დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1442-1561-04 31 მაისი, 2005 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 1991 წელს ი. მ-ა დაქორწინდა სოფ. ... მცხოვრებ თ.ბ-ზე და ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე შვილებთან ერთად. აღნიშნული სახლი აღრიცხულია მის სახელზე. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეადგენს 1320 კვ.მ-ს. მოსარჩელის განმარტებით, მას ეკუთვნის ეზო სახლის წინ 15.10 მეტრის სიგანეზე, თუმცა მისი მული თ. ბ-ი უკანონოდ შეიჭრა და ფლობს ფართის ნაწილს, რის შედეგად ეზოს სიგანე ქუჩის პირა გახდა 12,50 მეტრი. თ.ბ-მა მიიტაცა 41 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რითაც შეილახა მოსარჩელის საკუთრების უფლება. ი.მ-მ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი არ ფლობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს. მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გამიჯნულია ღობით, რომლის აღებაზეც ი.მ-ს უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ი.მ-ს მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი უკანონოა.
ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დაადგინა, რომ სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება ი. მ-ს სახელზე. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეადგენს 1320 კვ.მ-ს. ი.მ-მ სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხე თ.ბ-ი უკანონოდ ფლობს მის საკუთრებაში არსებულ 41,21 კვ.მ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ი.მ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა თ.ბ-ის უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებით, საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით, დადგინდა, რომ სახლის უკან მიწის ნაკვეთის გაუმიჯნაობის გამო, ექსპერტმა მის წინაშე დასმულ კითხვაზე, ფლობდა თუ არა ი.მ-ა მის სახელზე რიცხულ 0,13 ჰა მიწის ნაკვეთს, პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ექსპერტმა სადავო ობიექტის დათვალიერებით დაადგინა, რომ მოდავე მხარეებს საცხოვრებელი სახლის წინა ეზო გამიჯნული აქვთ ხის ღობით, ხოლო სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთი არის გაუმიჯნავი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 102-ე მუხლით და მიიჩნია, ვიდრე არ გაიმიჯნება თ.ბ-ისა და ი.მ-ს მიწის ნაკვეთები, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის უკანონოდ ფლობის ფაქტის დადგენა შეუძლებელია. პალატის მითითებით, ი.მ-ა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებას, რომ მისი მიწის ნაკვეთის სიგანე ეზოს გზის პირას შეადგენს 15,1 მეტრს, ხოლო რეალურად, იგი შემცირებულია 12,50 მეტრამდე და სწორედ ეზოს გზის პირა სიგრძის შემცირების ხარჯზე ფლობს თ.ბ-ი აპელანტის კუთვნილ 41,1 კვ.მ მიწის ნაკვეთს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის პასპორტსა და სარეგისტრაციო მოწმობას შორის არსებობს შეუსაბამობა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობით დგინდება, რომ ი.მ-ს მიწის ნაკვეთის გზის პირას შეადგენს 15,1 მ-ს, ხოლო საქმეში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით კი ეზოს სიგანე _ 12,50 მეტრს. ზემოაღნიშნული გარემოება ი.მ-ს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით თ.ბ-ის მიერ ი. მ-ს მიწის ნაკვეთის უკანონოდ ფლობის ფაქტი არ დგინდება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ი. მ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან აუცილებელია მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მხარის მითითებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა იყო საცხოვრებელი სახლის წინა ეზოდან მიტაცებული 41 კვ.მ-ის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. მხარემ წარმოადგინა სახლის ტექნიკური პასპორტი და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, ი.მ-ს სახლის წინა ეზოს სიგანე უნდა შეადგენდეს 15,10 მეტრს, ფაქტობრივად კი ეზოს სიგანე გზის მხარეს არის 12,50 მეტრი, ვინაიდან თ.ბ-მა მიიტაცა კასატორის ეზოს ფართი 41 კვ.მ. ი.მ-ს აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დანიშნულმა საინჟინრო-ტექნიკურმა ექსპერტიზამ დასმულ კითხვაზე სწორი პასუხი ვერ გასცა სადავო სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის გაუმიჯნაობის გამო. ამდენად, ექსპერტმა ჩაატარა მთლიანი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის აზომვები. კასატორის განმარტებით, სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთები სადავო არ გამხდარა, რის გამოც გამიჯნული არ იყო. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 113-ე მუხლის თანახმად, მან მოითხოვა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, რათა გამოკვლეულიყო მხოლოდ სახლის წინა სადავო ეზო. მხარის აზრით, მას უნდა მიკუთვნებოდა მიწის სარეგისტრაციო მოწმობითა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით განსაზღვრული ნაკვეთი, რადგან მოპასუხემ მიიტაცა მისი წინა ეზოს ის ნაწილი, სადაც სასმელი წყლის ჭა იყო განლაგებული და ამით უმძიმესი ყოფითი პრობლემები შეუქმნა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, თითქოს მან ვერ შეძლო იმ გარემოებების დამტკიცება, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებდა. ამით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები. ი.მ-მ მიუთითა საქმის მასალებში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ პასპორტზე, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული, თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნული არ გაითვალისწინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროების გამო, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საკმარისად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ ი. მ-ს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებით საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ სახლის უკან მიწის ნაკვეთის გაუმიჯნაობის გამო, ექსპერტმა მის წინაშე დასმულ კითხვაზე, ფლობდა თუ არა ი.მ-ა მის სახელზე რიცხულ 0,13 ჰა მიწის ნაკვეთს, პასუხის გაცემა ვერ შეძლო. პალატამ ასევე მიუთითა, ი.მ-ა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებას, რომ მისი მიწის სიგანე ნაკვეთის ეზოს გზის პირას შეადგენს 15,1 მეტრს, ხოლო რეალურად, იგი შემცირებულია 12,50 მეტრამდე და სწორედ ეზოს გზის პირას სიგრძის შემცირების ხარჯზე ფლობს თ.ბ-ი აპელანტის კუთვნილ 41,1 კვ.მ არსებულ მიწის ნაკვეთს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ რა დავის საგანს, ამავე კოდექსის 248-ე მუხლით, სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულია, გამოიტანოს გადაწყვეტილება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მოსარჩელის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი. მ-მ სადავოდ მიიჩნია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გზის პირა სიგანის შემცირება არაუფლებამოსილი პირის _ მოპასუხის მიერ და ვინდიკაციური სარჩელით მოითხოვა დარღვეული უფლებების აღდგენა. ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა არა ის გარემოება, სრულად ფლობს თუ არა ი.მ-ა მის სახელზე რიცხულ 0,13 ჰა მიწის ნაკვეთს, არამედ ი.მ-ს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სიგანე გზის პირას შესაბამისობაშია თუ არა საჯარო რეესტრში კონკრეტულად ამ ნაწილში რეგისტრირებულ მონაცემებთან.
ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად საკამარისად დასაბუთებული არ არის, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად მიჩნევისა და მისი გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ» პუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.