1. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია:

ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება);

ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება);

გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი;

დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);

ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება);

ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა);

ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელება ხდება ავტორის ხარჯზე. ავტორმა ნაწარმოების მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი მოგების ჩათვლით. ავტორს აგრეთვე უფლება აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თავისი ხარჯებით ამოიღოს გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით ადრე დამზადებული ნაწარმოების ასლები.

3. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც.

4. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1