გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210115001204102
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/27799-15 (330210115001201590)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.09.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: დ-----------–---–ი

წარმომადგენელი: გ----------------–---–ი

მოპასუხე: ი-- ი---------–--ა

წარმომადგენელი: გ----------ე

მოპასუხეები: ი-- ნ-----------–---–ი, ი-- ნ-------------ე

წარმომადგენელი: თ-----------–---–ი

დავის საგანი: საავტორო უფლების დარღვევის აღკვეთა, კომპენსაციის დაკისრება, კონტრაფაქციული ასლების ჩამორთმევა და მოსარჩელისთვის გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აეკრძალოს მოპასუხეებს დ-----------–---–ის ავტორობით გამოცემული წიგნების ორიგინალისა და კონტრაფაქციული ასლების გავრცელება;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა თითოეულს 6600 ლარის ოდენობით (ჯამში 19 800 ლარი);

 

1.3. სადავო წიგნების კონტრაფაქციული ასლების მოპასუხეებისთვის ჩამორთმევა და მოსარჩელისთვის გადაცემა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე არის შპს ,,წ-------------ის“ დამფუძნებელი დირექტორი და ასევე ავტორი წიგნებისა: ,,ო-–-------ა ,,ე--------ის“ ა---–---------------–- N1 (2-4 კლასი)“ და ,,მ----------ა ე--------ი ნ-–--–ი 7“ აღნიშნული წიგნები სარეალიზაციოდ ბაზარზე გამოვიდა 2014 წლის ნოემბერში და სარჩელის წარმოდგენამდე აქტიურად მიმდინარეობს მათი რეალიზაცია. როგორც ყველაზე უფრო ფართო გავრცელების მქონე მაღაზიის ქსელების მიერ წარმოდგენილი ცნობებიდან ჩანს, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ბოლომდე აღნიშნული წიგნებიდან მიღებულმა შემოსავალმა საშუალოდ შეადგინა 19800 ლარი. ,,ო-–-------ა ,,ე--------ის“ ა---–---------------–-ს საშუალო ღირებულება შეადგენს 20 ლარს, ხოლო ,,მ----------ა ე--------ი ნ-–--–ი 7“-ის 10 ლარს.

 

