დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-116-554-06 10 მაისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ძის მიმართ სესხისა და პროცენტის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლით: 2003წ. 23 ივნისს მ.ნ-შვილმა მოპასუხეს სამი თვით ასესხა 3450 აშშ დოლარი ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვით. ნ.გ-ძემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მ.ნ-შვილმა მოითხოვა ნ.გ-ძის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია და თანხის დაბრუნება.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც ნ.გ-ძემ შეინატა საჩივარი.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ნ. გ-ძეს ჩაჰბარდა 2005წ. 19 ნოემბერს. ამავეწ. 30 ნოემბერს ნ.გ-ძემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კვლავ შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის განჩინებით ნ.გ-ძის საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 237-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საჩივარი შეტანილ იქნა კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე ნ. გ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შემდეგ ნ.გ-ძემ საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში მიიტანა, თუმცა, იმ მომენტისათვის არსებული რეორგანიზაციისა და თბილისის საოლქო სასამართლოს შენობის რემონტის გამო, საჩივრის დატოვება ვერ მოახერხა. ამასთან, ნ.გ-ძე იყო ორსულად და ექიმმა დაუნიშნა წოლითი რეჟიმი, რის გამოც სასამართლოში ხელმეორედ მისვლის საშუალება არ ჰქონდა კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა, სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ნ. გ-ძეს ჩაჰბარდა 2005წ. 19 ნოემბერს. ამავეწ. 30 ნოემბერს კი მან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი.
სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ნ. გ-ძეს ჩაჰბარდა 2005წ. 19 ნოემბერს, ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 20 ნოემბერს და ამოიწურა 29 ნოემბერს. ნ.გ-ძემ კი საჩივარი შეიტანა 2005წ. 30 ნოემბერს, კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. გ-ძის კერძო საჩივრის დაუსაბუთებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრისა და 2006წ. 27 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.