დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-174-598-06 22 მაისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 10 ივნისს პ. რ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. გ-ძის მიმართ 31 576 ლარის გადახდევინების შესახებ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1862 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პ.რ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2004წ. 16 აგვისტოს პ.რ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით პ. რ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა კერძო საჩივარი და წარმოადგინა სამტრედიის ქალაქის ... ორგანოთა სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ მის ოჯახს არანაირი შემოსავალი გააჩნია და განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს.ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და პ. რ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. აპელანტს, სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა. ამავე სასამართლოს2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პ. რ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 693,15 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. დაკისრებული თანხის ნაწილი აპელანტმა გადაიხადა.
2006წ. 6 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პ. რ-ძემ და მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინებით მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის, 423 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება (პატიება-ჩამოწერა).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 6 თებერვლის განჩინებით სსკ-ის 267-ე მუხლის შესაბამისად პ.რ-ძის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაინიშნა 2006წ. 2 მარტისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა პ. რ-ძის წარმომადგენელმა ა.კ-ძემ დააზუსტა განცხადებაში დაყენებული საკითხები და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით რ-ძისათვის გადასახდელად დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის _ 693 ლარისა და 15 თეთრის დარჩენილი ნაწილის გადახდის იმგვარად განაწილვადება, რომ პ.რ-ძეს თანხის სრულ დაფარვამდე დაკისრებოდა თვეში 10 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 მარტის განჩინებით პ.რ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით პ. რ-ძეს მასზე გადასახდელად დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის _ 693 ლარისა და 15 თეთრის დარჩენილი ნაწილის გადახდა გაუნაწილვადდა და პ. რ-ძეს დაევალა თვეში სახელმწიფო ბაჟის 10 ლარის ოდენობით გადახდა მის სრულ დაფარვამდე.
აღნიშნული განჩინება პ. რ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი გაანგარიშებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ჰქონდა არა უკანონოდ დაკისრებული 693,15 ლარი, არამედ _ 56 ლარი. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 მარტის განჩინებით, სსკ-ის 263-ე მუხლის საფუძველზე, პ.რ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით პ. რ-ძეს მასზე გადასახდელად დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის _ 693 ლარისა და 15 თეთრის დარჩენილი ნაწილის გადახდა გაუნაწილვადდა და პ. რ-ძეს დაევალა თვეში სახელმწიფო ბაჟის 10 ლარის ოდენობით გადახდა მის სრულ დაფარვამდე. გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტი, რომ პ.რ-ძე არის პენსიონერი, განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს, ჰყავს ტრავმირებული, ინვალიდი შვილი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას.
განცხადების დაკმაყოფილების მიუხედავად, პ. რ-ძემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი გაანგარიშებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ჰქონდა არა უკანონოდ დაკისრებული 693,15 ლარი, არამედ 56 ლარი. აღნიშნულის გამო, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტს. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ პ.რ-ძეს, სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაედო. ამავე პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პ. რ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 693,15 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟის ამ ოდენობის გამოანგარიშება მოხდა სააპელაციო წესით გასაჩივრებული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ძისათვის პ.რ-ძის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხასა (1862 ლარს) და პ. რ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნას (24967 ლარს) შორის არსებული სხვაობის მიხედვით (23105 ლარის 3 პროცენტის _ 693,15 ლარის ოდენობით). აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ შეესაბამება მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულების 3 პროცენტს და უნდა შეადგენდეს 56 ლარს, ამ არგუმენტის უსაფუძვლობის გამო.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული და დამტკიცებული გარემოებანი, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებასა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. რ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.