დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.10.2002
საქმის ნომერი
3კ/856-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-856-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. გ-ე 1991 წლიდან 1996წ. ნოემბრამდე მუშაობდა სახაზინო საწარმო “ი-ის” საზოგადოებრივი კვების ¹23 გაერთიანების კაფე-ბარი “ვ-ის” ...ედ, 1996წ. 1 ნოემბერს იგი განთავისუფლდა სამუშაოდან პირადი განცხადების საფუძველზე შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად.

ი. გ-ემ სამუშაოდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ისნის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და 1991-1996 წლების ხელფასის გადახდევინება.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით ი.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თბილისის ისნის რაიონის გამგეობას ი.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 442,4 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გ-ე და იგი გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 5 ივლისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება.

ი.გ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 13 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ისნის რაიონის გამგეობა არ იყო მოწვეული სასამართლოში საქმის განხილვის დროს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ი. გ-ის განცხადება. აღნიშნულზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.გ-ემ შეიტანა განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 13 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

ი.გ-ე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარე _ ისნის რაიონის გამგეობა _ არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

პალატა თვლის, რომ მითითებული ნორმის შინაარსის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს იმ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა სამართალწარმოების განხორციელებაში, არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას იმის გამო, რომ არ იყო მოწვეული დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ი.გ-ე ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მონაწილეობდა საქმის განხილვაში. ამდენად, მისი საქმის წარმოებაში მონაწილეობის იურიდიული ინტერესი, რაც შეიძლებოდა კონკრეტული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო, არ შელახულა;

სსკ-ს 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია განცხადება დაუშვებლად, ვინაიდან იგი კანონით არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონიერად მიუთითა განცხადების დაუშვებლობის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ს 422-ე მუხლის II ნაწილსა და 426-ე მუხლზე.

სსკ-ს 422-ე მუხლის II ნაწილის თანახმად განცხადება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;

ი.გ-ეს შეეძლო მის მიერ მითითებული საფუძვლის წამოყენება საქმის განხილვის პროცესში, ვინაიდან ესწრებოდა სასამართლო სხდომას.

სკ-ს 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ი.გ-ეს გაშვებული აქვს განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მას საქმის განხილვისას უნდა სცოდნოდა, რომ მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა სათანადოდ გაფორმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

ი.გ-ემ განცხადება სასამართლოში 2002წ. 21 თებერვალს შეიტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ი.გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ არსებობს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისისა და 2002წ. 11 ივნისის განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისის და 2002წ. 11 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.