გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3361-18 (330210018002287649)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.12.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: მ---------------------------–--ი
წარმომადგენელი: ნ--------–-----–ი, კ--------–-------ე, ა----------–---–ი
მოპასუხე: სს ,,ს-------–---–-"
წარმომადგენელი: კ-----------–---–---–ი, თ-----------–---–ი
დავის საგანი: საავტორო უფლების დარღვევის აღკვეთა და კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს სს ,,ს-------–---–ს" შეწყვიტოს ,,მ--------------ის" ,,კომპიუტერული პროგრამების" არალიცენზირებული გამოყენება;
1.2. სს ,,ს-------–---–ს" დაეკისროს მ--------------ის სასარგებლოდ საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაცია 140 790 აშშ დოლარის ოდენობით (მისაღები ფულადი ანაზღაურების 15- მაგი ოდენობა);
(სასარჩელო მოთხოვნის პირველი პუნქტი დაზუსტდა 2018 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე).
სარჩელის საფუძვლები
მ---------------------------–--ი წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს მულტინაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ქმნის, ავითარებს, აწარმოებს, გასცემს ლიცენზიებს და ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს, პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა სამომხმარებლო ელექტრო მოწყობილობებსა და ტექნიკას. სხვა მრავალ კომპიუტერულ პროგრამებს შორის, “მ--------------ის” საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამებია: “მ-------------- ვ---------ი’’; “მ------------ ოფისი”; “მ-------------- ს--------------------ს” და აღნიშნული პროგრამების სხვადასხვა ვერსიები (შემდგომში, აღნიშნული კომპიუტერულ პროგრამებს ერთობლივად მოვიხსენიებთ, როგორც “კომპიუტერული პროგრამები”), რომელთა ლიცენზირებული ვერსიები საქართველოში ხელმისაწვდომია "მ--------------ის" პარტნიორი კომპანიების მეშვეობით, “კომპიუტერულ პროგრამებზე” “მ--------------ის" ინტელექტუალური საკუთრების საავტორო) უფლებები საქართველოში დაცულია 1999 წლის 22 ივნისის საქართველოს კანონით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სს "ს-------–---–-ს" (ს/კ 2--------) პერსონალური კომპიუტერების ოპერირებისთვის იყენებს არალიცენზირებულ/უნებართვო “კომპიუტერულ პროგრამებს” და მიუხედავად “მ--------------ისა” და “მ--------------ის” პარტნიორი კომპანიების შესაბამისი მცდელობებისა იგი აგრძელებს უნებართვო “კომპიუტერული პროგრამების” გამოყენებას. აღნიშნული დადასტურდა 2017 წლის 23 მაისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების აღსრულებისას შემოწმებულ კომპიუტერებზე აღმოჩენილი ინსტალირებული კომპიუტერული პროგრამებით. აღმასრულებლის მიერ განჩინების აღსრულების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 13 კომპიუტერი იქნა აღრიცხული,,ს-------–---–-ს” სათავო ოფისში, მდებარე შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ს-------–---–-ს გ-----------; მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, “ს-------–---–-ს” ოფისში არსებულ კომპიუტერებზე ჩაწერილია “მ-------------- ვ---------ისა” და “მ---------------------ის” სხვადასხვა ვერსიები. ამასთან, "მ--------------ის" ლიცენზირებული შესყიდვების მონაცემთა მიხედვით, ,,ს-------–---–ს" არ გააჩნია უფლება განახორციელოს ზემოთხსენებული პროგრამების ინსტალირება და რეპროდუქცია. მოპასუხემ, არა მხოლოდ უგულებელყო ,,მ--------------ის საავტორო უფლებები და ლიცენზირების თაობაზე შეთავაზება, არამედ აგრეთვე უპრეცენდენტო წინააღმდეგობა გაუწია აღმასრულებელს სასამართლოს განჩინების აღსრულების პროცესში და სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ძალადობრივი გზით, შეეცადა ეიძულებინა იგი, დაეტოვებინა ოფისის ტერიტორია აღმასრულებელს, მის თანმხლებ პირებსა და "მ--------------ის” წარმომადგენლებს. შედეგად, აღმასრულებელმა აღსრულების პროცესის დაწყება და დასრულება შეძლო მხოლოდ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟისა და აღსრულების პოლიციის მოსვლის შემდგომ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებულია ვინაიდან, სალიცენზიო შეთანხმების დადების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებზე ხელმომწერი და სარჩელზე ხელმომწერი პირები არ აქვთ უფლებამოსილება იმოქმედონ მოსარჩელედ მითითებული ,,მ---------------------------–--ის" სახელით.
შესაგებელში სარჩელში მითითებულია, რომ შპს "მ--------------------------–ო" არის მოსარჩელის შვილობილი კომპანია, თუმცა როგორც მისი ამონაწერიდან ირკვევა, იგი დაფუძნებულია L------------------ მიერ, რომელიც დახურული ტიპის შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა და რომლის მენეჯერები არიან ქეით დოლივერი და ბენჯამინ ორნდორფი. ნევადას შტატში რეგისტრირებული მითითებული კომპანიის მენეჯერების უფლებამოსილება გაურკვეველია მოსარჩელის სახელით სარჩელის აღძვრისა და მით უფრო შვილობილი კომპანიის დაფუძნების თვალსაზრისით. მოსარჩელის კორპორატიულ ჩანაწერებში ასობით დირექტორისა და ოფიცრის სახელს შორის კორპორატიული ოფიცრის ასისტენტის მეშვეობით შვილობილი კომპანიის დაფუძნება დასაბუთებულ ეჭვს ბადებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. სარჩელს თან ერთვის მოსარჩელის სახელით საქმისწარმოების დამადასტურებელი რწმუნებულება, რომელიც ხელმოწერილია გაურკვეველი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ (ხელმოწერის გასწვრივ არ არის აღნიშნული მისი ვინაობა), ხოლო სანოტარო აქტი აღნიშნავს რომ ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას ვინმე რიჩარდ ჰ საუერმა ნოტარიუსს განუცხადა, რომ არის მ------------თ კ-----------–--ის დამხმარე მდივანი და იგი დარწმუნებულია, რომ აქვს კორპორაციის სახელით მოქმედების უფლებამოსილება და მოქმედებს ძალდატანების გარეშე. თუკი სარჩელზე ხელმომწერი პირი სარჩელის აღძვრის უფლებამოსილების დადასტურებას წარმოდგენილი რწმუნებულებით ცდილობს, მან აშშ-ს (დოკუმენტის შესრულების იურისდიქცია) შესაბამისი შტატის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაასაბუთოს მოსარჩელე იურიდიული პირის სახით მოქმედებისა და მოთხოვნის აღძვრის უფლებამოსილება. წარმოდგენილი მტკიცებულებები ამგვარი უფლებამოსილება არ დასტურდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 ივლისს მ---------------------------–-- (საქართველოს) სალიცენზიო პირობების კონტროლის მენეჯერმა მიმართა სს ,,ს-------–---–-ს" ფინანსურ დირექტორს, სადაც აღნიშნულია: მოსარჩელეს აქვს ვარაუდი, რომ მოპასუხე იყენებს M---------ის პროგრამულ უზრუნველყოფას, თუმცა კორპორატიული მომხმარებლების ბაზაში არ იძებნება მოპასუხის სახელზე დარეგისტრირებული ლიცენზიები, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული სამი სავარაუდო მიზეზით: 1. მოპასუხე არ იყენებს M---------ის პროგრამულ უზრუნველყოფას; 2. M---------ის პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა ხდება იმ უპირატესობების გაუთვალისწინებლად, რომლებსაც იძლევა კორპორატიული ლიცენზირების პროგრამა; 3. მოპასუხე კომპანიაში გამოყენებული M---------ის პროდუქტები ნაწილობრივ მაინც არის არალიცენზირებული, რასაც მოყვება გარკვეული რისკები; ასევე მითითებულია, იმის დასარწმუნებლად, რომ ორგანიზაცია არის სათანადოდ ლიცენზირებული, ჩატარდეს შიდა შემოწმება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ,,მ---------------------------–--ის’’ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განახორციელოს სს ”ს-------–---–-”-სთვის შეუტყობინებლად, (მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც საჭიროა იმის გასარკვევად იყენებს თუ არა სს ”ს-------–---–-” ზემოთ აღნიშნულ კომპიუტერულ პროგრამებს), მის ”სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული კომპიუტერების ჩათვლით, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ს-------–---–-ს ქ------- დათვალიერება/ინსპექტირება, რათა დადგინდეს არის თუ არა აღნიშნულ კომპიუტერებში ჩაწერილი/ინსტალირებული ის კომპიუტერული პროგრამები, რომელზედაც ,,მ---------------------------–--ს” გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების მათ შორის ’’M-------- W------"/მ--------------- ვ---------ი”; M-------- o-----"/მ---------------------ი”; ''M-------- S----------------"/მ-------------- ს--------------------ს” და მათი სხვადასხვა ვერსიები (ამავე დროს, დაუშვებელია სხვა ინფორმაციის მოპოვება რომელიც დავაკშირებულია სს ”ს-------–---–-ს” სხვა ინფორმაციასთან (დასაქმებულთა თუ სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია, კომერციული ხასიათის ან სხვა ინფორმაცია)). დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განახორციელოს კომპიუტერების დათვალიერება/ინსპექტირების შედეგების შესაბამისი დოკუმენტალური ფორმით ასახვა (ფოტოგრაფირება, ამობეჭდვა, ოქმში ასახვა და სხვა) მათი შემდგომი მტკიცებულებად გამოყენების მიზნით. ამ განჩინების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის განჩინების აღსრულების შედეგების მიხედვით, შემოწმდა სს ,,ს-------–---–-ს" 13 კომპიუტერი და გამოვლინდა, რომ სს ,,ს-------–---–-ს" ცამეტივე კომპიუტერში ჩაწერილია მ--------------ის კომპიუტერული პროგრამები; კერძოდ, 11 კომპიუტერი სარგებლობს ,,მ--------------------- პ-------–----–---–---------"-ით, შვიდი კომპიუტერი სარგებლობს მ-------------- ვ--------- პ-------–----–--"-ით, 1 კომპიუტერი სარგებლობს ,,მ--------------------- 2007 სტანდარტით", ერთი კომპიუტერი სარგებლობს ,,მ-------------- ვ--------- 8--"-ით, 4 კომპიუტერი სარგებლობს ,,მ-------------- ვ--------- ა-–---------" ვერსიით და ერთი კომპიუტერი სარგებლობს ,,მ--------------------- 2-----------------თ", მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხე იყენებდა არალიცენზირებულ პროგრამებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმები (ს.ფ. 338-393);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. მოპასუხე კომპანიაში 2017 წლის 23 მაისს სააღსრულო მოქმედების განხორციელებისას აღმასრულებელმა შეადგინა ოქმი, რომლის თანახმადაც, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელი მივიდა სს ,,ს-------–---–ში" სადაც კომპანიის დირექტორი ესაუბრა აგრესიულად და არ აძლევდა საშუალებას შესულიყო ტერიტორიაზე და მხოლოდ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი (ს.ფ. 40-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. მ--------------------------–ოს გენერალურმა მენეჯერის მიერ გაცემული ცნობით პროდუქტების საცალო ღირებულებაა: W----------------- - 194 აშშ დოლარი; W------ 10 - 194 აშშ დოლარი; M-------- O---------------------------- - 528 აშშ დოლარი; M-------- O----------------------- 2010 - 528 აშშ დოლარი; M-------- O----------------------- 2013 - 528 აშშ დოლარი; M-------- O----------------------- 2016 - 528 აშშ დოლარი; აღნიშნული ლიცენზია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთ კომპიურტერზე ერთჯერადი კოდის აქტივაციით და შესაბამისად, ლიცენზირებული პროგრამის შეძენისას პროგრამა უნდა შეძენილ თითოეული კომპიუტერისათვის დამოუკიდებლად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. მ--------------------------–ოს გენერალური მენეჯერის განცხადებით 2018 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, M-------- C---------n-ის ორგანიზაციების ლიცენზიების მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება სს ,,ს-------–---–-ს" მიერ პროდუქტების გამოყენებისათვის შეძენილი ლიცენზიების შესახებ ინფორმაცია. აქვე აღნიშნულია, რომ OEM ლიცენზიების (მწარმოებლის მიერ დაყენებული პროგრამების ლიცენზია) შესახებ ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საცალო ლიცენზიების შესახებ არ არის დაცული M-------- C---------n-ის ორგანიზაციების ლიცენზიების მონაცემთა ბაზაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. სს ,,ს-------–---–ს" 2017 წლის 1 ივნისს ელექტრონული წერილი გაუგზავნა მ--------------ის წარმომადგენელმა, სადაც მოსარჩელე მოპასუხეს სთავაზობს მორიგებას, რის ფარგლებშიც მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე თუ მოპასუხე დაუყოვნებლივ შეწყვეტს მ--------------ის საავტორო უფლებათა დარღვევას და გამოთქვამს მზადყოფნას მორიგებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მ--------------ი შემოიფარგლებოდა მხოლოდ მინიმალური კომპენსაციით. 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული წერილით კი მიუთითა ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობა - 12 000 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული წერილები (ს.ფ. 255-259);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე, ამასთან მოსარჩლემ დამატებით წარმოადგინა მტკიცებულებები (აპოსტილი), რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სარჩელი აღძრული იყო უფლებამოსილი მოსარჩელის მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 287-296);
- აპოსტილი (ს.ფ. 322-327);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.9. მხარეებშ შორის უდავოა, რომ მოპასუხის კუთვნილ 13 კომპიუტერზე მოსარჩელის ლიცენზირებული პროგრამების ინსტალაციისა და გამოყენების შემთხვევაში, მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხა იქნებოდა 9386 ამერიკული დოლარი; მოპასუხე სადავოდ არ ხდის ამ კალკულაციას:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მნიშვნელოვანი ხასიათის ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ ქცეულა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლება, ამასთან არ დგინდება ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-20-ე მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს სს ,,ს-------–---–ს" შეწყვიტოს ,,მ--------------ის" ,,კომპიუტერული პროგრამების" არალიცენზირებული გამოყენება და დაეკისროს საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაცია 140 790 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-9 მუხლის მიხედვით, კი საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში კი აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. სადავო არაა, რომ მოსარჩელე არის სადავო პროგრამების ავტორი.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების (შესაბამისად, საავტორო უფლებით დაცული სიკეთე) ნაწარმოებებია: ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა).
მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება); ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა); ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ქონებრივი უფლებებია: ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
აღნიშნული კანონის მე-19 მუხლი უკვე კონკრეტულად კომპიუტერულ პროგრამაზე უფლებას ეხება და მე-18 მუხლით დადგენილის გარდა პროგრამის ავტორის სხვა უფლებებსაც იცავს.
ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.
დადგინდა, რომ მოპასუხე იყენებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რითაც არღვევდა მის საავტორო უფლებას.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
ჩვენს შემთხვევაში, უდავოა მოპასუხის მიერ არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება; ასევე უდავოა გამოყენებული პროგრამების ჩამონათვალი და იმ კომპიუტერთა ოდენობა, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება; უდავოა მიუღებელი თანხა - ასე ვთქვათ "საწყისი ბიჯი": 9386 ამერიკული დოლარი.
