გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/26484-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.02.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: შპს ,, ნ---------ი“
წარმომადგენელი: ა-----------ა
მოპასუხეები: შპს ,,ა------–-“, ე-–----–------–---–ი
წარმომადგენელი: რ-------------------ა
დავის საგანი: საავტორო უფლებით დაცული ობიექტის გამოყენების აკრძალვა, კომპენსაციის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოთ მოპასუხეებს უკანონოდ განთავსებული მასალის გამოყენება;
1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა სოლიდარულად 259 908.25 ლარის ოდენობით;
(დაზუსტებული მოთხოვნა იხილეთ ს.ფ. 204);
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე არის რამდენიმე ვებგვერდის მფლობელი. ვებგვერდები მისი შინაარსისა და ფორმატის გათვალისწინებით წარმოადგენენ ელექტრონულ მედია საშუალებებს - ელექტრონულ მედია გამოცემებს. მოსარჩელე ქმნის ექსკლუზიურ მასალებს და ათავსებს თავის ვებგვერდებზე. მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, უკანონოდ იღებენ/აკოპირებენ/იყენებენ მოსარჩელის მასალებს და ათავსებს თავის ვებგვერდზე. დათვლილი მონაცემებით გამოყენებულია მოსარჩელის 54 საავტორო უფლებით დაცული მასალა, კონკრეტულად ამ მასალების მოპასუხეების საიტზე მკითხველთა რიცხვი 158084-ს აჭარბებს. მოსარჩელის მიერ შექმნილ მასალებს უნებართვოდ იყენებენ მოპასუხეები და არღვევენ მოსარჩელის განსაკუთრებულ საავტორო უფლებებს. რაც პირდაპირ აისახება მოსარჩელეზე და მას ადგება მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი, მოპასუხის მიერ ორგანიზებული პროცესით მომხმარებელი ეცნობა მასალას ბ-----------ს ვებგვერდის მეშვეობით, ამის გამო მოსარჩელის ვებგვერდებს აკლდება ვიზიტორები. ვიზიტორების კლება აისახება მოსარჩელის სარეკლამო უნარიანობაზე, იკლებს მისი რეიტინგი და შესაბამისად შემოსავლები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
მოპასუხეების განმარტებით, 2015 წლის 01 აგვისტოდან დომენის b----.ge-ს მფლობელმა-ე-–----–------–---–მა სარგებლობაში გადასცა შპს ,,ა------–-ს“. საიტი ----------- წარმოადგენს პორტალს, რომელზეც საიტის მომხმარებელი ტვირთავს მისთვის საინტერესო, სასურველ მასალას. ატვირთულ მასალაზე პასუხისმგებელია თვითონ მომხმარებელი და არა საიტის ადმინისტრაცია, რაც ნათლად არის მითითებული სამომხმარებლო შეთანხმებაში, რომელსაც მომხმარებელი ეცნობა და ეთანხმება საიტზე რეგისტრაციის დროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მომხმარებელმა განათავსო მისთვის სასურველი მასალა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ნ---------ი“ ფლობს ელექტრონულ მედია გამოცემებს/ვებგვერდებს: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.24-25);
- დომენის მარეგისტრირებელი კომპანიის ამონაწერი (ს.ფ. 192-197);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. დომენი b----.ge რეგისტრირებული იყო ე-–----–------–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა შპს ,,კ-------------–-----დან“ (ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.3. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ვებგვერდებზე განთავსებულია ინფორმაცია მასალის გამოყენებაზე, რომლის თანახმადაც, საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, სტატიები, ინტერვიუები, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალები და ა.შ. წარმოადგენს საიტის ინტელექტუალურ საკუთრებას, რაც დაცულია კანონმდებლობით. მასალები წარმოადგენს სამსახურებრივ ნაწარმოებს და შესაბამისად აღნიშნულ ნაწარმოებებზე საავტორო ქონებრივი უფლებები ეკუთვნის შპს ,,ნ---------ს“ მასალების გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით უფასოა. ყველა სხვა სახის საინფორმაციო საშუალებებში, ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში პუბლიკაციების, სტატიების, ინტერვიუების, ფოტო-ვიდეო-აუდიო-მასალების და ა.შ. გამოყენება (გადაბეჭდვა) რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში, ამასთან, მათი გამოყენებისას აუცილებელია წყაროს და ავტორის მითითება. მასალების გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში საავტორო უფლების მფლობელის წერილობითი თანხმობით, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე, შესაძლებელია მხოლოდ პუბლიკაციის საფასურის გადახდის შემთხვევაში. ერთი პუბლიკაციის გამოყენების საფასური შეადგენს 100 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მასალის გამოქვეყნების პირობები (ს.