2011 წლიდან სხვადასხვა წიგნების რეალიზაციაში გაშვებისთანავე მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ხდებოდა მისი ავტორობით გამოცემული წიგნების ფალსიფიცირებული ასლების რეალიზაცია. მყიდველების მოზიდვის მიზნით წიგნების ღირებულება თავდაპირველად იყო ორიგინალის ღირებულებაზე ნაკლები, ხოლო შემდეგ ასლების ღირებულება გაუტოლდა ორიგინალი წიგნების ღირებულებას. აღნიშნული ორი წიგნის კონტრაფაქციული ასლების რეალიზება ხორციელდება წ-------–-------------ში მდებარე წიგნების ორ მაღაზიაში და ასევე ც--------------ში მდებარე წიგნების მაღაზიაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მათ სადავო გახადეს მოსარჩელის ავტორობის საკითხი და ასევე განაცხადეს, რომ წიგნის რეალიზაცია ცალსახად არ იწვევს საავტორო უფლების დარღვევას. მითუმეტეს მაშინ, როცა მოსარჩელის მიერ წიგნებს რეალიზაცია ან რაიმე სახით განკარგვა არ ყოფილა აკრძალული. რაც შეეხება კონტრაფაქციული თუ ფალსიფიცირებული ასლების გაყიდვას, მოპასუხეებისთვის ცნობილი არ იყო სადავო წიგნების წარმომავლობის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ-----------–---–ი არის შპს ,,წ-------------ის“ დირექტორი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.87-88);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. შპს ,,ბ---–---ის“ ცნობით, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით გაიყიდა ე--------ი მეშვიდე ნ-–--–ი და ო-–-------ა ე--------ის ა---–---------------–- (II-VI კლასი), სულ 1091 ცალი. ე--------ი მეშვიდე ნ-–--–ის საცალო ფასი იყო 10 ლარი, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან 10.99 ლარი, ო-–-------ა ე--------ის ა---–---------------–-ს (II-VI კლასი) საცალო ფასი კი შეადგენდა 20 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა შპს ,,ბ---–---იდან“ (ს.ფ. 96);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.3. შპს ,,წ---------------მა“ 2015 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით მოახდინა 52 ცალი ე--------ი მ----------ა VII ნ-–--–ის (გასაყიდი ფასი-10ლარი) და 50 ცალი ო-–-------ა ე--------ის ა---–---------------–- N1-ის (გასაყიდი ფასი 20 ლარი) რეალიზაცია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა შპს ,,წ---------------იდან“ (ს.ფ. 97);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.4. შპს ,,პ-------“-მა 2014 წლის 21 ნოემბრიდან 2015 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოახდინა შპს ,,წ-------------ის“ წიგნების რეალიზაცია: წიგნი ე--------ი 7 ნაწ. 19 ცალი, ერთეულის ფასი - 10 ლარი, ჯამში - 190 ლარი; ამოცანების კრებული - 15 ცალი, ერთეულის ფასი - 20 ლარი, ჯამში - 300 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა შპს ,,პ-------“-დან (ს.ფ. 98);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.5. შპს ,,წ-----------------ს“ შპს ,,წ-------------ისგან“ მიღებული აქვს: 1. წიგნი ,,ა---–---------------–- 1“. 12.03.2015-ში 30 ცალი და 2. წიგნი ,,მ----------ა VII ნ-–--–ი“, 19.11.2014-ში 50 ცალი. შპს ,,წ-----------------ს“ მაღაზიათა ქსელ ,,ლ-----ში“ აღნიშნული წიგნები მიწოდების დღიდან, 28.12.2015-მდე გაიყიდა შემდეგი რაოდენობით: 1. წიგნი ,,ა---–---------------–- 1“, 18 ცალი, სარეალიზაციო ფასი - 20 ლარი. 2. წიგნი ,,მ----------ა VII ნ-–--–ი“, 20 ცალი, სარეალიზაციო ფასი - 10 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა შპს ,,წ-----------------დან“ (ს.ფ. 99);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.6. შპს ,,ს--–----–--ს“ შპს ,,წ-------------იდან“ მიღებული აქვს ე--------ი მ----------ა VII ნ-–--–ი 50 ცალი, გაიყიდა 29 ცალი, ერთეულის ფასი 10 ლარი; ა---–---------------–- მიიღეს 90 ცალი, გაიყიდა 30 ცალი - ერთეულის ფასი 20 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა შპს ,,ს--–----–--დან“ (ს.ფ. 100);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.7. 2015 წლის 13 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონლის საექსპერტო ბიუროში გადატანა და ჩაბარების ფაქტის დაფიქსირება. ი-- ნ-----------–---–ის კუთვნილი, ა.წ-------–-------------ში მდებარე წიგნების მაღაზიიდან შეიძინეს ორი წიგნი: ,,მ----------ა, ე--------ი ნ-–--–ი 7“, ,,მ----------ა ა---–---------------–-“. ი-- ი---------–--ას კუთვნილი მაღაზიიდან შეისყიდეს ერთი წიგნი, წარწერით, ,,ო-–-------ა ,,ე--------ის“ ა---–---------------–-“. ი-- ნ-------------ის კუთვნილი, ქ.თბილისი, ც-------------ში მდებარე წიგნების მაღაზიაში შეიძინეს ორი წიგნი, წარწერებით, ,,მ----------ა, ე--------ი ნ-–--–ი 7“, ,,ო-–-------ა ,,ე--------ის“ ა---–---------------–-“.

 

