გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
ას-1208-1452-05 13 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: პენსიის გადახდაზე უფლებამოსილი პირის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს «ნ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს «რ-ის” მიმართ პენსიონერ ვ.ფ-შვილის პენსიის გადახდაზე უფლებამოსილი პირის დადგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მსხვილბინიანი ბინათმშენებლობის ქარხანა სმკ-4-ის დაშლის შედეგად შეიქმნა სამი იურიდიული პირი _ სს «ნ-ი», სს «რ-ი» და შპს «დ. ბ-ი», რომელთა შორის განაწილდნენ ქარხნის პენსიონერებიც. მოსარჩელის განმარტებით, სს «რ-მა» უსაფუძვლოდ თქვა უარი პენსიონერ ვ. ფ-შვილისათვის საპენიო თანხის ანაზღაურებაზე, რისი ვალდებულებაც მას ეკისრებოდა.
მოპასუხე სს «რ-მა” სარჩელი არ ცნო. მესამე პირმა ვ.ფ-შვილმა განმარტა, რომ მას ზარალს უნაზღაურებდა სს «ნ-ი”. მან ტრავმა მიიღო ¹4 სამშენებლო კომბინატში, რომლის მემკვიდრეც არის სს «ნ-ი”. ვ.ფ-შვილმა მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა.
ქ. თბილისის გლდანი-ნ-ის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს «ნ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს/ს «ნ-ის” დირექტორმა ნ. გ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სს «ნ-მა» გაასაჩივრა საკასციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 დეკემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს «ნ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ.ფ-შვილის პენსიით უზრუნველყოფა დაევალა სს «რ-ს». სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «რ-ის» დირექტორმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილებაზე 2005წ. 7 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2005წ. 31 მარტს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, რა პერიოდიდან უნდა დაევალოს სს «რ-ს» ვ.ფ-შვილის პენსიით უზრუნველყოფა და რა ოდენობით.
2005წ. 1 აპრილს სს «ნ-მა» ასევე განცხადებით მიმართა სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლოს 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით სს «რ-ს» სადავო ვალდებულება წარმოეშვა 2000წ. 14 მარტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა იმგვარად, რომ სს «რ-ი» ვალდებულია დაუბრუნოს სს «ნ-ს» ვ.ფ-შვილისათვის გაცემული პენსია და სხვა სახის გადასახადები 2000წ. 14 მარტიდან 2003წ. ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო 2003წ. ნოემბრიდან პენსია _ 160 ლარი გადაუხადოს უშუალოდ ვ.ფ-შვილს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინებით სასამართლოს აღმასრულებლის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მესამე პუნქტით გათვალისწინებული სს «რ-ის» ვალდებულება, რომ გადაუხადოს პენსია ვ.ფ-შვილს‚ უნდა განხორციელდეს 2004წ. 1 იანვრიდან.
იმავე თარიღით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი იქნა განჩინება სს «ნ-ის» განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი განმარტებულ იქნა იმდაგვარად, რომ სს «რ-მა» ვ.ფ-შვილს პენსია უნდა გადაუხადოს 2000წ. 14 მარტიდან. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ ვინ უნდა გადაიხადოს სს «ნ-ის» მიერ ვ.ფ-შვილისათვის უკვე გაცემული თანხები, რის გამოც ამის შესახებ განმარტების მიცემა გადაწყვეტილების შინაარსს ცდება. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როდის წარმოეშვა სს «რ-ს» ვ.ფ-შვილისათვის პენსიის გადახდის ვალდებულება, პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ვალდებულება მას წარმოეშვა 2000წ. 14 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც დადგენილია საკასაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 მაისის განჩინებაზე სს «ნ-ის» განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სს «რ-ის» დირექტორმა ნ.გ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე სს «ნ-ის» განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც გადაწყვეტილების განმარტებისას მის შინაარსს გასცდა. სს «ნ-ის» სასარჩელო მოთხოვნა იყო ვ.ფ-შვილის პენსიით უზრუნველყოფის სს «რ-ისათვის» დაკისრება ანუ ვალდებულების ზოგადად განსაზღვრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სს «რ-ის» მიერ ვ.