 21 სექტემბერს, ანუ შკკ-ის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, რადგან საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.
კასატორ ზ.ც.-ს მტკიცება, რომ მას არ დაურღვევია სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული მის მიერ ვერ დადასტურდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.ც.-მ გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაცნობაზე უარი განაცხადა, რაზედაც გაკეთდა სათანადო ჩანაწერი. მოსარჩელისათვის გათავისუფლების შესახებ ცნობილი რომ იყო, დასტურდება მისივე წერილობითი განცხადებებით, კერძოდ, 2004წ. 3 აგვისტოს განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა გასასვლელი დახმარება და იმავე დღეს მიიღო კიდეც კუთვნილი თანხა. მოსარჩელემ ასევე წერილობით _ განცხადებით მოითხოვა შრომის წიგნაკი. ამდენად, არ არსებობს ზ. ც.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ შპს „პ.-ს“ წარმომადგენლის მოსაზრებას იმის…შესახებ, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მთავარ სხდომაზე, შეცვალა დავის საგანი და საფუძველი, რაც არ იყო დასაშვები მისი თანხმობის გარეშე.
სსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება ან დამატება.
მითითებული ნორმის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მასში მითითებული გარემოებების დაზუსტება ან დამატება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი უცვლელი რჩება, ზუსტდება ან ემატება ახალი ფაქტები, მაგრამ სარჩელის თავდაპირველი ფაქტობრივი საფუძვლის აზრი და შინაარსი არ იცვლება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შეუცვლია თავისი მოთხოვნის თავდაპირველი ფაქტობრივი საფუძვლის აზრი და შინაარსი. იგი სარჩელში მიუთითებდა, რომ დაირღვა მისი შრომითი უფლებები, უკანონოდ დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო მთავარ სხდომაზე დაამატა, რომ მისი უფლებები შრომის წიგნაკის დაყოვნებითაც დაირღვა. ამდენად, მოსარჩელეს დავის საგანი და საფუძველი არ შეუცვლია, მოსარჩელემ დაამატა ახალი ფაქტები, შესაბამისად, გაზარდა მოთხოვნა და შრომის წიგნაკის დაყოვნებისათვის მოითხოვა ანაზღაურება. დავის საგნის გადიდება კი დასაშვებია სააპელაციო სასამართლოშიც, თუკი სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს, თუნდაც მოწინააღმდეგე მხარე თანახმა არ იქნება ამაზე (სსკ-ის 381-ე მუხ). ამასთან, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ც.-სა და შპს „პ.-ს“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.