გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/22032-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე:ქ----------------ა
წარმომადგენელი: გ-----------------–---–ი
მოპასუხე: შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა“
წარმომადგენელი: თ--------------–-–---–ი, თ--------------ა
დავის საგანი: უფლების ხელყოფის აღკვეთა, ფულადი კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს მოპასუხეს, მოსარჩელის ნაწარმოების (პ---–---------ის რომანის „ნ-------------–--------–-----“ თარგმანის) რეპროდუცირება და გავრცელება, ნებისმიერი ფორმით.
1.2. შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა“-ს ქ------------------ს მიმართ დაეკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა 39 240 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით (20-მაგი ოდენობა).
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 309-325);
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2008 წელს მოსარჩლესა და მოპასუხეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება მოსარჩელის მიერ შესრულებული, პ---–---------ის რომანის „ნ-------------–--------–-----“ ქართული თარგმანის ერთჯერად გამოცემაზე. ამავე წელს, მოპასუხემ პირველად გამოსცა აღნიშნული თარგმანი ხოლო რაც შეეხება 2016 წელს მოპასუხემ მოსარჩელის ნებართვის გარეშე კვლავ გამოსცა იგივე ნაწარმოები.
მას შემდეგ რაც მოსარჩელემ გაიგო მისი თარგმანის 2016 წელს უნებართვო, ხელმეორე გამოცემის შესახებ მან სცადა დაემყარებინა კონტაქტი მოპასუხესთან და გაერკვია აღნიშნულის მიზეზი, სამართლებრივი დავის გარეშე, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის 26 აპრილის მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა გამაფრთხილებელი წერილით, რომლითაც მოითხოვა კომპენსაციის სახით მისი კუთვნილი ჰონორარის ხუთმაგი ოდენობის გადახდა, თუმცა აღნიშნული საკითხის მოგვარების არც ამ მცდელობას არ მოჰყოლია შედეგი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
2008 წელს მხარეთა შეთანხმებით, თარგმნა რა ქ---------------მ პ---–---------ის „ნ-------------–--------–-----“, ხოლო გ-----–---–---ამ თარგმანში შეიტანა არსებითი ცვლილებები რის შესახებაც ინფორმირებული იყო ქ--------–-----–-ა, რედაქტირებულ ტექსტს იგი დაეთანხმა და უსასყიდლოდ გადასცა გ-----–---–---ას ნაწარმოების გამოყენების უფლება. ვინაიდან თარგმანში ცვლილებები, არსებითი იყო და მასზე გ-----–---–---ამ დიდი რესურსი დახარჯა, თარგმანის გამოყენების უფლებაც გ-----–---–---ას მიენიჭა. ამასთან 2008 წელს გამოცემულ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მფლობელად მითითებულია გ-----–---–---ა და არა ქ------------------. აღნიშნულის შესახებ კი მას წლების განმავლობაში არ გამოუთქვამს პრეტენზია.
რაც შეეხება 2016 წლის გამოცემას, ქ--------------------თვის ცნობილი იყო ნაწარმოების რეპრინტის შესახებ, რის შემდგომაც მას შესაბამისი ეგზემპლიარიც გადაეცა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ------------------ს მიერ 2008 წელს ითარგმნა პ---–---------ის რომანი „ნ-------------–--------–-----„ ქართულ ენაზე, რომელიც ზეპირი შეთანხმების საფუძველზე პირველად გამოცსა შპს „ბ-----------–----------------–---–---ამ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „ბ-----------–----------------–---–---ის“ მიერ 2008 წელს გამოცემული პ---–---------ის რომანის „ნ------------–--------–-----“ (იხ. ს.ფ.22-113)
3.1.2. შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ამ“, იგივე ნაწარმოები - პ---–---------ის „ნ------------–--------–-----“ ქართული თარგმანიგამოსცა 2016 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „ბ-----------–----------------–---–---ის“ მიერ 2016 წელს გამოცემული პ---–---------ის რომანის „ნ------------–--------–-----“ (იხ. ს.ფ.114-222)
3.1.3. 2018 წელს მოსარჩელემ წერილით მიმართა შპს „ბ-----------–----------------–---–---ას“ და მოითხოვა საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის სახით მისი კუთვნილი ჰონორარის ხუთმაგი ოდენობით გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (იხ. ს.ფ. 223-224)
3.1.4 უდაოა, რომ 2008 წელს „ბ------------–----------------–---–---ამ“ ქ------------------ს მიერ ნათარგმნი პ---–---------ის „ნ-------------–--------–-----“ გამოსცა უსასყიდლოდ. (ქ------------------სთვის ჰონორარის გადახდის გარშე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. 2016 წლის პირველ აპრილის შპს „ბ-----------–----------------–---–---ასა“ და ქ------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო დ------------ს „ვ------------------–----–-“ (შემდგომში თარგმანი) და მიზნად ისახავდა თარგმანის გამოყენების უფლების გადაცემას გამომცემლისთვის. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განისაზღვრა ჰონორარის ოდენობა, კერძოდ: ამ პუნქტის მიხედვით გამომცემელი ვალდებულია, ყოველი მომდევნო ტირაჟის ფარგლებში , მთარგმნელს გადაუხადოს რეალიზაციიდან ფაქტიურად ამონაგები თანხის 7% ხელზე მისაღებ თანხად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობით, ციფრებში თანხამ შეადგინა 819.21 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 492-493);
- ცნობა დაინტერესებულ პირებს (ტომი 2, ს.ფ. 50);
3.1.7. მოსარჩელის, როგორც მაღვალკვალიფიციური თარჯიმნის მინიმალური ანაზღაურების ოდენობა უცხოური ტექსტების ქართულ ენაზე გადმოთარგმნისთვის შეადგენს გადასახადებისგან თავისუფალ (ხელზე ასაღები) 6 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს ერთი გვერდისთვის (ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის 1,680 სიბოლოსთვის).
აღნიშნულის შესაბამისაად მოსარჩელემ წარმოადგინა 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკლრულება მომსახურების გაწევის (თარგმანი) შესახებ. მოსარჩელის მიერ ჰონორარის ოდენობის გამოთვლა მოხდა წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე.
სამართალწარმოებისას სასამართლომ დაადგინა, რომ 6 აშშ დოლარი 1,680 სიმბოლოსთვის წარმოადგენს არა მთარგმნელისთვის გადასაცემ ჰონორარს, არამედ უშუალოდ თარგმნისათვის გაღებული საჭირო თანხის ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 232-233)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
საავტორო უფლებების დარღვევის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება ავტორობის ინსტიტუტს. როგორც უკვე აღინიშნა განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავის უფლებას ნაწარმოებზე ადასტურებს მათზე ავტორად მითითებით (თუ საწინააღმდეგო არ დასტურდება) ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს ნაწარმოების თარგმანის ავტორს, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ უფლებას ნაწარმოებზე, რაც ნიშნავს იმას რომ მხოლოდ მას შეეძლო მოპასუხისათვის გადაეცა ნაწარმოების გამოყენების უფლება. იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი რომ გ-----–---–---ას გააჩნდა საავტორო უფლება ნაწარმოებზე და ქ------------------ს მიერ ნამდვილად იყო გადაცემული, ეს უფლება, ეკისრება მოპასუხეს.
მოსარჩელე არის სადავო ნაწარმოების (თარგმანის) ავტორი. მოსარჩელის ავტორობა სადავო ნაწარმოებზე და მათზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების დადასტურება იწვევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი საავტორო უფლების უნებართვოდ გამოყენების პრეზუმციის ამოქმედებას. ამ პრეზუმციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. მოპასუხეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, რაც საკმარისი იყო პრეზუმციის ასამოქმედებლად.
როგორც სარჩელში მოსარჩელე უთითებს, 2008 წელს ბ-----------–----------------–---–---ას ნაწარმოების გამოცემის უფლება გადასცა ერთჯერადად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. (2008 წლის გამოცემასთან დკავშირებით ანაზღაურების საკითხი სადაო არ გამხდარა). ასევე სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წელს, ბ-----------–----------------–---–---ის მიერ იმავე ნაწარმოების გამოცემა მოხდა უნებართვოდ, რადგან 2008 წელს გ-----–---–---ას გამოცემის უფლება ქ------------------მ გადასცა ერთჯერადად და საავტორო უფლება სრულად გ-----–---–---ისთვის არ გადაუცია.
მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს არ დაეთანხმა და შესაგებელში მიუთითა, რომ საავტორო უფლება 2008 წელს გ-----–---–---ას გადაეცა სრულად და 2016 წელს პ---–---------ის ნაწარმოების ქართულ თარგმანზე საავტორო უფლება გააჩნდა ”ბ-----------–-----------------–---–----ს“ შესაბამისად ქ------------------ს საავტორო უფლების ხელყოფა არ მომხდარა გ-----–---–---ის მხრიდან.
შესაბამისად, დავის საკვანძო საკითხია ის გარემოება, თუ ვინ გახლდათ უფლების მფლობელი სადავო თარგმანზე? მოსარჩელე, თუ მოპასუხე გ-----–---–---ა?
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერზე. კერძოდ, აღნიშნული კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს საავტორო უფლების გადაცემის საფუძვლებს. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.
რაც შეეხება ხელშეკრულების ფორმას, აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის მიხედვით საავტორო უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, საავტორო უფლების მფლობელობასთან დაკავშირებით, რადგან მხარეებს შორის 2008 წელს შემდგარი ზეპირი შეთანხმება არ შეესაბამება საავტორო უფლების გადაცემის კანონით დადგენილ წესებს და საქმეში საავტორო უფლების გადაცემის შესახებ სხვა წერილობითი მტკიცებულება არ მოიპოვება. მითუმეტეს გასაკვირია ასეთი მსჯელობა მოპასუხისაგან, რომელიც გ-----–---–---ა გახლავს და წესით არაერთხელ უნდა ყოფილიყო მსგავსი სამართაურთიერთობის მონაწილე და კარგად უნდა ესმოდეს, რომ უფლებათა დათმობა საავტორო სამართალში სპეციალურ ფორმას დაქვემდებარებული სამართლებრივი ინსტიტუტია, რომელიც ემსახურება უფლებათა გადაცემის ფარგლების, სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრასა და ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ამასთან, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საავტორო უფლებას სამსახურეობრივ ნაწარმოებზე, კერძოდ: ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურეობრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურეობრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გ-----–---–---ასა და მოსარჩელე ქ------------------ს შორის საქმის მასალების შესაბამისად არ ყოფილა გაფორმებული რაიმე სახის შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად გამოირიცხება მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.
ვინაიდან და რადგანაც გ-----–---–---ასა და ქ------------------ს შორის არ ყოფილა გაფორმებული წერილობითი სალიცენზიო ხელშეკრულება, ასევე მათ შორის არ არსებობდა შრომითსამართებრივი ურთიერთობა და ამასთან სამართალწარმოებისას მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წელს „ბ-----------–----------------–---–---ა“-ს არ ჰქონდა მინიჭებული საავტორო უფლება პ---–---------ის „ნ-------------–--------–----ის“ ქართულ თარგმანზე, აღნიშნული ნაწარმოები გამოიცა უნებართვოდ, შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირებისა და გავრცელების ფაქტს.
სადავო ობიექტზე როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებზე – თარგმანზე ვრცელდება მოსარჩელის საავტორო უფლება. საავტორო უფლების წარმოშობა კი წარმოშობს ავტორის ქონებრივ უფლებებს ნაწარმოებზე. ქონებრივი უფლებები კი წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტელექტუალურ უფლებას და მესამე პირები ვალდებულნი არიან არ ხელყონ აღნიშნული უფლებები.
3.2.3. რაც შეეხება მოსარჩელისთვის ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობას.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად: ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.
შპს „ბ-----------–----------------–---–---ის“ მიერ ნაწარმოების თარგმანის კანონიერი გამოყენების შემთხვევაში, ქ------------------სთვის ჰონორარის სახით ასანაზღაურებული თანხის დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა, გ-----–---–---ასა და ქ------------------ს შოროს უკვე არსებული ხელშეკრულებით (იხ. ს.ფ 492-493) რომლის ობიექტიც იყო არა პ---–---------ის „ნ-------------–--------–-----“ არამედ დ------------ს "ვ------------------–----–-“. კერძოდ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით „გამომცემელი ვალდებულია, ყოველი მომდევნო ტირაჟის ფარგლებში, მთარგმნელს გადაუხადოს რეალიზაციიდან ფაქტიურად ამონაგები თანხის 7% ხელზე მისაღებ თანხად. აღნიშნულ შემთხვევაში ტირაჟისა და საგამომცემლო ფასის გათვალისწინებით ეს თანხა გამოითვლებოდა ასე: (1512x7.74x7%)=819.21;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგინდა, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევა, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment
"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-4, მე-5, მე-6, მე-18, 35-ე, 42-ე და 59-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-9 მუხლის მიხედვით, კი საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში კი აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, შპს ,,ნიუსრუმი“ ნამდვილად არის სადავო სტატიების ავტორი.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ტანახმად, გადამუშავებული ნაწარმოების დაცვა ხორციელდება ორიგინალი ნაწარმოების თანაბრად;
მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება); ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა); ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ქონებრივი უფლებებია: ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
6.2. დადგინდა, რომ მოპასუხე ახდენდა მოსარჩელის ნაწარმოების უნებართვო გამოყენებას, რეპროდუცირებას მაშინ, როცა არ ჰქონიათ შეთანხმება უფლების მფლობელთან, რითაც მან დაარღვია მოსარჩელის უფლება (მსჯელობა საავტორო უფლების ფლობაზე იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში).
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
59-ე მუხლის თანახმად, კი საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული წინაპირობები აუცილებელია არსებობდეს ერთდროულად, ზიანის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის არსებობს ხუთი ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ზიანი.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ უკვე იმსჯელა ჰონორარის გამოანგარიშების წესზე და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლების გამოყენებით დაარღვია მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება და წაართვა შესაძლებლობა მიეღოთ ის ჰონორარი, რისი მიღებაც გარდაუვალი იქნებოდა სალიცენზიო შეთანხმების დადების დროს (კალკულაცია იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში).
სადავო ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ უკვე წარმოადგინა კალკულაცია 15-მაგი ოდენობის დაკისრების შესახებ. როგორც უკვე ავღნიშნეთ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი ითვალისწინებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით მინიმუმ 10-მაგ ოდენობას. სასამართლო უფლებამოსილია დააკისროს ამ ოდენობაზე მეტი, თუმცა ნაკლები ოდენობა დაუშვებელია.
რაც შეეხება ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობას, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.
შპს ბ-----------–----------------–---–---ის საქმიანობიდან გამომდინარე მათთვის კარგად იყო ცნობილი, საავტორო უფლების გადაცემის წესზე, სალიცენზიო ხელშეკრულების წერილობით ფორმაზე და ა.შ. სასამართლოს აქვს გონივრული საფუძველი, რომ გ-----–---–---ის მოქმედება გაცნობიერებულ და განზრახ ქმედებად მიჩნიოს. შესაბამისად სასამართლოს მიერ გ-----–---–---ის მიერ უფლების დარღვევის სიმძიმის ასპექტში შეფასდა „უხეშ“ დარღვევად რამაც განაპირობა ჰონორარის მინიმალური ოდენობის გაზრდა 15-მაგ ოდენობამდე.
შესაბამისად, კომპენსაციის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგად გახლდათ არა 1960 აშშ დოლარი, არამედ სავარაუდოა, რომ მოსარჩელე მიიღებდა იმ ჰონორარის მსგავს ოდენობას, რაც მიიღო სხვა ნაწარმოებისათვის - 819.21 ლარი. შესაბამისად, ეს თანხა (ასე ვთქვათ - ბიჯი) უნდა გამრავლდეს 15-ზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეს უნდა დაეკისრო დაკისრებული თანხის 3% და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ქ------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აეკრძალოს შპს “ბ-----------–----------------–---–---ას” პ---–---------ის ნაწარმოების "ნ-------------–--------–----ის" ქართული თარგმანის უკანონო გამოყენება;
3. დაეკისროს შპს “ბ-----------–----------------–---–---ას”, ქ------------------ს სასარგებლოდ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 12288,15 ლარის გადახდა;
4. დაეკისროს შპს “ბ-----------–----------------–---–---ას”, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 368,64 ლარის ოდენობით;
5. დაეკისროს შპს “ბ-----------–----------------–---–---ას”, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი