დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-831-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 იანვარს სს “ბ. რ.” სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოპასუხე პ. გ-იანთან საკრედიტო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2001წ. 2 მარტის ოვერდრაფტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც მოპასუხემ 2001წ. 30 დეკემბრამდე ვადით სესხად მიიღო 215000 აშშ დოლარი თვეში 2%-ის დარიცხვით.
მისი დავალიანება წარმოადგენს 184966 აშშ დოლარს, რასაც ჯარიმა ემატება.
მოპასუხე თავს არიდებს გადასახადს, ამიტომ სარჩელის აღძვრამდე მოითხოვა მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო პ. გ-იანის ქონებას:
1. ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლს და ამ სახლში არსებულ ავეჯს.
2. მოპასუხის კუთვნილ ავტომანქანებს: ა) “ოპელი” სახ. ნომერი _ ...; ბ) “ვოლვო”სახ. ნომერი _ ....; გ) “ოპელი” სახ. ნომერი _ ....; დ) “შევროლე” სახ. ნომერი _ ....; ე) “ფოლკსვაგენ-გოლფი” სახ.ნომერი _ ....; ვ) “ოპელ ვექტრა” სახ. ნომერი _ ....; ზ) “ფორდ სკორპიო” სახ. ნომერი _ ....; თ) “შევროლე” სახ. ნომერი _ ....; ი) “ფოლკსვაგენი” სახ. ნომერი _ ....; კ) “ოპელი”სახ. ნომერი _ ....; ლ) “ოპელ ომეგა” სახ. ნომერი _ ....; მ) “ფოლკსვაგენი” სახ. ნომერი _ ......
3. ზესტაფონის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლს, მასში არსებულ ავეჯსა და სხვა ნივთებს.
მითითებული განჩინების გაუქმების თაობაზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა პ. გ-იანის დამცველმა მ. ჯ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ყადაღის მოხსნა. მან მიუთითა, რომ მოსარჩელეს მის წინააღმდეგ და კიდევ სხვა მოპასუხეთა მიმართ საოლქო სასამართლოში ჰქონდა წარდგენილი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის Dდადების შესახებ. მითითებულ განცხადებაში ბანკი ყადაღის დადებას მოითხოვდა იმავე ქონებაზე, რომელზეც ასევე ყადაღის დადება მოითხოვა რაიონულ სასამართლოში შეტანილი განცხადებით. საოლქო სასამართლომ მთლ.დ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და ყადაღა დაადო მის ქონებას, მაგრამ საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის განჩინებით მის მიერ შეტანილი კერძო საჩივრის საფუძველზე საოლქო სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის განჩინება ნაწილობრივ გაუქმდა. ბანკი არ დაეთანხმა ამ განჩინებას და კერძო საჩივრით გაასაჩივრა იგი. მოცემული კერძო საჩივარი არ იქნა დასაშვებად მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს, მაგრამ კერძო საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
კერძო საჩივრის ავტორი დაუშვებლად მიიჩნევდა ორ ინსტანციაში ერთი და იმავე საქმის წარმოებას.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის განჩინებით პ. გ-იანის წარმომადგენელ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღა მოეხსნა ზესტაფონის რაიონში არსებულ სახლს, მასში არსებულ ნივთებს და მიწის ნაკვეთს, დანარჩენ ნაწილში ყადაღის მოხსნაზე უარი ეთქვა და განჩინება შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს. ვინაიდან კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 16 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პ. გ-იანის წარმომადგენლის შუამდგომლობა: პ. გ-იანს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გაუნაწილვადდა, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2002წ. 24 ივნისისათვის.
სს “ბ. რ.” ამჯერად სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 16 მაისის განჩინების წარმოებაში მიღებისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების ნაწილში გაუქმება და მ. ჯ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება.
საპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის განჩინებით სს “ბ. რ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს “ბ. რ.” კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს 5 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ყადაღა დაედო პ. გ-იანის ქონებას, პ. გ-იანმა შეიტანა კერძო საჩივარი. მითითებული კერძო საჩივარი რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ იმ ნაწილში, რომლითაც კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის სფუძველზე კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
ზემდგომი სასამართლოს 2002წ. 16 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, კერძო საჩივრის ავტორს გაუნაწილვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2002წ. 24 იანვრისათვის.
სს “ბ. რ.” სწორედ ამ განჩინებაზე შემოიტანა კერძო საჩივარი.
სსკ-ს 419-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 16 მაისს მიღებული განჩინება წარმოადგენს კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 16 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა ასევე დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 420-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამ პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
სსკ-ს 374-ე მუხლის შესაბამისად, თუკი სააპელაციო სასამართლო ჩათვლის, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია, იგი გამოიტანს განჩინებას კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ, ხოლო, თუ დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, იგი კერძო საჩივარს განუხილველად დატოვებს. კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კერძო საჩივარი განუხილველად დარჩება და ისიც, თუ იგი ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ არის კერძო საჩივრის თაობაზე. კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე მიღებული განჩინება კი არ საჩივრდება.
მართალია, სსკ-ს 56-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯების გამო გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ სააპელაციო საჩივრის, ან კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის დროს სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან იგი ხარვეზის შევსების საკითხთანაა დაკავშირებული არ საჩივრდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “ბ. რ.” კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.