გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-861-1133-05 2 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: მამობის დადგენა და ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ც-შვილის მიმართ და მიუთითა, რომ 1994 წლიდან ჰქონდა ურთიერთობა მოპასუხესთან რის შედეგად იგი დაორსულდა და 1998 წელს გააჩინა შვილი – ხ. ც-შვილი. ბავშვის დაბადების შემდეგ მოპასუხე პერიოდულად სტუმრობდა მას, ჰქონდა ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მამად თვლიდა, რჩებოდა ღამე მათ ოჯახშიც. 2003წ. მოპასუხე დაქორწინდა სხა ქალზე. იმის გამო, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი დაპირება, არ აღიარა თავი ბავშვის მამად და არ ეხმარება მათ მატერიალურად. ნ. ც-შვილმა სარჩელით მოითხოვა ზ. ჯ-ძე ცნობილ იქნეს მისი ქალიშვილის – ხ. ც-შვილის მამად.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მცირეწლოვანი ხ. ც-შვილის მამად დადგენილ იქნა ზ. ჯ-ძე. მოპასუხე ზ. ჯ-ძეს ასევე დაეკისრა ალიმენტის გადახდა 20 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად ხ. ც-შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. ჯ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინებით ზ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო : კასატორის აზრით სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მე-3 ნაწილის მოთხოვნა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მხარეებს ერთად არ უცხოვრიათ, საერთო მეურნეობა არ უწარმოებიათ ; მოპასუხეს არც ბავშვის აღზრდაში და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი :
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილი (სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და არ დაადგინა ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია (საქართგველოს სსკ-ის 394-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზ. ჯ-ძის მიერ ხ. ც-შვილის მამობის აღიარება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. ჯ-ძე ხშირად მიდიოდა ნ. ც-შვილის ოჯახში, სტუმრობდა და ღამეც რჩებოდა, ეთამაშებოდა ბვვშს, რომელიც მას მამას ეძახდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ჯ-ძის აღიარებით ნ. ც-შვილმა დაორსულობიდან შეატყობინა მას, რომ იგი არის ბავშვის მამა და იგი ბავშვის დაბადების შემდეგ აკრძელებდა მასტან და მავშვთან ურთიერთობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მამობის დადგენისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ აღნიშნული გარემოებების არსებობა, აუცილებელია იმ გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ზ. ჯ-ძის აღზმრდელობითი და მზრუნველობითი საქმიანობაზე, რითაც იგი ფაქტიურად აღიარებს ამ ბავშვის მამობას.
მამობის დადგენისათვის აუცილებელია არა მარტო ბავშვის დედისა და მამად საცნობი პირის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების არსებობა ბავშვის დაბადებამდე, არამედ ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის ფაქტი, ანდა დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
კონკრეტულ შემთხვევაში მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი, არსებობდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა არსებობდეს.
განსახილველი ნორმის თანახმად, ბავშვის დაბადებამდე ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების დადგენისათვის აუცილებელია იმ გარემოებების არსებობა, რომლებიც დამახასიათებელია საოჯახო ურთიერთობებისათვის, კერძოდ: ცხოვრება ერთ საცხოვრებელ სახლში, ერთად კვება, ერთმანეთისადმი ზრუნვა, ერთობლივი სარგებლობისათვის ქონების შეძენა, ე.ი. ისეთი მოქმედებების განხორციელება, რაც უკავშირდება ოჯახის შექმნის მიზანს.
ბავშვის დაბადების შემდეგ, მამად ცნობისათვის აუცილებელია დადგინდეს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის ფაქტს. არ შეიძლება აღზრდაში ან რჩენაში ვიგულისხმოთ პერიოდული ზრუნვის გამოჩენა. მით უმეტეს, ამ გარემოების დადგენისათვის არ შეიძლება დავეყრდნოთ ზოგადი ხასიათის ახსნა-განმარტებებს. შვილის აღზრდაში მონაწილეობა არა ეპიზოდურ, არამედ სისტემატური ხასიათის კონკრეტულ მოქმედებებს გულისხმობს, რომლებიც ადასტურებენ საოჯახო ურთიერთობების არსებობას და არა მეგობრული კეთილგანწყობის ფაქტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ გამოიკვლია გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ განსახილველი ნორმით გათვალისწინებულ იურიდიულ შემადგენლობას.
ამრიგად, სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთერთი პირობა, რაც საკმარისია მამობის დადგენისათვის.
კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის ფაქტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ჯ-ძე საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.