დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.02.2006
საქმის ნომერი
ას-1252-1494-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1252-1494-05 ას-1252-1494-05 16 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «გ. ქ. ბ-ის» გენერალურმა დირექტორმა ი. მ-შვილმა 2004წ. 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ა. ი-ძისა და ბ. ი-ძის მიმართ და მოითხოვა 8678,22 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის, 400 აშშ დოლარისა და, მისთვის გადასახდელად დაკისრება, ასევე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ..., ¹7-ში მდებარე ბინის რეალიზაცია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «გ. ქ. ბ-ის» გენერალურ დირექტორ ი. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ა. ი-ძემ და ბ. ი-ძემ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განჩინებით ა. ი-ძისა და ბ. ი-ძის საჩივარს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელმა გ. გ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 მაისის განჩინებით აპელანტ ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძეს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის - 438 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. მითითებული განჩინებით მასვე განემარტა, რომ აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და არ განიხილება, მაგრამ ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელმა გ. გ-ძემ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელის გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს, აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი არ მიიღო განსახილველად დაუშვებლობის გამო.

აპელანტ ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელმა გ. გ-ძემ კერძო საჩივრით მოითხოვა იმავე სასამართლოს 2005წ. 7 ივლისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროისათვის გ. გ-ძის მარწმუნებლები – ა. და ბ. ი-ძეები არ იმყოფებოდნენ ქ. თბილისში და ამის გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რითაც დაარღვია სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ კანონიერად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის მთაწმინდა – კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელმა გ. გ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 მაისის განჩინებით აპელანტ ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძეს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის - 438 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების ასლი ხარვეზის შევსების შესახებ გაეგზავნა ბ. ი-ძეს და ჩაბარდა მის მეუღლეს, მაგრამ მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

სსკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია, უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამ წესით ჩაბარებული უწყება ითვლება ჩაბარებულად.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ დაირღვა სსკ-ის 74-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მოთხოვნა, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი მოქმედებს მაშინ, როდესაც ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სასამართლო უწყება ვერ ჩაჰბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს გ. გ-ძის მოსაზრებას, რომ მისი მარწმუნებლები – ა. და ბ. ი-ძეები არ იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას და ამის გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლითაც იგი მის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა.

სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. და ბ. ი-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.