შესაბამისად, ნათელია, რომ ფაქტიურად, მოპასუხეც აღიარებს მოსარჩელის უფლების დარღვევას; ეს კი, აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით პირველი სასარჩელო მოტხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. წინამდებარე სამართალწარმოებისათვის, მნიშვნელოვანია კანონის 59-ე მუხლი, რომლის თანახმად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზემოაღნიშნულ ნორმაზე და მიუთითებს, რომ სამართლის ამ წყაროთი გათვალისწინებულია დარღვეული უფლების რესტიტუციისათვის სხვადასხვა გზები. თუმცა, ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ უფლების დარღვევის ნებისმიერი გარემოების დადგენისას, მოსარჩელე სურლად თავისუფალია რესტიტუციის ზემოთჩამოთვლილ არჩევანში; მაგალითად: 59-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (რაც ჩვენი სამართალწარმოების შემთხვევაში იქნებოდა 9386 აშშ დოლარი). ამავე დროს, "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსარცელეებს უფლება აქვთ მოითხოვონ თანხა, რომეიც იქნება სულ ცოტა 10-ჯერ მეტი მისაღები ფულადი ანაზღაურებისა (ჩვენს შემთხვევაში მინიმუმ 93 860 აშშ დოლარი); თუ კანონი ყოველი დარღვევის შემტხვევაში სრულ თავისუფლებას ანიჭებს მოსარჩელეებს, მაშინ რომელი გონიერი მოსარჩელე მოითხოვს 9000 დოლარს, როცა მას შეუძლია მოითხოვოს 90 000 დოლარი ან განუსაზღვრელად მეტი ("ვ" ქვეპუნქტი, ხომ მხოლოდ მინიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე დაბლაც მოსამართლე ვერ ჩამოვა).
ამიტომაც, სასამართლო თვლის, რომ მოსარცელე მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაშია უფლებამოსილი მოითხოვოს ზემოაღნიშნული ერთჯერადი კომპენსაცია; ამ ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების დროს, მისი ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ უფლების დარღვევის სიმძიმე, არამედ კონტრაფაქციული ასლების ოდენობა. თვით "ვ" ქვეპუნქტიც ადგენს, რომ მიყენებულ ზიანთან ერთად, მიღებული შემოსავლის ჩამორთმევაზე (ეს ორი ცნება "და" კავშირით არის გადაბმული, რაც მათი არსებობის კუმულატიურ პირობაზე უთითებს) უარი უნდა თქვას მოსარჩელემ და ამ პირობით მოითხოვოს ერთჯერადო კომპენსაცია.
სასამართლო თვლის, რომ კომპენსაციის თემა მხოლოდ მაშინ იქნება აქტუალური და სამართლიანი, თუ დადგინდება, რომ მოპასუხემ საავტორო უფლების დარღვევით დაამზადა კონტრაფაქციული ასლები, მათი რეალიზაციით მიიღო მნიშვნელოვანი შემოსავალი, თუმცა სამართალწარმოების ვერ დგინდება ზუსტი კალკულაცია. ასეთ გარემოებას კი ნათელია, რომ ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენს შემტხვევაში მოსარცელეს შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ ზოანის ანაზღაურება, რაც შესაძლოა პერსპექიული ყოპილიყო; ასეთი მოთხოვნის არასებობის პირობებში კი, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ვერ მიაკუთვნებს პირს იმას, რაც მას არ მოუთხოვია (ამ საკითხზე სამართლის ნორმების მითითების ცალკე საჭიროებას ვერ ვხედავთ).
შესაბამისად, სასარჩელო მოტხოვნის ეს ნაწილი ვერ დაკმაყოოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად იგი გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან,,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან’’.
ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია’’.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ---------------------------–--ის სარჩელი სს ,,ს-------–---–-ს" მიმართ;
2. დაევალოს სს ,,ს-------–---–ს" შეწყვიტოს ,,მ--------------ის" ,,კომპიუტერული პროგრამების" არალიცენზირებული გამოყენება;
3. არ დაკმაყოფილდეს მ---------------------------–--ის სარჩელი ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში.
4. მოსარჩელე სს ,,ს-------–---–ს" დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი