გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-156-852-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 46000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ გ. კ-ს მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 46000 აშშ დოლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2003წ. 4 მარტს გ. კ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მასზე გადასახდელად დაკისრებული 46000 აშშ დოლარის განაწილვადება იმ საფუძვლით, რომ მას ამჟამად არ გააჩნია ქონება, რომლის რეალიზაციით შეიძლება მოხდეს დავალიანების ერთბაშად დაფარვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაшპალატის 2003წ. 20 მაისის განჩინებით გ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილებით გადასახდელად დაკისრებული 46000 აშშ დოლარის გადახდის განაწილვადება მოხდა შემდეგი გრაფიკით: 2004წ. 31 მარტამდე უნდა გადაიხადოს 15000 აშშ დოლარი (ლარებში), 2005წ. 31 მარტამდე 15000 აშშ დოლარი (ლარებში), ხოლო 2006წ. 31 მარტამდე 16000 აშშ დოლარი (ლარებში).
სააპელაციო სასამართლომ განაწილვადების საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გ. კ-ს არ გააჩნდა უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, რომელიც შეიძლება გამხდარიყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დადგენილი წესითა და ვადაში აღსრულების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში აღსრულების განაწილვადება გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულების გარანტი, ვინაიდან მოვალეზე გადასახდელად დაკისრებული იყო სოლიდარული თანხა 46000 აშშ დოლარი და მისი 3 წელზე განაწილვადება შესაძლებელს გახდიდა მის რეალურ აღსრულებას.
2003წ. 29 მაისს ზემოთ მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. რ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს გ. კ-ს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრების უფლებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება ამ მოსაზრების არსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება დაუსაბუთებელია გადაწყვეტილების აღსრულების სამი წლის ვადით განაწილვადების შესახებ იმ თვალსაზრისით, რომ თუკი დღეს არ გააჩნია საშუალება გ. კ-ს გადაწყვეტილების აღსრულებისა, როგორ შესძლებს ამას 3 წლის ვადაში. სასამართლოს ამგვარი მოსაზრება საფუძველს მოკლებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ გ. კ-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არავითარი გარანტია, რაც სასამართლოს ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემდა.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამის სურვილი გააჩნია ორივე მხარეს. ვინაიდან კრედიტორი წინააღმდეგია აღსრულების განაწილვადებისა, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა კრედიტორის ნების საწინააღმდეგოდ მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმესთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა პროცესის მონაწილეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ დაუსაბუთებელია.
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებას სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ გ. კ-ს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრების უფლებით, მაშინ, როცა საქმეში ამის თაობაზე არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება.
სსკ-ს 285-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნოს მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე.
სკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, როცა საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ. კ-ს არ გააჩნია საკუთრების უფლებით უძრავ-მოძრავი ქონება და განცხადების განხილვის დროსაც არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება ამის შესახებ, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გაეკეთებინა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების, გ. კ-ის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გ. კ-ის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ემყარება სასამართლოს სუბიექტურ შეხედულებას, რადგან ამ დასკვნას საფუძვლად არ უდევს მტკიცებულებების ყოველმხრივი გამოკვლევა და ობიექტური განხილვა.
ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების 3 წლის ვადით განაწილვადება შესაძლებელს გახდის ამ გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნის გაკეთება შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გ. კ-ი წარმოადგენდა მტკიცებულებებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განაწილვადების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის გარანტიის თაობაზე და ეს მტკიცებულებები სათანადო წესის დაცვით გამოკვლეული იქნებოდა სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამგვარი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების 3 წლის ვადით განაწილვადება შესაძლებელს გახდის ამ გადაწყვეტილების რეალურ აღსრულებას, სუბიექტური და დაუსაბუთებელია.
სსკ-ს 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ სახის განჩინების მიღება მხარეთა თხოვნით შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახის განჩინების მიღება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს ორივე მხარის თხოვნა. ამ სახის განჩინების მიღება დასაშვებია ერთ-ერთი მხარის თხოვნითაც. მითითებული სიტყვა “მხარეთა თხოვნა” მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სახის თხოვნის უფლება გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. აუცილებელი არ არის, რომ ერთროულად არსებობდეს ორივე მხარის თხოვნა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე განჩინების მიღებას საფუძვლად უნდა ედოს მხოლოდ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებანი, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რეალური შესრულება, ვინაიდან განაწილვადება კრედიტორის რეალურ დაცვას აყოვნებს დროში და თავისთავად გარკვეულწილად ხელყოფს კრედიტორის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, ამიტომ ამ სახის ღონისძიების განხორციელების საფუძველი უნდა იყოს უკიდურესი და სერიოზული ხასიათის, კერძოდ, ქონებრივი და სხვა სახის (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, მოვალის ადგილზე არყოფნა და სხვა გარემოებები) დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის გადაწყვეტილების აღრულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ. კანდელაკის განცხადება დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. რ-ის წარმომადგენლის გ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. განჩინება 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ და მიღებულ იქნეს ახალი განჩინება.
გ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.