- ფაქტების კონსტანტანციის ოქმი (ს.ფ. 18-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.8. ფაქტების კონსტანტანციის დროს შეძენილ და ექსპერტიზაზე გადაგზავნილ წიგნებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, წიგნის ,,ო-–-------ა ,,ე--------ის“ ა---–---------------–- N1 (II-VI კლასი)“ შედარებითი კვლევისას ნიმუშად წარმოდგენილ წიგნთან - ,,ო-–-------ა ,,ე--------ის“ ა---–---------------–- N1 (II-VI კლასი)“ და გამოვლინდა შემდეგი განმასხვავებელი ნიშნები: 1. განსხვავება წიგნების ზომებში (სიგრძე და სიგანე); 2. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის ყდის სახით და უკანა მხარეებზე ზედა ნაწილში აღინიშნება მუქი იისფერი ზოლი ამავე დროს გამოსაკვლევი წიგნის ყდის სახით და უკანა მხარეებზე ზედა ნაწილში აღინიშნება შავი ფერის ზოლი; 3. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის ყდაზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერი ,,N1“ და ამავე წიგნის ყდა ფერით ერთნაირია, ამავე დროს გამოსაკვლევი წიგნის ყდაზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერი ,,N1“ და ამავე წიგნის ყდა ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან; 4. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის ყდის უკანა მხარეზე არსებული ლოგო და ამავე წიგნის ყდა ფერით ერთნაირია, ამავე დროს გამოსაკვლევი წიგნის ყდის უკანა მხარეზე არსებული ლოგო და ამავე წიგნის ყდა ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან; 5. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის ყდის უკანა მხარეზე არსებული ჩანაწერები ,,ე--------ი“, ,,დ---------–-----–-------–-“ და ამავე წიგნის ყდა ფერით ერთნაირია, ამავე დროს გამოსაკვლევი წიგნის ყდის უკანა მხარეზე არსებული ჩანაწერები ,,ე--------ი“, ,,დ----------–-------–-“ და ამავე წიგნის ყდა ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან; 6. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის და გამოსაკვლევი წიგნის ყდების უკანა მხარეებზე არსებულ ჩანაწერებში ,,-------------” ასოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიგანით; 7. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის ყდაზე არსებულ ჩანაწერებში ასოთა შტრიხების ნაპირები მკვეთრია და სწორია; ასოთა შტრიხების შიგნით არ აღინიშნება ფონი ფერადი წერტილების სახით, ამავდროულად გამოსაკვლევი წიგნის ყდაზე არსებულ ჩანაწერებში ასოთა შტრიხების ნაპირები არამკვეთრია და არასწორია; ასოთა შტრიხების შიგნით აღინიშნება ფონი ფერადი წერტილების სახით.

 

2) წიგნი ,,მ----------ა ე--------ი ნ-–--–ი VII“ შედარებითი კვლევისას ნიმუშად წარმოდგენილ წიგნთან ,,მ----------ა ე--------ი ნ-–--–ი VII“ (რომელსაც აღენიშნება ხელნაწერი ტექსტი ,,ორიგინალი“) გამოვლინდა შემდეგი განსხვავებული ნიშნები: 1. განსხვავება წიგნების ზომებში (სიგრძე, სიგანე და სისქე); 2. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის და გამოსაკვლევი წიგნის ყდები სისქით განსხვავდება ერთმანეთისგან; 3. ნიმუშად წარმოდგენილი წიგნის ყდაზე არსებულ ჩანაწერებში ასოთა შტრიხების ნაპირები მკვეთრია; ასოთა შტრიხების შიგნით არ აღინიშნება ფონი ფერადი წერტილების სახით, ამავე დროულად გამოსაკვლევი წიგნის ყდაზე არსებულ ჩანაწერებში ასოთა შტრიხების ნაპირები არამკვეთრია; ასოთა შტრიხების შიგნით აღინიშნება ფონი ფერადი წერტილების სახით;

 

- ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ. 49-78);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

3.2.2 მოპასუხეები სადავოდ ხდიან დ-----------–---–ის სადავო წიგნების ავტორობის საკითხს.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად, ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები, ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ავტორად მიჩნევა ის ფიზიკური პირი, ვინც შექმნა ნაწარმოები. ყველა სახის საავტორო უფლება ავტორთან დაკავშირებით წარმოიშობა და მას ეკუთვნის ნაწარმოების შექმნის დღიდან. ნაწარმოებად კი უნდა ჩაითვალოს ის ნამუშევარი, რომლის შექმნისთვისაც ავტორმა გამოიყენა გარკვეული დონის ინტელექტუალური შემოქმედება.

 

საავტორო უფლება არ გახლავს საქპატენტში ცალკე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სამართლებრივი სიკეთე (როგორ მაგალითად სასაქონლო ნიშანი) და ის წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის ფაქტით.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. ამდენად, ნაწარმოების არსებობა უნდა იძლეოდეს მისი რეპროდუცირების საშუალებას. ასეთ ვითარებაში, ავტორი საკუთარი ქმნილების ერთადერთი მფლობელია და ნაწარმოები დაცულია, განურჩევლად გამოქვეყნებისა, მთავარია რაიმე ობიექტური ფორმით არსებობდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 იანვრის (Nას-1036-971-2012) გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ნაწარმოები შეფასებითი კატეგორიაა და გულისხმობს კრეატიული პროცესის შედეგად შექმნილ ობიექტს. ამ განსაზღვრების საფუძველზე, საგამოცდო ტესტი, კითხვები და სავარაუდო პასუხები შეიძლება იყოს დაცვის საგანი, როგორც ინტელექტუალური საქმიანობის შედეგი.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

დ-----------–---–ი მითითებულია ,,ო-–-------ა ე--------ის“ ა---–---------------–- N1 და ,,მ----------ა ე--------ი ნ-–--–ი 7“ ავტორად, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მოპასუხეებს საკმარისი და რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ (იმტერნეტ სტატიაზე მითითება - ს.ფ. 187 ვერ ქმნის საწინააღმდეგო ვარაუდს). მოპასუხეებმა ასევე განმარტეს, რომ ეს სადავო ნაწარმოებები წარმოადგენს სამსახურებრივ ნაწარმოებს, რის გამოც მათზე ვერ გავრცელდება ავტორის უფლებები. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება (Nას-1036-971-2012), ეს გადაწყვეტილება ეხება განსხვავებულ შემთხვევას. აქ სადავო არ იყო, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების საფუძველზე, დაკვეთით შეადგინა კითხვები, სავარაუდო პასუხებით და ცალსახა იყო, რომ სადავო ტესტები უნდა განხილულიყო სამსახურებრივ ნაწარმოებად და მასზე უფლება ეკუთნოდა არა შემსრულებელს, არამედ დამკვეთს. ამ შემთხვევაში კი, არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ დ-----------–---–ი ასრულებდა ვინმეს დაკვეთას, ან არსებობდა ამის შესახებ ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო წიგნების ავტორია დ-----------–---–ი. ხოლო ნაწარმოები წარმოადგენს მისი ინტელექტუალური შრომის შედეგს, შესაბამისად იგი არის დაცვის ქვეშ მყოფი საგანი.

 

3.2.3. მოპასუხეები ასევე სადავოდ ხდიან მათ მიერ მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის ფაქტს.

 

საავტორო უფლების დარღვევის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება ავტორობის ინსტიტუტს. როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს ნაწარმოებებზე ადასტურებს მათზე ავტორად მითითებით (თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება), ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ნაწარმოებებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მას შეეძლო მოპასუხეებისთვის მიეცა ამ ნაწარმოებების გამოყენების უფლება. შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ ამ კრებულების გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მოპასუხემ.

 

სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ დ-----------–---–ი არის სადავო ნაწარმოებების ავტორი, მოსარჩელის ავტორობა სადავო ნაწარმოებებზე და მათზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ნაწარმოებების, ან ფალსიფიცირებული ასლების გამოყენების დადასტურება იწვევს მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის ამოქმედებას. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. მოპასუხეებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა ორივე ფაქტი, რაც საკმარისი იყო პრეზუმფციის ასამოქმედებლად.

 

მოპასუხეებმა განმარტეს, რომ წიგნის რეალიზაცია ცალსახად არ იწვევს საავტორო უფლების დარღვევას. მითუმეტეს მაშინ, როცა მოსარჩელის მიერ წიგნებს რეალიზაცია ან რაიმე სახით განკარგვა არ ყოფილა აკრძალული. რაც შეეხება კონტრაფაქციული თუ ფალსიფიცირებული ასლების გაყიდვას, მოპასუხეებისთვის ცნობილი არ იყო სადავო წიგნების წარმომავლობის შესახებ, ასევე აცხადებენ, რომ წიგნებს შორის იყო მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავება.

 

მოსარჩელეს, როგორც ავტორს, გააჩნია უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს გამოაქვეყნოს ნაწარმოები თუ არა. ნაწარმოების გამოქვეყნების უფლებასთან პირდაპირ კავშირშია გამოცემის უფლება. ამ უფლების თანახმად, ავტორს შეუძლია ნება დართოს, ან აუკრძალოს მესამე პირს ეგზემპლარების გამოშვება. გამოშვება და გავრცელება ნიშნავს გაყიდვას, გაქირავებას ან ნაწარმოების ეგზემპლარებზე საკუთრების სხვაგვარ გადაცემას. დ-----------–---–ს ასევე გააჩნია ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება, რის გამოც მას შეუძლია შეეწინააღმდეგოს ნაწარმოების მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას, როგორც შინაარსის, ისე ფორმის დარღვევას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ წარდგენილი ნიმუშები განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც წიგნების ზომით, ასევე დასკვნაში მითითებული სხვა ნიშნებით (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოებები). მართალია ამ დასკვნების თანახმად ვერ დგინდება, რომელია ორიგინალი და რომელი ფალსიფიცირებული ასლი, თუმცა ცალსახაა, რომ მოპასუხეების მაღაზიაში შეძენილი ორი ერთნაირი დასახელების წიგნები (რომელთაგან ერთ-ერთი მოსარჩელის საავტორო წიგნია) განსხვავდება ერთმანეთისგან წიგნების ზომით და სხვა ნიშნებით. მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს რამე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ამ წიგნების წარმოშობა და მათი გავრცელების კანონიერება, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეები ავრცელებდნენ წიგნებს, რომლებზეც მოსარჩელეს გააჩნია საავტორო უფლება, ასევე წიგნებს, რომლებიც იყო ამ ეგზემპლარების კონტრაფაქციული (ფალსიფიცირებული) ასლები.

 

3.2.4. რაც შეეხება მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საავტორო უფლების მოპასუხეების მიერ უნებართვოდ გამოყენებას, რის გამოც კონტრაფრაქციული ორიგინალი ნაწარმოებები გამოიყენებოდა სხვა პირის მიერ შემოსავლის მიღების მიზნით. აღნიშნული ქმედება განიხილება ქონებრივი უფლების დარღვევად. როდესაც უფლებათა დარღვევა დადგინდება, დამრღვევს შეიძლება შეეფარდოს შესაბამისი სიმძიმის და სახის პასუხისმგებლობის ზომა, ზიანის ანაზღაურების სახით.

 

მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების ოდენობას ითვლის სხვადასხვა მაღაზიებში რეალიზებული წიგნების ოდენობის ფასზე გამრავლებით (ს.ფ. 96-100 წარმოდგენილი კალკულაციები მარტთლაც ქმნის მოთხოვნილი ზიანის ექვივალენტურ და უფრო მეტ თანხას). თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მაღაზიების ნაწილი წარმოადგენს ქსელურ მაღაზიებს, ასე ვთქვათ ამ ბიზნესის მსხვილ მოთამაშეებს, რომლებსაც აქვთ ფილიალები, ხოლო მოპასუხეები წიგნების რეალიზაციას ახდენდნენ მცირე ზომის მაღაზიებში, სადაც ბუნებრივია ვერ მოხდებოდა იმდენივე წიგნის რეალიზაცია. ამდენად, გაურკვეველია ზიანის ოდენობა, მით უფრო იმ დროს, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებშიც კი უზუსტობაა და შპს ,,წ------------ის“ მიერ რეალიზებული საქონლის ჩამონათვალიდან, შპს ,,ბ---–---ის“ მიერ გაყიდული წიგნების რაოდენობით მიღებული თანხა არ ემთხვევა შპს ,,ბ---–---ის“ მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული გაყიდული წიგნებით მიღებულ თანხას. საქმეში არავითარი მტიცებულება არის კონკრეტულად მოპასუხეთა მიერ რეალიზებული კონტრაფაქციული ასლების შესახებ. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე პირთა სამეწარმეო წონიდან გამომდინარე, უსამართლო იქნებოდა მათ მიმართ პრეზუმირება იმისა, რომ 2014 წლის ბოლოდან სარცელის წარმოდგენამდე, მათაც იგივე ბრუნბა ექნებოდათ, რაც ზემოთ ნახსენებ მსხვილ საწარმოებას.

 

შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ზიანის დადგომისა და ოდენობის თაობაზე მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა; ეს ტვირთი მან ვერ ზიდა. ვინაიდან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, სასამართლო ვერ ადგენს მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს მოსარჩელის საავტორო უფლება, სარჩელი ამ უფლების დაცვის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment

`სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, 45-ე მუხლი,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია

საერთაშორისო შეთანხმება `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

მოსარჩელე მოითხოვს აეკრძალოთ მოპასუხეებს მისი ავტორობით გამოცემული წიგნების ორიგინალისა და კონტრაფაქციული ასლების გავრცელება; დაეკისროთ მათ მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა თითოეულს 6600 ლარის ოდენობით და ჩამოერთვათ მოპასუხეებს სადავო წიგნების კონტრაფაქციული ასლები და გადაეცეს მოსარჩელეს.

 

სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007).

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-9 მუხლის მიხედვით, კი საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში კი აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, დ-----------–---–ი ნამდვილად არის სადავო წიგნების ავტორი.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა). კანონმდებლობა არ იძლევა ნაწარმოების ზუსტ ცნებას, რადგან, ნაწარმოები წარმოადგენს რთული, მრავალმხრივი შინაარსის ობიექტს. თვითონ ნაწარმოებია ერთადერთი უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც, შეფასებული უნდა იქნეს ნებისმიერ სადავო შემთხვევაში. საავტორო დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა დაცვის ობიექტი ნაწარმოებს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს. ასეთი ობიექტი დაცვას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა მისი კონკრეტულად რომელიმე სფეროსათვის მიკუთვნება. დაცვა ხორციელდება მხოლოდ გონებრივი შრომის შედეგზე. მასალის დამუშავება, მაგალითების და ამოცანების შედგენა კონკრეტული კითხვებით და სავარაუდო პასუხებით ნამდვილად წარმოადგენს მოსარჩელის ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას და დ-----------–---–ის საავტორო წიგნები უნდა მივიჩნიოთ ნაწარმოებად, რომელიც დაცულია საავტორო უფლების დარღვევისგან.

 

მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება); ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა); ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ქონებრივი უფლებებია: ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.

 

დადგინდა, რომ მოპასუხეები ახდენდნენ დ-----------–---–ის საავტორო წიგნების რეალიზაციას, მაშინ, როცა არ ჰქონიათ შეთანხმება ავტორთან, ასევე ისინი ყიდნენ წიგნებს, რომლებიც იყო მოსარჩელის საავტორო წიგნების კონტრაფაქციული ასლები, რითაც მათ დაარღვიეს მოსარჩელის საავტორო უფლება.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;

 

59-ე მუხლის თანახმად, კი საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული წინაპირობები აუცილებელია არსებობდეს ერთდროულად, ზიანის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის არსებობს ხუთი ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ზიანი.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, 2014 წლის ნოემბრიდან, 2015 წლის ბოლომდე, ორივე წიგნის მხოლოდ ფართო გავრცელების რამდენიმე ქსელში მიღებულმა საშუალო შემოსავალმა შეადგინა 19800 ლარი. შესაბამისად, ფალსიფიცირებული წიგნების არარსებობის შემთხვევაში ავტორი გაცილებით უფრო მეტ ჰონორარს მიიღებდა. ამდენად ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რაც უნდა მიეღო ავტორს უფლების დაურღვევლობის შემთხვევაში. ვინაიდან უფლება დარღვეულია სამი პირის მიერ, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისთვის 6600 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ზიანის მიყენების შემდეგ, მიუღებელი შემოსავლის დროს ქონებრივ მდგომარეობას შორის სხვაობა უნდა დადასტურდეს ისეთი მტკიცებულებებით, რითაც უდავოდ დადასტურდება ზიანის მიყენების ოდენობა.

 

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი-ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად იმპერატიულად დადგენილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მისი დაკმაყოფილების გარკვეული წინაპირობების არსებობა და ამ ჩამოთვლილ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზიანის არსებობის ფაქტის და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან არ არის შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები.

 

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტი უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად. მოსარჩელე თვითონვე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რა ოდენობის ზიანი მიადგა მოპასუხეების ქმედებით. შესაბამისად დადგენილია, რომ ცალსახად არ დგინდება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამდენად, დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მოსარჩელის საავტორო უფლება, თუმცა არ დგინდება მათი ბრალეულობა და ზიანის ოდენობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. აეკრძალოს მოპასუხეებს დ-----------–---–ის ავტორობით გამოცემული წიგნების ორიგინალისა და კონტრაფაქციული ასლების გავრცელება;

 

1.2. ჩამოერთვათ მოპასუხეებს სადავო წიგნების კონტრაფაქციული ასლები და გადაეცეს მოსარჩელეს.

 

2. არ დაკმაყოფილდეს დ-----------–---–ის სარჩელი, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში.

 

3. დ-----------–---–ს დაუბრუნდეს თ----------------ის მიერ 2015 წლის 16 დეკემბერს, სს ,,ბ--------------–---ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი