დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-900-1178-06 20 ივლისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ჩ-ძისა და გ. მ-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ 2001წ. აპრილში გერმანიაში 7000 დოლარად შეიძინა ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი-210-Д“. ავტომანქანას აჩერებდა ინდმეწარმე გ. მ-ძის ავტოსერვისის სადგურში, სადაც ღამით დარაჯად მუშაობდა ა. ჩ-ძე და იხდიდა ერთ ლარს. ავტომანქანას აჩერებდა 2001 წლიდან და ამის თაობაზე ცნობილი იყო ავტოსერვისის მესაკუთრისთვისაც.
2002წ. 11 ივნისს, 21 საათზე, ავტომანქანა გააჩერა ავტოსადგომზე, გადაუხადა ფული, მეორე დღეს კი იქ აღარ დახვდა. დარაჯის განმარტებით, იგი 22.30 წთ-ზე ვიღაცამ გაიყვანა, მან კი ჩათვალა, რომ ეს მესაკუთრე იყო.
ა. გ-შვილმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებს - ა. ჩ-ძესა და გ. მ-ძეს დაკისრებოდათ 7000 აშშ დოლარის და ზიანის სახით 18 000 აშშ დოლარის გადახდა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. მ-ძეს ა. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.მ-ძის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება.
2004წ. 4 ნოემბერს გ. მ-ძის რწმუნებულმა ა. გ-იამ საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, იგი მონაწილეობდა სხვა სასამართლოში შრომითი დავის განხილვაში, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ცნობით. აღნიშნული გარემოებების თაობაზე წერილობით დროულად ეცნობა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 იანვრის საოქმო განჩინებით გ. მ-ძის რწმუნებულ ა. გ-იას საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება, სარჩელს ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. გ-შვილმა და მოითხოვა 2005წ. 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლო უწყების გამოგზავნის მომენტში და, შესაბამისად, სასამართლო პროცესის დანიშვნის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. უწყება ჩაიბარა მისმა დამ – ე.გ-შვილმა. ამასთან, სასამართლო უწყება არ გაიგზავნა საჩივრის ავტორის წარმომადგენელთან მ. თ-ურთან. საჩივარში მითითებულია, რომ 2005წ. 8 თებერვალს მისმა (ა.გ-შვილის) დამ - ე. გ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინებით ა. გ-შვილის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით გ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ... ¹64-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ. მ-ძის საკუთრებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ინდმეწარმე «გ. მ-ძეს» აქვს ავტოსერვისი, საიდანაც 2002წ. 11 ივნისს, ღამის 23.00 საათზე, დაიკარგა ა. გ-შვილის კუთვნილი ავტომანქანა «მერსედეს ბენცი». დადგენილად ცნო ისიც, რომ ღამით ავტოსერვისის ტერიტორიას დარაჯობდა ა.ჩ-ძე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, ავტოსერვისის საწარმოს ტერიტორიიდან ავტომანქანა მართლაც მოიპარეს თუ არა.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოპასუხის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ სადავო ავტომანქანის საფასურის გადახდა უნდა დაეკისროს დარაჯს და არა მას, ვინაიდან, იმ ავტოსადგომის მესაკუთრეს, საიდანაც დაიკარგა ავტომანქანა, წარმოადგენს გ. მ-ძე, რომლის თანხმობითაც ავტოსერვისის ტერიტორიაზე ღამით მანქანებს აჩერებდნენ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებთა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, თუ რა იურიდიულ მტკიცებულებებს ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო, როცა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გ. მ-ძისათვოს ცნობილი იყო ინდმეწარმის დარაჯის_ ა.ჩ-ძისა და სხვა მძღოლებს შორის სიტყვიერად დადებული გარიგების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ის 361-ე, 394-ე და 763-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ¹64-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ. მ-ძის საკუთრებას, იგი არის ინდივიდუალური მეწარმე და აღნიშნულ ტერიტორიაზე აქვს ავტოსერვისი, საიდანაც 2002წ. 11 ივნისს, ღამის 23.00 საათზე, დაიკარგა ა. გ-შვილის კუთვნილი ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი», რომელიც მან შეიძინა 7000 აშშ დოლარად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ა. გ-შვილი ავტომანქანის ავტოსერვისის ტერიტორიაზე დატოვებისას იხდიდა სადგომის საფასურს _ ერთ ლარს და მანქანის დაკარგვის დროს მორიგეობდა დარაჯი ა. ჩ-ძე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. მ-ძე ღამის დარაჯს ა. ჩ-ძეს ხელფასის სახით უხდიდა 10 ლარს და მას დამატებით ეკუთვნოდა ღამით ავტოსერვისის ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანების მეპატრონეების მიერ გადახდილი თანხაც.
კასატორი მიუთითებს: «საქმის მასალების მიხედვით‚ სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ა. გ-შვილმა 2001წ. აპრილში გერმანიაში შეიძინა მიკროავტობუსი «მერსედეს ბენცი 210» 7000 აშშ დოლარად... მანქანას ღამით აჩერებდა ქ. თბილისში, ... ¹64-ში ე.წ. ავტოსერვისის ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრეა ინდმეწარმე გ. მ-ძე.» კასატორს ასევე სადავოდ არ მიაჩნია ის გარემოება, რომ ა. გ-შვილი და ავტოსერვისის დარაჯი ა. ჩ-ძე, შეთანხმებულები იყვნენ თანხის სანაცვლოდ დილამდე ყურადღება მიექცია ავტომანქანისათვის. Aქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. მ-ძის კუთვნილი ავტოსერვისის ტერიტორიიდან ა. გ-შვილის ავტომანქანის გატაცების ფაქტზე. შემდეგ კი აღნიშნავს, რომ «უგულებელყოფილი იქნა მათი მოთხოვნა დაედგინა სასამართლოს, მოხდა თუ არა საერთოდ ა/მანქანის გატაცება გ. მ-ძის კუთვნილი ავტოსერვისის ტერიტორიიდან.»
გამომდინარე აღნიშნულიდან, გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატა სასამართლოს მიერ გ. მ-ძის მოთხოვნის უგულებელყოფა, რადგან იგი საკასაციო საჩივარში თავად მიუთითებს და დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა. გ-შვილმა ავტომანქანა შეიძინა 7000 აშშ დოლარად, რომელსაც ღამით აჩერებდა ინდმეწარმე გ. მ-ძის კუთვნილი ავტოსერვისის ტერიტორიაზე, რისთვისაც დარაჯს უხდიდა თანხას მეთვალყურეობისათვის და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე გ. მ-ძის კუთვნილი ავტოსერვისის ტერიტორიიდან ა. გ-შვილის ავტომანქანის გატაცების ფაქტზე.
ამასთან, კასატორი, ერთი მხრივ, ეჭვის ქვეშ აყენებს კუთვნილი ავტოსერვისის ტერიტორიიდან ა. გ-შვილის ავტომანქანის გატაცების ფაქტს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს - «მიბარების ხელშეკრულების სუბიექტია დარაჯი, რომელმაც ჩაიბარა ა/მანქანა, ვერ უზრუნველყო მისი მოვლა-პატრონობა, რითაც მიადგა ზიანი 700 აშშ დოლარის ოდენობით.»
გამომდინარე აღნიშნულიდან, კასატორს თავადაც დადგენილად მიაჩნია კუთვნილი ტერიტორიიდან ა. გ-შვილის ავტომანქანის გატაცების ფაქტი.
კასატორის მითითებით, გაურკვეველია, რა იურიდიულ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, როდესაც დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ინდ მეწარმე გ. მ-ძესათვის ცნობილი იყო დარაჯსა და მძღოლებს შორის არსებული გარიგების შესახებ ან როგორ იქნა დადგენილი რა ხელფასი ჰქონდა ა. ჩ-ძეს.
აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებულ ა.ჩ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ღამის საათებში ავტოსერვისს იყენებდნენ ავტოსადგომად და თითოეული ავტომანქანის დგომის საფასურად იღებდნენ 1-2 ლარს. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავად ინდმეწარმე გ. მ-ძის განმარტებით, ღამის დარაჯს _ ა. ჩ-ძეს ხელფასის სახით უხდიდა იგი 10 ლარს და დამატებით მასვე ეკუთვნოდა ღამით ავტოსერვისის ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანების მეპატრონეების მიერ გადახდილი თანხაც, რაც ასევე ითვლებოდა მისი ხელფასის ანგარიშში.
ამდენად, ინდმეწარმე გ. მ-ძის ავტოსერვისის ტერიტორიაზე ღამის საათებში ავტომანქანების მიღება და მათი მეთვალყურეობა, დარაჯის მიერ შეთანხმებული იყო ავტოსერვისის მესაკუთრე გ. მ-ძესთან და დარაჯიც დამატებით ანაზღაურებას იღებდა აღნიშნული საქმიანობიდან.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გ. მ-ძეს და ა. გ-შვილს შორის რაიმე დათქმა ან მოლაპარაკება არ ყოფილა. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით იქნება გამოწვეული. სასამართლომ ვერ დაამტკიცა, რომ ავტომანქანის დაკარგვასა და გ. მ-ძეს შორის იყო მიზეზობრივი კავშირი, კერძოდ, გ. მ-ძეს ა. გ-შვილის მიმართ გააჩნდა წერილობითი თუ სიტყვიერი ვალდებულება და რაიმე თანხას იღებდა ავტომანქანის ავტოსერვისის ტერიტორიაზე დგომის სანაცვლოდ. გ.მ-ძე ამ ხელშეკრულების სუბიექტი არ არის. ხელშეკრულების სუბიექტია დარაჯი, რომელმაც ჩაიბარა ავტომანქანა, ვერ უზრუნველყო მისი მოვლა-პატრონობა და იგი უნდა გამხდარიყო პასუხისმგებელი აღნიშნული ზიანისათვის. თუ სასამართლო თვლიდა, რომ ტერიტორიის მესაკუთრე გ. მ-ძეა და სწორედ ის უნდა გამხდარიყო ზიანისათვის პასუხისმგებელი, ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა სოლიდარულად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ამ მოსაზრებებს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ¹4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გ. მ-ძე. Aასევე დადგენილია, რომ ავტოსერვისი, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, ... ¹4-ში ეკუთვნის ინდმეწარმე გ. მ-ძეს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ღამის საათებში ავტოსერვისის ტერიტორია გამოყენებული იყო ავტომანქანების სადგომად, სადაც ა. მ-ძემ კუთვნილი ავტომანქანა «მერსედეს ბენცი» მიაბარა შესანახად. მოცემულ შემთხვევაში მიბარების ხელშეკრულების სუბიექტები არიან ა. გ-შვილი, როგორც მიმბარებელი და ინდმეწარმე გ. მ-ძე, როგორც შემნახველი, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს ხსენებული ტერიტორიის მესაკუთრეს, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და დარაჯი ა. ჩ-ძეც არის მის მიერ დაქირავებული, რომელსაც გაწეული სამუშაოსათვის უხდის ანაზღაურებას და მის ფუნქციაში შედის ავტოსერვისის ტერიტორიის დაცვა. დარაჯი ა. ჩ-ძე მოვალე იყო მხოლოდ კონტროლი დაეწესებინა ავტოსერვისის ტერიტორიაზე, რათა არ მომხდარიყო შესანახი ობიექტის დატაცება ან დაზიანება, ხოლო რაც შეეხება მიბარების ხელშეკრულების სუბიექტს, როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, ა. ჩ-ძე ვერ გახდება იმის გამო, რომ ავტომანქანა დაიკარგა დარაჯის _ ა. ჩ-ძის უყურადღებობით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და, შესაბამისად, არც ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მას ავტომანქანის მესაკუთრის სასარგებლოდ.
ამდენად, მხარეთა შორის დადებულ იქნა მიბარების ხელშეკრულება, რომლის სუბიექტები არიან, ერთი მხრივ, ა. მ-ძე, როგორც მიმბარებელი და, მეორე მხრივ, ინდმეწარმე გ. მ-ძე, როგორც შემნახველი.
სკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს, შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. მან უნდა დაუბრუნოს ნივთი მიმბარებელს დაუზიანებლად და უკლებლივ. ხელშეკრულების საგანი ნივთის შენახვისათვის მომსახურეობის გაწევაა, რაც შემნახველის მიერ ნივთზე კონტროლის დაწესებით გამოიხატება.
მიბარების ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოთ აღნიშნული ვალდებულება დარღვეულ იქნა შემნახველის _ ინდმეწარმე გ. მ-ძის მიერ. სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი «ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას», რის გამოც გ. მ-ძემ უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომელიც მიადგა ავტომანქანის მესაკუთრეს _ ა. მ-ძეს.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.» ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, «საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.»
გამომდინარე აღნიშნულიდან, გ. მ-ძის და ადვოკატ ვ. თალაკვაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.