გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-175-599-06 11 სექტემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. დ-იამ 2004წ. დეკემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „...“ დირექტორის მიმართ სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1990 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ... რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე. 2001წ. 22 ოქტომბერს გავიდა სადეკრეტო შვებულებაში, ხოლო 2001წ. 25 ოქტომბერს შეეძინა ქალიშვილი. მოსარჩელემ 2004წ. 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „ოზურგეთის ...“ დირექტორ დ. ჩ-ძეს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონის 154-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე. მოსარჩელის მითითებით, დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მოითხოვა მისი სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნება.
სასამართლოში სარჩელის განხილვამდე თ.დ-ია შპს „...“ დირექტორ დ.ჩ-ძის 2004წ. 24 დეკემბრის ¹16 ბრძანებით დაბრუნებულ იქნა სადეკრეტო შვებულებიდან, ხოლო იმავეწ. 27 დეკემბერს ¹17 ბრძანებით შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და საფუძველი და მოითხოვა შპს „ოზურგეთის ...“ ადმინისტრაციის 2004წ. 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებამდე და განაცდურის ანაზღაურება თვეში 22 ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით თ. დ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ოზურგეთის ...“ დირექტორის 2004წ. 27 დეკემბრის ¹17 ბრძანება თ. დ-იასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე შპს „ოზურგეთის ...“ რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2004წ. 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე თვეში საშუალოდ 22 ლარის ოდენობით, სულ 52 ლარი და 80 თეთრი;თ. დ-იას უარი ეთქვა სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; შპს „ოზურგეთის ...“ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე სამედიცინო პერსონალის განთავისუფლებისას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფა და დაწესებული გარანტიების სრული დაცვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ორგანიზაციამ.
თ.დ-იას წარმომადგენელმა გ. დ-იამ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც თ.დ-იას უარი ეთქვა სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენაზე.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 თებერვლის განჩინებით შპს «ოზურგეთის ...» დირექტორის დ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. დ-იასა და მისი წარმომადგენლის გ. დ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა სამოქალაქო საქმე ¹2/14-ზე გამოტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილება. თ. დ-იას სარჩელზე მოპასუხე შპს «...» დირექტორის მიმართ სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნების თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა. მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-იამ სარჩელით მოითხოვა შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად მისი სამუშაოზე დაბრუნებაზე მოპასუხე შპს «...» დირექტორის დავალდებულება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა წერილობით წარდგენილ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ზეპირ განმარტებაში შეცვალა სარჩელის საფუძველი, საგანი და მოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შპს «ოზურგეთის ...» დირექტორის 2004წ. 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების გაუქმება და წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეამოწმა შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისობა სსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ წესებთან და გამოარკვია, რომ სარჩელი შპს «ოზურგეთის ...» დირექტორის 2004წ. 27 დეკემბრის ¹ 17 ბრძანების გაუქმებასა და სამუშაოზე აღდგენაზე წერილობით საპროცესო მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი არ ყოფილა და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ემსჯელა ასეთ მოთხოვნაზე და უნდა განეხილა მხოლოდ სარჩელი თავდაპირველი მოთხოვნის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 272-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თ.დ-იამ მოსამზადებელ სხდომაზე უარი განაცხადა წერილობით წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე, სასამართლო ვალდებული იყო, მიეღო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 2 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. დ-იას წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თ.დ-იას განთავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით _ პროფკავშირის თანხმობა თ.დ-იას განთავისუფლებაზე ისე იქნა წარდგენილი, რომ პროფკომიტეტის სხდომაზე არ მონაწილეობდა ადმინისტრაციის წარმომადგენილი, არც თ.დ-ია ყოფილა მიწვეული. თ.დ-იამ მოსამზადებელ სხდომაზე შეცვალა სარჩელის საგანი, საფუძველი და განაცხადა, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, 2004წ. 27 დეკემბერს, ¹17 ბრძანებით შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, როგორც სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე სპეციალისტს, ამიტომ მოითხოვა შპს «ოზურგეთის ...» დირექტორის 2004წ. 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება. თ.დ-ია სამუშაოდან გათავისუფლებულია 2004წ. 19 ნოემბრიდან, როცა ადმინისტრაციამ მას უარი უთხრა სამსახურში დაბრუნების თაობაზე და არა 2004წ. 27 დეკემბერს, აღნიშნულზე სასამართლოს არ უმსჯელია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 მარტის განჩინებით თ. დ-იას წარმომადგენელი გ. დ-იას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. დ-იას წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. დ-იას სარჩელზე მოპასუხე შპს «...» დირექტორის მიმართ სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნების თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ თ.დ-იამ მოსამზადებელ სხდომაზე უარი განაცხადა წერილობით წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე, ხოლო მის მიერ შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნა კი არ ყოფილა წარდგენილი სსკ-ის 177-178-ე მუხლების შესაბამისად, წერილობითი ფორმით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ თ. დ-იამ რაიონულ სასამართლოს 2005წ. 10 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა შემდეგი: ვინაიდან მისი სარჩელი სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციამ აღნიშნულის თაობაზე გამოსცა ბრძანება, ამიტომ მან შეცვალა სარჩელის საგანი, საფუძველი და მოითხოვა საავადმყოფოს ადმინისტრაციის 2004წ. 27 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ¹17 ბრძანების გაუქმება და წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა. სსკ-ის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებ სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს. მართალია, თ. დ-იამ დავის საგნის შეცვლისას არ დაიცვა სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 იანვრის სხდომის ოქმი და განჩინება, საერთოდ არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ თ.დ-იას შეცვლილი სარჩელი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით არ ჰქონდა წარმოდგენილი; აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია არც მოწინააღმდეგე მხარეს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 იანვრის განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეცვალა სარჩელის საგანი და საფუძველი, რის თაობაზეც უნდა ეცნობებინათ მოპასუხისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სსკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ _ ამ ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. დ-იას შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ იმსჯელა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, არსებითად უნდა განეხილა და გადაეწყვიტა აღნიშნული დავა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თ. დ-იას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. დ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.