ფ. 26-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.4. შპს ,,ნ---------სა“ და თანამშრომლებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ კორესპონდენციებზე, სტატიებზე და სხვა მასალებზე საავტორო არაქონებრივი უფლებები (სახელის უფლება) ეკუთვნის ჟურნალისტს, ხოლო ქონებრივი უფლებები (გამოცემის, გავრცელების, თარგმნის და გამოყენების) ასევე ამ უფლებების სხვაზე გადაცემის უფლება ეკუთვნის დამქირავებელს განუსაზღვრელი ვადით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 31-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.5. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,ა------–-სა“ და ე-–----–------–---–ს შორის დაიდო შეთანხმება დომენის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამ შეთანხმების თანახმად, ე-–----–------–---–ი ერთპიროვნულ სარგებლობაში გადასცემს შპს ,,ა------–-ს“ მის საკუთრებაში არსებულ დომენს b----.ge-ს. დომენის სარგებლობაში გადაცემისთანავე შპს ,,ა------–-ს“ ავტომატურად გადაეცემა ყველა ის უფლება-ვალდებულება რაც გააჩნდა ე-–----–------–---–ს დომენის სარგებლობაში გადაცემისას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება (ს.ფ. 125);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.6. საიტი b----.ge-ს სამომხმარებლო შეთანხმების მე-4 თანახმად, საიტზე გამოქვეყნებული მასალები გამოხატავენ მხოლოდ მომხმარებლების (მასალების განმთავსებლების) პირად აზრს და საიტის ადმინისტრაცია არ არს პასუხისმგებელი იმ ზიანზე (ასეთის შესაძლო არსებობის შემთხვევაში), რომელიც ამ მასალებით შეიძლება მიადგეთ მესამე პირებს, 12.13. მუხლის შესაბამისად კი, აკრძალულია საავტორო უფლებების დარღვევა. ამასთან, ვისიმე საავტორო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა და შესაძლო ზარალის ანაზღაურება მთლიანად ეკისრება მასალის გამომქვეყნებელ პირს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამომხმარებლო შეთანხმება (ს.ფ. 129);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.7. b----.ge-ს ადმინისტრაციის სახელით შპს ,,ა------–-მ“ ელექტრონული წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ შპს ,,ნ---------ს“ გააჩნია მის მფლობელობაში არსებულ განთავსებულ მასალებზე პრეტენზია, მიმართონ წერილობით, სადაც დასაბუთებული იქნება სამართლიანი პრეტენზია.
- ელექტრონული წერილი (ს.ფ. 282);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.8. სამართალწარმოების შედეგად დადგინდა და უდავოდ იქნა მიჩნეული მხარეების მიერ, რომ მოპასუხეების საიტზე www.b----.ge გამოქვეყნდა მოსარჩელის საიტებიდან დაკოპირებული 50 სტატია და არა 54 (როგორც ეს მითითებულია სარჩელში);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფაქტების კონსტანტაციის ოქმები (ს.ფ. 96; 331-394);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
მოპასუხეები სადავოდ ხდიან საავტორო უფლების დარღვევისთვის მათი პასუხისმგებლობის საკითხს.
საავტორო უფლების დარღვევის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება ავტორობის ინსტიტუტს. როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს ნაწარმოებებზე ადასტურებს მათზე ავტორად მითითებით (თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება), ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ნაწარმოებებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მას შეეძლო მოპასუხეებისთვის მიეცა ამ ნაწარმოებების გამოყენების უფლება. შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ ამ სტატიების გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მოპასუხეებმა.
მოსარჩელე არის სადავო ნაწარმოებების ავტორი, მოსარჩელის ავტორობა სადავო ნაწარმოებებზე და მათზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ნაწარმოებების, ან ფალსიფიცირებული ასლების გამოყენების დადასტურება იწვევს მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი საავტორო უფლების უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის ამოქმედებას. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. მოპასუხეებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა ორივე ფაქტი, რაც საკმარისი იყო პრეზუმფციის ასამოქმედებლად.
მოპასუხეებმა განმარტეს, რომ საიტზე b----.ge გამოქვეყნებული მასალები გამოხატავენ მხოლოდ მომხმარებლების (მასალების განმთავსებლების) პირად აზრს და ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც ამ მასალებით შეიძლება მიადგეთ მესამე პირებს.
ვინაიდან საწინააღმდეგო არ დადგენილა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებზე, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებზე-სტატიებზე ვრცელდება მოსარჩელის საავტორო უფლება; მოსარჩელე მის საკუთრებაში არსებულ საიტებზე დებდა სტატიებს, რომლებსაც ამზადებდნენ შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული ჟურნალისტები, ამავე ხელშეკრულებების თანახმად, ამ სტატიებიდან მიღებული ქონებრივი უფლებები ეკუთვნის დამქირავებელს. ვინაიდან ქონებრივი უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული უფლებაა და მესამე პირები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ და არ ხელყონ ქონებრივი უფლებები. ნაწარმოების გავრცელების განსაკუთრებული უფლება ავტორს აძლევს შესაძლებლობას კონტროლი გაუწიოს ნაწარმოების გავრცელება, კერძოდ, აკრძალოს ნაწარმოების გაყიდვა, გაქირავება ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვა გზით ჩართვა, შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია უფლებამოსილება მისი ქონებრივი უფლებების გამოყენებით აუკრძალოს მესამე პირს საავტორო უფლების გამოყენება.
უდავოა, რომ ეს მასალები გამოქვეყნდა მოპასუხეების სარგებლობაში არსებულ საიტზე www.b----.ge, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საავტორო უფლების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კონკრეტული პირები, ვინც განათავსა საიტზე მასალები, ვინაიდან, საიტზე განთავსებული სარეკლამო რგოლებიდან მიღებულ შემოსავალს იღებდა არა ფიზიკური პირები, არამედ საიტის (www.b----.ge ) ადმინისტრაცია;
გარდა ამისა, ასევე მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო სტატიები გამოქვეყნდა ისეთი მომხმარებლების მიერ, რომლებიც დასაქმებულები არ იყვნენ საიტის ადმინისტრაციაში (მეტიც, სასამართლოში საერთოდ ვერ წარმოჩინდა ფაქტი, რომ სადავო სტატიებს ტვირთავდნენ მესამე პირები).
შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ ზიდეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო სტატიები გამოქვეყნდა მესამე პირების მიერ, რის გამოც მათ ეხსნებათ პასუხისმგებლობა ამ სტატიების გამოქვეყნებით მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის გამო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტანტაციის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ საიტზე www.b----.ge გამოქვეყნებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საიტებზე განთავსებული, ექსკლუზიური და გადამუშავებული 50 სტატია, რომლებზეც ვრცელდება მოსარჩელის საავტორო უფლება. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ გააჩნდათ შეთანხმება ამ მასალების გამოყენებაზე.
უფლების დარღვევად ითვლება ნებისმიერი ისეთი თვითნებური მოქმედება, რომელზეც უფლების მფლობელის ნებართვა ან თანხმობა არის საჭირო. ინტელექტუალურ უფლებათა მფლობელის ნების საწინააღმდეგო მოქმედება კი ექვემდებარება აღკვეთას სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების გამოყენებით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა დაცული ობიექტების უნებართვო გამოყენებით გაზარდეს საიტის რეიტინგი და მიიღეს შემოსავალი.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა აეკრძალოთ უკანონოდ განთავსებული მასალების გამოყენება.
3.2.3. რაც შეეხება მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობას.
როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საავტორო უფლების მოპასუხეების მიერ უნებართვოდ გამოყენებას, რის გამოც სტატიები - როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები გამოიყენებოდა სხვა პირის მიერ შემოსავლის მიღების მიზნით. აღნიშნული ქმედება განიხილება ქონებრივი უფლების დარღვევად. როდესაც უფლებათა დარღვევა დადგინდება, დამრღვევს შეიძლება შეეფარდოს შესაბამისი სიმძიმის და სახის პასუხისმგებლობის ზომა, ზიანის ანაზღაურების სახით.
უდავოა, რომ მოპასუხეებმა გამოიყენეს ორმოცდაათი (50) სტატია, რომლებზეც ვრცელდება მოსარჩელის საავტორო უფლება, ასევე უდავოა, რომ ამ სტატიებიდან ერთი (1) გამოქვეყნებულია იმ დროს, როდესაც საიტით სარგებლობდა ე-–----–------–---–ი, ხოლო 49 კი ა------–-ს სარგებლობის დროს.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად: ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.
თითოეული სტატიის გამოყენებისთვის საფასური შეადგენს 100 აშშ დოლარს, შპს ,,ა------–-ს“ მიერ გამოყენებულია 49 სტატია, შესაბამისად, ამ სტატიების კანონიერად გამოყენებისთვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა 4900 აშშ დოლარი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად, კომპენსაციის სახით მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობა შეადგენს 49 000 აშშ დოლარს, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული კურსით ეროვნულ ვალუტაში (1 აშშ დოლარი=2.4 ლარს) არის 117 600 ლარი.
იმ დროს, როდესაც საიტით www.b----.ge სარგებლობდა ე-–----–------–---–ი, გამოქვეყნდა სტატია, რომელზეც ვრცელდება მოსარჩელის საავტორო უფლება, ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის ე-–----–------–---–ს შპს ,,ნ---------ისთვის“ უნდა გადაეხადა 100 აშშ დოლარი, ამ ანაზღაურების ათმაგი ოდენობა კი არის 1000 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული კურსით ეროვნულ ვალუტაში (1 აშშ დოლარი=2.4 ლარს) არის 2400 ლარი.
მსჯელობას კომპენსაციის 10-მაგი ოდენობის გამოყენების თაობაზე შემოგთავაზებთ სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს მოსარჩელის მომიჯნავე უფლება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment
`სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, 45-ე მუხლი,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია
საერთაშორისო შეთანხმება `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007).
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-9 მუხლის მიხედვით, კი საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში კი აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, შპს ,,ნ---------ი“ ნამდვილად არის სადავო სტატიების ავტორი.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა). კანონმდებლობა არ იძლევა ნაწარმოების ზუსტ ცნებას, რადგან, ნაწარმოები წარმოადგენს რთული, მრავალმხრივი შინაარსის ობიექტს. თვითონ ნაწარმოებია ერთადერთი უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც, შეფასებული უნდა იქნეს ნებისმიერ სადავო შემთხვევაში. საავტორო დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა დაცვის ობიექტი ნაწარმოებს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს. ასეთი ობიექტი დაცვას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა მისი კონკრეტულად რომელიმე სფეროსათვის მიკუთვნება. დაცვა ხორციელდება მხოლოდ გონებრივი შრომის შედეგზე. მასალის დამუშავება, მაგალითების და ამოცანების შედგენა კონკრეტული კითხვებით და სავარაუდო პასუხებით ნამდვილად წარმოადგენს მოსარჩელის ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას და შპს ,,ნ---------ის“ საიტებზე განთავსებული სტატიები უნდა მივიჩნიოთ ნაწარმოებად, რომელიც დაცულია საავტორო უფლების დარღვევისგან.
მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება); ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა); ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ქონებრივი უფლებებია: ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.
დადგინდა, რომ მოპასუხეები ახდენდნენ მოსარჩელის სტატიების უნებართვო კოპირებას, მაშინ, როცა არ ჰქონიათ შეთანხმება უფლების მფლობელთან, რითაც მათ დაარღვიეს მოსარჩელის უფლება.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
59-ე მუხლის თანახმად, კი საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული წინაპირობები აუცილებელია არსებობდეს ერთდროულად, ზიანის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის არსებობს ხუთი ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ზიანი.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტი უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ უკვე იმსჯელა ჰონორარის გამოანგარიშების წესზე და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლების გამოყენებით დაარღვიეს მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება და წაართვეს შესაძლებლობა მიეღოთ ის ჰონორარი, რისი მიღებაც გარდაუვალი იქნებოდა სალიცენზიო შეთანხმების დადების დროს (კალკულაცია იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში).
სადავო ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლო უკვე წარმოადგინა კალკულაცია 10-მაგი ოდენობის კომპენსაციაზე. ამავე დროს, ვიცით, რომ მოთხოვნას წარმოადგენდა 20-მაგი ოდენობის დაკისრება. ზემოაღნიშნული კანონის 59-ე მუხლი მართლაც ითვალისწინებს, რომ უფლების დამრღვევს შესაძლოა დაეკისროს კომპენსაცია მინიმუმ 10-მაგი ოდენობით. ანუ, სასამართლო უფლებამოსილია კომპენსაციის თანხად გამოიყენოს უფრო დიდი ოდენობა, მაგრამ არამც და არამც 10-მაგზე ნაკლები.
თუმცა, იგივე მუხლი ადგენს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სხვადასხვა გარემოებებით (კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დარღვევის სიმძიმე და სხვა). წარმოდგენილ საქმეში, სასამართლო თვლის, რომ სავსებით საკმარისი რესტიტუციაა კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის რესტიტუცია და მოსარჩელეს არ წარმოუჩენია ის გარემოებანი, რომელიც ლეგიტიმური საფუძველი გახდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილებისა.
შესაბამისად, კომპენსაციის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ნ---------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს აეკრძალოთ უკანონოდ განთავსებული მასალების გამოყენება;
3. მოპასუხე შპს ,,ა------–-ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 117,600 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე ე-–----–------–---–ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 2400 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე ე-–----–------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
6. მოპასუხე შპს ,,ა------–-ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3458 ლარის გადახდა;
7. მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ ფაქტების კონსტანტაციისთვის გაწეული ხარჯის - 350 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი