დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-17-324-04 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: კონტრაფაქციული ეგზემპლარების ჩამორთმევა და გადმოცემა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 28 ოქტომბერს ზ. რ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე „გ. გ-ის“ მიმართ. მან განმარტა, რომ თ. ჩ-ესთან ერთად წარმოადგენს სპექტაკლ „...ის“ ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებისა და სატელევიზიო დადგმის _ „ახალ ბინას გილოცავ“ ორიგინალური ნაწარმოების პიესის თანაავტორს. ინდივიდუალურმა მეწარმემ „გ. გ-მა“ მისი ნებართვისა და მისთვის კუთვნილი ჰონორარის გადახდის გარეშე დაიწყო ზემოხსენებული ნაწარმოებების ვიდეოგრამების კონტრაფაქციული ეგზემპლარების გამოშვება და რეალიზაცია. ზ. რ-ის განმარტებით, მოპასუხე ახდენს მისი ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირებას, რისთვისაც ვერ იღებს კუთვნილ საავტორო ჰონორარს. ამასთან, აღნიშნულ ეგზემპლარებზე არ არის მითითებული მისი სახელი, რითაც ირღვევა საავტორი უფლება, რაც ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკაზე.
მოსარჩელემ მოითხოვა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინდივიდუალური მეწარმე „გ. გ-ისთვის“ კონტრაფაქციული ეგზემპლარების ჩამორთმევა და მის საკუთრებაში გადაცემა, 23000 ლარის გადასახდელად დაკისრება.
2003წ. 6 ნოემბერს ზ. რ-ემ განცხადებით მოითხოვა სსკ-ის 191-ე მუხლისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ყადაღის დადება ინდ. მეწარმე „გ. გ-ის“ მიერ გამოშვებულ კონტრაფაქციულ ეგზემპლარებზე, კერძოდ, სპექტაკლ „...ის“ ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებისა და სატელევიზიო დადგმის „ახალ ბინას გილოცავ“ ორიგინალური ნაწარმოების პიესის ვიდეოგრამებზე, ვინაიდან აღნიშნული ვიდეოგრამების კონტრაფაქციული ეგზემპლარების რეალიზება ხდება შეუზღუდავად და სამომავლოდ შეუძლებელი გახდება მატერიალური ზიანის ობიექტურად გამოთვლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ის განცხადება დაკმაყოფილდა _ ყადაღა დაედო ინდივიდუალური მეწარმე „გ. გ-ის“ მიერ გამოშვებულ კონტრაფაქციულ ეგზემპლარებს, კერძოდ, სპექტაკლ „...ის“ ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებისა და სატელევიზიო დადგმის _ „ახალ ბინას გილოცავ“ ორიგინალური ნაწარმოების პიესის ვიდეოგრამებს.
2003წ. 22 დეკემბერს ინდივიდუალურმა მეწარმემ „გ. გ-მა“ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმება იმის გამო, რომ ვიდეოგრამების დაყადაღებით მას მოესპობა მათი რეალიზაციის საშუალება, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიაყენებს ზარალს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა მოეთხოვა ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ყველა იმ ეგზემპლარზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ეგზემპლარია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებები, განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, როგორიცაა დამზადება, რეპროდუცირება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი და ამ კანონით გათვალისწინებული ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე, იმ ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა გავრცელების მიზნით, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ეგზემპლარია.
ამდენად, სასამართლომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სწორად იხელმძღვანელა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მოსარჩელისთვის უნდა მოეთხოვა ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მეორე მხარისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. მოცემული ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს მიმართოს მსგავს ღონისძიებას, არამედ ანიჭებს ასეთ უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდივიდუალური მეწარმე „გ. გ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინება.
ინდივიდუალური მეწარმე „გ. გ-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 420 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.