ფ-შვილისათვის 2000წ. 14 მარტიდან საპენსიო უზრუველყოფის შესახებ კონკრეტულად არაფერი ყოფილა მითითებული, 2000წ. 14 მარტის გადაწყვეტილება იმავე დღეს კანონიერ ძალაში არ შესულა, ამასთან, ხსენებულ გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, რომ იგი ვ.ფ-შვილს ეხება. აღნიშნული დადგინდა მხოლოდ 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა ამავე წლის 7 დეკემბრიდან. ამდენად, სს «რ-ისათვის» ვ.ფ-შვილის საპენსიო უზრუნველყოფის დაკისრების კონკრეტული ვადის დადგენა ცალკე დავის საგანია, მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მასზე არ უმსჯელია და აღნიშნულის შესახებ არც გადაწყვეტილება არ უნდა განემარტა. მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე‚ სს «ნ-ის» წარმომადგენლის განმარტებით, ვ.ფ-შვილის საპენსიო უზრუნველყოფის დაკისრების კონკრეტული ვადის დადგენის მოთხოვნით სარჩელი უკვე აღიძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების განმარტება მოხდა მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლომ მხოლოდ დააზუსტა სს «რ-ის» მიერ ვ.ფ-შვილისათვის პენსიის ანაზღაურების დრო, რომელიც საკასაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით უკვე დადგენილი იყო, კერძოდ, მიეთითა ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ სს «რ-ს» ვალდებულება წარმოეშვა 2000წ. 14 მარტიდან. სააპელაციო პალატის მითითებით, ამ დროიდან სს «რ-ისათვის» ვ.ფ-შვილის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მხოლოდ იმიტომ არ განისაზღვრა, რომ სს «ნ-ს» მისთვის პენსია 2003წ. ბოლომდე უკვე გადახდილი აქვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სს «რ-ის» კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში რომლითაც სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი განმარტებულ იქნა იმდაგვარად, რომ სს «რ-მა» ვ.ფ-შვილს პენსია უნდა გადაუხადოს 2000წ. 14 მარტიდან და სს «ნ-ის» განცხადება ამ ნაწილში გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სს «ნ-მა» სს რ-ის» მიმართ 2001წ. 22 იანვარს აღძრულ სარჩელში მოითხოვა მოპასუხის მიერ პენსიონერ ვ. ფ-შვილის პენსიით უზრუნველყოფის დაკისრება. აღნიშნული პენსიის გადახდის დროის დადგენის შესახებ სარჩელში არ მიუთითებიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს «ნ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.ფ-შვილის პენსიით უზრუნველყოფა დაევალა სს «რ-ს».
სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. მითითებული ნორმა გულისხმობს გადაწყვეტილების იმ ნაწილის დაზუსტებას, რომლის შინაარსი ბუნდოვანია და შეიძლება გაგებულ იქნეს არაერთმნიშვნელოვნად, თუმცა დაუშვებელია გადაწყვეტილების შინაარსის, სამართლებრივი დასაბუთებისა თუ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა.
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმსჯელა ვ. ფ-შვილისათვის მხოლოდ პენსიის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის დადგენის შესახებ. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, თითქოს სასამართლომ მხოლოდ დააზუსტა სს «რ-ის» მიერ ვ.ფ-შვილისათვის პენსიის ანაზღაურების დრო, რომელიც საკასაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით უკვე იყო დადგენილი. ასეთ მოთხოვნას სს «ნ-ის» სარჩელი არ შეიცავდა, შესაბამისად, აღნიშნული ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების განმარტებისას დაადგინა რა სს «რ-ის» მიერ ვ.ფ-შვილისათვის პენსიის გადახდის ვადის დასაწყისი, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და შეცვალა სადავო გადაწყვეტილების შინაარსი, რითაც დაარღვია სსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «რ-ის» კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი განმარტებულ იქნა იმდაგვარად, რომ სს «რ-მა» ვ.ფ-შვილს პენსია უნდა გადაუხადოს 2000წ. 14 მარტიდან გაუქმდეს და სს «ნ-ის» განცხადება ამ ნაწილში გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «რ-ის» დირექტორ ნ.გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი განმარტებულ იქნა იმგვარად, რომ სს «რ-მა» ვ.ფ-შვილს პენსია უნდა გადაუხადოს 2000წ. 14 მარტიდან და სს «ნ-ის» განცხადება ამ ნაწილში გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.