დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 02.03.2006
საქმის ნომერი
ას-1014-1289-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1014-1289-05 2 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებლი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 8 ნოემბერს თ. შ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას დ. კ-შვილისა და გაზეთ «ა. ვ-ის” წინააღმდეგ პატივისა და ღირსების დაცვისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ გაზეთ «ა. ვ-იაში” დაიბეჭდა შპს «ე. მ-ის” გენერალურ დირექტორ დ. კ-შვილთან ინტერვიუ. დ. კ-შვილი ამ ინტერვიუში უთითებს, რომ თ. შ-შვილი სილიკო-მანგანუმის საქართველოდან გატანის წინააღმდეგი არის იმის გამო, რომ იგი ამ ქარხნიდან იღებს წილს.

სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე თ. შ-შვილის წარმომადგენელმა გაზეთ «ა. ვ-იის” რედაქტორ ა. ც-შვილის მიმართ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გაზეთ «ა. ვ-იის” რედაქტორ ა. ც-შვილის მიმართ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

დ. კ-შვილმა საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

2002წ. 16 ივლისის განჩინებით დ. კ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

2002წ. 29 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დ. კ-შვილმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

უზენაესი სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2004წ. 20 თებერვლის განჩინებით თ. შ-შვილის სარჩელი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი. მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

თ. შ-შვილმა განცხადება შეიტანა სასამართლოში განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე. მან მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენს მხარეს და შესაბამისად ბაჟის გადახდა მას არ უნდა დაეკისროს.

2004წ. 19 ივლისის განჩინებით იმის გამო, რომ განცხადება არ იყო შეტანილი სსკ-ის 2671 მოთხოვნათა დაცვით, თ. შაშიაშვილს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

2004წ. 11 აგვისტოს თ. შ-შვილის წარმომადგენელმა თ. ქ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს დაA მიუთითა, რომ თ. შ-შვილმა შეიტანა ახალი სარჩელი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვს სააღსრულებო წარმოების შეჩერებას, რის გამოც მოითხოვა აღსრულებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადების განუხილველად დატოვება.

2004წ. 11 აგვისტოს განჩინებით განცხადება ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა უმოძრაოდ, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა თ. შ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ საქმეში მოსარჩელე არის საქართვლოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში დ. მ-ძე და არა ის, ამიტომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითება ბაჟის დაკისრების თაობაზე ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა დაეკისროს მხოლოდ იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს აპარატს.

2004წ. 18 აგვისტოს განჩინებით თ. შ-შვილის მოთხოვნა სარჩელის (განცხადების) უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებული სააღსრულებო მოქმედებების შესრულება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა დ. მ-ძემ. მან მიუთითა, რომ მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, მან უნდა მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლეთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს ის მოტივები, რომლითაც დაასკვნა უზრუნველყოფის ღონისძიება. არც მოსარჩელეს და არც სასამართლოს ასეთზე არ მიუთითებია.

2004წ. 8 სექტემბრის განჩინებით იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

უზენეასი სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა აღნიშნული განჩინება და იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. შ-შვილმა‚ როგორც ფიზიკურმა პირმა‚ აღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა პატივისა დ ღირსების დაცვა, ასევე‚ მორალური ზიანის ანაზღაურება. საოლქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული უფლებამონაცვლედ. ასეთი უფლებამონაცვლეობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცსო უფლებამონაცვლეობის დაშვების წესსა და პირობებს. სკ-ის მე-18 მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა შეუძლიათ მოითხოვონ მხოლოდ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 25 აპრილის განჩინებით თ. შ-შვილის განცხადება სარჩელის აღსრულებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. შ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სასამართლომ 2005წ. 25 აპრილს განმეორებით განიხილა 20 თებერვლის განჩინების აღსრულების შეჩერების საკითხი და მან ამ განჩინებით ფაქტობრივად გააუქმა მის მიერ 2004წ. 18 აგვისტოს მიღებული განჩინება, რითაც დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასევე‚ მან მიუთითა, რომ 20 თებერვლის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია არასწორი მისამართი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 14 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თ. შ-შვილის მისამართი იმიტომ არის სააღსრულებო ფურცელში მითითებული, რომ მან როგორც მხარემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. შ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2004წ. 20 თებერვლის განჩინებით თ. შ-შვილის სარჩელი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი. მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

თ. შ-შვილმა განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული განჩინების შეჩერება.

2005წ. 25 აპრილის განჩინებით თ. შ-შვილის განცხადება საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო ფურცელში არასწორად იქნა მითითებული მისი მისამართი. კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უნდა ყოფილიყო ნაცვლად ... ქუჩისა, ... ქუჩა.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე ნაწილის «ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნის კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები.

მოცემულ შემთხვევაში მოვალეს წარმოადგენს თ. შ-შვილი. მას როგორც კერძო პირს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩინა, რომ მისი მისამართი სწორად იქნა აღნიშნული სააღსრულებო ფურცელში. მან როგორც კერძო პირმა აღძრა სარჩელი და არა როგორც პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა. თ. შაშიაშვილმა‚ როგორც ფიზიკურმა პირმა‚ მოითხოვა პატივისა და ღირსების დაცვა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება მისამართის შეცვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. შ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 აპრილის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.